მცნებები "მენეჯმენტის ღმერთისგან" - კვირის პალიტრა

მცნებები "მენეჯმენტის ღმერთისგან"

კონოსუკე მაცუსიტას პირადი იაპონური სასწაული

გასულ საუკუნეში ცოტა თუ იყო იაპონელი კონოსუკე მაცუსიტას მასშტაბის მეწარმე. მან ნულიდან დაიწყო და სიცოცხლის ბოლოს $3 მილიარდის პატრონი გახდა. ბევრი იაპონელი მას "მენეჯმენტის ღმერთს" უწოდებდა. მაცუსიტა არა მარტო ნიჭიერი გამომგონებელი და მენეჯერი, მსოფლიოში ცნობილი ბრენდების, მათ შორის "ნეშენელისა" და "პანასონიკის" დამფუძნებელია, არამედ მრავალი სტატიისა და მენეჯმენტის ხელოვნების შესახებ დაწერილი წიგნების ავტორიც. მილიარდერი მაცუსიტა ფულს ძვირ სიამოვნებებში არ ხარჯავდა. დიდებული სახლების შეძენის ნაცვლად, ფონდებსა და ბიზნესსკოლებს ხსნიდა, სიმდიდრით ტკბობას ამჯობინებდა, იაპონიის პოლიტიკური სისტემა გარდაექმნა და მუშაობდა ათობით სამოქალაქო პროექტზე.

მაცუსიტა ქალაქ ოსაკის ახლოს 1894 წელს დაიბადა. ის ყველაზე უმცროსი იყო საშუალო შეძლების მიწათმფლობელის რვაშვილიან ოჯახში. 5 წლის იყო კონოსუკე, როცა მამამისმა თანხა რისკიანად დააბანდა ბრინჯის ბაზარზე. ოჯახი გაკოტრდა და საცხოვრებლად ქალაქში, სამოთახიან ბინაში გადავიდა. მძიმე პირობების გამო სამი შვილი ინფექციური დაავადებებით დაეღუპათ. მშობლებს რომ დახმარებოდა, ბიჭი მუშაობდა ჰიბაჩის (იაპონური თიხის მაყალი ნახშირზე) მაღაზიაში, თუმცა ისიც დაიკეტა.

9 წლის ასაკში, დაწყებითი სკოლის დასრულების შემდეგ, კონოსუკე დედას მატარებლის სადგურზე დაემშვიდობა და მარტომ მიაშურა დიდ ქალაქს - მშობლებმა პატარა მაცუსიტა შეგირდად მიაბარეს მაღაზიაში, სადაც ინგლისიდან ჩამოტანილ ძვირფას ველოსიპედებს ყიდდნენ. აქვე სრულდებოდა ლითონის მცირე სამუშაოებიც. ბიჭმა სახარატო დაზგა აითვისა და ტექნიკითაც დაინტერესდა. ხუთი წლის შემდეგ კონოსუკე ელექტროტექნიკის კომპანია "ოსაკა ილექტრიკ ლაითში" მოეწყო და ელექტრიკოსიც გახდა.

მაცუსიტა გამომგონებლის ნიჭითა და მენეჯერის ჟინით გამოირჩეოდა. "ოსაკა ლაითში" მუშაობისას, 1917 წელს, გაუჩნდა იდეა, შტეფსელის ორიგინალური ჩანგალი დაემზადებინა. უფროსობა იდეას გულგრილად შეხვდა. კონოსუკემაც საკუთარი წარმოების წამოწყება გადაწყვიტა. მთელი მისი დანაზოგი 100 იენი იყო. იმედი კი შეიძლებოდა ჰქონოდა მხოლოდ ცოლის, მუმენოსი და კიდევ სამი ნათესავისა და ნაცნობის, რომლებმაც ახალი ფირმის შექმნაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს. ხუთეულიდან არც ერთს არ მიუღია სრული საშუალო განათლება და არც ელექტროჩანგლის დამზადების ტექნოლოგიაზე ჰქონდათ წარმოდგენა. და მოგვიანებით ამ პატარა გუნდიდან ერთდროულად ორი სახელი გადაიქცა იაპონური ეკონომიკური სასწაულის სიმბოლოდ - მაცუსიტას ქვისლი ტოშიო იუე მსოფლიომ კომპანია შანყო-თი გაიცნო.

ახალ ელექტროტექნიკურ სახელოსნოს დაქირავებულ ნახევარსარდაფში 39 კვმ ეჭირა. კომპანიონებმა რის ვაივაგლახით შეაკოწიწეს ცოტაოდენი ფული ახალი ელექტროჩანგლების ასაწყობად, თუმცა წინ ტექნიკური სიძნელეები ეღობებოდათ. მაგალითად, მაცუსიტა და მისი თანამოაზრეები ამაოდ ასწორებდნენ დღესა და ღამეს ჩანგლის შიდა იზოლაციის მოფიქრებაზე. ბოლოს ისინი შემთხვევით ესაუბრნენ "ოსაკა ლაითის" ყოფილ თანამშრომელს, რომელმაც იზოლაციის დამზადების ტექნოლოგია იცოდა... ოთხთვიანი დაძაბული მუშაობის შემდეგ სიახლე ბითუმად მოვაჭრეებს შესთავაზეს, თუმცა ისინიც გულგრილი დარჩნენ. არავის აძლევდა ხელს დამწყებ მომწოდებელთან ურთიერთობა, რომელიც მხოლოდ ერთი სახეობის პროდუქციას უშვებდა, ამ პრინციპით ხომ ათასობით მომწოდებელთან მოუწევდათ ურთიერთობა. "როცა ასორტიმენტს გაზრდით, მაშინ მობრძანდით", - იყო პასუხი. წარმოების გაზრდისთვის საჭირო იყო ფული, რომელიც ენთუზიასტებს არ ჰქონდათ. კონოსუკემ და მუმენომ ყველაფერი დააგირავეს, რაც ებადათ, ტანსაცმლის ჩათვლით და თავაუღებლად მუშაობდნენ.

წარმატება დაკვეთით

პირველი ღირებული შეკვეთა მაცუსიტას ბითუმად მოვაჭრემ შესთავაზა, რომელსაც ენერგიული ახალგაზრდა მოეწონა. ფირმა Kawakita Electric-ი ვენტილატორებისთვის ახალი საიზოლაციო პლატების წარმოებას იწყებდა, თუმცა მაკომპლექტებლების მომწოდებელი შეფერხდა. მოვაჭრემ მაცუსიტას შესთავაზა, დროებით განზე გადაედო ჩანგლები და სასწრაფოდ დაემზადებინა ათასი პლატა "კავაკიტასთვის". ისიც უყოყმანოდ დათანხმდა და მიუხედავად იმისა, რომ მისი ციცქნა სახელოსნოსთვის ეს უმძიმესი ამოცანა იყო, შეკვეთა დროულად შესრულდა. კონოსუკესა და მუმენოს 160 იენი გადაუხადეს. ხარჯი ამ თანხის ნახევარი იყო, ასე რომ, მოგებას არა უშავდა. დამკვეთი კმაყოფილი დარჩა და მაცუსიტამ მეორე, უფრო მსხვილი შეკვეთაც მიიღო... ასე შეიქმნა 1918 წელს ოსაკაში კერძო ფირმა, რომელიც ისტორიაში Matsushita Electric Industrial Ltd-ის სახელით შევიდა.

ჯერ კიდევ მაშინ ჩამოაყალიბა მაცუსიტამ თავისი ერთ-ერთი ცნობილი ბიზნესპრინციპი: ბაზარზე ადგილის დასამკვიდრებლად ყველაფერი 30%-ით უკეთ და 30%-ით იაფად უნდა შეასრულო.

ფარანი ველოსიპედისთვის

1922 წელს ბაზარზე გამოვიდა ველოსიპედები, საჭესთან ფარნებით... ყველაზე პრიმიტიული მოდელი იყო ყუთი, რომელშიც სანთელი ენთო, მაგრამ მას ხშირად ქარი აქრობდა. აცეტილენის ფარანი ძვირი იყო და გამუდმებით დამატებას საჭიროებდა, ელექტრობატარეებიანი კი მხოლოდ ორ-სამ საათს მუშაობდა. მაცუსიტას ელექტრობატარეის პერსპექტიულობის სჯეროდა. ოთხთვიანი დაუღალავი მუშაობისა და ასზე მეტი მოდელის გამოცდის შემდეგ მან კვების სრულიად ახალი ელემენტი შექმნა 30-40 საათის მარაგით. ელექტროსაქონლის მაღაზიებშიც მისი ქმნილება არაფრად ჩააგდეს, აქაოდა, ელექტრობატარეებზე დიდი მოთხოვნა არ არისო.

გამომგონებელმა ველოსიპედის გამყიდველებს უშუალოდ მიმართა, მაგრამ არც მაღაზიებში აღფრთოვანებულან მისი აღმოჩენით. მაცუსიტა კი წარმატებაში დარწმუნებული იყო. მან რაც შეიძლებოდა შეკვეცა მიმდინარე ხარჯები და მთელ ფულს ბატარეის ბაზარზე დამკვიდრებაზე "ჩამოვიდა". სამმა დაქირავებულმა გამყიდველმა ოსაკის ყველა მაღაზია შემოიარა და ბატარეები წინასწარი გადახდის გარეშე შესთავაზა. ასეთი სქემა მაშინ უჩვეულო გახლდათ. ველოსიპედების გამსაღებლები არაფერს კარგავდნენ და უმრავლესობა დათანხმდა. ვიტრინებში ანთებული ნათურები ციმციმებდა, იქვე თავს იწონებდა რამდენიმე ნიმუში. მაღაზიების მეპატრონეები მალე დარწმუნდნენ, რომ მყიდველები სიამოვნებით იძენდნენ სიახლეს. მაცუსიტას შეკვეთები მიაყარეს. შედეგები იმ დროისთვის ფანტასტიკური იყო.

ასე გამოიყვანა კონოსუკე მაცესუტამ წარმატების ფორმულა, რომელსაც დიდხანს ეყრდნობოდა: "მაცუსიტა ილექტრიკი" პრინციპულად არასდროს უშვებდა ახალ საქონელს. იგი ცდილობდა, სრულეყო და გაეიაფებინა ის პროდუქტი, რომელზეც ბაზარზე დიდი მოთხოვნილება იყო. მისი სტრატეგია ემყარებოდა მყიდველთა მოთხოვნების წვრილმანებამდე გათვალისწინებას და გასაღების ახალი ტექნოლოგიების ძიებას.

მაცუსიტას ველოფარნები იაპონიაში იმდენად პოპულარული გახდა, რომ ხალხმა ისინი შინ ნავთის ლამპების ნაცვლად დაიდგა. მაცუსიტამაც სამაგიდო ფარანიც შექმნა, რომელსაც მოგვიანებით "იაპონული საზოგადოებრივი ლამპარი" უწოდა. ასე გაჩნდა ბრენდი National-ი, რომელიც ისეთივე პოპულარული იყო იაპონიაში, როგორც "ჯენერალ ილექტრიკი" ან "კოკა-კოლა" სხვა ქვეყნებში.

დეპრესია იაპონურად

1929 წელს ნიუ-იორკის ბირჟა ჩამოიშალა. დიდმა დეპრესიამ მალე იაპონიასაც მიაღწია, ურიცხვმა ადამიანმა სამუშაო დაკარგა. მაცუსიტამ პარტნიორებიც გააოგნა და კონკურენტებიც, როცა კომპანიის მუშა-მოსამსახურეებს მიმართა: "ჩვენ არავის დავითხოვთ, არავის შევუმცირებთ ხელფასს! ახლა ყველამ და თითოეულმა უნდა შეიგნოს, რომ ჩვენ - ერთი მთლიანობა ვართ და ბიზნესი ყველაზე მთავარი არ არის! თითოეულმა თქვენგანმა ძალისხმევა არ უნდა დაიშუროს, რომ ჩვენი პროდუქცია ბაზარზე წარმატებული იყოს". მაცუსიტა არ თვალთმაქცობდა, ერთხანს საქმე ურიგოდ არ მიდიოდა, მაგრამ კრიზისით შეშინებულმა ხალხმა ყიდვას უკლო. 1929 წლის დეკემბრისთვის გაყიდვა განახევრდა. საქონელი ჩაწვა, ფინანსური კატასტროფა ახლოვდებოდა. მაცუსიტა ამჯერადაც კონიუნქტურისა და საღი აზრის საწინააღმდეგოდ მოიქცა - წარმოება გაანახევრა, მაგრამ არავინ გაუთავისუფლებია. წარმოება დათხოვნებით კი არ შეკვეცა, არამედ სამუშაო კვირა შეამცირა, ხელფასი კი - არა, გააუქმა სადღესასწაულო დასვენებები. ოღონდ, ჩაწოლილი საქონელი მუშებსაც უნდა გაესაღებინათ. მუშა-მოსამსახურეებს ძალიან გაუხარდათ. მაცუსიტა მათ კერპად იქცა. ყოველი მათგანი დღეში რამდენიმე საათს უთმობდა პროდუქციის გაყიდვას. ვინაიდან წარმოება განახევრებული იყო, დასაწყობებული მარაგი მალე ამოიწურა. მაშინ, როცა კონკურენტები პერსონალს მასობრივად ამცირებდნენ და კიდევ უფრო ღრმად იძირებოდნენ, "მაცუსიტა ელექტრიკმა" ყველა თანამშრომელი შეინარჩუნა და ახალ მიჯნაზეც გავიდა - რადიოსაქონლის წარმოება დაიწყო. რევოლუციური სამლამპიანი რადიომიმღები R-31 1931 წელს შეიქმნა - იდეის დაბადებიდან სულ რაღაც სამ თვეში...

ომის შემდეგ

1946 წელს, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ამერიკელებმა ბრძოლა გაუმართეს იაპონურ საოჯახო ბიზნესგიგანტებს. მაგრამ როცა მაცუსიტა კომპანიის ხელმძღვანელობას ჩამოაშორეს, ათასობით მუშა-მოსამსახურე აბუნტდა. მთავრობისგან ლიდერის დაბრუნება მემარცხენე პროფკავშირებმაც კი მოითხოვეს. მალე კონოსუკე კვლავ ჩაუდგა სათავეში ინდუსტრიულ იმპერიას, რომელსაც 80-იან წლებამდე ხელმძღვანელობდა. "მაცუსიტა ილექტრიკი" ფენომენური ტემპებით ვითარდებოდა და სიახლეების გამოშვებაზეც გადავიდა.

1970-80-იან წლებში მაცუსიტა ქვეყანამ გაიცნო, როგორც ფილანთროპი, მისიონერი, სოციალური ფილოსოფოსი, სახელმწიფო მოღვაწე. მაცუსიტას იდეებმა და ბიზნესისადმი მიდგომამ დიდი როლი ითამაშა იაპონიის გადაქცევაში მსოფლიო ეკონომიკის ერთ-ერთ ლიდერად. მაცუსიტას მმართველობითი პრინციპები არღვევდა ტრადიციულ წარმოდგენებს კორპორაციაზე, მან ბიზნესლიდერის ახალი იდეალი დაამკვიდრა. ერთადერთი, რაც სურდა და ვერ შეძლო, სამ საუკუნეში ცხოვრება იყო - იგი 1987 წელს გარდაიცვალა, 94 წლისა.

მარკა "პანასონიკი" მაცუსიტამ 1955 წელს შექმნა აშშ-ის, კანადისა და მექსიკის ბაზრებისთვის - აღმოჩნდა, რომ მარკა National-ი იმ ბაზრებზე უკვე დაერეგისტრირებინათ. "პან" ბერძნულად "საყოველთაოა", ხოლო "სონიკი" - "ბგერითი". "პანასონიკი" თავდაპირველად აკუსტიკური სისტემების მარკა იყო. 2008 წლის 1-ელი ოქტომბრის შემდეგ კი "პანასონიკი" დაერქვა თვით "მაცუსიტა ილექტრიკს". რამდენიმე თვეში "პანასონიკ გრუპის" წევრი "სანიოც" გახდა.

"ფორბსის" 2000 უმსხვილესი საჯარო კომპანიის ბოლო, 2013 წლის მაისის რეიტინგში "პანასონიკს" 557-ე ადგილი უკავია, $16,72-მილიარდიანი საბაზრო კაპიტალიზაციით. კორპორაციის წლიური გაყიდვა $94,78 მილიარდია და მისთვის 330 ათასზე მეტი ადამიანი მუშაობს.

მოამზადა ნატა ენუქიძემ