სარკინიგზო ტვირთზიდვა რუსეთიდან მხოლოდ ნაწილობრივ აღდგა - კვირის პალიტრა

სარკინიგზო ტვირთზიდვა რუსეთიდან მხოლოდ ნაწილობრივ აღდგა

საქართველო სატრანზიტო ქვეყანაა და რკინიგზის ეფექტურ მუშაობას, ყველა სატრანსპორტო მიმართულებით, დიდი მნიშვნელობა აქვს. ქართული ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, რომ რუსეთში უკვე არაერთი დასახელების პროდუქცია გადის: ღვინო, მინერალური წყლები, ხილი, მაგრამ წლების წინ მკვეთრად შეზღუდული სარკინიგზო გადაზიდვები სრულყოფილად ჯერ არ ამოქმედებულა. ბევრი რამ, რაც ადრე ბაქოს გავლით შემოდიოდა, ახლა გემებით შემოაქვთ უკრაინიდან, ეს კი პროდუქციის ფასს ზრდის. საინტერესოა, რატომ არ შემოდის აზერბაიჯანის გავლით ტვირთები მაშინ, როცა ეს გზა უფრო იაფიც არის და ხელსაყრელიც?

კომენტარი სს "საქართველოს რკინიგზის" სატვირთო გადაზიდვების დირექტორ ალექსი ნიკოლაიშვილს ვთხოვეთ:

- მარშრუტს ხშირად თვითონ ტვირთის გამგზავნი ირჩევს.

უნდა ითქვას, რომ ბაქოს მიმართულება ჩვენი სატრანსპორტო დერეფნის მთავარი არტერიაა და "საქართველოს რკინიგზაზე" ტვირთების ყველაზე დიდი ნაკადი სწორედ იმ მხრიდან მოდის - ნავთობპროდუქტებიც და მშრალი ტვირთებიც. ალბათ, ჯერ უნდა დაზუსტდეს, რა სახის ტვირთების შემოტანა ფერხდება, შემდეგ კი ეს საკითხები ჩვენი ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად განვიხილოთ. საზღვაო კომპანიები, რომლებიც შავი ზღვის აკვატორიაში მუშაობენ, ფასებს თვითონ ადგენენ. თუმცა ჩვენც ვცდილობთ ამ მხრივ მდგომარეობა გავიუმჯობესოთ: შავ ზღვაში ჩვენი სატრანსპორტო საშუალების გაშვებას ვგეგმავთ - ბორანი მათ კონკურენციას გაუწევს და ფასების დარეგულირებას შევძლებთ. ეს შეღავათი იქნება ტვირთის გამგზავნისა და მიმღებისთვის. მზად ვართ, მოვიდნენ, განვიხილოთ პრობლემები და შევეცდებით დახმარების გაწევას. ამ ეტაპზე კი მაქსიმალურად ვცდილობთ, ჩვენი ბორანი გვქონდეს, რაც საქმიანობას ძალიან გაგვიადვილებს.

- რუსეთის მიმართულება დატვირთულია? ხედავთ პერსპექტივებს ამ მხრივ?

- სულ ახლახან გაფორმდა კონტრაქტი, რომ ზესტაფონიდან 10 ათასი ტონა მარგანეცი უნდა გავიდეს რუსეთში, აზერბაიჯანის რკინიგზის გავლით. ამ მიმართულებით გააქვთ მინერალური წყლები და სხვადასხვა ინერტული მასალა... აზერბაიჯანის რკინიგზის გავლით რუსეთში საქართველოდან არაერთი დასახელების ტვირთი გადის და იმედი გვაქვს, გაისად ეს დატვირთვა კიდევ უფრო გაიზრდება. წლების განმავლობაში რუსეთთან გართულებული ურთიერთობა რკინიგზაზეც ძალიან მოქმედებდა, მაგრამ ურთიერთობები უკვე გალხვა და ეს ალბათ ქართულ რკინიგზასაც შეეხება. ველოდებით, რომ ტვირთები გაისად რუსეთიდანაც წამოვა. ჩვენ კავშირები გვაქვს რუსეთის რკინიგზასთან და იმედია, პრობლემური საკითხები ურთიერთშეთანხმებით გადაწყდება.

- საქართველოს რკინიგზამ 2013 წლის პირველი ნახევარი 41,85 მილიონი ლარის წმინდა მოგებით დაასრულა. ეს შარშანდელზე 41,14%-ით ნაკლებია. დღეს რა ვითარებაა რკინიგზაში?

- მესამე კვარტალში მდგომარეობა აშკარად გამოსწორდა. მომავალი წელი კი 2013 წელზე უკეთესი იქნება. ჩვენ რამდენიმე პროექტზე ვმუშაობთ სატვირთო გადაზიდვების სფეროში: ასტანასა და სტამბოლში ხელი მოეწერა ხელშეკრულებებს აზერბაიჯანს, ყაზახეთსა და საქართველოს შორის, გაისად ვგეგმავთ საკონტეინერო გადაზიდვების დაწყებას ჩინეთის მიმართულებით. დაწყებულია მუშაობა საკუთარი კონტეინერების შესაძენად, რაც შემოსავლის გაზრდის საშუალებას მოგვცემს. მეტად პერსპექტიული მიმართულებაა ჩინეთიდან ტვირთის შემოტანა ყაზახეთის, შემდგომ აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიის გავლით. ბათუმში კი ვასრულებთ გადამმუშავებელ ობიექტს, სადაც თურქეთიდან მომავალი ტვირთი ვაგონებში გადაიტვირთება და შუა აზიისა და აზერბაიჯანის მიმართულებით რკინიგზით გადაიზიდება. ტვირთზიდვას გაზრდის ყარსი-ახალქალაქის რკინიგზაც და შუა აზიიდან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადაზიდვაც. ვმუშაობთ როგორც სომხეთთან, ასევე აზერბაიჯანთან საკონტეინერო ბლოკმატარებლების პროექტზე. სომხეთთან პროცესი დაწყებულია, გვყავს საკონტეინერო მატარებლები, რომლებიც ფოთიდან სომხეთის მიმართულებით იმოძრავებენ და შესაბამისად, სომხეთიდან ფოთისკენ, შემდეგ კი სხვა ქვეყნებში. საკონტეინერო მატარებლების პროექტი შემუშავებული გვაქვს აზერბაიჯანთანაც. საქართველო სატრანზიტო ქვეყანაა და ეს დერეფანი ყოველთვის უნდა იყოს უმოკლესი, უიაფესი და, რაც მთავარია, უსაფრთხო - ამას კარგად ვაცნობიერებთ.

ხათუნა ჩიგოგიძე