ციხის ეკონომიკა - კვირის პალიტრა

ციხის ეკონომიკა

საწარმოების საპატიმროებში ამოქმედება ბიზნესისთვის ახალი შესაძლებლობა გახდება

"ციხის ევროპული წესების თანახმად, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრის მუშაობა უნდა აღიქმებოდეს, როგორც ციხის რეჟიმის პოზიტიური ელემენტი და არ უნდა იყოს გამოყენებული სასჯელის სახით. ციხის ადმინისტრაცია უნდა ცდილობდეს, სასარგებლო ხასიათის სამუშაო პირობები შეუქმნას პატიმარს", - ეს სიტყვები 2011 წლის სახალხო დამცველის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც პენიტენციარული სისტემის მონიტორინგს ეხება. ამავე ანგარიშის თანახმად, 2011 წელს საქართველოში 24 114 პატიმრიდან მხოლოდ 25 მსჯავრდადებულს ჰქონდა სამუშაო. ისინი სასჯელაღსრულების დაწესებულებების პურის საცხობებში მუშაობდნენ.

მსჯავრდადებულთა შრომას ფართოდ იყენებენ უცხოეთში. სტატისტიკის თანახმად, ყველაზე მეტი პატიმარია აშშში - 2,23 მილიონი და აქედან თითქმის 2 მილიონი დასაქმებულია ციხეებთან არსებულ საწარმოებში. ამერიკელი პატიმრები ქმნიან ჯარისთვის ჩაფხუტებს, ჯავშანჟილეტებს, ქამრებს, ზურგჩანთებსა და კარვებს. მსჯავრდადებულთა შრომა საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და ნივთების წარმოებისთვისაც გამოიყენება. ციხის ეკონომიკამ ამერიკაში იმდენად ფართო მასშტაბები მიიღო, რომ სარფიან საქმედ იქცა კერძო ციხეების ფლობა. იაფი მუშახელის გამოყენება წარმოებაში ნებისმიერი კომპანიისთვის ხელსაყრელი საქმეა. მსჯავრდადებულთა შრომა სხვადასხვა შტატის ციხეებში განსხვავებულად ფასდება - საათში 25 ცენტიდან 2 დოლარამდე.

მსჯავრდებულთა შრომის ექსპლუატაციაზე საუბრობენ უფლებადამცველები რუსეთში. შარშან ამ ქვეყანაში მსჯავრდადებულების მიერ შექმნილი პროდუქციის ღირებულებამ $940 მილიონი შეადგინა. 862 ათასი პატიმრიდან უმეტესობა დასაქმებულია, მათი ანაზღაურება თვეში კი საშუალოდ, სულ რაღაც, 116 რუბლია.

თვეში 163 ევროს უხდიან შესრულებული სამუშაოსთვის პატიმრებს ბელგიაში. 2013 წლის მონაცემებით, ქვეყანას 11 100 მსჯავრდადებული ჰყავს და მათგან 3 665 დასაქმებულია.

გიორგი გიორგაძე (საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილე): "ჩვენ ვიწყებთ პატიმართა კლასიფიკაციას საშიშროების რისკების შეფასების მიხედვით. ეს ნიშნავს, რომ ადამიანები, რომლებიც ნაკლებ საშიშროებას წარმოადგენენ, დაბალი რისკის დაწესებულებაში განთავსდებიან. ამისთვის რუსთავის #16 დაწესებულებას ვამზადებთ. იქ იქნება უფრო ლიბერალური რეჟიმი, მსჯავრდადებულებს ხანგრძლივი პაემნისა და ოჯახთან შეხვედრის მეტი შესაძლებლობა ექნებათ, აგრეთვე უფრო მეტი კონტაქტი გარე სამყაროსთან, სატელეფონო კავშირისა და ვიდეოპაემნის სახით და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ექნებათ დასაქმების შესაძლებლობა. დღეს მოლაპარაკებები მიმდინარეობს კონკრეტულ კომპანიასთან, რომელიც ამ დაწესებულებაში საწარმოს აამოქმედებს. აქ ჩვენი თანამშრომლებისთვის ფეხსაცმელი შეიკერება. ბევრი კომპანიის წარმომადგენელს შევხვდით მოსაზიდად და დასაინტერესებლად, რათა ციხეში შემოსულიყვნენ და წარმოება გაემართათ, დაესაქმებინათ პატიმრები.

