"ყველაფერი მაინც კარგად იქნება"
11-11-2013
"ყველაფერი მაინც კარგად იქნება"
"თავისუფალი თანხა ხაზინაში, დაახლოებით, 1 მილიარდი ლარია, წლის ბოლოს ხარჯები, შესაძლოა, გავზარდოთ კიდეც"

ეკონომიკური ზრდის დაგეგმილი პროგნოზი არ მართლდება, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში კი პრობლემებია. წინა ხელისუფლების დროს "დაწიოკებული" მსხვილი ბიზნესი დაპირებულ სამართლიანობის აღდგენას ელის, მცირე და საშუალო სექტორი კი - დაპირებულ შეღავათებს. ამ პირობებშიც კი მთავრობა საგანგაშოს ვერაფერს ხედავს და ირწმუნება, რომ ეკონომიკაში არსებითი პრობლემები არ გვაქვს და "ყველაფერი კარგად იქნება".


ნოდარ ხადური (საქართველოს ფინანსთა მინისტრი): "ობიექტური რეალობიდან გამომდინარე, წლის
განმავლობაში 6%-იანი ზრდა უნდა მიგვეღო, მაგრამ შემდეგ ვითარება საგრძნობლად შეიცვალა და არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. ვინმე წარმოიდგენდა, თურქეთში ისეთი მძიმე ვითარების შექმნას, რომელიც ლირის კურსზე იმოქმედებდა? წარმოიდგენდა ვინმე, რომ აშშ-ის მთავრობა საბიუჯეტო პრობლემების გამო ე.წ. შატდაუნს გამოაცხადებდა? ამას დაემატა შიდა ვითარებაც. ჩვენი
ოპონენტები ხშირად ამბობენ, რომ ფინანსთა მინისტრი და მთავრობის სხვა წევრები განსაზღვრული პროცესების შეფერხებას პრეზიდენტს აბრალებენ. არა მხოლოდ პრეზიდენტს, მრავალი ობიექტური და სუბიექტური მიზეზი არსებობს, მაგრამ ერთ-ერთია პოლიტიკური აგრესია, რომელიც ოპოზიციიდან მოდის და დღემდე გრძელდება. მიუხედავად ამისა, უკვე მეორე კვარტალიდან დაიწყო დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობისა და უცხოური ინვესტიციების მოცულობის ზრდა, გაიზარდა ექსპორტის მოცულობა, საკმაოდ წარმატებულია სოფლის მეურნეობაში მიმდინარე პროცესები, გაიზარდა ტურისტთა რაოდენობა და სხვ.

ორიოდე დღის წინ პრეზიდენტმა სააკაშვილმა თქვა, გაეგრძელებინათ ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა და საქართველოში დიდი ეკონომიკური ზრდა იქნებოდაო. ამით მან აღიარა, რომ საქართველოში ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი სამთავრობო ხარჯები იყო და არა კერძო ბიზნესი. ამგვარი მიდგომა ჩვენთვის სრულიად მიუღებელია. მთავარია, კერძო სექტორი იყოს დაცული და მან შექმნას ეკონომიკური ზრდის წინაპირობა. მთავრობამ არ უნდა დააძალოს ვინმეს რამის აშენება, მთავრობისთვის ჩუქება და სხვ. არავის არაფერს ვაბრალებ, უბრალოდ ვამბობ იმას, რაც არის. რეალობა კი ძალიან მწარეა. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ძალიან ბევრი ბიზნესმენი, რომელიც წინა ხელისუფლებამ აზარალა. ზოგს კვლავაც აქვს შიში და არაფერს ამბობს. მიბრძანდით "გუდვილში" და ჰკითხეთ, რა გაუკეთა წინა ხელისუფლებამ ამ კომპანიას...

- ეს ადამიანები დღეს თქვენგან ითხოვენ სამართლიანობის აღდგენას და მოქმედ ხელისუფლებას ამ პროცესის გაჭიანურებაში ადანაშაულებენ.

