დამდეგი წლის ეკონომიკური პროგნოზები ერთმანეთისგან ცა და დედამიწასავით განსხვავდება - კვირის პალიტრა

დამდეგი წლის ეკონომიკური პროგნოზები ერთმანეთისგან ცა და დედამიწასავით განსხვავდება

მიმდინარე წელს საქართველო დაახლოებით 4%"იანი ეკონომიკური ვარდნით ასრულებს. 2009 წელი ქართული ბიზნესისთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა, ზოგმა ნაწილობრივ დააღწია თავი ფინანსურ პრობლემებს, ზოგი კი დღემდე კრიზისულ ვითარებაშია. ქართველ ექსპერტებს წლის მნიშვნელოვანი მოვლენების ანალიზი და სამომავლო ეკონომიკური პროგნოზების გაკეთება ვთხოვეთ.

გია ხუხაშვილი (ეკონომიკის ექსპერტი): "მიმდინარე წელი ეკონომიკური თვალსაზრისით საკმაოდ რთული იყო. საგადასახადო შემოსავლები სამწუხაროდ, მკვეთრად შემცირდა, მაგრამ იმ საერთაშორისო დახმარებამ 4,5 მილიარდის ფარგლებში, რაც მივიღეთ, ფაქტობრივად, გადაარჩინა ქართული საბანკო სექტორი და არა მხოლოდ ის. საბედნიეროდ, ამ თვალსაზრისით ერთგვარი სტაბილურობა შევინარჩუნეთ, მაგრამ დაძაბულობა ჯერ კიდევ მაღალია. რაც შეეხება სისტემურ ცვლილებებს, რასაც უნდა მოჰყოლოდა საინვესტიციო გარემოს გაჯანსაღება, პოლიტიკური რისკების გატანა ბიზნესიდან და შესაბამისად, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა "ეს პროცესი არ დაწყებულა. შესაბამისად სისტემური ცვლილებების არარსებობა იმას იწვევს, რომ ეკონომიკური ვარდნის პროცესი ალბათ გაისადაც გაგრძელდება.

რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტებს, მაგალითად, ეკონომიკური სტიმულირების პაკეტს სამშენებლო სექტორისთვის. ისეთ ქვეყანაში, სადაც სოციალური რისკები ძალზე მაღალია, ასეთი ტიპის ფსევდოპროგრამები არ ამართლებს. სტაბილურობისთვის, იმისთვის, რომ მშენებლობა საერთოდ არ დაქცეულიყო, რა თქმა უნდა, ეს დადებითი მოვლენა იყო, თუმცა ეკონომიკური განვითარების, დამატებითი ღირებულების შექმნის თვალსაზრისით, ამას არანაირი შედეგი არ მოაქვს. ვფიქრობ, სტიმულირება უფრო ისეთ დარგებში უნდა მომხდარიყი, რასაც ახასიათებს კვლავწარმოება. ანუ ფული იწყებს ბრუნვას და არ ხდება მისი მიწაში ჩადება. თუმცა, ის, რომ მოვლენები ძალიან უარყოფითად არ განვითარდა, ესეც შესაძლოა სიკეთედ ჩაითვალოს.

მომავალი წლისთვის გარდაუვალია სამშენებლო სექტორში რისკების კიდევ უფრო გაზრდა. აქცია, რაც ჩატარდა მათ მხარდასაჭერად, არანაირად არ არის საკმარისი სექტორის გაჯანსაღებისთვის. ანუ, ფაქტობრივად იმ პროექტმა მოიტანა ამ სექტორში კრიზისული ვითარების გადავადება და არა პრობლემის ძირეული გადაწყვეტა. აქედან გამომდინარე, სამშენებლო სექტორი ალბათ გაისადაც დარჩება საკმაოდ მაღალი რისკის ზონაში. ვფიქრობ, საბანკო სექტორშიც შედარებით უკეთესი მდგომრეობაა, მაგრამ იქაც პრობლემები კიდევ უფრო გამწვავდება. სხვა სექტორებზე არც ვისაუბრებ, რადგან მიმაჩნია, რომ სხვა სექტორები ქვეყანაში სისტემურად არც არსებობს. რა თქმა უნდა, ვგულისხმობ სამეწარმეო და არა სავაჭრო სექტორს.

კერძო სექტორის დაჯარიმების სერია შესაძლოა მომავალშიც გაგრძელდეს. ბიზნესიდან ფულის ძალისმიერი ამოქაჩვა ამ ქვეყანაში უკვე არავის უკვირს. ამიტომ, როცა საგადასახადო შემოსავლების პრობლემა იქმნება, ხელისუფლებისთვის ძალისმიერი ქმედებებია დამახასიათებელი.

ნოდარ ჯავახიშვილი (ეკონომიკის ექსპერტი, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი): "მოვლენების ანალიზი მაშინ უნდა გააკეთო, როცა ეს მოვლენები ხდება. საქართველოს ეკონომიკაში კი არაფერი მომხდარა. ერთადერთი, დასრულდა ჩვენი ხელისუფლების მიერ საქართველოსგან "ბანანის რესპუბლიკის" შექმნა. შექმნეს ქვეყანა, რომელსაც არ აქვს საკუთარი ეკონომიკა. რასაც ეს ხელისუფლება ეკონომიკას ეძახის, ეს არის უცხოეთის დახმარებებით შემოტანილი და აქ გაყიდული პროდუქცია. რისი პროგნოზი უნდა გავაკეთო? გაისად არაფერი შეიცვლება! ეს არის რამდენიმე ადამიანის ხელში ჩავარდნილი სახელმწიფო, სადაც ალბათ, კიდევ შემოვა დიდი უცხოური ფინანსური დახმარება, რომლის ნაწილიც ქართველი ერის სულიერ განადგურებას მოხმარდება, რა თქმა უნდა, მატერიალური დახმარების ხარჯზე. ნაწილს კი მავანნი ჩაიდებენ ჯიბეში.

რეალურად წლეულს სამშენებლო კომპანიებს კი არ გაუწიეს დახმარება, არამედ საკუთარი ბიზნესის ლობირება მოახდინეს. სამშენებლო ბიზნესს ამათი დასახმარებელი რა სჭირდა, როცა 15 ათასი დოლარი ღირდა კვადრატული მეტრი კომერციული ფართი ვაკეში. 300 დოლარი უჯდებოდათ მშენებლობა და ხუთმაგ ფასად ჰყიდდნენ! რომელი საწარმო გახსნეს? დაფნის გადამმუშავებელი საწარმო სამჯერ გახსნა პრეზიდენტმა, ღილაკს თითი მიაჭირა და არ ჩაირთო კონვეიერი, გახსნა კი არა, გაგვაშაყირა. ამ ქვეყანაში ყველაფერი ირანული და თურქული იყიდება. ხახვი მაინც იყიდეთ ბაზარში ქართული და მერე მითხარით, რომ ეკონომიკა გაქვთ!

შესაძლოა გაისად კიდევ დაგვეხმარონ ორი მილიარდით საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და წლევანდელივით გადავიტანოთ მომავალიც წელიც. ღირსებააყრილი, პატივაყრილია საზოგადოება, რომელიც ლუკმა პურს ელოდება. მხოლოდ ფასადების შელამაზება და გზების დაყოფა გვეყოფა? მართლა გზების მშენებლობა კი არ აინტერესებთ, უზარმაზარ ფულს ხსნიან ამ ინფრასტრუქტურული პროექტებიდან. ყოველწლიურად მცირდება ნათესი ფართობები, მრავალწლიანი ნარგავები, მათ შორის ჩაი, მანდარინი, ყურძენი, ხილი...