- ჩემთვის ცნობილია, რომ ბიზნესი თავს იკავებდა ციხეში კაპიტალდაბანდებისგან...

- უმრავლესობა თავს იკავებს. ალბათ, ერთგვარი შიში მათ ჯერ კიდევ აქვთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, როცა ეს პირველი პროექტი წარმატებით განხორციელდება, სხვებიც შეიცვლიან აზრს. ყოველ წელს ჩვენი სამინისტრო დაახლოებით, 3 ათას წყვილ ფეხსაცმელს ყიდულობს. ამ წარმოების ამოქმედების შემდეგ შევძლებთ მაღალი ხარისხის ასეთივე ფეხსაცმლის შეძენას თითქმის ნახევარ ფასად. და რაც მთავარია, ამ პროდუქციას პატიმრები შექმნიან. ბუნებრივია, ჩვენგანაც იყო ხელსაყრელი შეთავაზება ინვესტორისთვის, მათ შორის, საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობასთან დაკავშირებით.

მათ ჩვენ აშენებულ შენობა-ნაგებობებს გადავცემთ. თავის მხრივ, მათი ვალდებულებაა, დააბანდონ ინვესტიცია, შემოიტანონ მაღალი ტექნოლოგიების დანადგარები, პატიმრებს ასწავლონ მუშაობა და დაასაქმონ. რუსთავის #16 დაწესებულება იქნება ე.წ. საწარმოო ზონა, სადაც პატიმარი ან იმუშავებს, ან რომელიმე პროფესიას შეიძენს აქვე მდებარე პროფესიულ სასწავლებელში.

ამდენად, კომპანია დაინტერესებულა, რომ ბიზნესი სწორედ აქ გააკეთოს - იაფია მუშახელი, გთავაზობენ ინფრასტრუქტურას, კომუნალური გადასახადებისგან ნაწილობრივ გათავისუფლებული ხარ და პროდუქციას, რომელსაც ქმნი, მყიდველი უკვე ჰყავს. ჩვენთვის კი ეს სოციალური პროექტია. გვინდა, ისეთი დაწესებულებები გვქონდეს, სადაც პატიმარი პროფესიას შეიძენს, დასაქმდება, თანხას დააგროვებს და გარე სამყაროს მომზადებული დაუბრუნდება, სადაც უფრო ადვილად იპოვის საკუთარ ადგილს საზოგადოებაში.

- რამდენად დაცული იქნება პატიმართა შრომითი უფლებები?

- პატიმრების შრომითი უფლებები ისევე იქნება დაცული, როგორც ზოგადად არის გათვალისწინებული კანონმდებლობით. ინვესტორი, რომელზეც ზემოთ გესაუბრეთ, პირველ ეტაპზე ვალდებულებას იღებს, რომ 40 მსჯავრდადებულს დაასაქმებს. სამინისტროსა და ბიზნესს შორის ათწლიანი კონტრაქტი ფორმდება და ამ ხნის განმავლობაში პროექტში, სულ მცირე, 300 მსჯავრდადებული უნდა ჩაერთოს.

სავარაუდოდ, ახალი წლიდან გაიხსნება გლდანის თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება. მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ კომპანიებთან, რათა დავაინტერესოთ და ამ დაწესებულებაში შევიდნენ, ბიზნესი წარმართონ და პატიმრები დაასაქმონ. აქ მოხვდებიან ისინი, ვისაც პატიმრობის ამოწურვამდე დარჩება 1 წლიდან 6 თვემდე. გვინდა, დასაქმებით მოვამზადოთ ისინი თავისუფლებისთვის. პირობით ვადამდე გათავისუფლების საბჭოები პატიმრების კონკრეტულ კატეგორიას თავისუფლების აღკვეთას შეუცვლიან თავისუფლების შეზღუდვით. მათ გადაიყვანენ გლდანში, სადაც მოწყობილია სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი კომპლექსი გისოსების გარეშე. აქ დიდი ტერიტორიაა, სადაც განთავსებულია აუზი, სპორტული სტადიონები, სპეციალურ სასწავლო კლასებში მსჯავრდადებულები პროფესიულ ცოდნას შეიძენენ. მოეწყობა საწარმოო ადგილები მცირე ზომის საამქროებისთვის, სადაც ისინი დასაქმდებიან. დღეისთვის უკვე გადაწყვეტილია, რომ გაკეთდება თიხის სათამაშოების საამქრო, პურის საცხობი, აგრეთვე შესაძლებელია იყოს ხის საამქრო, ბლოკის საამქრო. იქ მომუშავეებს შესაბამისი ანაზღაურება ექნებათ, სამზარეულოში მზარეულებიც მსჯავრდადებულები იქნებიან. მთელი ეს პოლიტიკა მათ რეაბილიტაცია-რესოციალიზაციას ემსახურება.

- სად გაიყიდება პატიმრების წარმოებული პროდუქცია?

- ბაზრის წინასწარმა შესწავლამ აჩვენა, რომ სავაჭრო ობიექტები მზად არის, მიიღოს პატიმრების დამზადებული თიხის თოჯინები. ამ ინიციატივას მხოლოდ სოციალური დატვირთვა არ უნდა ჰქონდეს, ბიზნესი რენტაბელურიც უნდა იყოს. მაგალითად, პურთან დაკავშირებით მოველაპარაკებით ტენდერში გამარჯვებულ იმ კომპანიებს, რომლებიც ციხეებს ამარაგებენ, რათა სწორედ პატიმრების გამომცხვარი პური შეიძინონ.

სხვათა შორის, დღეს უკვე 450 მსჯავრდადებული იღებს ხელფასს ადმინისტრაციისგან. მათი ჯამაგირი 200-250 ლარის ფარგლებში მერყეობს, დასაქმების პოზიციის მიხედვით. ესენი არიან სამეურნეო ნაწილში დასაქმებულები, ე.წ. აბსლუგა. აქამდე ასეთი მომსახურებისთვის მათთვის სხვა პატიმრებს, მაგალითად, სიგარეტი უნდა მიეცათ. საბოლოოდ, პატიმრის ოჯახის ჯიბეს აწვებოდა "აბსლუგის" მომსახურების ანაზღაურება. ხოლო როცა ციხეში მაყურებელთა ინსტიტუტი იყო, ისინი ამ "აბსლუგის" "წილში" იყვნენ. საკითხის ამგვარად გადაჭრით კი ეს პრობლემები აღმოვფხვერით. ახლა ციხის ადმინისტრაცია თავად უხდის ხელფასს "აბსლუგას".

პენიტენციარულ სისტემაში აგრეთვე მიმდინარეობს პროექტი "ისწავლე, ასწავლე და დაასაქმე", სადაც ტრენინგ გავლილი და სერტიფიცირებულ მსჯავრდადებულებს დასაქმების შანსი მიეცემათ. საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკის მხარდაჭერით, ციხეებში იქმნება წიგნების ელექტრონული ვერსიები და ამაში პატიმრებიც მონაწილეობენ. ზოგან მუშაობს სილამაზის სალონი, თონე, სადაც პატიმრები ასევე სწავლობენ ხელობას. გვაქვს არტსტუდია, სადაც ისინი ხელნაკეთ ნივთებს ქმნიან. მომავალში გეგუთშიც გვინდა გაკეთდეს საწარმოო ზონა და პატიმრები დასაქმდნენ. მხოლოდ ამგვარი მიდგომებით შევძლებთ ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებას".

P.S. საინტერესოა, რომ აშშ-ში 1934 წლიდან მოქმედებს კორპორაცია Federal Prison Industries-ი (იგივე Uნიცორ-ი), რომელიც პატიმართა შრომას იყენებს. კორპორაცია ფედერალური მთავრობის საკუთრებაა. პროდუქციას ის მხოლოდ სახელმწიფო სააგენტოებზე ყიდის და თავისუფალ ბაზარზე გასვლის უფლება არ აქვს. 2012 წელს Unicor-ის გაყიდვამ $606 მილიონს გადააჭარბა.