ბიზნესი "უჟანგბადოდ" - კვირის პალიტრა

ბიზნესი "უჟანგბადოდ"

"ბანკები მეგობრულად გვიცინიან, მაგრამ კრედიტზე უარს გვეუბნებიან"

ბანკები სექტემბრიდან მოყოლებული აცხადებენ, რომ კრედიტების გაცემა განაახლეს და მზად არიან, კერძო ბიზნესს ფინანსურად მხარში ამოუდგნენ. თუმცა ბანკების საკრედიტო პორტფელს ზრდა ჯერ არ დასტყობია. პირიქით, ის წინა თვეში კიდევ შემცირდა. ბანკები, მაღალი რისკების გამო, საკრედიტო შეზღუდვების მოხსნას ჯერ ვერ ბედავენ. შესაბამისად, კრედიტს ვერც კერძო სექტორი იღებს, რომელსაც კრიზისის შემდეგ ხელახლა ასამუშავებლად "სისხლის გადასხმა" სჭირდება.

პრემიერი გილაური აცხადებს, რომ საბანკო ბაზარი კრიზისიდან გამოვიდა და ბოლო ორ თვეში მათ მეტი კრედიტი გასცეს, შესაბამისად, კერძო სექტორი მალე მეტი კრედიტის მიღებას შეძლებს. ეს ბიზნესისთვის დამაიმედებლად ჟღერდა, თუმცა ოფიციალური სტატისტიკა წინსვლას ჯერჯერობით ვერ აჩვენებს. სებ-ის მონაცემებით, ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, ბანკების მიერ გაცემული სესხები კიდევ 11,5 მილიონი ლარით, 5,193 მილიარდ ლარამდე შემცირდა (საკრედიტო პორტფელი ბოლო წელიწადში ყოველთვიურად იკლებს). ოქტომბერში კი ბანკებმა ეკონომიკის დაფინანსება თითქმის 28 მილიონი ლარით შეამცირეს. დაახლოებით 4 მილიონით მოემატათ ბანკებს უმოქმედო სესხებიც. შესაბამისად, საბანკო სექტორს შემოსავალი კიდევ უფრო შეუმცირდა და ჯერ არც გაუმჯობესების ტენდენცია ჩანს. სექტემბერში, ბანკებმა 7 მილიონი ლარის მოგება წლეულს პირველად მიიღეს, მაგრამ ოქტომბრიდან ისევ მინუსებში დაეშვნენ და დეკემბრისთვის სულ 83,132 მილიონი ლარის ზარალი აღერიცხათ. დეკემბრისთვის საბანკო სექტორში ვადაგადაცილებულმა სესხებმაც 30 მილიონი ლარით მოიმატა და 227 მილიონს მიაღწია.

გაცემული სესხები პრობლემური გახდა, მაგრამ ბანკები დათმობაზე არ მიდიან და კლიენტებს შეღავათებზე უარს ეუბნებიან. კომპანიების ნახევარზე მეტს ბანკის ვალი აქვს და ვეღარ იხდის. ომის შემდეგ კრიზისი თითქმის ყველა ბიზნესსფეროს შეეხო, შემოსავალი ბევრს შეუმცირდა და ბანკის კრედიტი მძიმე ტვირთად დააწვა. ბიზნესის აზრით, ბანკი შეღავათებს იმიტომ არ უკეთებს, რომ ქონების ხელში ჩაგდება სურს. კრიზისის გამო ბანკების ხელში კრედიტების ნაცვლად დიდი ქონება გადავიდა, ბანკებს დარჩათ უძრავი ქონება, კომპანიები. ამის მაგალითად "ელიტ-ელექტრონიქსის", "ბრენდ-მოლის", "ლივოს" ქსელის დასახელებაც საკმარისია.

ილია მოსიაშვილი (სასტუმროების კომპლექს "ბაზალეთის" მფლობელი): "დიდი გეგმები მაქვს, რომლებიც ქვეყანასაც დიდ სარგებელს მისცემს, მაგრამ ამისთვის 10 მილიონი დოლარის კრედიტი მჭირდება. ვიცი, რომ გადავიხდი. მაქვს უძრავ-მოძრავი ქონება, ანუ გარანტია, რომ ბანკს ფულს არ წავართმევ, მაგრამ ფულს არ იძლევიან. ბანკი იმისთვისაა, გვასესხოს ფული და ჩვენ დავუბრუნებთ. იყო პერიოდი, როცა ბანკები გვეხმარებოდნენ, მაგრამ ახლა მათ გვერდით ვეღარ ვგრძნობთ. ამიტომაც ჩვენთვის გაუსაძლისი მდგომარეობაა. ასეთი სიტუაცია არც ერთ ქვეყანაში არაა. საშინელი მოთხოვნები აქვთ, დიდ გარანტიებს ითხოვენ.

- ბანკებში ამბობენ, რომ პროცენტები შეამცირეს...

- სადაა? მაჩვენეთ ერთი, თუ შეამცირა. არ იძლევა არავინ. აი, მჭირდება დღეს და ჩემზე მეტად გარანტირებული ნაკლებად შეიძლება იყოს. ისეთი მაღალი პროცენტია, რად გინდა, ვერ შეწვდები. ამდენი პროცენტი ბანკს რომ გადაუხადოს, მეწარმეს მოგება რაღა დარჩება?

- რამდენ ბანკს მიმართეთ სესხისთვის?

- ბევრს, ბევრს, ყველასთან მივდივარ, მაგრამ უაზრობაა. ამბობენ, რომ სესხს იძლევიან, მაგრამ იქ მისულს, უარით გვისტუმრებენ. ვიცი, რომ ბევრი ბიზნესია ასეთ მდგომარეობაში. თუ იძლევიან, მხოლოდ მცირე სესხებს. ბანკები გრძელვადიანი კრედიტების გაცემას თუ არ განაახლებენ, ინვესტიციები არ შემოვა.

თამაზ შამათავა (გასართობ კომპლექს "ასტრა დიღომის" მფლობელი): "გასართობი ცენტრის მოსაწყობად ერთ-ერთი მსხვილი ბანკიდან კრედიტი გამოვიტანე. კარტინგების მოედანი, კინოთეატრი, სათამაშო აპარატები მოვაწყვეთ. აგვისტოს ომამდე ბიზნესი წარმატებით მუშაობდა, კრედიტსაც უპრობლემოდ ვიხდიდი. ომის შემდეგ მომხმარებელმა იკლო, გაგვიჭირდა სესხის გადახდა. ბანკს გადავადება ვთხოვე, მაგრამ უარი მივიღე. ახლა ჩემს ბიზნესს თავიდან უნდა ამუშავება, საჭიროა სიახლის შემოტანა მომხმარებლის მოსაზიდად. ამას ინვესტიცია უნდა ანუ სესხი ბანკიდან. 50 ათასი დოლარის დამატება მინდოდა, მაგრამ უარი მითხრეს.

- რატომ? ბიზნესი ხომ მომგებიანია...

- სხვა ლოგიკას ვერ ვხედავ, გარდა ერთისა - ბანკს სურს, ჩემი ბიზნესი ჩაიგდოს ხელში. არჩევანს წარმატებულ და მომგებიან ფირმებზე აკეთებენ. ბანკების საკრედიტო ხელშეკრულება ბიზნესისთვის კაბალურია. ძალიან ბევრ ფირმასთან მქონია კავშირი, მათ შორისაა BMჭ, "კასტროლი", მათთან დადებული ყველა კონტრაქტი ფორსმაჟორს ითვალისწინებს. ჩემი ბიზნესი ომმა დააზარალა, ომი ფორსმაჟორია, მაგრამ ბანკის ხელშეკრულებაში ეს არ არის ჩადებული. გაზაფხულზე შენობის ჭერი სეტყვამ დაგვიზიანა, ზიანის ანაზღაურებისთვის იმ სადაზღვევო კომპანიას მივაკითხეთ, რომელიც ბანკმა ხელშეკრულებაში ჩაგვიწერა, მაგრამ უარი მივიღეთ. არადა, ყოველწლიურად სადაზღვევოს 4 ათას დოლარამდე ვუხდით. რატომ არ მიტოვებს ბანკი სადაზღვევო კომპანიის არჩევის უფლებას? გარდა ამისა, ბანკი ითხოვს, უზრუნველყოფის სახით ჩადებული ქონება სესხის თანხას 10-ჯერ აღემატებოდეს, რატომ? რამდენჯერ უნდა აღემატებოდეს ქონება, ბანკი რომ დაკმაყოფილდეს, ხელშეკრულებაში არც ესაა განსაზღვრული. ორჯერ მეტი ქონება არ არის საკმარისი? რატომ უნდა იყოს ხუთჯერ და ათჯერ მეტი? ან ჩემს ქონებას რატომ უნდა აფასებდეს ბანკის აუდიტორი და არა დამოუკიდებელი აუდიტორი? ეს არ არის განსაზღვრული. თანაც სესხის დაგვიანებისთანავე ბანკს შავ სიაში შეჰყავხარ. მერე უკვე შენ არ შეგიძლია განვითარება, სესხის აღება. რა კრიტერიუმით განსაზღვრავს ბანკი, ცუდი გადამხდელი ვარ თუ არასასურველი კლიენტი? რატომ უნდა ვიჩაგრებოდე? მეც ისეთივე ბიზნესი მაქვს, როგორც ბანკს, ოღონდ მისგან განსხვავებით, ვაწარმოებ. ჩვენ ერთ სივრცეში უნდა ვიყოთ. არ მაქვს მხედველობაში ერთი რომელიმე ბანკი... ყველას ერთი პოლიტიკა აქვს. მაინტერესებს, არ არსებობს ორგანო, ვისაც ბანკების კონტროლი ევალება? თუ ასეთი უწყება არ არის, მაშინ ამაზე ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს".

უწყება, რომელსაც საბანკო სექტორის კონტროლი ევალება, საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოა, რომლიც 1-ელი დეკემბრიდან, ორწლიანი განშორების შემდეგ, ისევ ეროვნულ ბანკს შეუერთდა. სებ-მა ორი წლის წინ გადაწყვიტა ბანკებისთვის მოეთხოვა, რომ კლიენტთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში საკრედიტო პირობები ზუსტად ყოფილიყო გაწერილი, მათ შორის, ზუსტი საპროცენტო განაკვეთიც. მაგრამ მუშაობა შეჩერდა. საბანკო ზედამხედველმა მიიჩნია, რომ კერძო ბიზნესის საქმეში არ უნდა ჩაერიოს და ბანკებს სრული თავისუფლება მისცა. თუ მსესხებლებს ბანკების მიმართ პრეტენზიები გაუჩნდებათ და მის პირობებს კაბალურად მიიჩნევენ, დახმარებისთვის მარეგულირებელ ორგანოს უნდა მიმართონ, რომელსაც ეს კანონით ევალება. სებ-ში ამ თემაზე საუბარი არ სურთ. ასე რომ, ორგანო, რომელიც კლიენტების ინტერესებსაც გაითვალისწინებს, რეალურად არ არსებობს.

დეპოზიტები კვლავ შემცირდა

- საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების ჯამური მოცულობა 2009 წლის ნოემბერში 27,6 მლნ ლარით შემცირდა.

- ოქტომბერში კი ზრდა 205,6 მლნ ლარს შეადგენდა, ხოლო სექტემბერში - 114,8 მლნ ლარს.

ნონა ქვლივიძე