"ჩვენ შეგვიძლია ძალიან საინტერესო გავხდეთ მსოფლიოსთვის"
16-12-2013
"ჩვენ შეგვიძლია ძალიან საინტერესო გავხდეთ მსოფლიოსთვის"
რაც დრო გადის, მსოფლიოში სულ უფრო აქტუალური ხდება ტრადიციული ენერგორესურსების მარაგის შემცირების პრობლემა და გარემოზე მათი ზემოქმედებით გამოწვეული ეკოლოგიური კატასტროფის შედეგები. გამოსავალი, ერთი მხრივ, ამ რისკების შემცირებას გულისხმობს, ხოლო მეორე მხრივ, განახლებად და ბევრად უფრო უსაფრთხო ენერგორესურსებზე ხელმისაწვდომობას. სპეციალისტები, გამოსავლის სახით, "მდგრად განვითარებას" გვთავაზობენ, რაც გულისხმობს ეკოლოგიურ უსაფრთხოებას, განახლებად ენერგორესურსებს და, რა თქმა უნდა, შესაბამისი ტექნოლოგიების განვითარებას. წყალი, მზე, ქარი, გეოთერმული წყლები და ბიომასა - განახლებადი ენერგიის ყველა ეს კომპონენტი
უხვად არის საქართველოში. მსოფლიოს განვითარებულმა ნაწილმა უკვე გააკეთა არჩევანი განახლებადი ენერგიის სასარგებლოდ. სწორი მიდგომების პირობებში, ეს კონცეფცია საქართველოსთვის, შესაძლოა, მნიშვნელოვანი წარმატების საწინდარი გახდეს.

2010 წელს, საქართველოში მდგრადი განვითარების საერთაშორისო ფონდი შეიქმნა, რომლის მიზანი, სამხრეთ კავკასიაში მდგრადი განვითარების კონცეფციის შემუშავება და ამ საკითხისადმი მიძღვნილი ნებისმიერი საქმიანობის
ხელშეწყობაა. დაარსებიდან დღემდე, ფონდმა რამდენიმე საინფორმაციო კონფერენცია გამართა, სადაც ფართო აუდიტორიას მდგრადი განვითარების კონცეფციის ძირითადი პრინციპები გააცნო.

"კვირის პალიტრას" ფონდის საქმიანობასა და მიზნებზე მისი დამფუძნებელი პაატა შევარდნაძე ესაუბრა.

"უფრო ნათელი რომ გახდეს, თუ რაზეა ლაპარაკი, ცოტა შორიდან დავიწყებ - ფონდზე კი ცოტა ქვემოთ მოგახსენებთ.

ტერმინი "მდგრადი განვითარება" მსოფლიოში 90-იან წლებში ჩამოყალიბდა და ის ძირითადად რიო-დე-ჟანეიროს 1992 წლის ცნობილ გაეროს უმაღლესი დონის შეხვედრის შემდეგ გამოიყენება. იმ დროს გაერო ორ ცნებას - განვითარებასა და მდგრადობას, ცალ-ცალკე განიხილავდა. რიო-დე-ჟანეიროს შემდეგ ეს ტერმინები, ერთი კონცეფციის სახით, თითქმის ყოველთვის ერთად მოიხსენიება. ამდენად, იმ დროიდან მოყოლებული, საზოგადოების განვითარების და გარემოს დაცვის პრინციპები უშუალოდ დაუკავშირდა მდგრადობას, ხოლო მდგრადობა თავის მხრივ, განვითარების განუყოფელი ელემენტი გახდა.

დღეს მდგრადი განვითარება აღარ არის მხოლოდ კონცეფცია. თანამედროვე სამყარო ამ მოვლენის სხვადასხვა ასპექტს სწრაფად და დაჩქარებულად ითვისებს. ეს ეხება, როგორც გარემოს უსაფრთხოების და ეკოლოგიურ საკითხებს, ასევე ალტერნატიული წყაროების ათვისებას და განვითარებას. დღეს, მსოფლიო მასშტაბით, არაერთი პატარა თუ დიდი, მათ შორის გიგანტური, პროექტი ხორციელდება. პლანეტა, ამ კუთხით, ერთ დიდ ლაბორატორიად გადაიქცა.

