ქართული ზამთრის კურორტების ძლიერი და სუსტი მხარეები - კვირის პალიტრა

ქართული ზამთრის კურორტების ძლიერი და სუსტი მხარეები

"სეზონური შეღავათები წარმატებით მოქმედებს აღმოსავლეთ ევროპაში, შვეიცარიასა და იტალიაშიც"

თოვლიანმა და ცივმა ზამთარმა საქართველოს ზამთრის კურორტებს დამსვენებლები მოუმრავლა. ტრადიციისამებრ, ყველაზე უკეთესი ვითარება გუდაურშია, სადაც ყველაზე მეტ დამსვენებელს ელიან. როგორც კურორტის განვითარების ფონდში აცხადებენ, წლეულს გუდაურში ტურისტების დიდი მოძალება იგრძნობა, სასტუმროებშიც ადგილები უკვე დაჯავშნილია. ამასვე ადასტურებს გუდაურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ალექსანდრე ონოფრიშვილი:

- გუდაურში ტურისტების რაოდენობას ამ სეზონზე ნამდვილად არ ვუჩივით, ვვარაუდობთ, რომ შარშანდელთან შედარებით 30%-იანი მატება გვექნება. ამის საფუძველს ის გვაძლევს, რომ სასტუმროებში ნომრები მთელი ზამთრის სეზონის განმავლობაში, აპრილამდეა დაჯავშნილი. ასევე, სოციალური ქსელებით გამოხატული აქტიურობით ვასკვნით, რომ წლეულს გუდაურში ჩამოსვლას ძალიან ბევრი ტურისტი აპირებს. საკურორტო სეზონის ოფიციალური გახსნა 21 დეკემბერსაა დაგეგმილი. უცხოელებისგან წლეულს განსაკუთრებით გააქტიურდნენ უკრაინელი და რუსი დამსვენებლები, საგრძნობლად მოიმატა აზერბაიჯანელების რიცხვმაც, ასევე აქტიურობენ პოლონელები, თურქები, ყაზახები. სასტუმროებში ფასი $100-დან იწყება, ამ ფასში შედის კვებაც.

რაც შეეხება კერძო სასტუმროებს, ისინი ინდივიდუალურად ადგენენ ფასებს, თუმცა არის ჰოსტელები, სადაც ფასი 40-45 ლარიდანაც იწყება. ასეა თუ ისე, ზამთარში დასვენების მსურველებმა უნდა იცოდნენ, რომ 15 იანვრამდე გუდაურში ადგილების შოვნა ძალიან გაუჭირდებათ.

ია თაბაგარი (საქართველოს ტუროპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარე): - უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოში ყველა სამთო-სათხილამურო კურორტი ერთნაირ მდგომარეობაში არ არის: ზოგიერთი უფრო პოპულარულია, სხვები - ნაკლებად. თანაბარ პირობებში რომ აღმოჩნდნენ, კომფორტისა და სხვა პირობების მიხედვით ერთნაირად უნდა მოვაწყოთ.

გუდაური ყოველთვის იყო და მომავალშიც პოპულარული იქნება დედაქალაქთან სიახლოვისა და ხელსაყრელი ადგილმდებარეობის გამო, თუმცა სწორი მარკეტინგის შემთხვევაში სხვა კურორტებიც კარგად ამუშავდება. ტურისტებს გუდაურში ბევრი რამ იზიდავს - გზა, ხელმისაწვდომი ტრანსპორტი, ადამიანური რესურსები, თუნდაც ახლომდებარე დედაქალაქის სამაშველო სამსახურის არსებობა. ამას ემატება მრავალფეროვანი სათხილამურო ტრასებიც. თუ ზამთრის სხვა კურორტებიც უფრო კომფორტული გახდება, ხალხიც მათ შორის გადანაწილდება. საამისო პოტენციალი გვაქვს, მაგრამ მარტო პოტენციალით რომ არ კმარა, ამის ნათელი მაგალითი ბაკურიანია: იქ სასტუმროები ბევრია, მაგრამ ამას ვერ ვიტყვით საბაგიროებსა და სათხილამურო ტრასებზე, ძალიან ცოტაა კვების ობიექტი და გასართობი ადგილებიც. მარტო ტრასა და საბაგირო არ არის საკმარისი კურორტის განვითარებისთვის. ადამიანმა კურორტზე თავი დაცულად და კომფორტულად უნდა იგრძნოს და ფასებიც ნორმალური უნდა იყოს. ბოლოს და ბოლოს, უნდა არსებობდეს რეგულარული სამაშველო სამსახური, რამე რომ მოხდეს, დამსვენებელს ხომ უნდა ჰქონდეს იმედი, რომ დროულად დაეხმარებიან?

ზემო სვანეთის ზამთრის კურორტების პრობლემებია დედაქალაქთან სიშორე, მკაცრი კლიმატური პირობები. იქამდე ასასვლელად პატარა ვერტმფრენი მაინცაა საჭირო. ამას ემატება სასტუმროებისა და კომფორტის ნაკლებობა, გათბობის პრობლემა, რადგან იქ არ არის გაზი და თუ დენი გამოირთო, ხალხი შეშის ღუმლების იმედად რჩება. საბაგიროცა და სათხილამურო ტრასებიც მესტიიდან რვა კილომეტრშია, რის გამოც გადაადგილება საკმაოდ რთულია, იქ აუცილებლად უნდა იყოს რეგულარული ტრანსპორტი საბაგირომდე მისასვლელად, რადგან კერძო ტრანსპორტი საკმაოდ ძვირი ჯდება: 80-დან 100 ლარამდე გამოგართმევთ მანქანა, რომელიც ტრასამდე მიგიყვანთ და უკან წამოგიყვანთ. მოყვარული მოთხილამურისთვის ეს არ არის ადვილად გადასახდელი თანხა. თანაც, სვანეთის ტრასები უფრო პროფესიონალებზეა გათვლილი, ვიდრე დამწყებ მოთხილამურეებზე. დაახლოებით იმავეს თქმა შემიძლია ზემო აჭარაზეც. თუმცა ზემო აჭარის უპირატესობა ის არის, რომ იქაური კურორტების მომხმარებელი შესაძლოა დასავლეთ საქართველოს ქალაქები გახდნენ. ყველაზე მეტად კი ქუთაისი, სადაც მართალია სათხილამურო სპორტი იმდენად პოპულარული არ არის, მაგრამ საერთაშორისო ბაზრის კარგად გამოყენება შეიძლება, საერთაშორისო აეროპორტის არსებობის ფაქტორის გათვალისწინებთ. საკმაო კვლევა და დაკვირვებაა საჭირო, რათა საქართველოში ეს ბიზნესი პოპულარულიც გახდეს და მომგებიანიც.

- ტურიზმის ხელშეწყობისთვის, მთავრობა სასტუმროების დაბეგვრის სეზონური რეჟიმის შემოღებაზე მუშაობს, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმაც თქვა. როგორი სისტემა შეიძლება ჩამოყალიბდეს, როგორ იმოქმედებს ის?

- გადაწყვეტილება საკმაოდ გონივრულია, იმიტომ რომ არსებობს ე.წ. მაღალი სეზონიც და დაბალი სეზონიც. მაღალი სეზონის განმავლობაში ტურისტების რაოდენობა მეტია და სასტუმროები იხდიან ჩვეულებრივ გადასახადს, ხოლო დაბალი სეზონის განმავლობაში შეიძლება დაწესდეს ფიქსირებული გადასახადი, იმიტომ, რომ თვეების განმავლობაში სამთო-სათხილამურო კურორტები, ფაქტობრივად, ცარიელია, მათ ძალიან ცოტა სტუმარი ჰყავთ. საჭიროა შეღავათები, რათა მათ იარსებონ, არ უნდა მივიყვანოთ იმ ზომამდე, რომ დაიხურონ, მით უმეტეს, უმრავლესობამ კრედიტების მეშვეობით მიაღწია ახლანდელ მდგომარეობას. ყველაზე კარგი გზა იქნებოდა დაბალი სეზონის პერიოდში ფიქსირებული გადასახადების დაწესება, თუმცა, შესაძლოა, გადასახადი არ იყოს ფიქსირებული და დამოკიდებული იყოს სასტუმროს მფლობელის შემოსავალზე. ამ საკითხების რეგულირებაში ცნობილ "საკურორტო" ქვეყნებს მდიდარი გამოცდილება აქვთ. ამგვარი შეღავათები წარმატებით მოქმედებს არა მარტო აღმოსავლეთ ევროპაში, არამედ შვეიცარიასა და იტალიაშიც. საბოლოო ჯამში კი, თუ გვინდა ამ სექტორში წარმატების მიღწევა, ჩვენს კურორტებზე ისეთივე პირობები უნდა შევქმნათ, როგორიც დასავლეთ ან აღმოსავლეთ ევროპის კურორტებზეა.

ხათუნა ჩიგოგიძე