შრომის კოდექსი - დეკრეტული შვებულება და ანაზღაურება გაიზარდა - კვირის პალიტრა

შრომის კოდექსი - დეკრეტული შვებულება და ანაზღაურება გაიზარდა

შრომის კოდექსში, რომელიც არაერთხელ გამხდარა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტიკის საგანი, ცვლილებების პირველი ტალღა ივლისში გასრულდა. კანონმა სხვაგვარად განსაზღვრა სამსახურიდან დათხოვნის, ვადიანი თუ უვადო შრომითი ხელშეკრულების დადების, ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების წესები, თუმცა საერთაშორისო სტანდარტებით ესეც არ არის საკმარისი. კოდექსში კვლავ შევიდა ცვლილებები - გაიზარდა დეკრეტული შვებულების ხანგრძლივობა და ანაზღაურება. სიახლეებთან დაკავშირებით ჯანდაცვის და იუსტიციის სამინისტროებს, პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ხშირად ერთმანეთისგან განსხვავებული პოზიციები აქვთ, ისინი ცვლილებებზე მუშაობას კვლავაც განაგრძობენ.

გუგული მაღრაძე (საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე): - საერთაშორისო ასპარეზზე არაერთხელ გავწითლებულვართ ძველი შრომის კოდექსის გამო, რომელშიც ადამიანთა უფლებები საერთოდ არ იყო დაცული.

ახალმა კოდექსმა ეს ვითარება გამოასწორა, ახლა კი ქალთა უფლებების დაცვის ჯერი დადგა. ინიციატივა ჩვენი კომიტეტიდან მოდის, იუსტიციის სამინისტროშიც მიმდინარეობს მუშაობა, თუ რა შეიძლება დაემატოს პროექტს. უკვე შეტანილი ცვლილებები კი 2014 წლის პირველი იანვრიდან შედის ძალაში. ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების ვადა ოთხი თვიდან (126 დღე) ექვს თვემდე (183 დღე) გაიზრდება, ხოლო დახმარება, რომელსაც მთავრობა ბიუჯეტიდან გამოყოფს, 600 ლარის ნაცვლად 1000 ლარი გახდება. კანონის მიხედვით, ამ 1000 ლარის გარდა, ქალს სამსახურიდან ხელფასიც უნდა გადაუხადონ, ხოლო თუ კერძო სტრუქტურაში მუშაობს, მაშინ ეს საკითხი დაქირავებულსა და დამქირავებელს შორის შეთანხმებით უნდა გადაწყდეს.

რაც შეეხება სრულ დეკრეტულ შვებულებას, ის ორ წლამდე (730 დღე) იზრდება, რაც დედას შვილის აღზრდაში დიდ შეღავათს მისცემს. ძალიან ბევრი ქალი უარს ამბობდა ბავშვის გაჩენაზე იმის შიშით, რომ სამსახური დაეკარგებოდა, რის გამოც ახალგაზრდა, განათლებული ქალები მხოლოდ ერთ ან ორ შვილს აჩენდნენ. მართალია, პროფკავშირები და არასამთავრობო ორგანიზაციები მეტს მოითხოვენ, მაგრამ სახელმწიფოსაც შეზღუდული შესაძლებლობები აქვს და რაღაც შუალედი უნდა ავირჩიოთ, რათა არც სახელმწიფო დაზარალდეს, არც კერძო სტრუქტურები და არც მოქალაქეები. შეღავათები შეეხება იმ ქალებსაც, რომლებსაც 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ჰყავთ მოსავლელი და იმათაც, ვინც ერთ წლამდე ბავშვს შვილად აიყვანს. სხვათა შორის, მშობიარობის შემდეგ მშობლებს თავად ექნებათ საშუალება აირჩიონ, რომელი მათგანი აიღებს დეკრეტულ შვებულებას.

გოჩა ალექსანდრია (საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე): - პროფკავშირების უპირველესი მოთხოვნაა, კერძო სექტორში დასაქმებულ ქალთა უფლებები საჯარო სექტორში დასაქმებულთა უფლებებს გაუთანაბრდეს. მგონი, სამართლიანი და ლოგიკური მოთხოვნაა. მაგალითად, საჯარო სექტორში დასაქმებულ ქალბატონებს დეკრეტული შვებულების დროს გარანტირებული აქვთ ანაზღაურება სრულად, ანუ ხელფასის განაკვეთის მიხედვით, კერძო სექტორში დასაქმებულებს კი ოთხი თვის განმავლობაში მხოლოდ 600 ლარს უხდიან. მართალია, ეს თანხა 2014 წლის იანვრიდან 1000 ლარამდე გაიზრდება, მაგრამ ექვს თვემდე.

ეს თანხა ძალიან ცოტაა. გამოდის, ჩვენი კანონმდებლობა კერძო სექტორში დასაქმებულ ქალებს ჩაგრავს. სხვა საკითხია ქალის მდგომარეობა მშობიარობამდე - შესაძლოა, ფეხმძიმეს ჰქონდეს ტოქსიკოზი, ალერგია თუ სხვა გართულებები, რომლებიც ასეთ დროს ჩვეულებრივი მოვლენაა. მაშინ დამსაქმებელმა ის ნაკლებად მძიმე სამუშაოზე უნდა გადაიყვანოს, რათა ბავშვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას და თუ ეს არ შეუძლია, მომავალ დედას დამატებითი შვებულება უნდა მისცეს. ეს ყველაფერი ჩვენი მოგონილი არ არის, ეს მოთხოვნებია საერთაშორისო ორგანიზაციების ყველა მითითებასა და კონვენციაში, რომელიც დედობის უფლებას იცავს. დედობა არ არის ავადმყოფობა ან რაღაც დანაშაული, ამიტომ ქალები XXI საუკუნეში ამის გამო არ უნდა იჩაგრებოდნენ. ჩვენი მოთხოვნაა, სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ ათას ლარს დაემატოს სრული ხელფასი, ან ხელფასის 2/3 მაინც. ამასთანავე, ქალი სამსახურიდან ვერ უნდა დაითხოვონ ერთი კი არა, სამი წლის განმავლობაში, როგორც ეს საჯარო სექტორშია. მგონი, უნდა შევახსენოთ ჩვენს დამსაქმებლებს, რომ ადამიანები ვართ და არა რობოტები.

ხათუნა ჩიგოგიძე