- ვსაუბრობ იმაზე, თუ რა დაგხვდა. 1,5 მილიარდი ზედმეტად გადახდილი გადასახადები - ეს ხომ ბიზნესისგან "გამოღებული სისხლია". თავისთავად ცხადია, ახლა ეკონომიკა შოკიდან გამოდის, დაუძლურებული ეკონომიკა ნელ-ნელა ფეხზე დგება და წინ ნელი ნაბიჯებით მიდის. საქართველოს ბიუჯეტს ხარჯვით ნაწილში პრობლემები არ აქვს. არც შესრულების ნაწილში გვაქვს პრობლემა, რადგან თუ ფული არ არის, ბუნებრივია, მას ვერც დახარჯავ. დღეს ბიუჯეტში შემოსავლები მეტია, ვიდრე ხარჯები. თუმცა, სამწუხაროდ, იმის გამო, რომ ეკონომიკური ზრდა არ იყო 6%, ხოლო ინფლაცია - 3,5%, შესაძლოა, ზოგი გადასახადის თვალსაზრისით, ბიუჯეტში შემოსავლები ნაკლები იყოს. მაგრამ ეს ხელს არ უშლის ყველა დაწყებული პროექტისა და განსაკუთრებით, სოციალური პროექტების შესრულებას.

წლეულს ბიუჯეტი სრულდება ჰარმონიული საგადასახადო ადმინისტრირების პირობებში და არა ძალადობით. არავინ იბარებს ბიზნესმენებს და არ ავალდებულებს გადასახადების შემოტანას.
საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც დღეს ოპონირებას გვიწევს, "დაავიწყდა", როგორ იქცეოდნენ თვითონ და რა ქვეყანა გადმოვიბარეთ 1-ელ ოქტომბერს.

საგადასახადო მიმართულებით, ძალიან აქტიურად მოქმედებს დავების საბჭო და და სადაც ვხედავთ, რომ მართლაც დაირღვა კანონი, სამართლიანობა, მაქსიმუმს ვაკეთებთ, რათა ბიზნესმენების სასარგებლო გადაწყვეტილებები მივიღოთ. ავამოქმედეთ სხვა ინსტრუმენტებიც, მათ შორის რესტრუქტურიზაციის მექანიზმი, რათა თანხების ერთბაშად ამოღებით ბიზნესის პარალიზება არ გამოვიწვიოთ და მივცეთ შესაძლებლობა, რომ გადასახადიც გადაიხადონ და მუშაობაც განაგრძონ. უსამართლობა იქნება, ყველა ასეთი საქმე ერთნაირად განვიხილოთ და პირობითად გამოვაცხადოთ ფინანსური ამნისტია. ისევ ის კომპანიები იხეირებენ, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს იყვნენ პრივილეგირებული. უამრავი კომპანია დაიხურა შარშან 1-5 ოქტომბრის ჩათვლით. ამ კომპანიებს ბიუჯეტიდან ასეულობით მილიონი ლარი ჰქონდათ მიღებული, გადასახადი კი არ ჰქონდათ გადახდილი.

- რაკი შესაძლოა, ბიუჯეტში დაგეგმილზე ნაკლები შემოსავალი შემოვიდეს, ალბათ დეფიციტის შევსების გზებზეც ფიქრობთ. აიღებს სახელმწიფო შიდა ან საგარეო ვალს?
- სახელმწიფო წლეულს დამატებით ვალს არ აიღებს. სამწუხაროა, მაგრამ ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი პრობლემა ის კი არ არის, რომ დაგეგმილი შემოსავლები არ სრულდება, არამედ ის, რომ ფულს ვერ ვხარჯავთ. ესეც იმის ბრალია, რომ წლის პირველი ნახევარი დაგვჭირდა იმ ბიუროკრატიული ბარიერების დასაძლევად, რომლებიც ტენდერების გამოცხადებას უკავშირდება. აქ ძალიან საინტერესო რაღაცები ხდებოდა. გამოცხადდებოდა ტენდერი და რომელიმე კომპანია იმდენად ხელსაყრელ ფასს აცხადებდა, რომ ტენდერში იმარჯვებდა. შემდეგ კი თავად ამბობდა სამუშაოზე უარს იმ საბაბით, რომ სამუშაოს ისეთ ფასად ვერ შეასრულებდა და შემდეგ ხელახლა გვიწევდა ტენდერის გამოცხადება. შესაძლოა, აქაც იყო საბოტაჟის ელემენტები ან სხვა მიზეზი, მაგრამ განსაზღვრული დრო ამანაც დაგვაკარგვინა. ჩვენვე გავაუქმეთ ბევრი ტენდერი, რომელიც წინა ხელისუფლების დროს იყო გამოცხადებული, მაგალითად, თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზის მშენებლობის, სადაც ერთ პირთან მოლაპარაკების გზით დადებული იყო თითქმის ას მილიონად ღირებული პროექტი.

- ვალს თუ არ აიღებს სახელმწიფო, ვალდებულებებს როგორ გაისტუმრებს, ხაზინაში არის საკმარისი თანხა?!
- ამ ეტაპზე თავისუფალი თანხა ხაზინაში, დაახლოებით, 1 მილიარდი ლარია, მათ შორის არის თანხა, რომელიც დაგროვებული გვაქვს უცხოური ვალის მომსახურებისთვის, მაგრამ ის შესაძლოა არ დაგვჭირდეს. მეტიც, ჩვენ ვფიქრობთ, რომ წლეულს, მთავრობის ახალი მეთაურისა და მინისტრთა კაბინეტის დამტკიცების შემდეგ, შესაძლოა გავზარდოთ ხარჯები სხვადასხვა მიმართულებით.

- საინტერესოა, შეინარჩუნებთ თანამდებობას ახალ მინისტრთა კაბინეტში? საპარლამენტო უმცირესობა არ გამორიცხავს, რომ შექმნილი ვითარების გამო შესაძლოა ეკონომიკურ გუნდს უნდობლობა გამოუცხადოს.

- საქართველოს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები აქვს, ვიდრე იმაზე ფიქრი, ვინ იქნება მომავალი ფინანსთა მინისტრი. ნუ გავუსწრებთ მოვლენებს და დაველოდოთ მომავალი პრემიერ-მინისტრისა და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებას. რაც შეეხება ეკონომიკური გუნდის მიმართ უნდობლობას, არ მახსენდება, შარშან მინისტრთა კაბინეტის დამტკიცებისას "ნაციონალურ მოძრაობას" ხმა მოეცა ჩვენთვის.

- სახელმწიფო ვალის თემა საკმაოდ მგრძნობიარეა მოსახლეობისთვის, რა მოცულობის ვალის აღებას გეგმავს მთავრობა გაისად?

- 2014 წელს ჩვენ ვისარგებლებთ საგარეო ვალით, მაგრამ მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის. მაგალითად, დასავლეთ-აღმოსავლეთის ავტომაგისტრალის მშენებლობისთვის და სხვ. თანხის მოცულობას ჯერ არ დავაკონკრეტებ, დაველოდოთ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის დასრულებას. გაისად, დაახლოებით, 700 მილიონ ლარს გავისტუმრებთ, წლეულს, დაახლოებით, 300 მილიონი დოლარი უკვე გავისტუმრეთ. ჩვენი ოპონენტები და "ექსპერტები" საუბრობენ, რომ ცუდია, მომავალ წელს 400 მილიონი ლარის სესხებას რომ ვაპირებთ საერთაშორისო ბაზარზე. მინდა შევახსენო, რომ 2012 წლის გაზაფხულზე შიდა ბაზარზე სესხების საპროცენტო განაკვეთი 7,7% იყო, დღეს კი ფინანსთა სამინისტრო შიდა ბაზარზე ფულს, სახაზინო ობლიგაციების მეშვეობით, 4,1%-ად სესხულობს. შესაბამისად, ეს ძალიან ძვირი ფული არ არის. სახელმწიფოს ვალის მოცულობა მთლიან შიდა პროდუქტთან შედარებით ორჯერ მაინც ჩამორჩება იმ ნიშნულს, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციითა და ეკონომიკური თავისუფლების აქტით. მთავარი ის არის, რომ ვალის მომსახურება არ არის მძიმე ტვირთი ქვეყნის ეკონომიკისა და ბიუჯეტისთვის.

- ამ პირობებში ხომ არ ფიქრობთ, რომ ხელისუფლებას შესაძლოა "ქამრების შემოჭერის" პოლიტიკის გატარება დასჭირდეს?
- სხვათა შორის, ტერმინი "ქამრების შემოჭერა" პირველად მე ვახსენე, როცა მაშინდელი ხელისუფლება 2010 წლის ბიუჯეტზე მუშაობდა. ასეთი პოლიტიკა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დავიწყეთ. შევამცირეთ ადმინისტრაციული და გავზარდეთ სოციალური ხარჯები. შარშანაც შევუმცირეთ დაფინანსება ფინანსთა სამინისტროს და ალბათ გაისადაც მოუწევს ჩვენს სამინისტროს დაფინანსების შემცირება...
beso
12 ნოემბერი 2013 22:28
ნეტა მაცოდინა, ვინ გეგმავს ბიუჯეტს ისე, რომ ეკონომიკიდან ამოღებული 1 მილიარდი ნაშთია ხაზინაში.
არსებობს მსოფლიოში სახელმწიფო, რომელიც ეკონომიკიდან ამოღებულ ფულის, პროცენტულად მშპსთან, თავისუფალი ნაშტი გააჩნია ხაზინაში.

რას აკეთებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოში. ისინი საერთოდ გამოლენჩდნენ. ქვეყანას მშპს-ს 2 პროცენტიანი ზრდა აქვს და ერთ პროცენტიანი დეფლაცია, როცა დაგეგმილი აქვს ნომინალური მშპს 10 ზრდა და ელოდებიან როდის შეიქმნება ფისკალური კრიზისი ქვეყანაში, თანაც ამ დროს აჩერებს ამ სიდიდის თავისუფალ თანხას ხაზინაში...

არსებს დუნიაზე კიდევ ერთი ეკონომისტი, რომელიც ამ ფაქტს ნორმალურად მიიჩნევს...

ეკონომიკური აზროვნების დეფიციტის ქვეყანა --------საქართველო!!!!!
simartle
12 ნოემბერი 2013 14:21
ხადურის სიტყვებზე მახსენდება:80 წლებში თბილისის დინამოს მწვრთნელად დაინიშნა მიშა ქორქია,ხოდა მისი სტრატეგია და წრვთნა გამოიხატებოდა მხოლოდ იმაში რომ მაყურებელთან ერთად უკრავდა ტაშს და გაჰყვიროდა-დინამო,დინამო))))ხადური კი იძახის ყველაფერი კარგად იქნებაო,მაგრამ ფაქტები სხვაგვარად მეტყველებან.თუმცა ხადური,სხვა მინისტრების ფონზე კიდე არა უშავს რა,წერა-კითხვა მაინც ეხერხება..
nino
12 ნოემბერი 2013 01:26
ბატონ ნოდარს შევახსენებ მოკრძალებით, მოჭარბებული ოპტიმიზმი სხვაგან გამოგადგებათ და თქვენს საქმეს ცივი გონებით მიდგომა სჭირდება თანაც ძალიან.ისე ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ ერთი სიმღერა ამეკვიატა. მანანა თოდაძე მღეროდა ადრე."იძირება გემი,მაგრამ ყველაფერი რიგზეა" ასეა ჩვენი საქმეც.

რედაქტორის რჩევით