სხვათა შორის, ჩემი იუნესკოში მუშაობის პერიოდში საქართველოში ორჯერ - 1997 და 1998 წლებში, ჩავატარეთ ამ თემასთან დაკავშირებული საერთაშორისო კონფერენცია.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მდგრად განვითარებას, მე არასოდეს არ განვიხილავდი, მხოლოდ გარემოს დაცვითი ან შესაბამისი ალტერნატიული ენერგეტიკის ტექნოლოგიების დანერგვის გზად. ის კომპლექსური, მრავალასპექტიანი მოვლენაა; ეს უპირველეს ყოვლისა, ისეთი ტიპის საზოგადოებრივი ცნობიერების განვითარებას გულისხმობს, სადაც უპირატესი და პრიორიტეტული - ადამიანის გარემოა. აქ იგულისხმება სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული, ეთნიკური, ისტორიული, ენობრივი ფასეულობების განვითარება. ცალკე აღებული გარემოს დაცვა ან ახალი "მწვანე" ტექნოლოგიების დანერგვა, ჯერ კიდევ არ ნიშნავს მდგრადობას. არადა, უმეტესწილად, მსოფლიო პრაქტიკა სწორედ ამ ფაქტორს განიხილავს, როგორც მდგრადი განვითარების უმთავრეს პრინციპს. ადამიანის კულტურულ ფასეულობათა გარეშე, ამგვარი მიდგომა მრავალი საშიშროების შემცველია, მათ შორის ისეთის, როგორიც პატარა ერებისა და კულტურების გადაშენება-განადგურებაა.

ამ კუთხით, მდგრადი განვითარება გლობალიზაციის იმ ნეგატიურ ასპექტს უკავშირდება, ადამიანისა და საზოგადოების ინდივიდუალურ ფასეულობებს რომ ანადგურებს. ხომ ფაქტია, რომ გლობალიზაციის ერთი ყველაზე უარყოფითი მხარე სწორედ ინდივიდუალურ ფასეულობათა დათრგუნვა-განადგურებაა; ეს კი, უნივერსალური მასშტაბით, პატარა და მცირე ერების ნიველირებას გულისხმობს.

თუ გვინდა, რომ მომავალი მსოფლიო არ განვითარდეს ამ გზით (რაც, საბოლოოდ მისთვისვეა დამღუპველი), აუცილებელია ამ პროცესთან შებრძოლება; უფრო სწორად, ცხოვრებაში ისეთი პრინციპების დანერგვა, რომელიც ავტომატურად გამორიცხავს გლობალური ტექნოლოგიების ცალმხრივ განვითარებას. არადა, სიტუაცია, კაცმა რომ თქვას, ანეკდოტურიც კია: საერთაშორისო ორგანიზაციები, შესაბამისი კანონმდებლობითა თუ ქმედებით, ცდილობენ გადაარჩინონ და რიგ შემთხვევებში აღადგინონ ფლორისა თუ ფაუნის ესა თუ ის სახეობა. ეს თავისთავად, უაღრესად მნიშვნელოვანია. მაგრამ რაღაც არ გამიგია, მსოფლიო ასევე იბრძოდეს პატარა ერებისა და კულტურების გადარჩენისთვის. ერების თუ ენების გადაშენების სტატისტიკა კი, ნამდვილად სავალალოა. თითოეული გამქრალი ენა, კულტურა, იმ გლობალური საფრთხის შემცველია, რომელიც ცივილიზაციის საბოლოო განადგურებით "გვემუქრება".

ამაზე ლაპარაკი, ალბათ, ძალიან შორს წაგვიყვანს. მინდა, უბრალოდ ხაზი გავუსვა იმ პრობლემის აქტუალურობას, რასაც მდგრადი განვითარების სოციალურ-კულტურული ასპექტი ჰქვია. დღევანდელი მსოფლიოს განვითარება ტექნოლოგიური პროგრესითაა განპირობებული და მისი ცალმხრივობა საერთო კატასტროფის ტოლფასია. გლობალიზაცია, როგორც პროცესი, ჰუმანიზაციის პრინციპებზე უნდა გადიოდეს. ეს არის ამოსავალი წერტილიც და საბოლოო მიზანიც.

