ავტოსკოლა - ბიზნესის ზრდის "ტრაექტორია" - კვირის პალიტრა

ავტოსკოლა - ბიზნესის ზრდის "ტრაექტორია"

დღეს ავტოსკოლების ნამდვილი ბუმია. მრავალი ფირმა, უსაფრთხო მგზავრობასთან ან გზებთან ასოცირებული სახელწოდებით, სხვადასხვა ფასად და ხანგრძლივობით, ავტომობილის მართვის თეორიული და პრაქტიკული კურსის შესწავლას გვთავაზობს. მართალია, დიდი მოთხოვნის გამო, ეს საქმე საკმაოდ სარფიანი გახდა, თუმცა ბაზრის ყველაზე ძველი მოთამაშეები ამბობენ, რომ ამ ბიზნესში პროფესიონალიზმის დეფიციტია, რაც საბოლოოდ ავტოსკოლის მსმენელის ცოდნის ხარისხზე აისახება.

კამო გახოკიძე (ავტოსკოლა "გზაჯვარედინის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი): "ავტოსკოლაში მუშაობის 40-წლიანი გამოცდილება მაქვს. ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, სახელმწიფო, ე.წ. დოსააფის სკოლებში ვასწავლიდი ავტომობილის მართვას. შემდეგ ყველაფერი შეიცვალა და გადავწყვიტე, ჩემი პროფესია დამოუკიდებელი შემოსავლის წყაროდ მექცია.

17 წლის წინ, დაახლოებით, ათასი დოლარით, საკუთარი ავტოსკოლა დავაარსე. ვიქირავე ერთი ოთახი თეორიული მეცადინეობისთვის და ავტომობილი - პრაქტიკული კურსისთვის. პირველ ჯერზე 40-მდე მოსწავლე შეგროვდა. ეს არცთუ ცოტა იყო, მათი უმეტესობა ჩემთან წარსული გამოცდილებისა და ნაცნობობის გამო მოვიდა. ცხადია, მეც ვცდილობდი ჩემი მომსახურების შეთავაზებას. იმ დროს ავტოსკოლის რეკლამისთვის ფინანსები ნამდვილად არ მქონდა, ამიტომ ხელით ვწერდი სარეკლამო განცხადებებს, ქსეროქსით ვამრავლებდი და ქუჩებში ვავრცელებდი. ჩემმა ძალისხმევამ შედეგი მართლაც გამოიღო. ახლა თბილისში ავტოსკოლისთვის სამი საკლასო ოთახი მაქვს, ამდენივე საკუთარი სასწავლო ავტომობილი და პრაქტიკული მეცადინეობისთვის საკმაოდ დიდ მოედანს ვქირაობ.

საქმეს არაჯანსაღი კონკურენცია აფუჭებს. ავტოსკოლის გახსნა ნებისმიერ პირობებში კალატოზსაც კი შეუძლია და ფასზე თამაშიც ადვილია.

არადა, ეს საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმეა, ადამიანის სიცოცხლეზეა ლაპარაკი. არავინ ამბობს, რომ გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევების უმეტესობის მიზეზი მძღოლების არაპროფესიონალიზმია. დავიწყოთ იმით, რომ არ შეიძლება ყველგან - სარდაფში, ავტოფარეხში ავტოსკოლის გახსნა და იქ მეცადინეობების მოწყობა. საკლასო ოთახი, სულ მცირე, 30-40 კვმ მაინც უნდა იყოს, რათა მსმენელს სწავლისთვის აუცილებელი კომფორტი შეუქმნა. მასწავლებელი, რომელიც მსმენელს ავტომობილის მართვასა და მოძრაობის წესებს ასწავლის, ამ დარგის სპეციალისტი უნდა იყოს. დღეს მთავარია, ავტოსკოლის გასახსნელად ლიცენზია შეიძინო და არავინ გეკითხება, გაქვს თუ არა საჭირო გამოცდილება ან ინვენტარი. საბოლოოდ, ეს მოსწავლეების ცოდნის ხარისხზე აისახება. შესაბამისად, ასეთ ცოდნას რიგი ავტოსკოლები მსმენელებს ბევრად დაბალ ფასად სთავაზობს, რაც გვაზიანებს, ვინც ამ საქმეს პროფესიონალურად ვუდგებით. დათვლილი მაქვს, რამდენი უნდა დავხარჯო ერთი მოსწავლის მომზადებისთვის. მაგალითად, თეორიული კურსი, რომელიც ჩემს ავტოსკოლაში 1 თვე და 10 დღე გრძელდება, 85 ლარი ღირს და აქედან 40% მოსწავლის მომზადებისთვის იხარჯება. ბოლო საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც გულისხმობს მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარებას ავტომატურ გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილებზე, ხარჯებს კიდევ უფრო გაზრდის, რადგან ახლა, მექანიკური მართვის სისტემის გარდა, ავტომატურკოლოფიანი რამდენიმე ავტომობილის შეძენაც გახდება საჭირო".

* * *

ლავაშის "ტრანსფორმაცია" სწრაფად კვებისთვის

ცოტა ხნის წინ სწრაფი კვების ობიექტების ბაზარზე ახალი მოთამაშე გამოჩნდა, რომელმაც მომხმარებელს განსხვავებული პროდუქტი შესთავაზა. ჭიქის ფორმის თონის პურებში მოთავსებული ქართული და უცხოური, ცივი თუ ცხელი კერძები ბაზრისთვის ინოვაცია აღმოჩნდა და მის გატანას მწარმოებელი უცხოურ ბაზრებზეც გეგმავს.

გიორგი იამანიძე (სწრაფი კვების ობიექტ "ლავაშურის" გენერალური დირექტორი): "სწრაფი კვება შეიძლება ნებისმიერი ქვეყნის სამზარეულოს მოარგო. სამწუხაროდ, ძალიან ხშირად სწრაფი კვება უხარისხო საკვებთან ასოცირდება, ჩვენ კი ვცდილობთ, ეს მითი დავანგრიოთ და დავამტკიცოთ, რომ შესაძლებელია, ხარისხიანი საკვებით ძალიან სწრაფად მოემსახურო მომხმარებელს. სწორედ ამ იდეის გარშემო შეიქმნა "ლავაშური", გვინდოდა, მომხმარებლისთვის შეგვეთავაზებინა სწრაფი კვების სერვისი, ქართული კერძებით და მისაღებ ფასად. თუმცა "ლავაშურის", როგორც პროდუქტის იდეა, ბევრად უფრო ადრე გაჩნდა. კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ერთხანს, მონასტერში ცხოვრობდა. მოგეხსენებათ, იქ ძალიან ბევრი საქმეა და მონასტრის ბინადრებს ეს საქმეები გადანაწილებული აქვთ, ზოგიერთს საკვების მომზადება და სუფრის გაშლა-ალაგება უწევს. რადგან მონასტერში ბევრი ადამიანია, ჭურჭელიც ბევრი გროვდება, ამიტომ ჩვენი კომპანიის დამფუძნებელმა დაიწყო ფიქრი, როგორ მიერთმიათ კერძი ისე, რომ გასარეცხი ჭურჭლის მთა აღარ დამდგარიყო.

მონასტრიდან ჩამოსვლის შემდეგ ეს ამოცანა ჩამოყალიბდა, როგორც ბიზნესიდეა. ასე შეიქმნა პური - ლავაში ჭურჭლის ფორმით, რომელშიც ცივი, ცხელი და წვნიანი კერძები თავსდება და მომხმარებელს შეუძლია, კომფორტულად მიირთვას. თუმცა "ლავაშურის" ტექნოლოგია დიდი ხნის განმავლობაში იხვეწებოდა. ისეთი პურის გამოცხობას ვცდილობდით, რომ მისთვის კარგი გემო არ დაგვეკარგა და ამავე დროს, მასში სხვადასხვაგვარი კერძის მოთავსებით თავად გამომცხვარი პური არ დაზიანებულიყო. მრავალთვიანი შრომის შემდეგ მას საბოლოო სახე მივეცით და ცოტა ხნის წინ ჩვენი პირველი ობიექტი გავხსენით, სადაც მოსულ სტუმრებს ჩვენი "ლავაშური" გავასინჯეთ. "ლავაშურში" შეიძლება მოათავსოთ ოჯახური, ქაბაბი, ბიფსტროგანოვი, სტეიკი, ნიგვზიანი ლობიო და ბადრიჯანი, ოლივიე და ბევრი სხვა კერძი.

უკვე წლებია, სწრაფი კვების ბაზარი მომხმარებელს ერთფეროვან პროდუქციას სთავაზობს, ჩვენი კი "ლავაშურით" ახალი სიტყვა ვთქვით. ჩვენი მიზანია გავიზარდოთ, გავხდეთ დიდი ქსელი და ჩვენი პროდუქტი საზღვარგარეთაც გავიტანოთ. ცხადია, იმ ფულით, რაც ახალი ბრენდის შექმნას დასჭირდა, შეგვეძლო რომელიმე უცხოური "ფასტ ფუდის" ფრანშიზა გვეყიდა და ასე შემოვსულიყავით სწრაფი კვების ბაზარზე, მაგრამ ჩვენ უფრო რთული გზა ავირჩიეთ, რომელიც გაცილებით წარმატებული იქნება".