"აფბა" ბიზნესის შევიწროების ფაქტებს სწავლობს - კვირის პალიტრა

"აფბა" ბიზნესის შევიწროების ფაქტებს სწავლობს

"აფბა" ბიზნესის შევიწროების ფაქტებს სწავლობს

"ასეთი შემთხვევები არ უნდა ტოვებდეს კითხვის ნიშნებს და შერჩევითი სამართლის განცდას"

"ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია" ბიზნესისა და ბიზნესმენების შევიწროების ფაქტებს სწავლობს. ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული შუალედური დასკვნის შედეგად, რომელიც რკინაბეტონის შპალების ქარხანასთან დაკავშირებულ დავის საკითხს და „ბარამბოსა" და „ზედაზენის" ქონების დაყადაღებას ეხებოდა, ორგანიზაციამ ასეთი რეზიუმე გააკეთა - ამ კომპანიების მიმართ განხორციელებული ქმედებები შერჩევითი სამართლის ხასიათისაა. ყველა ეს საწარმო ბიზნესმენ ცეზარ ჩოჩელისა და მისი ოჯახის წევრების სახელს უკავშირდება. სახელმწიფო ბრალება ჩოჩელს ედავება, რომ ბიზნესმენი საპრივატიზაციოდ გამოტანილ ამ ქარხანას თაღლითური გზით დაეუფლა.

ნოდარ ჭიჭინაძე ("ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაციის" თავმჯდომარე): "აშკარაა, რომ რკინაბეტონის შპალების ქარხანასთან დაკავშირებით საქმე გვაქვს, ფაქტობრივად, პრივატიზაციის შედეგების გადახედვის პრეცედენტთან. მოპოვებული ვიდეო და სხვა სახის მასალების საფუძველზე ნათლად ჩანს, რომ სახელმწიფოს მიერ ფართოდ რეკლამირდებოდა რკინაბეტონის შპალების ქარხნის საპრივატიზაციო საწარმოთა ნუსხაში შეტანისა და მისი ინვესტორებისთვის შეთავაზების საკითხი, რაც პრაქტიკულად, გამორიცხავს ფარული გარიგების შესაძლებლობას. კვლევის შედეგად ირკვევა, რომ ამ საწარმოს პრივატიზებისას სახელმწიფომ, კერძოდ „საწარმოთა მართვის სააგენტომ", 2010 წლის 26 ივლისს ქარხნის კაპიტალიდან ამოიღო 3,5 მლნ ლარის უძრავი ქონება, ხოლო ერთ კვირაში, 2010 წლის 3 აგვისტოს, ამავე ქარხნის კაპიტალში შეიტანა 8 მლნ ლარზე მეტი ღირებულების უძრავი ქონება. შედეგად, საპრივატიზაციოდ გამოტანილი საწარმოს კაპიტალი ამ მანიპულაციით 3 მლნ ლარზე მეტით გაიზარდა და საბოლოოდ, სწორედ ამ გაზრდილი ფასის გადახდის შემდეგ გადაეცა ახალ მესაკუთრეს, კერძოდ, ბიზნესმენ ცეზარ ჩოჩელის ბიზნესჯგუფს. დღეს კი ამ ქარხნის შეძენასთან დაკავშირებით - სახელმწიფო ქონების იაფად შეძენისა და ფულის გათეთრების ბრალდებით - სახელმწიფო გამოდის.

სრულიად გაუგებარია, სახელმწიფო უწყებები სად ხედავენ გარიგების ფაქტს და მით უფრო, ფულის გათეთრების შესაძლებლობას მაშინ, როცა სახელმწიფოს მხრიდან ოფიციალურად, ღიად, საჯაროდ, ფართოდ რეკლამირების ფონზე საპრივატიზაციოდ გამოტანილ საწარმოს ყიდულობს ესა თუ ის ბიზნესჯგუფი, შემდეგ კი გადაიარაღების მიზნით, აბანდებს დამატებით მასშტაბურ ინვესტიციას და იწყებს საქმიანობას, მათ შორის, სახელმწიფო კონტრაქტის შესასრულებლად?!

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე დავის გამო ქარხნის მუშაობა დღეს, პრაქტიკულად გაჩერებულია. გარდა ამისა, რამდენადაც რკინაბეტონის შპალების ქარხანა არის „ზედაზენისა" და „ბარამბოს" დამფუძნებელი, ყადაღა დაედო ამ კომპანიების მთლიან ქონებასაც.

ერთი მხრივ, ქონების დაყადაღება ხელს არ უშლის საწარმოების ოპერაციულ მუშაობას, მაგრამ, მეორე მხრივ, ცხადია, რომ ნებისმიერი შეზღუდვა, მით უფრო, ქონების დაყადაღება, აფერხებს ბიზნესის განვითარებას, რამდენადაც ასეთ დროს ბიზნესს ხელშემშლელი ბარიერები ექმნება კონტრაქტორებთან, მომწოდებლებთან, საბანკო სექტორთან თუ ინვესტორებთან. ამ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა ითქვას, რომ დღეს აღრიცხული ეკონომიკური ზრდის შემცირებისა და უმუშევრობის ზრდის მიუხედავად, „ზედაზენი" და „ბარამბო" ის ადგილობრივი საწარმოებია, რომლებიც დღემდე ახერხებენ ზრდის ტემპისა და 4000-მდე სამუშაო ადგილის შენარჩუნებას.

საგულისხმოა, რომ დავა მაქსიმალურად ჭიანურდება პროცესუალურად, რაც პროპორციულად ზრდის ბიზნესის შეფერხების და საბოლოოდ, მისი გაჩერების რისკს. მიგვაჩნია, რომ სახელმწიფომ განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს ისეთი ნაბიჯების გადადგმისას, რამაც შესაძლოა მოქმედი ბიზნესის ინტერესები შელახოს. ასეთი შემთხვევები არ უნდა ტოვებდეს კითხვის ნიშნებს და შერჩევითი სამართლის განცდას.

ჩვენ განვაგრძობთ ბიზნესისა და ბიზნესმენების შევიწროების ფაქტების მონიტორინგს. დავინტერესდებით ვაგონშემკეთებელ ქარხანასთან დაკავშირებული დავით, სადაც შპალების ქარხნის მსგავსი პროცესი იკვეთება".

ცეზარ ჩოჩელი (ბიზნესმენი): "ამ თემაზე, დაახლოებით, 6-7 თვის წინ ვსაუბრობდით და მოვუწოდებდით არასამთავრობო სექტორს, დაინტერესებულიყვნენ და შეესწავლათ რკინაბეტონის შპალების ქარხანასთან დაკავშირებით დაწყებული დავა. პირველად ჩვენს მოწოდებას "უფლებადამცველთა გაერთიანება" გამოეხმაურა. შეისწავლეს ეს საკითხი და მათაც დადეს დასკვნა, სადაც ასევე ბევრი კითხვა ჩნდება. საკითხით "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია" დაინტერესდა, თვეზე მეტხანს სწავლობდნენ ვითარებას. სახელმწიფო ბრალდება გვედავება, თითქოს ფარულად გავურიგდი ეკონომიკის მინისტრის მაშინდელ მოადგილეს და ამ გზით შევიძინეთ ქარხანა. არადა, არსებობს სატელევიზიო სიუჟეტები, სადაც ეკონომიკის მაშინდელი მინისტრი ვერა ქობალია, ტელეეთერით მოუწოდებს ინვესტორებს, მონაწილეობა მიიღონ რკინაბეტონის შპალების ქარხნის აუქციონში, საჯაროდ აცხადებს ფასს, საწარმოს კონტრაქტებს, მიწის ფართს, რომელზეც ქარხანა მდებარეობს და რეკლამირებას უწევს, რომ აქ წარმოებული პროდუქცია, შესაძლოა, ევროპაშიც კი გაიყიდოს.

მაჩვენონ საქართველოში მეორე მსგავსი მაგალითი, როცა ეკონომიკის სამინისტრო გამოდის და ოფიციალურად რეკლამირებას უწევს კომპანიას მისი გაყიდვის წინ. თუ ფარული გარიგება იყო, მაშინ რატომ მიდიოდა ამ ობიექტის საჯაროდ რეკლამირება ან რატომ გაზარდეს ხელოვნურად აუქციონამდე ერთი თვით ადრე ქარხნის ღირებულება. ბევრი კითხვაა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს კამპანია ხელოვნურად არის აგორებული ჩვენ წინააღმდეგ.

ჩემთვის გაუგებარია, როცა, ერთი მხრივ, ქვეყანაში ლაპარაკია სამართლიანობის აღდგენაზე, მეორე მხრივ კი ვხდებით უსამართლობის მოწმე. ამჟამად ქარხანა გაჩერებულია, თანამშრომლები უფასო შვებულებაში გავუშვით. ეს იმ პოლიტიკის შედეგია, რომელსაც ხელისუფლება ჩვენ წინააღმდეგ ახორციელებს.

ქვეყანაში მშენებლობა და განვითარება უნდა გაგრძელდეს. გულის მოოხებისა და ხელების გადაგრეხის პოლიტიკა კი უნდა დასრულდეს. ადამიანი ბრძოლისთვის არის გაჩენილი და ჩვენც არ ვაპირებთ ხელების ჩამოშვებას. იმ პირობებშიც კი, როცა ჩვენი ბიზნესჯგუფის კუთვნილი ერთი კომპანია გაკოტრდა, მეორე გაჩერებულია, მესამე ვერ განვითარდა, მეოთხეს ფინანსური რესურსი არ ჰყოფნის, შევძელით ინვესტორთა რამდენიმე ახალი ჯგუფის დაინტერესება, თანამშრომლობაზე დავითანხმეთ და ახლო მომავალში ოთხი ახალი ქარხნის გახსნას ვაპირებთ. ყველამ უნდა დავიკაპიწოთ მკლავები, ვისაც ამ ქვეყანაზე შეგვტკივა გული და ერთად ვაშენოთ ეს ქვეყანა. მე ვერც სიმღერას დავწერ და ვერც ცეკვას დავდგამ, მაგრამ ქარხნების მშენებლობა ვიცი და უნდა მომეცეს შესაძლებლობა, რომ ეს საქმე ვაკეთო".

(R)