უსასრულო დავებს მორიგებით დაასრულებენ - კვირის პალიტრა

უსასრულო დავებს მორიგებით დაასრულებენ

საგადასახადოსთან შეთანხმების სურვილი რამდენიმე კომპანიამ უკვე გამოთქვა

მთავრობა მზადაა, კომპანიებს ვალებზე ევაჭროს. "ამნისტიის" სქემა ასეთია -კომპანია საგადასახადო დავალიანების ნახევარს ბიუჯეტში ნებაყოფლობით თუ გადაიხდის, ნახევარს აპატიებენ. ფინანსთა სამინისტრო შეთანხმებას 10 ათას ლარზე მეტი დავალიანების მქონე საწარმოებს სთავაზობს. შეთავაზება 21 დეკემბრიდან ამოქმედდა. მეწარმეებს მთავრობასთან გასარიგებლად ერთწლიანი ვადა აქვთ.

კომპანია, რომელსაც საურავების ჩათვლით 10 ათას ლარზე მეტი საგადასახადო დავალიანება აქვს, განცხადებით შემოსავლების სამსახურს მიმართავს. სამსახური შეტანილ განცხადებებს დაახარისხებს და შერჩეულ საქმეებს ფინანსთა მინისტრს გადასცემს, რომელიც მას განსახილველად მთავრობას გადაუგზავნის. ვის რამდენ ვალს აპატიებენ, მთავრობა გადაწყვიტს. ის ბიზნესს შესაძლოა ვალების 70%-ზე გაურიგდეს, ან 80%-ზეც. არც იმისგანაა ვინმე დაზღვეული, მთავრობამ ვალის მხოლოდ 20%-ი აპატიოს. შესაძლოა მეწარმეს სულაც უარი უთხრან. რა კრიტერიუმით დაადგენენ ჩამოსაწერი ვალის ოდენობას, უცნობია. როგორც მთავრობაში ამბობენ, გადაწყვეტილება კონკრეტულ შემთხვევაზე იქნება დამოკიდებული.

გარიგების ამ სქემაში ყველა მეწარმე ვერ მოხვდება. "ამნისტიის აქციას" ავტომატურად გამოეთიშება ის ბიზნესი, ვისაც საგადასახადოს ვალი უკვე აღიარებული ჰქონდა. არის სხვა პირობებიც: თუ კომპანია ვალზე დავების საბჭოში ფინანსთა სამინისტროს ედავება, მაშინ შეთანხმება ძირითად თანხასა და სანქცია-საურავებზე გავრცელდება; თუ საქმე სასამართლოშია, გარიგება მხოლოდ სანქციებს შეეხება და არ შეეხება ძირითად თანხას; თუ დავა დაწყებული არ არის და კომპანია სარჩელს 21 დეკემბრის შემდეგ შეიტანს, ჩამოწერა მხოლოდ საურავზე გავრცელდება.

გარიგების მიზანია შემოსავლების სამსახურმა ბიზნესიდან ვალი სწრაფად ამოიღოს. სამსახურს ფინანსური დავა 600-მდე კომპანიასთან აქვს და მათ დასასრული არ უჩანს. ბევრი უკვე წლებია გრძელდება. გადასახადს არც ბიზნესი აღიარებს და დათმობაზე არც საგადასახადო მიდის, არც გადაწყვეტილების მიღება ხერხდება. შედეგად, ბიუჯეტი შემოსავალს კარგავს, ფული კი მიმდინარე ხარჯებისთვის ჰაერივით საჭიროა.

მთავრობამ ფული კი მიითვალა, მაგრამ ის ბიუჯეტში არ აქვს. დაუსრულებელ დავებს ბიუჯეტში ფული ვერ შეაქვს. მთავრობას გარიგება ამიტომაც აწყობს, რომ ფული რეალურად მიიღოს. ამასთან, არის კომპანიებიც, რომლებსაც გადასახადები დეკლარირებული არ აქვთ და მთავრობა მათ აღიარებასაც იმედოვნებს.

ფინანსთა სამინისტროში მიაჩნიათ, რომ ბიზნესს გადარჩენის შანსს აძლევენ -ბევრი კომპანია ვალებშია ჩაფლული, საურავს საურავი ემატება, ამის გამო ბიზნესი გაჩერებულია და წარმოების გაგრძელებას ვეღარ ახერხებს. უმრავლესობას ძირითად თანხაზე მეტი ჯარიმა-საურავები დაუგროვდა. ჩათრევას ჩაყოლა სჯობსო და ბიზნესიც ამ "მაცდუნებელ წინადადებაზე" დაფიქრდა: ხომ არ ურჩევნია უსასრულო დავებით მობეზრებულ მეწარმეს, ვალის ნახევარი გადაიხადოს... ამით სასამართლოში სიარულიც დაასრულოს, ბოლო მოუღოს საგადასახადო ორგანოებთან უთანხმოებას, ხელი ჩამოართვას და ზედმეტი ხარჯებიც აირიდოს.

ერთ-ერთი კომპანია, რომელიც სახელის გამხელისგან გასაგები მიზეზით თავს იკავებს, იმპორტირებული საქონლით, მათ შორის, ბავშვთა კვების პროდუქტებით ბითუმად ვაჭრობს. კომპანია შემოსავლების სამსახურს დღგ-ისა და მოგების გადასახადის სახით უკანონოდ დარიცხულ ნახევარ მილიონ ლარს ედავება. კომპანიის მფლობელი მიიჩნევს, რომ დავის მოგების შანსი აქვს, მაგრამ ფიქრობს, რომ თუ დავას წააგებს, შემოსავლების სამსახურს მიმართავს და თანხის ნახევრის გადახდაზე გაურიგდება.

შეთავაზების გაკეთებიდან რამდენიმე დღეში შემოსავლების სამსახურს თითოოროლა მეწარმემ მიმართა. სამსახურში ფიქრობენ, რომ ეს ჯერ ახალი ამბავია და კომპანიათა რაოდენობა მომავალში გაიზრდება. მათ რიცხვს არადეკლარირებული ვალებიც დაემატება. რა თანხას მიიღებს ბიუჯეტი ბიზნესთან გარიგებებიდან, ფინანსთა სამინისტროში არ დაუთვლიათ. მიაჩნიათ, რომ თანხის წინასწარ დათვლა შეუძლებელია.

ნონა ქვლივიძე