სწავლის "კენწერო" დიდ ბრიტანეთში - კვირის პალიტრა

სწავლის "კენწერო" დიდ ბრიტანეთში

ბოლო წლებში საქართველოში სულ უფრო იზრდება უცხოეთში სწავლის გაგრძელების მსურველთა რაოდენობა. ზოგი ენის შემსწავლელ მოკლევადიან კურსს ირჩევს და ერთმანეთს უთავსებს საზაფხულო არდადეგებსა და სწავლას, ზოგიც უცხოეთში უმაღლესი განათლების, აკადემიური ხარისხის მისაღებად მიემგზავრება. თუმცა კარგი შედეგისთვის აუცილებელია, სწორად იყოს შერჩეული სასწავლო კურსი და დაწესებულება, სადაც მსმენელს განათლების მიღება სურს. ეს სერვისი დღეს საკმაოდ სარფიან ბიზნესად იქცა, სადაც მთავარი კაპიტალი არა ფინანსები, არამედ საერთაშორისო კონტაქტებია.

დავით კბილაშვილი (საგანმანათლებლო ცენტრ "კემბრიჯ სტადის" რეგიონული დირექტორი): "კემბრიჯ სტადი" ბრიტანეთში, ქალაქ კემბრიჯში დაფუძნებული საერთაშორისო საგანმანათლებლო სააგენტოა, ჩვენ კი მათი წარმომადგენლები ვართ ამიერკავკასიაში. ბაზარზე ორი მიმართულებით ვმუშაობთ: კონსულტაციებს ვუწევთ ბრიტანეთში სწავლის გაგრძელების მსურველებს და ადგილობრივ ბაზარზე სხვადასხვა პროფესიულ ტრენინგკურსებს ვაწყობთ. საქართველოში "კემბრიჯ სტადის" დაფუძნების იდეა მაშინ გამიჩნდა, როცა მე თვითონ ვსწავლობდი დიდ ბრიტანეთში. სხვათა შორის, თვით კემბრიჯშიც, "კემბრიჯ სტადის" შექმნის იდეა ჩემს იქაურ თანაკურსელებს ეკუთვნით. მეც შევთავაზე აქ წარმომადგენლობის გახსნა. იდეა მოიწონეს და საქართველოში სააგენტო ჩამოვაყალიბეთ. სამომავლოდ ვგეგმავთ გაფართოებას აზერბაიჯანსა და სომხეთში.

პირადი გამოცდილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საგანმანათლებლო ბიზნესის ამ სფეროში წარმატების ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი პირადი კონტაქტებია. გაგვიმართლა იმაში, რომ ძალიან კარგი საერთაშორისო და ადგილობრივი კონტაქტები მაქვს, რამაც ბიზნესის განვითარებაში ერთ-ერთი მთავარი როლი ითამაშა. ეს კონტაქტები დაგვეხმარა, რომ მიზნობრივი აუდიტორიისთვის მიგვეწოდებინა შეთავაზებები, მათთვის სანდოობის გარანტია შეგვექმნა და ეს ნდობა გაგვემართლებინა. არასდროს ვყოფილვართ ორიენტირებული ერთჯერად სერვისსა და კონსულტაციებზე, ჩვენი მთავარი მიზანი იყო, კმაყოფილი მსმენელი ან სხვა მომსახურებისთვის დაბრუნებულიყო, ან ჩვენთან მოსვლა ახლობლებისთვის ერჩია. თითქოს მარტივი მიდგომაა, მაგრამ ის წარმატების ძალიან ძლიერი ფაქტორია.

მჭიდროდ ვთანამშრომლობთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკურ სკოლასთან და ოფისის პრობლემაც ასე გადაწყდა. არც ადგილობრივ ტრენინგკურსებზე მსმენელების მოსაზიდად დაგვიხარჯავს დიდი ინვესტიცია. მსმენელთა პირველი ჯგუფი დავაკომპლექტეთ უშუალო გასაუბრებით სამიზნე აუდიტორიასთან, პერსონალური შეხვედრებით კომპანიებთან, რომლებიც შესაძლოა დაინტერესებული ყოფილიყვნენ ამგვარი ტრენინგით. ლამის ტრადიციად იქცა, რომ ყოველ ტრენინგზე არის რომელიმე ყოფილი მსმენელი წინა კურსიდან, ან მის მიერ მოყვანილი ადამიანი.

წელიწად-ნახევარია რაც მუშაობა დავიწყეთ და ათეულობით მსმენელი გავუშვით სასწავლებლად უცხოეთში. განსხვავებული ბიზნესმოდელით შემოვედით საქართველოში. დაფუძნებული ვართ კემბრიჯში, მთავარი პარტნიორები დიდ ბრიტანეთში არიან და, შესაბამისად, ჩვენი პასუხისმგებლობა მხოლოდ სტუდენტების გაგზავნით არ მთავრდება. ჩვენ დიდ ბრიტანეთშიც ვაქცევთ ყურადღებას გაგზავნილ სტუდენტებს, მათ რეგულარულად ვხვდებით, ამას ჩემი პარტნიორები აგვარებენ. მუდმივი კავშირი გვაქვს გაგზავნილი მსმენელებისა და სტუდენტების ოჯახებთან. არსებითად გამოგვარჩევს ისიც, რომ ვკისრულობთ ყველა იმ სამუშაოს, რაც სტუდენტის უცხოეთში გაგზავნას უკავშირდება - შესაფერისი სასწავლებლის, შესაფერისი კურსის შერჩევას, სააპლიკაციო ფორმის შევსებას. პროცესები მიგვყავს იქამდე, რომ სასწავლებლიდან ჩარიცხვის წერილი მოგვივიდეს.

მეორე ეტაპი უკვე სავიზო პროცედურებს უკავშირდება, რაც არანაკლებ საორგანიზაციო სამუშაოს საჭიროებს. ამ ყველაფერში ჩართული ვართ, ვაგვარებთ და ამისთვის არანაირ ანაზღაურებას არ ვითხოვთ. ჩვენი კონტრაქტების საფუძველზე, უცხოელი პარტნიორები ყოველ გაგზავნილ მსმენელზე საკომისიოს გვიხდიან. შემოსავალი გვაქვს ადგილობრივი ტრენინგკურსებიდანაც. სხვათა შორის, კომპანიის დაარსებიდან საკმაოდ სწრაფად, სამ თვეში შევძელით ხარჯებისა და შემოსავლის დაბალანსება და მოგებაზე გასვლა. მას შემდეგ, შეიძლება ითქვას, წარმატებით ვსაქმიანობთ".

P.S. გაგვიზიარეთ თქვენი ბიზნესის ისტორია, გახდით გადაცემა "ბიზნესფაილის" მონაწილე და გახადეთ თქვენი კომპანია კიდევ უფრო ცნობილი რადიოში, ტელევიზიასა და პრესაში. გადაცემაში მოხვედრის მსურველებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ტელეფონის ნომერზე: 272-52-83.