ლარი "კარგად" გაუფასურდა - კვირის პალიტრა

ლარი "კარგად" გაუფასურდა

კურსის აწევისა და დაწევის სეზონები ერთდროულად დადგა?!

ლარი დოლარის მიმართ ბოლო დღეებში რამდენჯერმე გაუფასურდა და 1,7050-იან ნიშნულს მიაღწია. ეროვნული ვალუტა დაახლოებით ორი წელი სტაბილურად ინარჩუნებდა გაცვლით კურსს, რომლის მიხედვითაც, 1 აშშ დოლარის ფასი 1,67 ლარის სიახლოვეს რჩებოდა. გასული კვირის მიწურულს ლარი ოდნავ გამყარდა 1,7009-მდე, მაგრამ ეროვნული ვალუტის მსყიდველობითი უნარის მკვეთრმა დაცემამ საზოგადოებაში უსიამოვნო მოლოდინი გააჩინა.

საქართველოს სამომხმარებლო ბაზარი დიდწილად იმპორტირებულ პროდუქციაზეა დამოკიდებული, რომლის შესყიდვაც დოლარით ხდება. ამდენად, ლარის გაუფასურებამ და მოლოდინმა, რომ ეს, შესაძლოა, კვლავაც გაგრძელდეს, იმპორტიორები დააფიქრა, რომ რისკები უნდა დაეზღვიათ და ლარში გასაყიდი პროდუქციისთვის ფასები მოემატებინათ. უკვე არაერთ სავაჭრო ობიექტში შეინიშნება იმპორტირებულ პროდუქციაზე ფასების ზრდა.

ლარის კურსის ცვლილება აგრეთვე აშფოთებს მას, ვისაც ბანკში ანაბარი ეროვნულ ვალუტაში აქვს ან ხელფასი აქვს ლარში, ხოლო სესხი - დოლარში. ბოლო ერთ თვეში ლარის დაახლოებით 3,5%-იანმა ვარდნამ მათ ფინანსური დანაკარგები მოუტანა. დასასრულ, ინფლაციის მოლოდინიც, განსაკუთრებით, თუ ის გადაჭარბებულია, თავის მხრივაც ინფლაციას ასტიმულირებს.

მეორე მხრივ, მიზნობრივი წლიური ინფლაცია 6%-ია, რაც ეროვნული ბანკის ოფიციალურ საიტზეცაა მითითებული. ბოლო წლებში ფასთა საერთო დონის ზრდამ ამ მაჩვენებელს მხოლოდ 2011 წელს გადააჭარბა, 2012-2013 წლებში კი მიზნობრივ ნიშნულთან ახლოსაც არ მისულა. მაგრამ, ინფლაცია, რომელიც წესით, ჩვენისთანა ეკონომიკის ქვეყნისთვის განვითარებისა და დასაქმების მასტიმულირებელი უნდა იყოს, ეტაპობრივად, თანმიმდევრულად უნდა მოხდეს და არა ეროვნული ვალუტის კურსის მკვეთრი და მოულოდნელი ვარდნით.

ექსპერტთა ნაწილი ამბობს, რომ ლარის კურსის დაცემას გარკვეულწილად ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებამ შეუწყო ხელი, როცა თქვა, რომ 2013 წლის ბიუჯეტი ლარის 1,70-იან კურსზეა გათვლილი. სწორედ ამის შემდეგ გაჩნდა მოსაზრება, რომ პროცესი შესაძლოა ხელოვნურად ყოფილიყო პროვოცირებული, ბიუჯეტში მეტი ფულის მობილიზებისთვის. მიუხედავად ამისა, მთავრობის ეკონომიკურ გუნდში ლარის კურსის ცვლილებაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავენ და ამბობენ, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკს ყველა რესურსი აქვს, რათა ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურება არ დაუშვას.

ლევან კალანდაძე (ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში): "თავად ფაქტია ძალიან უარყოფითი, რომ ლარის მსყიდველობითი უნარი ბოლო თვეში ორგზის შემცირდა საგრძნობლად. ეს ცუდი პრეცედენტია და მიანიშნებს, რომ ეკონომიკაში რაღაც ისე არ ხდება, პროცესები ისე არ ვითარდება, როგორც უნდა მიმდინარეობდეს და სტაბილურობა გარკვეულწილად დარღვეულია. რამდენად საშიშია ეს ტენდენცია, სხვა საკითხია. განსაკუთრებული პანიკისა და შეშფოთების საფუძველი, ბუნებრივია, არ არის, თუმცა საშიში და საგანგაშოა ის, რის გამოც დაეცა ლარის მსყიდველობითი უნარი. თუ ეს მოკლევადიან პერიოდში განვითარებული ტენდენციაა, ამ თვალსაზრისით საფრთხე არ არის, მაგრამ თუ ლარის გაუფასურება გახანგრძლივდა, შეშფოთების საფუძველი უფრო მეტად გვექნება.

ხელისუფლების ზედმეტი თავდაჯერებულობა და სიმშვიდეც შეშფოთების საფუძველია. წლის დასაწყისში ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებშიც ამბობდნენ, ყველაფერი კარგად არის, მშპ 6%-ით გაიზრდება, ბიუჯეტი შესრულდებაო და სხვ. რეალურად, ტენდენციას ეკონომიკაში, რაც თან ახლდა საბიუჯეტო პროცესებს, ხელისუფლებამ არაფერი დაუპირისპირა.

შესაბამისად, მივიღეთ ცუდი შედეგი - გარღვეული ბიუჯეტი, გაუარესებული მაკროეკონომიკური პარამეტრები. მგონია, რომ ასეთი ზედაპირული და ზერელე დამოკიდებულება აქვს მთავრობის ეკონომიკურ გუნდს ინფლაციასთან დაკავშირებითაც და ეს უფრო მაშფოთებს, ვიდრე ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის 1,70-მდე მომატება. ეს რომ ტენდენცია არ გახდეს, ფინანსთა სამინისტრომ და მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა საჭირო ზომები უნდა მიიღონ და ლარის გაუფასურებას შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკა დაუპირისპირონ.

ლარის გამაუფასურებელი ეკონომიკური ფაქტორი რეალურად დღეს ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს. იმპორტის მაჩვენებელი თითქმის არ შეცვლილა, ხოლო ექსპორტი ბოლო დროს იმატებს. ამ თვალსაზრისით, ლოგიკურად, დოლარზე მოთხოვნა არ უნდა გაზრდილიყო. უცხოეთიდან ფულად გზავნილებიც, რაც არსებით როლს თამაშობს ქვეყანაში სავალუტო მასის გაზრდაში, მომატებულია და შესაბამისად, ლარი უნდა მყარდებოდეს. ფინანსთა სამინისტრომ ლარის გაუფასურების მიზეზად სეზონურობა ახსენა და აქაც პირიქითაა - სეზონურობა ამჟამად ლარის გამყარების ერთ-ერთი მიზეზი უნდა იყოს: წლის ბოლოა, ორგანიზაციებს ეზრდებათ მოთხოვნა ლარზე, მათ შორის სახელფასო დავალიანებების გასასტუმრებლად, პრემიების გასაცემად, იფარება საგადასახადო ვალდებულებები და შედეგად, ეს ფაქტორებიც ლარს უნდა ამყარებდეს. მოსახლეობა, რომელსაც განსაზღვრული დანაზოგი აქვს უცხოურ ვალუტაში, წლის ბოლოს, საახალწლოდ, ლარზე ახურდავებს ამ ფულს და ამ შემთხვევაშიც, ლარზე მოთხოვნა უნდა იზრდებოდეს.

თუმცა არის მეორე მხარე, რაც უკავშირდება დაუბალანსებელ საბიუჯეტო დეფიციტსა და ფინანსთა სამინისტროს პირდაპირ მოტივაციას, ინფლაციით წახალისებული ლარით გადაფარონ საბიუჯეტო დეფიციტი. შესაბამისად, საზოგადოებაში ლოგიკურად ჩნდება ეჭვი: ხომ არ არის ეს ყველაფერი ხელოვნურად პროვოცირებული და წახალისებული მთავრობის ეკონომიკური გუნდის მხრიდან?.. მიზნობრივი 6%-იანი ინფლაციაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ ინფლაციის საფრთხე ყველაზე მეტად მაშინ იზრდება, როცა ის ნახტომისებურია - ერთ დღეს ლარის კურის არის 1,65 და უეცრად აჭარბებს 1,70-ს. როცა ინფლაცია რეგულირებადია, სახელმწიფოს შესაძლებლობა აქვს, გრძელვადიან პერიოდში ინფლაცია "გამოიყენოს", როგორც განსაზღვრული ეკონომიკური პროცესების წამახალისებელი ან პირიქით, შემაფერხებელი ფაქტორი. ასეთ შემთხვევაში, ინფლაციის უარყოფით გავლენას ეკონომიკასა და სოციალურ სექტორზე გაცილებით ნაკლები ეფექტი აქვს".

"ეკოპალიტრამ" რამდენიმე შეკითხვით მიმართა საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტ ზურაბ გვასალიას.

- რამდენად მნიშვნელოვანია ლარის კურსის ბოლოდროინდელი ცვლილებები და თუ არსებობს საამისო ობიექტური მიზეზები?

კურსის ცვლილება ძირითადად გამოწვეულია სეზონური ფაქტორით, რაც ნიშნავს, რომ წინასაახალწლოდ იურიდიული პირების მხრიდან უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნა იზრდება. ბოლო წლებში ეკონომიკა იმპორტზე იყო ორიენტირებული და უარყოფითი სავაჭრო ბალანსი ყოველწლიურად იზრდებოდა, რაც წარმოქმნიდა დაწოლას ეროვნულ ვალუტაზე. ერთ წელიწადში ამის გამოსწორება შეუძლებელია. ექსპორტისა და სავალუტო შემოდინების ზრდა მთლიანად ეკონომიკური პოლიტიკის გადასინჯვისას იქნება შესაძლებელი, დღეს კი საექსპორტო პოტენციალი შეზღუდულია. კიდევ ერთი ფაქტორია პოლიტიკური ვითარება, კერძოდ, ყბადაღებული კოაბიტაცია. სამწუხაროდ, დღესაც უცხოური ინვესტიციების სიმცირეა, მაგრამ მათ შემოსვლას სათანადო პოლიტიკური და სტაბილური სამართლებრივი სივრცე სჭირდება. წარსულის ინერციამ და კოაბიტაციამ ბევრი მიმართულებით შექმნა პრობლემა, მათ შორის ეკონომიკის განვითარების კუთხითაც. დარწმუნებული ვარ, მომავალი 2014 წელი გაცილებით წარმატებული იქნება. პირველ რიგში, შეუქცევადი დემოკრატიული პროცესები, მიმართული არამარტო ბიზნესის თავისუფლებისკენ, არამედ ბიზნესის ხელშეწყობისკენ, ასევე სამართლებრივი გარემო, საგრძნობლად შეუწყობს ხელს საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებას.

- როგორ აისახება ლარის კურსის ვარდნა რიგით მომხმარებელზე? არსებობს იმპორტირებული პროდუქციის გაძვირების საშიშროება.

- ბუნებრივია, როცა ქვეყანას ექსპორტსა და იმპორტს შორის ამხელა უარყოფითი სალდო აქვს, ყოველთვის იქმნება გაძვირების საშიშროება. მაგრამ ეს გარღვევა სავაჭრო ბალანსში გუშინ არ დაწყებულა. საგარეო სავაჭრო ბრუნვის ზრდა და გეოგრაფიული არეალის გაფართოება მაშინ არის კარგი, თუ ეს ექსპორტის ხელშეწყობაზე იგება და არა პირიქით, რაც გასულ წლებში მიზანმიმართულად კეთდებოდა. დღევანდელი ხელისუფლება ამ ვითარების თავისებური მძევალია, რადგან ეკონომიკის განვითარების ვექტორის შეცვლა მოკლევადიან პერიოდში თითქმის შეუძლებელია.

მომხმარებლისთვის იმპორტირებულ პროდუქციაზე ფასები გარკვეულწილად გაიზრდება იმ შემთხვევაში, თუ კურსის ვარდნა გაგრძელდება. მიმაჩნია, რომ ეროვნული ბანკი, რომელიც მოქმედი კანონმდებლობით პასუხისმგებელია ფასების სტაბილურობაზე და რესურსებიც საკმარისად აქვს, ამას არ დაუშვებს. ამიტომ გაძვირებას მაინც დროებითი ზრდის ეფექტი ექნება.

- ამ პირობებში უნდა მიიღოს ზომები თუ არა ეროვნულმა ბანკმა?

- თუ ლარის კურსი რყევას დაიწყებს, ანუ ნაკლებად პროგნოზირებადი იქნება, ცხადია, ეროვნულმა ბანკმა მის არსენალში არსებული ინსტრუმენტები უნდა გამოიყენოს კურსის სტაბილიზაციისთვის.

დღეს ამის არანაირი საჭიროება სავალუტო ბაზარზე არ დგას. სავალუტო ინტერვენციებს სებ-ი დროდადრო ისედაც ახდენს, ხოლო სავალუტო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა ასული.

- მიზნობრივი ინფლაცია ჩვენთან 6%-ია, თუმცა ამ მიზნის მიღწევა ვერ ხერხდებოდა. რატომ არის დასახული ასეთი მიზანი, რა პროცესებს უნდა უწყობდეს ხელს ამ სიდიდის ინფლაცია?

- მიზნობრივი ინფლაციისთვის, ე.წ. ტარგეტირების პრინციპით, სებ-ი სხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკების მსგავსად მოქმედებს. უფრო გასაგები რომ იყოს, ინფლაციის ტარგეტირების რეჟიმში წინასწარ ცხადდება ინფლაციის მაჩვენებელი საშუალოვადიანი პერიოდისთვის - ეკონომიკისთვის სასურველი ინფლაციის დონის მიხედვით. სწორედ ასეთ მაჩვენებლად არის მიჩნეული 6%.

ამ მეთოდის უპირატესობა ის არის, რომ ინფლაციის ერთ-ერთი ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორი ინფლაციის მოლოდინია და ეროვნული ბანკის მიზანიც სწორი ინფლაციის მოლოდინის ჩამოყალიბებაა. 2009 წლამდე სებ-ი იყენებდა მონეტარული ტარგეტირების პრინციპს, რომელიც ითვალისწინებს ფულის მასის უშუალო კავშირს ინფლაციასთან. მაგრამ ამგვარი მიდგომა დღეს მოძველებულია, რადგან ფულზე მოთხოვნის ცვალებადობა, ახალი საინფორმაციო და საბანკო ტექნოლოგიების განვითარების პირობებში, ფულის მასის ზრდის ტემპის მუდმივი გადახედვის საჭიროებას წარმოშობს.