კიდევ ერთი რამ, რაც უნდა ითქვას: მდგრადი განვითარება და შესაბამისი ტექნოლოგიები მომავლისკენ მიმართული პროცესია. ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა, ის ამ პროცესში მონაწილეობას უნდა გულისხმობდეს. აქედან გამომდინარე, ეს ყოველივე განვითარებულ მსოფლიოში საკუთარი ადგილის დამკვიდრების შანსიცაა. კარგია გაეროც, ევროკავშირიც, მაგრამ ქვეყნის მსოფლიო პროცესებში რეალური ჩართულობა სწორედ ამ ფორმით უნდა ხორციელდებოდეს.

მე მესმის, რომ ეს ყველაფერი, ყოველდღიურობის თვალსაზრისით, ბევრისთვის აქტუალური არც არის; თუმცა მჯერა, რომ საზოგადოების და ქვეყნის საშუალო თუ გრძელვადიანი განვითარების თვალსაზრისით, მდგრადი განვითარების კონცეფციის რეალიზაცია ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, აბსოლუტურ პრიორიტეტად უნდა გადაიქცეს.

მდგრადი განვითარების საერთაშორისო ფონდის მიზანია ყოველივე ზემოთ თქმულის კონკრეტულ საქმიანობაში გადაყვანა.

- ფონდის მიზანი ცხადია, მაგრამ რა მექანიზმებით, რესურსით იმუშავებს ფონდი იმისთვის, რომ კონცეფციის პირველი შედეგები დავინახოთ?

- ამ ეტაპზე ჩვენ არ ვართ მოგებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, თუმცა მომავალში არ გამოვრიცხავ რაღაც ტიპის ფინანსურ სტრუქტურად ჩამოყალიბებას. ფონდი ძირითადად შემოწირულობებით დაარსდა და დღესდღეობით არსებობას თვითდაფინანსებით აგრძელებს. თუმცა ეს ყოველივე არ არის საკმარისი მისი გრძელვადიანი არსებობისთვის. შესაბამისად, მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი კონკრეტულ პროექტებში ჩართულობა.
გვაქვს რამდენიმე საინტერესო იდეა; მათ შორის სადემონსტრაციო "მზიური" დასახლების პროექტი, მხოლოდ ალტერნატიული ენერგიის წყაროებსა და შესაბამის ტექნოლოგიებზე იქნება დაფუძნებული. ამასთანავე, აქ გათვალისწინებულია ის სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული თავისებურება, რომელიც დამახასიათებელია კონკრეტული რეგიონისათვის. ერთ-ერთი ასეთი პროექტი ჩვენ ასპინძის მიდამოებში შევარჩიეთ და პროექტიც იმ რეგიონის თავისებურებებს გულისხმობს.

თუმცა, ამგვარი "მზიური" დასახლება საქართველოს, და არა მხოლოდ საქართველოს, უამრავ ტერიტორიაზეა შესაძლებელი. განსაკუთრებით საინტერესოა საქართველოს მაღალმთიანი რეგიონები. ყველაფერთან ერთად, ამგვარი დასახლება, ენერგეტიკულად მთლიანად დამოუკიდებელი იქნება, რაც მთის არაერთი პრობლემის მოგვარებასაც გულისხმობს. საშუალოდ ამ ტიპის პროექტი საკმაოდ ძვირი, 50 მილიონი დოლარი ჯდება და მისი დაფინანსება, ერთობ პრობლემურია. თუმცა, იმედი გვაქვს, რომ კერძო ინვესტიციებითა და საერთაშორისო დაფინანსებით, ასევე სახელმწიფოს გვერდში დგომით, ეს პროექტი მაინც იხილავს დღის სინათლეს. ყველაფერთან ერთად, სწორად გააზრებული ეკონომიკური პარამეტრების დანერგვით, ასეთი დასახლება 10-15 წელიწადში თავისუფლად ამოიღებს ჩადებულ თანხებსა და ინვესტიციებს.

საქართველოს, განახლებადი ენერგიის წყაროების მიხედვით, უნიკალური მონაცემები აქვს. ჩვენ არ გაგვაჩნია ტრადიციული ენერგიის წყაროები (აირი, ნავთობი), მაგრამ განახლებადი ენერგიის წყაროების მიხედვით მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი გვიჭირავს. შეიძლება, დღეს ეს ფანტასტიკურად ჟღერდეს, მაგრამ ათ-ოც წელიწადში საქართველო, ამ მონაცემების მიხედვით, შესაძლოა, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უფრო მდიდარ ქვეყნად გადაიქცეს.

ევროპასა და ამერიკაში, მთლიანად მსოფლიოში, განახლებადი ტექნოლოგიების "ბუმია". რაც უფრო მალე ავუწყობთ ფეხს ამ გლობალურ ტენდენციას, მით უკეთესი. როცა გერმანია, 2025-2030 წლებში ვარაუდობს მოხმარებული ენერგიის ნახევარზე მეტი, ალტერნატიული, ძირითადად ქარის ენერგიაზე იყოს დაფუძნებული, ჩვენი უნიკალური რესურსები ათმაგად მეტ საშუალებას გვპირდება. ოღონდ საჭიროა მოვინდომოთ და ამ საკითხს ისეთი სერიოზულობით მოვეკიდოთ, როგორც ამას განვითარებული ევროპის და აშშ-ის სახელმწიფოები ახორციელებენ. თუმცა, მსურს კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი იმას, რომ ამ ტექნოლოგიების დანერგვა უნდა მოხდეს კომპლექსურად; უნდა ავამაღლოთ საზოგადოების ცნობიერება და ამასთან, სრულად დავიცვათ და მივუსადაგოთ ტექნოლოგიურ პროგრესს საზოგადოების ეთნოისტორიული, კულტუროლოგიური თავისებურებები. საზოგადოების მდგრადი განვითარება, როგორც ვთქვი, მარტო ადამიანის მატერიალურ კეთილდღეობას არ უნდა ნიშნავდეს. საკუთარი "ხმის" შენარჩუნება ამ განვითარების აუცილებელი პირობაა.

- ერთი მიმართულება, შესაძლოა, იყოს მოსახლეობის ინფორმირებულობა ყველა იმ სიკეთის შესახებ, რაც ენერგიის ალტერნატიულ წყაროებს მოაქვს. ამ მიმართულებით თქვენმა ფონდმა გარკვეული სამუშაო უკვე ჩაატარა. რა იქნება თქვენთვის შემდეგი ამოცანა?
- ნებისმიერ ახალ და მათ შორის, ალტერნატიული ენერგიის ტექნოლოგიების განვითარებასა და დანერგვას, სახელმწიფოს მხრიდან, აუცილებლად ესაჭიროება მხარდაჭერა და ხელშეწყობა. ეს თავისთავად გულისხმობს სხვადასხვა სახის შეღავათებსაც, თუმცა არა მარტო ამას. ჩვენ თანამშრომლობას ვფიქრობთ როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე. ქვეყანა პრიორიტეტულად უნდა გადავიდეს განვითარების იმ "რელსებზე", რასაც ალტერნატიული ენერგეტიკის განვითარება ჰქვია. პოლიტიკური ნების გარეშე ეს დარგი ვერ განვითარდება. ჩვენი მოსახლეობის სოციალური ფონიდან გამომდინარე, ოპტიმალური გამოსავალი იქნება, რომ ამგვარი პროექტები ეკონომიკური თუ ფინანსური შეღავათების პრინციპით განვითარდეს. ეს კი, სახელმწიფოს ამ პროექტებში უშუალო ჩართულობას გულისხმობს. ასეა განვითარებულ ქვეყნებში, ასე უნდა იყოს ჩვენთანაც. ამ მიმართულებით ჩვენ შეიძლება მართლაც ძალიან საინტერესო გავხდეთ მსოფლიოსთვის, უფრო მეტად კი - რეალური გავხადოთ ქვეყნის სამომავლოდ ენერგეტიკული დამოუკიდებლობა და საყოველთაო კეთილდღეობა.

- მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გკითხოთ: მთელი ამ ხნის განმავლობაში სად ცხოვრობდით, სად მუშაობდით, ან აპირებთ თუ არა სამშობლოში დაბრუნებას?

- თითქმის ოცი წელი პარიზში გავატარე. 1990 წლიდან, 18 წელი იუნესკოს სამდივნოში სხვადასხვა მიმართულებით ვმუშაობდი. სოციალური მეცნიერებების, კულტურის, ასევე იუნესკოს საგარეო ურთიერთობების სექტორებში. სწორედ იუნესკოში დავინტერესდი პირველად განახლებადი ენერგეტიკის საკითხებით. რაც შეეხება ჩემს სამშობლოში დაბრუნებას, მოკლედ გეტყვით: მე არსად არ წავსულვარ, სამშობლოსთან ფიზიკური დაშორება, როგორ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, მასთან უფრო მეტ სიახლოვეს ნიშნავს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით