პროდუქცია ექსკლუზიურად... ყველასთვის
25-11-2013
პროდუქცია ექსკლუზიურად... ყველასთვის
დღეს ონლაინშოპინგით სულ უფრო მეტი ადამიანი სარგებლობს. შესაბამისად, ონლაინგაყიდვა, როგორც ბიზნესი, საკმაოდ სარფიანი საქმეა. exclusive.com.ge ერთ-ერთია მათ შორის, სადაც მომხმარებელს შეუძლია, პროდუქცია ონლაინ შეუკვეთოს, დანარჩენი კი ამ ბიზნესის მესვეურთა საქმეა...

ზვიად კამკამიძე (exclusive.com.ge-ს დამფუძნებელი):
"ამ ბიზნესის დაარსების იდეა მე და ჩემს მეგობარს გაგვიჩნდა. სარეკლამო სექტორში ვმუშაობდი და მქონდა შეხება სოციალურ მედიასთან, მარკეტინგთან, მსგავს პროექტებთან, რომლებიც არასტაბილურად მუშაობდნენ, არადა, მომხმარებლის მხრიდან ონლაინშოპინგით დაინტერესება დიდი იყო. გაჩნდა იდეა, რომ შეგვეძლო, სხვის შეცდომებზე
გვესწავლა, სხვისი გამოცდილება გაგვეთვალისწინებინა და მსგავსი საიტი უფრო დახვეწილი ფორმით შეგვეთავაზებინა მომხმარებლისთვის.

ზოგი ამას შინიდან გაუსვლელად აკეთებს, მაგრამ ჩვენ გადავწყვიტეთ, ამ საქმიანობისთვის ოფიციალური სახე მიგვეცა და ბიზნესად ჩამოგვეყალიბებინა. ვიქირავეთ ოფისი, შევიძინეთ კომპიუტერები, რაც დაახლოებით, 2-3 ათასი დოლარი დაგვიჯდა. თუ მეტი სასტარტო კაპიტალი გაქვს, რა თქმა
უნდა, ეს მეტ შესაძლებლობებს იძლევა და შეგიძლია უფრო სწრაფად გაიარო საწყისი ეტაპები. ოპერატორების გარდა, რომლებიც კომპიუტერთან იმუშავებდნენ, გვჭირდებოდა ასევე დიზაინერი, რომელიც შეარჩევდა და მომხმარებელს შესთავაზებდა პროდუქციას, რომელიც კარგად გაიყიდებოდა. გვაქვს ურთიერთობა ჩინეთში, როგორც მწარმოებელ ქარხნებთან, ასევე მაღაზიებთან და სწორედ მათ პროდუქციას განვათავსებთ ჩვენს ვებგვერდზე. დიდ ყურადღებას ვუთმობთ პროდუქციის ხარისხს, რადგან მომხმარებელიც ხარისხიან პროდუქციას ითხოვს. ვებგვერდზე მაქსიმალურად გამარტივებული გვაქვს როგორც მომხმარებლის რეგისტრაციის, ასევე შეკვეთის პროცედურა.

თუმცა რისკები ონლაინვაჭრობაშიც არის. მაგალითად, შესაძლოა ჩინეთში ზოგიერთი პროდუქციის ექსპორტზე შეზღუდვები დაწესდეს და საბაჟოზე გააჩერონ, ან იმ ხარისხის, ფერის, სტრუქტურის პროდუქცია არ ჩამოვიდეს, რასაც ველოდებოდით და მომხმარებელთან ანგარიშსწორება ჩვენ გვიწევს. სამომავლოდ გვინდა, რომ მარაგი ადგილობრივადაც შევქმნათ, პროდუქციის ნაწილი დასაწყობდეს და მომხმარებელსაც მეტი კომფორტი შევუქმნათ. რაც შეეხება რეკლამირებას, დღეს "ფეისბუკის" საშუალებით ნებისმიერი ვებგვერდის პოპულარობის ზრდაა შესაძლებელი, თუ სწორად დაგეგმავ შენს სტრატეგიას და მას ყოველდღიურად შეასხამ ხორცს. თითოეულ "ლაიქს" აქვს მნიშვნელობა, ვებგვერდი მთლიანად მორგებული უნდა იყოს მომხმარებელზე, რადგან სავაჭრო ობიექტისგან განსხვავებით, ინტერნეტსივრცეში კონსულტანტი არ გყავს. დაახლოებით ორ თვეში კიდევ უფრო დახვეწილ საიტს შევთავაზებთ ბაზარს. ჩვენ ბიზნესი დაბალფუნქციური ვებგვერდით დავიწყეთ, რათა საქმე დაგვექოქა, მომხმარებელთა განსაზღვრული ბაზა გვყოლოდა და უკვე შემდეგ უფრო თამამად შეგვძლებოდა მეტის დახარჯვა. თანაც მომავალში ამ ბიზნესს დიდი პერსპექტივა აქვს და ეს ბაზარი ჯერ კიდევ აუთვისებელია".

* * *

"პირადული" ბიზნესიდეა
სადღესასწაულო აქსესუარები და ფოიერვერკები დღეს ხშირად ახლავს მხიარულებას, რომანტიკოსები კი საკუთარ გრძნობებს გულის ფორმის ფარნებითა და სანთლებით გამოხატავენ. სკყლანტერნ.გე მომხმარებელს სწორედ ამ მომსახურებას სთავაზობს, თუმცა ბიზნესის იდეა საკმაოდ საინტერესო ვითარებაში დაიბადა.

გიორგი გრიგალაშვილი (სკყლანტერნ.გე-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი): "18 წლის ვიყავი, როცა გადავწყვიტე ბიზნესისთვის მომეკიდა ხელი. ისე მოხდა, რომ მე თავად დამჭირდა ფარნები, მეგობარი გოგონასთვის სიურპრიზი უნდა მომეწყო. ვეძებე მაღაზიებსა და ბაზრობებზე და ვერსად ვიპოვე. აქ რომ ვერ ვიშოვე, გადავწყვიტე უცხოეთიდან გამომეწერა. ამ ძიებაში ვნახე ბრიტანული საიტი სკყლანტერნ.ცომ, რომელიც მომხმარებელს სადღესასწაულო აქსესუარებს სთავაზობდა. გადავწყვიტე, მსგავსი საიტი გამეკეთებინა, რომელიც მომხმარებელს გაუადვილებდა ასეთი პროდუქციის მოძებნასა და ყიდვას. ოჯახის წევრებს გავუზიარე ჩემი ბიზნესიდეა და საკმაოდ მცირე თანხით, 500 ლარით დავიწყე საქმე. ამ თანხის ნახევარი იმაში დაიხარჯა, რომ უცხოეთიდან ფარნები გამოვიწერე. დანარჩენი 250 ლარი კი ვებგვერდის შექმნაში გადავიხადე. ეს თანხის ნაწილი იყო, რადგან საიტი განვადებით დამიმზადეს და თანხა ოთხ თვეზე გადამინაწილეს. შემდეგ თვეში კიდევ 500 ლარის დაბანდება გახდა საჭირო. მესამე და მეოთხე თვეს ამ თანხამ უკვე ბრუნვა დაიწყო და შემოსავალი ფარავდა როგორც საიტის განვადების თანხას, ასევე პროდუქციის შესაძენადაც მრჩებოდა ფული. იმავდროულად ვსწავლობდი იურიდიულ ფაკულტეტზე და ამ ორი წლის განმავლობაში ბიზნესის შესახებაც ბევრი რამ ვისწავლე.

პროდუქციას უცხოური საიტებით ვიწერდი, მაგრამ ძვირი ჯდებოდა და გადავწყვიტე, უფრო იაფი გზა მომეძებნა. დავუკავშირდი მწარმოებლებს ჩინეთში და პროდუქციას ახლა ისინი მიგზავნიან. ჩემი ბიზნესის რეკლამირება თავიდან "ფეისბუქით" დავიწყე. პირველი მომხმარებელი პირველივე დღეს გამოჩნდა. ეს არ ყოფილა დიდი თანხა, სულ რაღაც 50 ლარის საქონელი გაიყიდა, მაგრამ პირველი დღისთვის მაინც მნიშვნელოვანი იყო. მერე შევიტყვე "პალიტრა მედიის" პროექტის შესახებ, რომელიც მცირე ბიზნესს 300 ლარად 1000-ლარიან რეკლამას სთავაზობდა. ვისარგებლეთ ამ შეთავაზებით და საკმაოდ კარგი შედეგი მივიღეთ. შემდეგ პროდუქციის ასორტიმენტი გავზარდეთ, დავამატეთ სასანთლე ჩანთები, ფოიერვერკები და სხვა პროდუქცია. მომავალში კიდევ ვგეგმავ ასორტიმენტის გაფართოებას და მაღაზიის გახსნასაც ვაპირებ. ვმუშაობ 24 საათის განმავლობაში, შესაბამისად, რა დროსაც უნდა გაახსენდეს ადამიანს შეყვარებული, ყველაზე დიდი, ერთ საათში მივაწვდი სასურველ პროდუქციას. ყოფილა შემთხვევა, მომხმარებელი რომ არ დამეკარგა, თუ არ მქონდა მოთხოვნილი პროდუქცია, კონკურენტისგან მიყიდია და იმავე ფასად გამიყიდია, მოგება არ დამრჩენია, მაგრამ მომხმარებელი გაწბილებული არ გამიშვია".

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით