კაპიტალის გადინებამ ინვესტიციების შემოსვლას გადააჭარბა
16-12-2013
კაპიტალის გადინებამ ინვესტიციების შემოსვლას გადააჭარბა
რა საინვესტიციო პროექტები მიმდინარეობს ამჟამად

$239 მილიონი - წინასწარი მონაცემებით, ამ მოცულობის ინვესტიციები შემოვიდა საქართველოში 2013 წლის მესამე კვარტალში. ეს რიცხვი II კვარტალის მაჩვენებელს 3%-ით, ხოლო შარშანდელი მესამე კვარტალისას - 20%-ით აღემატება. თუმცა უკვე 2011 წლის იმავე პერიოდში ინვესტიციების მოცულობა $317 მილიონი იყო. ბოლო წლების მესამე კვარტალში ინვესტიციების ყველაზე მსხვილი შემოსვლა - $489 მილიონი, 2007 წელს აღირიცხა.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოსვლის თვალსაზრისით, წლის მესამე კვარტალი არაფრით გამოირჩევა მთლიანი წლის დინამიკისგან
- ასეთია ექსპერტების შეფასება, რომლებიც ვითარების გაუმჯობესებას წლის ბოლოსა და მომავალი წლის დასაწყისში ელოდებიან. თუმცა მათ ქვეყნიდან კაპიტალის გადინების მაჩვენებელი აშფოთებთ, რაც, ბუნებრივია, არასახარბიელოდ აისახება ქვეყნის ზოგად ეკონომიკურ სურათზე.

ირაკლი ლექვინაძე (ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში):
"საყურადღებოა, რომ ქვეყნიდან კაპიტალი არა მხოლოდ შემოდის, არამედ აგრეთვე გაედინება და
წლევანდელ მესამე კვარტალში ამ მაჩვენებელმა $312 მილიონი შეადგინა. ეს ნიშნავს, რომ ბიზნესჯგუფებს საქართველოდან მიღებული მოგება გააქვთ ან ფინანსურ ვალდებულებებს ისტუმრებენ უცხოური კომპანიებისა თუ ფინანსური ინსტიტუტების მიმართ.

კაპიტალის ამ მოცულობით გადინება არ არის სასურველი მაჩვენებელი და ერთ-ერთი ყველაზე მაღალია ბოლო ხანებში. ჯამში, წლეულს ცხრა თვის განმავლობაში საქართველოდან $600 მილიონზე მეტი კაპიტალი გავიდა.
მესამე კვარტალის მონაცემები არსებულ საინვესტიციო ნაკადებს სექტემბრის ჩათვლით მოიცავს. რა თქმა უნდა, კოაბიტაციის დასრულების შემდეგ, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი პოლიტიკური გუნდის კანდიდატის გამარჯვებით დასრულდა, საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესება უნდა დაიწყოს. ვფიქრობ, მომავალი წელი ამ თვალსაზრისით უკეთესი იქნება. ეკონომიკის სამინისტრო და თანაინვესტირების ფონდი რამდენიმე საინტერესო საინვესტიციო პროექტზე მუშაობს და მინიმალური გათვლებით, გაისად საინვესტიციო ნაკადების მოცულობა $1,5-2 მილიარდი იქნება".

საინტერესოა, რომ ეკონომიკის სამინისტრო დღეს 45-მდე საინვესტიციო პროექტზე მუშაობს. მათ შორის ოთხი - ენერგეტიკის სფეროშია. კომპანია TATA Power Inernational-ი აჭარაში ააშენებს ჰიდროელექტროსადგურების კასკადებს. გარდა ამისა, საქართველოს ბაზარზე შემოვიდა მსხვილი თურქული კომპანია CALIK ENERJI და ხელი მოეწერა ხელშეკრულებას გარდაბანში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი, კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მშენებლობაზე. 2013 წლის ოქტომბრის დასასრულს ენერგეტიკის სამინისტროსა და კომპანია ღოყალ Haskoning DHV-ის შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც ახალი ჰესების დასაპროექტებლად ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის მოწყობას გულისხმობს. კომპანიამ ის 18 თვეში უნდა დაასრულოს და სამშენებლო სამუშაოებისთვის პროცედურები დაიწყოს. რამდენიმე დაინტერესებულ კომპანიასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის მშენებლობასთან დაკავშირებით.

სამშენებლო სფეროში 18 საინვესტიციო პროექტია გააქტიურებული. მაგალითად, ფართოვდება "რედისონის" სასტუმროების ქსელი და თბილისში 200-ოთახიანი Park INN-ის სასტუმრო შენდება. კომპანია Cross One-ს მოლაპარაკებები აქვს ეკონომიკის სამინისტროსთან, ისანში "კარფურის" სუპერმარკეტისთვის ტერიტორიის შეძენასთან დაკავშირებით. ქართული სამშენებლო კომპანია "რედიქსი", EBRD-თან ერთად, სასტუმრო "ჰილტონს" აშენებს. 160-ნომრიან სასტუმროში საცხოვრებელი ბინებიც განთავსდება. ბოტანიკურ ბაღთან კომპანია "კეპიტალ პარტნერზ ჯორჯიამ" დაიწყო მრავალფუნქციურ კომპლექს "კინგზ გარდენის" მშენებლობა. ყოფილი ცენტრალური უნივერმაღის შენობის მფლობელმა კომპანიამ კი გადაწყვიტა, საქართველოში აქტივობა განაახლოს და 42 თვეში შენობის სრულ რეკონსტრუქციას გეგმავს. კომპლექსში განთავსდება როგორც საცხოვრებელი ბინები, ისე სასტუმრო ოთახები.

აჭარაში შვიდი სასტუმრო შენდება. ერთ-ერთ ცნობილ ევროპულ კომპანიასთან აქტიურ ფაზაშია მოლაპარაკებები გუდაურის სასტუმრო და სათხილამურო ინფრასტრუქტურის განვითარებაში ინვესტიციის დაბანდებაზე. პროექტი ითვალისწინებს გუდაური-კობის საბაგირო გზის მშენებლობას, რაც სათხილამურო ტრასების რაოდენობის გაორმაგებას შეუწყობს ხელს. ესპანურმა კომპანია "პეფაკო გრუპმა" კი საქართველოში ორი სასტუმროს აგება გადაწყვიტა, ინვესტიციის საერთო მოცულობა $110 მილიონია. სასტუმრო აშენდება თბილისსა და ბათუმში.
სოფლის მეურნეობის აქტიურ ფაზაში შვიდი პროექტია. 2013 წლის მეორე ნახევარში, კომპანია "კეპიტალ ჰოლდინგ & ინვესტმენტმა" 4 ათასი ჰექტარი მიწა შეიძინა ხორბლისა და სიმინდის მოსაყვანად. კომპანია თღ-ი აფართოებს საქმიანობას კახეთში და ეტაპობრივად ააშენებს 26 გადამმუშავებელ ქარხანას. გორში კომპანია "კაუკასიან ნეკტარ პროდაქტსმა" ახალი პლანტაციები გააშენა და იწყებს ხილის გადამუშავების სრული საწარმო ხაზის შექმნას, რომლის ფარგლებში მომდევნო ორ წელში, სულ ცოტა, ათასი ადამიანი დასაქმდება.

კომპანია "ფიორე როსო" გეგმავს საქართველოში გარე დეკორატიული ავეჯის მაღაზიების ქსელის გახსნასა და წარმომადგენლობითი ოფისის დაფუძნებას.

რამდენიმე პროექტია მსუბუქ მრეწველობაშიც. კომპანია "მილტექსი" უკვე ფლობს "აჭარა ტექსტილს", რომელიც ოთხ სამკერვალო ფაბრიკას აერთიანებს. ამჟამად მიმდინარეობს საწარმოო სიმძლავრეების გაფართოება და საინვესტიციო პროექტის თანახმად, საწარმოო ხაზები 9-დან 21-მდე გაიზრდება. ცნობილია, რომ კომპანია პროდუქციას "ნაიკისთვის" შეკერავს. გაფართოება 2014 წლის პირველ კვარტალში დასრულდება.

LLC Miracle Group-ს ვარდის ჯიშები ჩამოაქვს - კომპანია ვარდის პლანტაციების გაშენებასა და შემდგომში ვარდის ზეთის გამოხდას გეგმავს. საქართველოს ბაზარზე შემოსვლით დაინტერესებულია შვეიცარიული ფარმაცევტული კომპანია, რომლის დაინტერესებულია როგორც ფარმაცევტული სექტორით, ასევე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამუშავებით. კომპანიამ უკვე დააბანდა $25 მილიონი "შატო მუხრანში" და ჩიფსებისა და გაყინული კარტოფილის საწარმოების დაფუძნებას გეგმავს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით