ოკუპანტებისგან დაქცეული ბიზნესი გაკოტრებისთვის ყველამ გაწირა - კვირის პალიტრა

ოკუპანტებისგან დაქცეული ბიზნესი გაკოტრებისთვის ყველამ გაწირა

ძველმა თუ ახალმა მთავრობებმა, ბანკებმა და ფონდებმა კარალეთის ფერმას ვერაფერი არგეს

ეს კონკრეტული შემთხვევა ნათელი მაგალითია, როგორ შეიძლება გახდეს ბიზნესი ობიექტური თუ სუბიექტური გარემოებების მსხვერპლი. კონფლიქტის ზონაში მდებარე ბიზნესი სარისკო აღმოჩნდა ფინანსური სექტორისთვის, სამაგიეროდ, სახელმწიფო სრულად ითხოვს თითქოსდა ნაპატიები გადასახადების გადახდას. ბიზნესი, რომლის გახსნას აგვისტოს ომი წამოეწია და მერე ოკუპანტებმაც გაძარცვეს, ახლა, შესაძლოა, სახელმწიფომ ვალში წაიღოს. რატომ არ მისცეს შეღავათიანი აგროკრედიტი კარალეთში მდებარე ფერმას და რატომ ემუქრება ბიზნესს აუქციონზე გატანა - ამას ჩვენი რესპონდენტის მონათხრობიდან შეიტყობთ.

დავით ხარიბეგაშვილი (მეწარმე): "2004 წელს მე და ჩემმა ნათესავმა ვაჟა ადუაშვილმა გადავწყვიტეთ, სოფლის მეურნეობისთვის მიგვეყო ხელი. ჩვენი გათვლით მარტივი სქემა შევადგინეთ, უნდა შეგვეძინა მიწა, აგვეშენებინა ფერმა, გაგვეხსნა მაღაზია თბილისში და მოყვანილი პროდუქცია გაგვეყიდა. აღმაშენებელზე ორი ბინა მქონდა, გავყიდე და ამ პროექტის გაკეთება დავიწყეთ. ჩემს მეგობარსა და მამამისს იჯარით მიწა და ფერმა ჰქონდათ აღებული გორის რაიონში, სოფელ კარალეთში (წარმოშობით ორივე იქიდან ვართ). მიწაცა და ფერმაც შევისყიდეთ და შევუდექით ჩვენი გეგმების ხორცშესხმას. გავმართეთ მეფრინველეობის ფერმა 1700 კვმ-ზე, გათვლილი 18 ათას ფრთა ქათამზე, და 1300 კვმ მეღორეობის ფერმა 200 ღორისთვის.

საბროილერო ჯიშის წიწილს ვყიდულობდით და ფერმაში ვზრდიდით. ღორების რაღაც რაოდენობა უკვე იყო იმ ფერმაში, როცა შევიძინეთ. 20 ჰექტარზე სიმინდი დავთესეთ და ჩვენი საკვებით უნდა გამოგვეზარდა ფრინველიც და პირუტყვიც. მოვაგვარეთ ყველა ურბანული საკითხი - გზა, ბუნებრივი აირით მომარაგება, ელექტროგაყვანილობა, ჭაბურღილი... მოკლედ, ბევრი ვიშრომეთ. 2008 წლის ივნისში წიწილის პირველი პარტია უნდა ჩაგვესხა, მაგრამ გორის სატანკო ბატალიონმა ჩვენი სიმინდის ყანის ბოლოს წვრთნები დაიწყო. აშკარა იყო, რაღაც ცუდი ხდებოდა. 7 აგვისტოს კი ყანის მახლობლად ბატალიონი განლაგდა. არადა, იმ დღეს, მახსოვს, მის მორწყვას ვაპირებდით და შეიძლება ითქვას, გამოგვყარეს იქიდან.

რუსების პირველი საჯარისო ნაწილი კარალეთში 11 აგვისტოს შემოვიდა და მალევე გაბრუნდნენ უკან. შემდეგ 12-ში ისევ შემოვიდნენ, 13-ში კი სოფელი უკვე იწვოდა. ჩვენი ფერმა არ დაუწვავთ, მაგრამ გაიძარცვა. აბსოლუტურად ყველა ძრავა, კაბელი, მოკლედ, ყველაფერი წაიღეს, რისი მოხსნა და წაღებაც შეიძლებოდა. რა თქმა უნდა, ღორებიც წაიყვანეს. ამის შემდეგ ჩვენთან დადიოდნენ პროკურატურის წარმომადგენლები, შესაბამისი კომისიაც შედგა, ზარალი აღწერეს, აქტები შეადგინეს და გვითხრეს, რომ რადგან ომმა ასე დაგვაზარალა, სახელმწიფოსგან შეღავათს მივიღებდით. კონკრეტულად - განსაზღვრული დროით მიწის გადასახადისგან გაგვათავისუფლებდნენ, რადგან ბიზნესის გაგრძელება იქ, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო. რა გადავიტანეთ, ამაზე ლაპარაკი ალბათ ზედმეტია, თუმცა ფარ-ხმალი არ დაგვიყრია. რაღაც დროის შემდეგ, როცა ვითარება შედარებით სტაბილური გახდა, კონკრეტულად კი 2009 წლის ნოემბერში, ჩვენი ბიზნესის განახლება წამოვიწყეთ.

ბანკები სესხს ორი მიზეზით არ გვაძლევდნენ. ჯერ ერთი, რომ კონფლიქტის ზონაში გვქონდა ბიზნესი და მეორეც, ეს ჩვენი გაპარტახებული ფერმა ისევ "სტარტაპი" იყო. მე და ჩემმა მეგობარმა გავყიდეთ, რაც შეგვრჩენოდა, თანხის ნაწილი ვისესხეთ და 2010 წლის იანვარში პროდუქცია მაინც გამოვუშვით. ვმუშაობდით, ადგილობრივებიც დავასაქმეთ, მაგრამ საქმის განვითარებისთვის დამატებითი სახსრები გვჭირდებოდა. "სტარტაპი" აღარ გვერქვა, მაგრამ როგორც კი ბანკში იგებდნენ, რომ ჩვენი ფერმა კარალეთში მდებარეობდა, იქ მთავრდებოდა ლაპარაკი. ერთხანს რის ვაი-ვაგლახით თავი ჩვენით გაგვქონდა. მერე, როგორც იქნა, "პროკრედიტ ბანკი" დავაინტერესეთ და ხანგრძლივი შემოწმების შემდეგ ბანკმა სესხი მოგვცა. მაგრამ დაგვპირდა $100 ათასს და მოგვცა მხოლოდ ნახევარი. ამ თანხასაც ნაწილ-ნაწილ გვირიცხავდა. ბოლოს კი ყველაფერი იმით დასრულდა, რომ 2012 წლის ნოემბერში ყველა ეს თანხა ერთ სესხში გააერთიანა, რომლის წლიური საპროცენტო სარგო 16,5% გამოვიდა. ვინც სოფლის მეურნეობის ბიზნესში ერკვევა, იცის, თუ სესხი ასეთი მაღალი საპროცენტო განაკვეთით გაქვს აღებული, ეს ნიშნავს, რომ სულ ცოტა, ხუთ წელიწადს მოგებაზე არ უნდა იფიქრო. ძლივს გაგვქონდა თავი, მაგრამ ბიზნესი არ გაგვიჩერებია. მჯეროდა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წასვლის შემდეგ, მეწარმეებისთვის არსებული "ჯოჯოხეთი", მათ შორის ბიზნესის დატერორება, წილებში ჩასხდომა და კაბალური პირობები სესხებზე დამთავრდებოდა და უკეთესი დრო დადგებოდა.

მას შემდეგ, რაც ახალმა ხელისუფლებამ სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის მასშტაბური კამპანია დაიწყო, იმედი მოგვეცა, რომ იაფი ფულადი რესურსით ჩვენც ვისარგებლებდით, შეღავათიანი აგროკრედიტით საბრუნავი საშუალებები გაგვიჩნდებოდა და საქმეც წინ წავიდოდა. ბედის ირონიაა, მაგრამ აქაც ჩიხში აღმოვჩნდით, რადგან ხელისუფლებამ შეღავათიანი აგროსესხის გაცემა ისევ ბანკებს მიანდო, რაც დიდი შეცდომა იყო. ბანკი ისევ აფასებს რისკებს, ითხოვს უზრუნველყოფას. როგორც უკვე გითხარით, ჩვენ უკვე ვსარგებლობთ საბანკო სესხით, რომელიც ჩვენი ქონებით უზრუნველყოფილია და ეს ბანკებისთვის მნიშვნელოვანი დაბრკოლება აღმოჩნდა. დიცისა და დვანის მოვლენების შემდეგ კი ბანკები პირდაპირ უარს გვეუბნებიან შეღავათიანი აგროსესხის გაცემაზე. ვის არ მივმართე, მათ შორის სოფლის მეურნეობის მინისტრს, ვწერდი, რომ რეგიონისთვის, სადაც ჩვენი ბიზნესი მდებარეობს, სხვა მიდგომები და გადაწყვეტილებებია საჭირო და არ შეიძლება ამ საქმის კომერციული ბანკისთვის მინდობა, მაგრამ რად გინდა...

მეტსაც გეტყვით, ერთ-ერთმა ბანკმა ისიც გამოგვიცხადა, ბიუჯეტის წინაშე დავალიანება გქონიათ, მიწის გადასახადი გაქვთ გადასახდელი და სესხს ამიტომ ვერ მოგცემთო. გადავირიეთ, რადგან ეს ის გადასახადია, რომელიც წინა ხელისუფლებამ თითქოსდა გვაპატია. დროდადრო იუსტიციის სამინისტროდან მოდის მოხელე და გვეუბნება, რომ თუ მიწის გადასახადს არ გადავიხდით, ჩვენი ქონება აუქციონზე გაიყიდება. აღმოჩნდა, რომ ოფიციალურად კონფლიქტური რეგიონი არავის გაუთავისუფლებია მიწის გადასახადისგან და ახლა 6.500 ლარს გვთხოვენ იმაში, რაც რისკის ზონად ითვლება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარდა, მივმართე სოფლის მეურნეობის სააგენტოს, სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდს, ყველგან გიღიმიან, იმედიანად გელაპარაკებიან, მაგრამ რად გინდა, შედეგი არანაირი. საბოლოოდ ის მივიღე, რომ 20 ჰექტარი მიწა დაუმუშავებელი დამრჩა, ქათამი გავყიდე, წარმოება გავაჩერე და დასაქმებული ადამიანებიც შინ გავუშვი. ამ დროს კი ადგილობრივი ბაზარი იმპორტირებული ქათმის ბარკლებით არის გაჯერებული, რომლის საკვებად გამოყენება, პირდაპირ გეტყვით, არ შეიძლება, მაგრამ ბევრი იყიდება, რადგან იაფი ღირს. წარმოიდგინეთ, იმპორტირებული ქათმის ბარკალი კილოგრამი 3,50 ლარი ღირს, როცა ჩვენ 1 კილოგრამი ქათმის ხორცის წარმოება 3,80 ლარი გვიჯდებოდა. ცოცხალი ღორები უკვე უკრაინიდან შემოჰყავთ. ფონიჭალაში გამართეს სპეციალურად ამისთვის სასაკლაო. საქართველოში მეღორეობა, ფაქტობრივად, განადგურებულია და თუ ასეთი მიდგომები გაგრძელდა, ნელ-ნელა ყველა ბიზნესი მოკვდება.

მივმართე საპარტნიორო ფონდსაც, საიდანაც უარით გამომიშვეს: ჩვენთან 5 მილიონიდან იწყება პროექტების თანადაფინანსებაზე საუბარიო. შემდეგ თანადაფინანსების ფონდს მივმართე, იქ მითხრეს, ჩვენ 10 მილიონიდან ვიწყებთ დაფინანსებასო. არ მესმის, მაშ, ვინ უნდა იზრუნოს მცირე და საშუალო ბიზნესზე. ყველა სოფელში პატარა წარმოება უნდა იყოს, რომ ადგილობრივები დასაქმდნენ. რად მინდა, ახალი საწარმოს აშენებას რომ მპირდები, ძველი დააყენე ფეხზე, შე მამაცხონებულო!"