ნავთობის ბაზარზე რა ხდება? საწვავი ასე ძვირი მაშინ ღირდა, როცა 155 დოლარად ფასობდა ბარელი ნავთობი. დღეს, ყველაზე დიდი, 75"80 დოლარი ღირს ნედლი ნავთობი, რატომ არის საწვავის ფასი ადგილობრივ ბაზარზე კვლავ მაღალი? მიბრძანდით ნებისმიერ ბენზინგასამართ სადგურზე და გეტყვიან, რატომაც ღირს ასე ძვირი საწვავი. ერთი ერთში უხდიან მოგებას ხელისუფლებას. როგორც კი პრეზიდენტმა წინასაარჩევნოდ "დაუცაცხანა" ფარმაცევტულ კომპანიებს, მეორე დღესვე ყველა სატელევიზიო არხით გაჩნდა სარეკლამო რგოლები მედიკამენტების ფასდაკლების შესახებ გვახარეს, რომ აქტივირებული ნახშირი 49 თეთრიდან 29 თეთრამდე გაიაფდა. არადა, ძვირად ღირებული და ნორმალური წამალი ერთიც არ იყო. არ არის ეს დაცინვა?

დავით ნარმანია (კავკასიის სოციალური და ეკონომიკური კვლევის ინსტიტუტის თავმჯდომარე): "2009 წელი საქართველოს ეკონომიკისთვის საკმაოდ მძიმე იყო. მოგვიწია ორ ძალიან მნიშვნელოვან მოვლენასთან გამკლავება. ეს იყო 2008 წლის აგვისტოს დროს მიყენებული ზიანის რეაბილიტაცია, რისთვისაც სოლიდური საბიუჯეტო რესურსები დაიხარჯა და მეორე, მსოფლიო ფინანსური კრიზისის ყველაზე აქტიური და მძიმე დარტყმის შედეგების წინააღმდეგ ბრძოლა. ამან მოიტანა ბიზნესაქტივობისა და ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლების შემცირება. ბოლო რამდენიმე წელია, ასეთი მძიმე წელი ქვეყანას არ ჰქონია. ამ სირთულეებიდან გამომდინარე, მივიღეთ ამგვარი ეკონომიკური ვითარება: დაახლოებით 4%"იანი ეკონომიკური ვარდნა გასული წლის მაჩვენებლებთან შედარებით, საბიუჯეტო"საგადასახადო შემოსავლები მნიშვნელოვნად შემცირდა. მართალია, ბიუჯეტი შესრულდა, მაგრამ ეს ორჯერ შემცირებული ბიუჯეტია, მისი კორექტირება მთავრობამ ჯერ 2009 წლის ზაფხულში, შემდეგ კი შემოდგომით მოახდინა. მნიშვნელოვნად შემცირდა საინვესტიციო ნაკადები და 2004 წლის მაჩვენებლამდე დავიდა. გაიზარდა უმუშევრობა.

2010 წელი არ იქნება ისეთი მძიმე, როგორიც მიმდინარე იყო, თუმცა განსაზღვრული სირთულეები მაინც იქნება. ეკონომიკური ზრდა ქვეყანაში შედარებით უფრო დაბალი იქნება, ვიდრე 2007"2008 წლებში. როგორც საერთაშორისო"საფინანსო ორგანიზაციების, ასევე ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების მიერ, მომავალი წლისთვის ოპტიმისტური ეკონომიკური პროგნოზები კეთდება. საერთაშორისო ორგანიზაციების გათვლით, 2010 წლის II ნახევრიდან მსოფლიო ფინანსური კრიზისი ნელ"ნელა შემცირების ფაზაში გადავა და ბუნებრივია, ეს საქართველოზეც აისახება. 2010 წლის შემოდგომიდან ქვეყანაში ეკონომიკური თვალსაზრისით უფრო მეტად უნდა "დათბეს". რადგან 2009 წელს შემცირებული ეკონომიკური აქტივობა მოსახლეობის შემოსავლებზე აისახა და მაღალი ეკონომიკური აქტივობის იმედი არც გაისისთვის არის. 2010 წელს შესაძლოა ვუწოდოთ ნახევრად კრიზისული წელი, როცა ცალკეული ბიზნესსექტორები დაიწყებენ განვითარებას".