უმუშევრობის გაზრდა მოსალოდნელი არ არის?
11-11-2013
უმუშევრობის გაზრდა მოსალოდნელი არ არის?
"საქსტატი" სავალუტო ფონდის პროგნოზს არ ეთანხმება

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) ამასწინანდელი პროგნოზი უმუშევრობის შესახებ დამაიმედებელი ნამდვილად არ გახლდათ. ის ორიოდე კვირის წინ გამოქვეყნდა და წლეულს საქართველოში უმუშევრობის დონის 16,7%-მდე გაზრდას წინასწარმეტყველებს. 2014 წელს კი ფონდი უმუშევრობის 17,3%-მდე მომატებას პროგნოზირებს, რაც დსთ-ის ქვეყნების მაჩვენებლებზე უარესია (სომხეთის გარდა). სრულიად საპირისპიროა "საქსტატის" წარმომადგენელთა თვალსაზრისი. მაშინ, როცა სსფ საქართველოში უმუშევრობის ზრდას წინასწარმეტყველებს, „საქსტატში" დასაქმების ზრდაზე საუბრობენ. სტატისტიკის სამსახურის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დასაქმების თვალსაზრისით, ბიზნესსექტორში
ზრდის ტენდენცია შეინიშნება.

თენგიზ ცეკვავა ("საქსტატის" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე):
- 2013 წლის I და II კვარტალებში საწარმოებმა, დაახლოებით, 1%-ით მეტი ადამიანი დაასაქმეს, ვიდრე შარშან, იმავე პერიოდში. ერთადერთი დარგი მშენებლობაა, სადაც შემცირება მკვეთრია, დაახლოებით, 14%-იანია. სხვა დარგებში - ბიზნესსაწარმოებში, გადამმუშავებელ მრეწველობაში, უძრავი ქონების სექტორში - დაქირავებულთა
რაოდენობა გაიზარდა. ზოგიერთ სექტორში იყო შემცირებები, მაგრამ უმნიშვნელო.

ჩვენი დასაქმების სტატისტიკა შეიძლება ორ ნაწილად დავყოთ: ერთი მხრივ, გვყავს საწარმოებში დასაქმებულები, რომლებიც დაქირავებული არიან, მეორე მხრივ კი გვყავს თვითდასაქმებულები, მაგალითად გლეხები, რომლებიც თავიანთ ნაკვეთებს ამუშავებენ. რასაკვირველია, ბევრს კამათობენ, რომ თვითდასაქმებულთა უმეტესობას მწირი შემოსავალი აქვს და ისინი, პრაქტიკულად, უმუშევრები არიან, მაგრამ მათ შორის შეიძლება იყოს არა მეურნე, არამედ, დავუშვათ, უცხო ენის მასწავლებელი, რომელსაც ბევრი მოსწავლე ჰყავს და კარგი შემოსავალი აქვს, ზოგჯერ უფრო მაღალიც, ვიდრე კონტრაქტით მომუშავეებს. საერთაშორისო მეთოდოლოგიის თანახმად, დაბალი შემოსავალი არ არის მიზეზი, რომლის გამოც ადამიანი შეიძლება უმუშევრად მივიჩნიოთ, თუნდაც ის სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფებოდეს.

სავალუტო ფონდის პროგნოზს არ ვეთანხმებით, იმიტომ რომ თვითდასაქმებულთა რიცხვი საკმაოდ სტაბილურია და დიდად არც გაისად შეიცვლება. ვინც საკუთარ მიწას ამუშავებდა და დღესაც ამუშავებს, თავის საქმიანობას არც მომავალში შეწყვეტს. მათი შემცირება ნაკლებად სავარაუდოა. მეორე მხრივ, თუ რამე გაუარესდება, ეს უნდა მოხდეს ბიზნესსექტორში, ანუ დაქირავებულთა რაოდენობა უნდა შემცირდეს. მათი რიცხვიც სტაბილურია და 2012 წელთან შედარებით, 1%-ით არის გაზრდილი. ამდენად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დასაქმების სტატისტიკა პირველი ექვსი თვის მონაცემებით არ გაუარესებულა. თუმცა დაქირავებულთა რიცხვს ჩვენ კიდევ გამოვიკვლევთ და მთელი წლის მონაცემებს "საქსტატი" 2014 წლის გაზაფხულზე გამოაქვეყნებს.

დასაქმებაზე საუბრისას, პირველ რიგში, ბიზნესსექტორს ვგულისხმობთ და რამდენადაც ამ სექტორში სტაბილური ფონია, ამ მხრივ საგრძნობ ცვლილებებს არ ველოდებით. ამიტომ სავალუტო ფონდის პროგნოზს არ ვიზიარებთ მარტივი მიზეზების გამო: ბიზნესსექტორი სტაბილურია, თვითდასაქმებულთა რაოდენობაშიც დიდი ცვლილება მოსალოდნელი არ არის. ამიტომ უმუშევრობის ამ ტემპით ზრდა წარმოუდგენლად მიგვაჩნია. ვფიქრობ, სავალუტო ფონდმა ეს დასკვნა ეკონომიკის ზრდის ტემპის მიხედვით გააკეთა, მოგეხსენებათ, რომ ის დაბალია.
აქვე უნდა გავითვალისწინოთ ერთი ფაქტორიც: თუ შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები და ადამიანები დასაქმდებიან, უმუშევართა რიცხვმა შეიძლება უფრო მოიმატოს, რადგან სავარაუდოდ, დასაქმების მეტი მსურველი გამოჩნდება. ასე რომ, ჩვენ ამ ეტაპზე ვერ ვხედავთ მკვეთრი გაუარესების ნიშნებს და შეგვიძლია ვთქვათ, რომ მდგომარეობა სტაბილურია.

ირაკლი ლექვინაძე ("ჯორჯიან ბიზნეს ინსაიტის" დირექტორი): - ჩემი აზრით, უმუშევრობის მაჩვენებელი დაახლოებით იგივეა, რაც 2012 წლის ამავე პერიოდში იყო. შეფასებებს შორის განსხვავება გამოწვეულია მეთოდიკასა და კრიტერიუმებში განსხვავებით. გააჩნია, როგორ დავსვამთ შეკითხვას და რა კრიტერიუმებით განვსაზღვრავთ უმუშევართა რაოდენობას. ვფიქრობ, სავალუტო ფონდის პროგნოზი რეალობისაგან მოწყვეტილია, რადგან გაისად უმუშევრობის ზრდის ამგვარი ტემპი ქვეყანაში თითქმის წარმოუდგენელია. სტატისტიკის დეპარტამენტს აქვს თავისი მეთოდური მიდგომები, რომლის მიხედვითაც განსაზღვრავს საქართველოში დასაქმებულთა რაოდენობას, თუმცა მიმაჩნია, რომ ამ მეთოდებშიც უნდა შევიდეს ცვლილება და უმუშევართა რაოდენობა უფრო დაბალანსებული კრიტერიუმებით უნდა დადგინდეს. სადავოა, რომ, მაგალითად, ადამიანი, რომელსაც 1 ჰა მიწა და მწირი შემოსავალი აქვს, დასაქმებულად არ უნდა მიიჩნიონ. შესაძლოა ვინმე ეკონომიკურ საქმიანობას მისდევს და ამ საქმიანობით იღებს რაღაც შემოსავალს, მაგრამ ეს საკმარისი სულაც არ არის. ამიტომ მიდგომა, რომ ყველა თვითდასაქმებული მიჩნეულია დასაქმებულად, დღემდე სადავოა. საჭიროა ჩვენი სტანდარტების მიახლოება საერთაშორისოდ აღიარებულებთან. საერთოდ, მოწინავე ქვეყნები გაეროს სტანდარტებით ხელმძღვანელობენ და ჩვენც ამ სტანდარტებით უნდა ვისარგებლოთ. მთავარია, შეკითხვა როგორ დაისმება. შესაძლოა, ვიღაც დასაქმებული იყოს, მაგრამ ნორმალური შემოსავალი არ ჰქონდეს და თავს უმუშევრად მიიჩნევდეს. შესაძლოა, კონტრაქტი არსად ჰქონდეს გაფორმებული, მაგრამ თავისი ბიზნესიდან საკმაო მოგება რჩებოდეს. გამოკითხვის დროს ეს ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ.

ხათუნა ჩიგოგიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით