ლარი "კარგად" გაუფასურდა
09-12-2013
ლარი "კარგად" გაუფასურდა
კურსის აწევისა და დაწევის სეზონები ერთდროულად დადგა?!

ლარი დოლარის მიმართ ბოლო დღეებში რამდენჯერმე გაუფასურდა და 1,7050-იან ნიშნულს მიაღწია. ეროვნული ვალუტა დაახლოებით ორი წელი სტაბილურად ინარჩუნებდა გაცვლით კურსს, რომლის მიხედვითაც, 1 აშშ დოლარის ფასი 1,67 ლარის სიახლოვეს რჩებოდა. გასული კვირის მიწურულს ლარი ოდნავ გამყარდა 1,7009-მდე, მაგრამ ეროვნული ვალუტის მსყიდველობითი უნარის მკვეთრმა დაცემამ საზოგადოებაში უსიამოვნო მოლოდინი გააჩინა.

საქართველოს სამომხმარებლო ბაზარი დიდწილად იმპორტირებულ პროდუქციაზეა დამოკიდებული, რომლის შესყიდვაც დოლარით ხდება. ამდენად, ლარის გაუფასურებამ და
მოლოდინმა, რომ ეს, შესაძლოა, კვლავაც გაგრძელდეს, იმპორტიორები დააფიქრა, რომ რისკები უნდა დაეზღვიათ და ლარში გასაყიდი პროდუქციისთვის ფასები მოემატებინათ. უკვე არაერთ სავაჭრო ობიექტში შეინიშნება იმპორტირებულ პროდუქციაზე ფასების ზრდა.
ლარის კურსის ცვლილება აგრეთვე აშფოთებს მას, ვისაც ბანკში ანაბარი ეროვნულ ვალუტაში აქვს ან ხელფასი აქვს ლარში, ხოლო სესხი
- დოლარში. ბოლო ერთ თვეში ლარის დაახლოებით 3,5%-იანმა ვარდნამ მათ ფინანსური დანაკარგები მოუტანა. დასასრულ, ინფლაციის მოლოდინიც, განსაკუთრებით, თუ ის გადაჭარბებულია, თავის მხრივაც ინფლაციას ასტიმულირებს.

მეორე მხრივ, მიზნობრივი წლიური ინფლაცია 6%-ია, რაც ეროვნული ბანკის ოფიციალურ საიტზეცაა მითითებული. ბოლო წლებში ფასთა საერთო დონის ზრდამ ამ მაჩვენებელს მხოლოდ 2011 წელს გადააჭარბა, 2012-2013 წლებში კი მიზნობრივ ნიშნულთან ახლოსაც არ მისულა. მაგრამ, ინფლაცია, რომელიც წესით, ჩვენისთანა ეკონომიკის ქვეყნისთვის განვითარებისა და დასაქმების მასტიმულირებელი უნდა იყოს, ეტაპობრივად, თანმიმდევრულად უნდა მოხდეს და არა ეროვნული ვალუტის კურსის მკვეთრი და მოულოდნელი ვარდნით.

ექსპერტთა ნაწილი ამბობს, რომ ლარის კურსის დაცემას გარკვეულწილად ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებამ შეუწყო ხელი, როცა თქვა, რომ 2013 წლის ბიუჯეტი ლარის 1,70-იან კურსზეა გათვლილი. სწორედ ამის შემდეგ გაჩნდა მოსაზრება, რომ პროცესი შესაძლოა ხელოვნურად ყოფილიყო პროვოცირებული, ბიუჯეტში მეტი ფულის მობილიზებისთვის. მიუხედავად ამისა, მთავრობის ეკონომიკურ გუნდში ლარის კურსის ცვლილებაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავენ და ამბობენ, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკს ყველა რესურსი აქვს, რათა ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურება არ დაუშვას.

ლევან კალანდაძე (ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში):
"თავად ფაქტია ძალიან უარყოფითი, რომ ლარის მსყიდველობითი უნარი ბოლო თვეში ორგზის შემცირდა საგრძნობლად. ეს ცუდი პრეცედენტია და მიანიშნებს, რომ ეკონომიკაში რაღაც ისე არ ხდება, პროცესები ისე არ ვითარდება, როგორც უნდა მიმდინარეობდეს და სტაბილურობა გარკვეულწილად დარღვეულია. რამდენად საშიშია ეს ტენდენცია, სხვა საკითხია. განსაკუთრებული პანიკისა და შეშფოთების საფუძველი, ბუნებრივია, არ არის, თუმცა საშიში და საგანგაშოა ის, რის გამოც დაეცა ლარის მსყიდველობითი უნარი. თუ ეს მოკლევადიან პერიოდში განვითარებული ტენდენციაა, ამ თვალსაზრისით საფრთხე არ არის, მაგრამ თუ ლარის გაუფასურება გახანგრძლივდა, შეშფოთების საფუძველი უფრო მეტად გვექნება.
ხელისუფლების ზედმეტი თავდაჯერებულობა და სიმშვიდეც შეშფოთების საფუძველია. წლის დასაწყისში ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებშიც ამბობდნენ, ყველაფერი კარგად არის, მშპ 6%-ით გაიზრდება, ბიუჯეტი შესრულდებაო და სხვ. რეალურად, ტენდენციას ეკონომიკაში, რაც თან ახლდა საბიუჯეტო პროცესებს, ხელისუფლებამ არაფერი დაუპირისპირა.

შესაბამისად, მივიღეთ ცუდი შედეგი - გარღვეული ბიუჯეტი, გაუარესებული მაკროეკონომიკური პარამეტრები. მგონია, რომ ასეთი ზედაპირული და ზერელე დამოკიდებულება აქვს მთავრობის ეკონომიკურ გუნდს ინფლაციასთან დაკავშირებითაც და ეს უფრო მაშფოთებს, ვიდრე ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის 1,70-მდე მომატება. ეს რომ ტენდენცია არ გახდეს, ფინანსთა სამინისტრომ და მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა საჭირო ზომები უნდა მიიღონ და ლარის გაუფასურებას შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკა დაუპირისპირონ.

ლარის გამაუფასურებელი ეკონომიკური ფაქტორი რეალურად დღეს ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს. იმპორტის მაჩვენებელი თითქმის არ შეცვლილა, ხოლო ექსპორტი ბოლო დროს იმატებს. ამ თვალსაზრისით, ლოგიკურად, დოლარზე მოთხოვნა არ უნდა გაზრდილიყო. უცხოეთიდან ფულად გზავნილებიც, რაც არსებით როლს თამაშობს ქვეყანაში სავალუტო მასის გაზრდაში, მომატებულია და შესაბამისად, ლარი უნდა მყარდებოდეს. ფინანსთა სამინისტრომ ლარის გაუფასურების მიზეზად სეზონურობა ახსენა და აქაც პირიქითაა - სეზონურობა ამჟამად ლარის გამყარების ერთ-ერთი მიზეზი უნდა იყოს: წლის ბოლოა, ორგანიზაციებს ეზრდებათ მოთხოვნა ლარზე, მათ შორის სახელფასო დავალიანებების გასასტუმრებლად, პრემიების გასაცემად, იფარება საგადასახადო ვალდებულებები და შედეგად, ეს ფაქტორებიც ლარს უნდა ამყარებდეს. მოსახლეობა, რომელსაც განსაზღვრული დანაზოგი აქვს უცხოურ ვალუტაში, წლის ბოლოს, საახალწლოდ, ლარზე ახურდავებს ამ ფულს და ამ შემთხვევაშიც, ლარზე მოთხოვნა უნდა იზრდებოდეს.

თუმცა არის მეორე მხარე, რაც უკავშირდება დაუბალანსებელ საბიუჯეტო დეფიციტსა და ფინანსთა სამინისტროს პირდაპირ მოტივაციას, ინფლაციით წახალისებული ლარით გადაფარონ საბიუჯეტო დეფიციტი. შესაბამისად, საზოგადოებაში ლოგიკურად ჩნდება ეჭვი: ხომ არ არის ეს ყველაფერი ხელოვნურად პროვოცირებული და წახალისებული მთავრობის ეკონომიკური გუნდის მხრიდან?.. მიზნობრივი 6%-იანი ინფლაციაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ ინფლაციის საფრთხე ყველაზე მეტად მაშინ იზრდება, როცა ის ნახტომისებურია - ერთ დღეს ლარის კურის არის 1,65 და უეცრად აჭარბებს 1,70-ს. როცა ინფლაცია რეგულირებადია, სახელმწიფოს შესაძლებლობა აქვს, გრძელვადიან პერიოდში ინფლაცია "გამოიყენოს", როგორც განსაზღვრული ეკონომიკური პროცესების წამახალისებელი ან პირიქით, შემაფერხებელი ფაქტორი. ასეთ შემთხვევაში, ინფლაციის უარყოფით გავლენას ეკონომიკასა და სოციალურ სექტორზე გაცილებით ნაკლები ეფექტი აქვს".

"ეკოპალიტრამ" რამდენიმე შეკითხვით მიმართა საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტ ზურაბ გვასალიას.

- რამდენად მნიშვნელოვანია ლარის კურსის ბოლოდროინდელი ცვლილებები და თუ არსებობს საამისო ობიექტური მიზეზები?
კურსის ცვლილება ძირითადად გამოწვეულია სეზონური ფაქტორით, რაც ნიშნავს, რომ წინასაახალწლოდ იურიდიული პირების მხრიდან უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნა იზრდება. ბოლო წლებში ეკონომიკა იმპორტზე იყო ორიენტირებული და უარყოფითი სავაჭრო ბალანსი ყოველწლიურად იზრდებოდა, რაც წარმოქმნიდა დაწოლას ეროვნულ ვალუტაზე. ერთ წელიწადში ამის გამოსწორება შეუძლებელია. ექსპორტისა და სავალუტო შემოდინების ზრდა მთლიანად ეკონომიკური პოლიტიკის გადასინჯვისას იქნება შესაძლებელი, დღეს კი საექსპორტო პოტენციალი შეზღუდულია. კიდევ ერთი ფაქტორია პოლიტიკური ვითარება, კერძოდ, ყბადაღებული კოაბიტაცია. სამწუხაროდ, დღესაც უცხოური ინვესტიციების სიმცირეა, მაგრამ მათ შემოსვლას სათანადო პოლიტიკური და სტაბილური სამართლებრივი სივრცე სჭირდება. წარსულის ინერციამ და კოაბიტაციამ ბევრი მიმართულებით შექმნა პრობლემა, მათ შორის ეკონომიკის განვითარების კუთხითაც. დარწმუნებული ვარ, მომავალი 2014 წელი გაცილებით წარმატებული იქნება. პირველ რიგში, შეუქცევადი დემოკრატიული პროცესები, მიმართული არამარტო ბიზნესის თავისუფლებისკენ, არამედ ბიზნესის ხელშეწყობისკენ, ასევე სამართლებრივი გარემო, საგრძნობლად შეუწყობს ხელს საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებას.

- როგორ აისახება ლარის კურსის ვარდნა რიგით მომხმარებელზე? არსებობს იმპორტირებული პროდუქციის გაძვირების საშიშროება.

- ბუნებრივია, როცა ქვეყანას ექსპორტსა და იმპორტს შორის ამხელა უარყოფითი სალდო აქვს, ყოველთვის იქმნება გაძვირების საშიშროება. მაგრამ ეს გარღვევა სავაჭრო ბალანსში გუშინ არ დაწყებულა. საგარეო სავაჭრო ბრუნვის ზრდა და გეოგრაფიული არეალის გაფართოება მაშინ არის კარგი, თუ ეს ექსპორტის ხელშეწყობაზე იგება და არა პირიქით, რაც გასულ წლებში მიზანმიმართულად კეთდებოდა. დღევანდელი ხელისუფლება ამ ვითარების თავისებური მძევალია, რადგან ეკონომიკის განვითარების ვექტორის შეცვლა მოკლევადიან პერიოდში თითქმის შეუძლებელია.

მომხმარებლისთვის იმპორტირებულ პროდუქციაზე ფასები გარკვეულწილად გაიზრდება იმ შემთხვევაში, თუ კურსის ვარდნა გაგრძელდება. მიმაჩნია, რომ ეროვნული ბანკი, რომელიც მოქმედი კანონმდებლობით პასუხისმგებელია ფასების სტაბილურობაზე და რესურსებიც საკმარისად აქვს, ამას არ დაუშვებს. ამიტომ გაძვირებას მაინც დროებითი ზრდის ეფექტი ექნება.

- ამ პირობებში უნდა მიიღოს ზომები თუ არა ეროვნულმა ბანკმა?

- თუ ლარის კურსი რყევას დაიწყებს, ანუ ნაკლებად პროგნოზირებადი იქნება, ცხადია, ეროვნულმა ბანკმა მის არსენალში არსებული ინსტრუმენტები უნდა გამოიყენოს კურსის სტაბილიზაციისთვის.
დღეს ამის არანაირი საჭიროება სავალუტო ბაზარზე არ დგას. სავალუტო ინტერვენციებს სებ-ი დროდადრო ისედაც ახდენს, ხოლო სავალუტო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა ასული.

- მიზნობრივი ინფლაცია ჩვენთან 6%-ია, თუმცა ამ მიზნის მიღწევა ვერ ხერხდებოდა. რატომ არის დასახული ასეთი მიზანი, რა პროცესებს უნდა უწყობდეს ხელს ამ სიდიდის ინფლაცია?
- მიზნობრივი ინფლაციისთვის, ე.წ. ტარგეტირების პრინციპით, სებ-ი სხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკების მსგავსად მოქმედებს. უფრო გასაგები რომ იყოს, ინფლაციის ტარგეტირების რეჟიმში წინასწარ ცხადდება ინფლაციის მაჩვენებელი საშუალოვადიანი პერიოდისთვის - ეკონომიკისთვის სასურველი ინფლაციის დონის მიხედვით. სწორედ ასეთ მაჩვენებლად არის მიჩნეული 6%.

ამ მეთოდის უპირატესობა ის არის, რომ ინფლაციის ერთ-ერთი ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორი ინფლაციის მოლოდინია და ეროვნული ბანკის მიზანიც სწორი ინფლაციის მოლოდინის ჩამოყალიბებაა. 2009 წლამდე სებ-ი იყენებდა მონეტარული ტარგეტირების პრინციპს, რომელიც ითვალისწინებს ფულის მასის უშუალო კავშირს ინფლაციასთან. მაგრამ ამგვარი მიდგომა დღეს მოძველებულია, რადგან ფულზე მოთხოვნის ცვალებადობა, ახალი საინფორმაციო და საბანკო ტექნოლოგიების განვითარების პირობებში, ფულის მასის ზრდის ტემპის მუდმივი გადახედვის საჭიროებას წარმოშობს.
manana
20 დეკემბერი 2013 10:59
ბატონო ბესო, გაიხარეთ. ყველა სხვა „სიკეტეებთან" ერთად ეკონომიკური ახლომხედველობაა რომ გვღუპავს. მე პირადად იმდენი და ისეთი პრობლემები მაქვს, ეკონომიკურ მიგრაციას ვერ გადავურჩები. მაინც მახარებს საღად მოაზროვნეს რომ აღმოვაჩენ ვინმეს სადმე,ვინძლო გადავრჩეთ...
lika
13 დეკემბერი 2013 14:35
ამ ყველაფრის მერე ის თავგასიებული ხადური გამოვა და იტყვის ნუ გეშინიატ პანიკის საფუძველი არ არისო. პანიკის საფუძველი მას ეტყობა საკუთარ ჯიბესი არ აქვს
beso
11 დეკემბერი 2013 11:58
ქალბატონო დალი,

დიდი სიამოვნებით გაგაცნობდი ჩემს ეკონომიკურ მდგომარეობას, ისეთივე მოქალაქე ვარ, ისეთივე პრობლემებით, როგორც უმრავლესობა საქართველოისი!


პოსტსაბჭოთა სივრცის უბედურებას წარმოადგენს ეკონომიკური აზროვნების დეფიციტი. ქვეყანამ არ იცის როგორ მართოს მონეტარული და სავალუტო პოლიტიკა.

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ფორმატში, ყველა ქვეყანა გარკვეულწილად შეზღუდულია პროტექციონისტული პოლიტიკის წარმოებაში. ამას უმეტესი ქვეყნები ახერხებენ სწორი სავალუტო პოლიტიკით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჯგუფი 20 მიერ აკრძალულია, მაინც აგრძელებენ ამ პოლიტიკას.

1998 წელს ევროს კურსი შეადგენდა 0.8 აშშ დოლარს, ხოლო 2007 წელს ის შეადგენდა 1.62 აშშ დოლარს. ჟან კლოდ ტრიშე არის ის ეკონომისტი, ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი, რომელმაც დაასამარა ევროკავშირისა და ევროზონის ეკონომიკა. აბა შეხედე ამერიკელებსა და იაპონელებს, პოლონელებსა და ბრაზილიას როგორ მართავაენ ისინი ამ პოლიტიკას.

რუსეთის ბოლოდროინდელი განვითარება 1998 წლის რუსეთი დეფოლტის შედეგია. ეს კარგად იქნა გათამაშებული. ამაზე ათას უაზრო ეკონომისტის კომენტარს მოისმენ, მაგრამ მას საერთო არა აქვს სინამდვილესთან და გონიერებასთან. ეს რუსეთს დაუთმეს, რადგან ამ დროს რუსეთი ეკონომიკა შეადგენდა 0.5 ტრილიონ აშშ დოლარს და ეს დიდ ზეგავლენას ვერ მოახდენდა წაყვანი ქვეყნების ეკონომიკაზა. აბა ეს გააკეთოს ჩინეთმა, ამერიკელები ისედაც უყენებენ ჩინელებს ვალუტის კურსის ხელოვნურ სისუსტეზე მოთხოვნებს და მოითხოვენ მისი საცვლელი ღირებულების გაზრდას.

საქართველომ 2004 წლიდან აირჩია სრულიად მიუღებელი მონეტარული და სავალუტო პოლიტიკა. ეს არ იყო მხოლოდ ეროვნული ბანკისა და მთავრობის ბრალი. ეს შეცდომა მთავრობასა და ბანკს საზოგადოებემ ჩაადენინა.
ისინი ვინც ებრძოდა ინფლაციიას, ის ჩემი რწმენით ებრძოდა საქართველოს ეკონომიკას. მთავრობამ ხელი დაიბანა და ეროვნულ ბანკს გადასცა ინფლაცია სამართავად. იმან კი ლარის კურსი მიუღებლად გაზარდა და მკაცრი მონეტარული პოლიტიკა გაატარა. ამის ზემოქმედების შედეგია ეკონომიკის განვითარების ტემპების დაცემა.

თვით ვაშინგტონის კონსესუსიც ითვალისწინებს განვითარებად ქვეყნებისათვის შედარებით სუსტი ვალუტის შენარჩუნებას. ამ ასპექტში საქართველომ საპირსპირო პოლიტიკა გაატარა. ხოლო ბოლომდის მიაწვა ვაშინგტონის კონსესუსის იმ პრინციპს, რასაც 4-6 ზომიერი ინფლაცია ეწოდება.

აქ ვლინდება ეკონომიკური აზროვნების დეფიციტი საქართველოისი. კერძოდ, ვაშინგტონის კონსესუსს არა აქვს საქარტველოსათვის დათქმა გაკეთებული იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ 1990-1995 წლებში საქართელოს ეკონომიკა და საზოგადოების შემოსავალი 7-8 ჯერ დაეცა. ამიტომ საქართველოს ეკონომიკის განვითარება ვერ მოხერხდება 4-6 პროცენტიან ინფლაციაში. თუ 4-6 პროცენტიანი ინფლაცია გაქვს მაშინ ეკონომიკის ზრდა ამ პროცენტებში გაქვს.

ეს ამ ქვეყნის უბედურება, რაც ჩვენს თავებსია და საზოგადოებას არა აქვს ათვლის წერტილი საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის შეფასების.
ამიტომაც დავარქვი საქართვლოს ეკონომიკური აზროვნების დეფიციტის ქვეყანა.

ეს არ ეხება აშშ-ს, არც იაპონიას, არც პოლონეთსა და ბრაზილიას, თუმცა ევროკავშირმა და ევროზონამ გამოიჩინა ამ ასპექტში თავი და 10 წლის განმავლობაში ევროპაში არ აღმოჩნდა ერთი ეკონომისტი, რომელიც ახსნიდა და შეაჩერებდა ვალუტის უარყოფითი ეფექტიანი კურსის ზემოქმედებას ეკონომიკაზე. ამასთან, ევროზონის მაგალითმა დაგვანახა წარმომადგერნლობითი დემოკრატიის დეფიციტი. ანუ რა აზრი აქვს ყველა დონის პარლამენტის მუშაობას, ანუ ამ თავების ჯდომას პარლამენტში, თუ ქვეყანა აწარმოებს მიუღებელ ეკონომიკურ პოლიტიკას და ერთი კაციც არ არის მისი უარყოფითი შედეგები მიიტანოს საზოგადოებასთან. თუ ურემი გადაბრუნდა, რა შედეგი ჰქონდა ამ პარლამენტარის მოღვაწეობას.
ამბის ამბავი//////////..............

რედაქტორის რჩევით