საგადასახადო კოდექსი "ადამიანური ფაქტორით" - კვირის პალიტრა

საგადასახადო კოდექსი "ადამიანური ფაქტორით"

"უმჯობესი იქნება, დავების საბჭო შემოსავლების სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროსგან დამოუკიდებელი სტრუქტურა გახდეს"

ქართველ მეწარმეთა თქმით, საგადასახადო კოდექსში ბევრი ისეთი მუხლი რჩება, რომლებიც ადამიანს უბრალო შეცდომის გამოც კი აჯარიმებს. ერთ-ერთ მაღაზიაში ნინო ლ.-ს კოსმეტიკის სექცია აქვს დაქირავებული, რომელიც მისი ოჯახისთვის შემოსავლის წყაროა: "წლების განმავლობაში ვიხდიდით უბრალო შეცდომების გამო დაკისრებულ ჯარიმებს, თუმცა დღესაც არ არსებობს შეღავათი, თუკი მეწარმეს რამე შეეშლება. მით უმეტეს, ყველაფერი ელექტრონულ სისტემაზე გადავიდა, კომპიუტერი ბევრმა ჩვენგანმა კარგად არ იცის და ამის გამო შეცდომის დაშვებაც უფრო ადვილია.

დეკლარაციაში რაღაც არასწორად რომ ჩაწერო და ეს უცოდინარობის გამო მოგივიდეს, არავინ გაპატიებს. ძირსაც გადაგახდევინებენ, ჯარიმასაც და საურავსაც. არცოდნისა და ბუნდოვანი მუხლების გამოც ძალიან ბევრი შეცდომა მოგვდის. მცირე მეწარმე ხშირად ვერ აკონტროლებს იმ სიახლეებს, რაც კოდექსში შედის, რადგან ამის წაკითხვა ყველას არ შეუძლია. ჩვენი საქმე ვაკეთოთ, თუ კოდექსის მუხლები ვიზუთხოთ? დაჯარიმების შემთხვევაში შეგვიძლია დავების საბჭოს მივმართოთ, მაგრამ ეს საბჭო სადავო საკითხებს კანონის ნორმების კარნახით წყვეტს და ადამიანურ ფაქტორს ნაკლებად ითვალისწინებს. ამ საბჭოში შემოსავლების სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები არიან და ბუნებრივია, პირველ რიგში, ამ სტრუქტურების ინტერესებს იცავენ და არა ჩვენსას..." შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები მეწარმეების საყვედურებს უსაფუძვლოდ მიიჩნევენ.

ხატია მოისწრაფიშვილი (შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი): - კატეგორიულად ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ ჩვენ ადამიანურ ფაქტორს ყურადღებას არ ვაქცევთ, მაგრამ როცა მეწარმე შეცდომას უშვებს, მან კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს. ჯარიმას უკანონოდ არავის აკისრებენ და თუ ვინმეს უსამართლოდ დააჯარიმებენ, შეუძლია განცხადება შემოსავლების სამსახურის დავების საბჭოში შემოიტანოს. არაერთი შემთხვევა ვიცი, როცა დავების საბჭოს მეწარმის სასარგებლოდ გადაუწყვეტია საკითხი და მისთვის ჯარიმაც მოუხსნია. თუ ვინმე არასწორად დააჯარიმეს, შეუძლია საჩივარი ზემდგომ ორგანოში, ანუ ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭოშიც შეიტანოს, არსებობს სასამართლოს გზაც... ერთ ფაქტს მოგიყვებით ადამიანურ ფაქტორთან დაკავშირებით: წლის დასაწყისში ძველი სალარო აპარატის დაუბრუნებლობისთვის 3-ათასლარიანი ჯარიმა დაეკისრა ერთ-ერთ ბორჯომელ ქალბატონს, რომელსაც სწორედ იმ ხანებში უმძიმესი სიმსივნური დაავადება აღმოაჩნდა. მისმა მეზობლებმა და ოჯახის წევრებმა განცხადებით მოგვმართეს და მოიტანეს ცნობა, რომ მას საკმაოდ მძიმე ოპერაცია გაუკეთდა. ეს საბუთი ჩავდეთ საქმეში, დავების საბჭომ იმსჯელა და ამ ქალბატონს დაკისრებული ჯარიმა მოუხსნა.

- მეწარმეები ამბობენ, რომ კოდექსი მძიმე და რთული ენით არის დაწერილი...

- საამისოდ ჩვენ გვყავს საგადასახადო ოფიცრები, რომლებიც უბან-უბან დადიან ახსნა-განმარტებისთვის. თითქმის ყველა რაიონში გახსნილი გვაქვს სერვისცენტრები, გვაქვს საინფორმაციო სატელეფონო ცენტრი: 2-299-299, შეუძლიათ დარეკონ და იკითხონ, ჩვენი თანამშრომლები ვალდებული არიან, პასუხი გასცენ მათ ნებისმიერ შეკითხვას. ამის მიუხედავად, მაინც არ გამოვრიცხავთ, რომ შეიძლება მეწარმეს შეცდომა მოუვიდეს, სწორედ ამისთვის არსებობს დავების საბჭო და თუ მის საქმიანობაში ეჭვი გეპარებათ, შეგიძლიათ ნებისმიერ სხდომას დაესწროთ. ეს არის სრულიად ღია და გამჭვირვალე ორგანო და თუ სიმართლე მეწარმის მხარესაა, მას ეს სიმართლე არ დაეკარგება. შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი, რომელიც ახალმა ხელისუფლებამ გადადგა, ინდივიდუალური ჯარიმების ლიბერალიზაცია იყო: სალარო აპარატის გამოუყენებლობისთვის სანქცია 500-დან 200 ლარამდე შემცირდა. პირველ ჯერზე კი ჯარიმა საერთოდ გაუქმდა და დარჩა მხოლოდ გაფრთხილება. მაგრამ უკვე იმას ითხოვენ, მეორე ჯერზეც გაფრთხილება იყოსო. ზოგიერთი მეწარმე ჯარიმების გაუქმებასაც კი ითხოვს.

ზურაბ ლალაზაშვილი (ბიზნესასოციაციის საგადასახადო-საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარე): - უპირველესად ვიტყვი, რომ საგადასახადო კოდექსი ვერ დაიწერება ისეთი ენით, რომ ის ყველასთვის გასაგები იყოს. ყველა ფინანსური ოპერაციის აღწერილობას თავისი, სპეციფიკური ტერმინები აქვს და კოდექსის წაკითხვას შესაბამისი კვალიფიკაცია და გამოცდილება სჭირდება. ამიტომ მეწარმემ უნდა ეცადოს, რომ ეს საქმე პროფესიონალებს მიანდოს. გარდა ამისა, ჩვენი მეწარმეები მეტისმეტად არიან დამოკიდებული სახელმწიფოზე, გამუდმებით მოითხოვენ, რომ სახელმწიფო უნდა დაეხმაროთ, მაშინ, როცა მთავრობას ევალება ჯანსაღი და კონკურენტული გარემოს შექმნა, თავის საქმეს კი მეწარმემ თვითონ უნდა მიხედოს.

ჩემი აზრით, დავების საბჭო, აუცილებლად საჭიროებს რეფორმირებას. უმჯობესი იქნება, თუ ის შემოსავლების სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროსგან დამოუკიდებელი სტრუქტურა გახდება და მისი შემადგენლობაც შეიცვლება. სამართლიანი, ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად დავების საბჭო უნდა იყოს ცალკე მდგომი, დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც არც შემოსავლების სამსახურზე იქნება დამოკიდებული და არც - ფინანსთა სამინისტროზე. როგორც ვიცი, იქ იმდენი საჩივარი შედის, რომ დავების საბჭო მათ განხილვას ფიზიკურად ვერ ასწრებს, ამიტომ ამ სფეროშიც ბევრი რამ არის გადასახედი და მოსაწესრიგებელი.

ხათუნა ჩიგოგიძე