ეკონომიკის "დიდი ფერისცვალება" სრულდება?
25-11-2013
ეკონომიკის "დიდი ფერისცვალება" სრულდება?
"ხელისუფლების შეცვლის პირველივე დღეებიდან, საწვავის ბაზარზე ახალმა მოთამაშეებმა საბითუმო პარტიები შემოიტანეს"

მთავრობის საკანონმდებლო უწყებაში მოსმენისას, საპარლამენტო უმცირესობას მთავარი პრეტენზიები ხელისუფლების ეკონომიკურ გუნდთან ჰქონდა. ამის მიზეზი ძირითადად ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის შემცირებაა, თუმცა პრეტენზიები არსებობს მთავრობის ახალ სამოქმედო გეგმასთანაც. მის ეკონომიკურ ნაწილში ძირითადად ზოგადი დებულებებია გადმოცემული და ნაკლებია კონკრეტული, როგორ აპირებს ხელისუფლება ქვეყნის მაკროეკონომიკური პარამეტრების ზრდას. რა შეცდომები დაუშვა ხელისუფლების ეკონომიკურმა გუნდმა და როგორ აპირებს ეკონომიკური სურათის გაუმჯობესებას - ამის შესახებ გიორგი
კვირიკაშვილი გვესაუბრა.

გიორგი კვირიკაშვილი (საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი): "ვფიქრობ, არ გვაქვს მთლად ცუდი შედეგი, იქიდან გამომდინარე, რომ ეკონომიკაში ფუნდამენტური ცვლილებები მოხდა. მონოპოლიზებული ეკონომიკა იცვლება კონკურენტული გარემოთი, რაც გულისხმობს, რომ ზრდის შეფერხებები უნდა იყოს. თუ წინა პერიოდს გავიხსენებთ, გვახსოვს, რომ ნებისმიერი მიმართულებით, ნებისმიერი ბიზნესი
დაკავშირებული იყო კონკრეტულ პიროვნებასთან, კონკრეტულ ბიზნესჯგუფთან. დღეს ასე აღარ არის. დღეს ახალი მოთამაშეები შევიდნენ საწვავის, ფარმაცევტულ სფეროში და სხვ. ამ შემთხვევაში მთავარია თავისუფლება, რაც ჩვენ გვაქვს, და ის, რომ ბიზნესზე სახელმწიფო აღარ ზემოქმედებს.

ზრდის შენელება (და არა ეკონომიკური ვარდნა), რა თქმა უნდა, კარგი არ არის, 6%-იან ზრდას ველოდებოდით და დაახლოებით, 2,5% გვაქვს. თუმცა უმთავრესია ის საფუძველი, რომელიც ჩავუყარეთ შემდგომში უკვე ნამდვილი საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, პირობები მოვამზადეთ ნამდვილი ეკონომიკური ზრდისთვის. პარლამენტში მთავრობის მეორედ დამტკიცება და ნდობის გამოცხადება, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა. რაღაც ალბათ იყო, რაც უკეთ უნდა გაგვეკეთებინა, მაგრამ მერწმუნეთ, ერთი წელი ძალიან ცოტაა საიმისოდ, რომ ეკონომიკას რამე დაატყო. მონოპოლისტური ეკონომიკა ერთხანს ძალიან ეფექტურია, მაგრამ შემდეგ ეფექტი იკარგება და ძალიან კარგად გვახსოვს, 2012 წელს როგორი სკეფსისი იყო ბიზნესში. ძალიან ბევრი ბიზნესი აპირებდა საერთოდ გასვლას ქვეყნიდან. დღეს ასეთი ვითარება აღარ არის და ვფიქრობ, ეს უკვე კარგი შედეგია.

- გსურთ თქმა, რომ საწვავისა და ფარმაცევტულ სექტორებში ოლიგოპოლიური გარემო შეცვლილია? ბაზარზე კვლავ ის მოთამაშეები არიან, ვინც მანამდე იყო...

- ძალიან მნიშვნელოვნად არის შეცვლილი გარემო საწვავის სექტორში, შემოსული არიან ახალი მოთამაშეები, იქმნება ახალი საცალო ქსელები და მომავალში ჩვენ ამას აუცილებლად დავინახავთ.

- ერთეული ავტოგასამართი სადგურები შეცვლის ზოგად სურათს, მაგალითად, საწვავის ფასებზე? როგორც მახსოვს, ფასების შემცირება ნავთობპროდუქტებზე მოქმედი ხელისუფლების წინასაარჩევნო დაპირება იყო...
- დაპირებები ზოგჯერ ცოტა გადაჭარბებული იყო, მაგრამ საწვავის ფასი შეიცვალა.

- თუმცა ეს მანამდე მოხდა, სანამ ახალი მოთამაშეები გამოჩნდებოდნენ ბაზარზე. ისევ "ძველებმა" შეამცირეს საწვავის ფასები...

- დამერწმუნეთ, პირველივე დღეებიდან, რაც ხელისუფლება შეიცვალა, ბაზარზე ახალი მოთამაშეები ახალი საბითუმო პარტიებით შემოვიდნენ. ისინი არ ჩანან, მათ შესახებ არ იცის ფართო საზოგადოებამ და ეს არ არის ის კომპანიები, რომლებიც ადრეც იყვნენ. ეს კი ნამდვილად მოქმედებს ბაზარზე, რადგან ახალი ინიექცია უფრო მეტად ზრდის კონკურენტულ გარემოს.

- და ეს ყველაფერი ანტიმონოპოლიური სამსახურის ამოქმედებამდე მოგვარდა?

- კონკურენტულ გარემოს განაპირობებს ხელისუფლების ადმინისტრაციული ნება და ის მექანიზმები, რომლებიც უკვე მომავალი წლიდან ამოქმედდება. ადმინისტრაციულ დონეზე ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, ცხელი ხაზი გავხსენით, იყო ძალიან ბევრი ზარი, ბევრ კომპანიას ჰქონდა ხელოვნურად შექმნილი პრობლემები და ვცდილობდით, მათთვის ეს პრობლემები მოგვეგვარებინა. რაც მთავარია, ხელს არ ვუწყობდით კონკრეტულ ბიზნესჯგუფებს.

- სამთავრობო პროგრამაში, რომლის მიხედვითაც თქვენ პარლამენტმა ნდობა გამოგიცხადათ, მოცემულია ზოგადი დებულებები და არ არის კონკრეტული ციფრები. მაგალითად, საუბარია დაგროვებით საპენსიო რეფორმაზე. არ ფიქრობთ, რომ ქვეყანაში, სადაც უმუშევრობის ძალიან მაღალი მაჩვენებელია, დაგროვებითი საპენსიო რეფორმა არ არის უმნიშვნელოვანესი?
- ეს არ არის პირველი რიგის ამოცანა და პროგრამაში არც წერია, რომ ასეა; თუმცა უნდა მომზადდეს საკანონმდებლო ჩარჩო და ინსტიტუციები დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასასვლელად. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმაა, აღმოსავლეთი ევროპის ყველა ქვეყანაში ის უკვე მოქმედებს და როცა იწყებდნენ, არც მათ ჰქონდათ ჩვენზე უკეთესი მდგომარეობა. ეს რომ დღეს არ დავიწყოთ, 10-15 წლის შემდეგ ბიუჯეტის საპენსიო სისტემაში გვექნება საშინელი პრობლემა. პირველი რიგის ამოცანაა, შევქმნათ უფრო მიმზიდველი ეკონომიკური გარემო, გავხადოთ ის უფრო ცხადი და პროგნოზირებადი. ამისთვის ვგეგმავთ რეგულაციების შეფასების მექანიზმებს. საგაისოდ გვინდა მივიღოთ ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს ყოველი ახალი რეგულაციის დანერგვას მხოლოდ კარგი, რაოდენობრივი ანალიზის შემდეგ. უნდა აიკრძალოს ყოველი ახალი რეგულაცია, რომელიც არ შეფასდება და ისე დაინერგება.

ეს არის, პირველ რიგში, მეწარმეობის განვითარებისთვის მიმართული ნაბიჯები. ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია გვეუბნება, რომ დღეს ქვეყანაში არ გვაქვს ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა. ანუ პროცენტის ნებისმიერი მეათედი, რომელიც მშპ-ზე აისახება, მოსახლეობის ძალიან მცირე ფენამდე აღწევს. დამწყებ ბიზნესებს უნდა ჰქონდეთ დაფინანსების საშუალება. სამ წელიწადში ამ მიმართულებით 140 მილიონ ლარამდე დავხარჯავთ - ეს იქნება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის გაადვილებული დაფინანსების საშუალებები, კონსულტაციები მათთვის, დახმარება საექსპორტო პოტენციალის მქონე მცირე ბიზნესისთვის, რათა ისინი საერთაშორისო ბაზრებზე გავიდნენ და სხვ.

- ვინ ისარგებლებს სახელმწიფოს მხრიდან ამ ხელშეწყობით?
- შეიქმნება მეწარმეობისა და მცირე ბიზნესის განვითარების სააგენტო. აქ გაიცხრილება იდეები, რომლებითაც სააგენტოს მცირე ბიზნესის წარმომადგენლები მიმართავენ. შერჩეული იდეები ჩამოყალიბდება და გარდაიქმნება ბიზნესიდეებად, რომლითაც უკვე შესაძლებელი იქნება ფინანსური ინსტიტუტისთვის მიმართვა და განხილვა. აქ არ იქნება ისეთი საგირავნო მოთხოვნები, როგორიც ჩვეულებრივ გვხვდება საბანკო სექტორში. გათვალისწინებულია არა მხოლოდ საწყისი კაპიტალი, არამედ საბრუნავი თანხა, ამაში შედის პრომოცია და რეკლამაც.

- პროგრამის თანახმად, საინვესტიციო კანონმდებლობაც იცვლება. კონკრეტულად ეს რას გულისხმობს?
- ამ თემასთან დაკავშირებით ჯერ კონკრეტული არაფერია, მაგრამ აქტიური განხილვები მიმდინარეობს, რათა განსაკუთრებით სასტუმროების მიმართულებით შევცვალოთ კანონმდებლობა და გვქონდეს სეზონური დაბეგვრის მექანიზმები, როგორც ეს ბევრ ქვეყანაში მოქმედებს. ჩავარდნა გვაქვს 2-3-ვარსკვლავიან სასტუმროებშიც და აქაც წამახალისებელ საგადასახადო მექანიზმებზე ვფიქრობთ.

- ვილნიუსში ევროკავშირთან ხელშეკრულების პარაფირების შემდეგ, წარმოიქმნება რუსეთის მხრიდან ეკონომიკური რისკები?
- თუ სხვა ქვეყნების მაგალითებს გავითვალისწინებთ, თეორიულად რისკები არსებობს. დიდი იმედი გვაქვს, რომ ასე არ მოხდება, თუმცა ბიზნესებს ვაფრთხილებთ, რომ რუსეთის ბაზარზე 100%-იანი გათვლა არ გააკეთონ და ის განიხილონ, როგორც დივერსიფიცირების საშუალება. სამწუხარო იქნება, რუსეთი კიდევ ერთხელ თუ გადადგამს ამ ნაბიჯს. მაგრამ იმ ტენდენციიდან გამომდინარე, რაც ჩვენ გვაქვს სავაჭრო და კულტურული მიმართულებით, დიდი იმედი მინდა ვიქონიო, რომ ასე არ მოხდება. თუმცა გამორიცხული არაფერია.

- კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონში ცვლილებებს, რომლის ინიციატორიც თქვენი სამინისტროა, საზოგადოების მხრიდან საკმაოდ არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. არსებობს რისკი, რომ ძეგლის სტატუსი მოეხსნას ისეთ შენობა-ნაგებობას, რომლისთვისაც სტატუსის მოხსნა დანაშაულის ტოლფასი იქნება?
- ნებისმიერ კანონს შეიძლება ახლდეს ბოროტად გამოყენების რისკი. უბრალოდ, გვქონდა შემთხვევები, როცა კულტურის სამინისტროს აზრითაც საჭირო იყო ძეგლისთვის სტატუსის მოხსნა, მაგრამ მოქმედი კანონმდებლობით ვერ მოხერხდა - თუ ძეგლი არ არის განადგურებული ისე, რომ აღდგენას არ ექვემდებარება, ის ხელშეუხებელია. 2006 წელს კულტურის მინისტრის ბრძანებით თბილისში 5000-მდე ობიექტი შეიტანეს ძეგლთა ნუსხაში. შემდეგ უნდა მომხდარიყო მათი შესწავლა და კულტურული ღირებულების დადასტურება. ეს საფეხურები გავლილილი არ არის. გვქონდა შემთხვევა, როცა მიხეილის საავადმყოფოთი დაინტერესდა რამდენიმე ჯგუფი, რომლებსაც სურდათ, აუქციონზე შეეძინათ ეს საავადმყოფო და იქ 5-ვარსკვლავინი სასტუმრო მოეწყოთ.

როცა ადგილმდებარეობა შეისწავლეს, მოითხოვეს წინ მდგარი ორი შენობის მოცილება, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს შენობები კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი. მიუხედავად იმისა, რომ კულტურის სამინისტროც დაგვეთანხმა, რომ მიხეილის საავადმყოფოსგან განსხვავებით, ეს შენობები არ წარმოადგენდნენ არანაირ კულტურულ ღირებულებას, არსებული კანონმდებლობის გამო, დემონტაჟზე თანხმობის გაცემა მაინც ვერ მოახერხეს. ერთი სამინისტროს ფარგლებში კი არა, მთავრობის სხდომაზე უნდა მიიღებოდეს ასეთი გადაწყვეტილებები. ბევრი ქვეყანა შევისწავლეთ ამ თვალსაზრისით და ამგვარი პრაქტიკა იქ საკმაოდ ნაცადია.
თერგდალეული
01 დეკემბერი 2013 23:42
ბატონო გიორგი!
შეგიძლიათ დღეს და თუნდაც ხვალაც მოატყუოთ ის ხალხი, ვისაც ეკონომიკაში არაფერი გაეგება ან სუსტად ერკვევა მასში, მაგრამ ზეგ და მასზეგ თუ სწორი გზა არ მიეცით ეკონომიკას და უკეთესობისკენ არ წავიდა ხალხის კეთილდღეობა, მერე რა კამფეტებით და დაპირებებით გამოკვებავთ როგორც თქვენს “ოცნებით გაბრუებულ თაყვანისმცემლებს“ ისევე დანარჩენ ხალხს???
გიო
30 ნოემბერი 2013 11:33
და გაიაფებული საწვავი (1 ლარამდე) სად გაიჟონა ხო ვერ მეტყვით?
გიორგი
25 ნოემბერი 2013 21:03
წაიკითხავს კაცი და იტყვის აჰა,მეტი რა გინდაო,მაგრამ მე მაქვს რეალობა და რეალობა არის ასეთი, ინდმეწარმეებს და თვითდასაქმებულ ხალხს რომლებიც ბაზრობებზე მუშაობენ კვლავაც ძველებურად აჯარიმებენ.თქვენ მამაცხონებულებო,თუ მართლაც ბიზნესის ხელშეწყობაზე ზრუნავთ,დროებით მაინც შეაჩერეთ საჯარიმო სანქციები, იქამდე მაინც ვიდრე ახალ, უფრო ჯანსაღ კანონებს არ მიიღებთ და დაამტკიცებთ.

რედაქტორის რჩევით