2013 წლის ეკონომიკური ანატომია
23-12-2013
2013 წლის ეკონომიკური ანატომია
შედარებით წელგამართული და შეფერხებული სექტორების "აიწონა-დაიწონა"

ეკონომიკას 2013 წელს პრობლემები სდევდა - დაგეგმილი 6%-იანი ზრდა ვერ შესრულდა, პასიურობდა ბიზნესსექტორიც. ხელისუფლება, რომელიც ამას მძიმე მემკვიდრეობით ხსნიდა, იმედოვნებს, რომ სახელისუფლებო წნეხისგან გათავისუფლებული ბიზნესი განვითარების გზას დაადგა. სიძნელეების მიუხედავად, გასული წელი ეკონომიკისა და ბიზნესის რამდენიმე სექტორისთვის წარმატებული იყო. ცხრა თვეში ექსპორტი 14%-ით გაიზარდა, იმატებდა სოფლის მეურნეობისა და საფინანსო სექტორების მაჩვენებლები...

ირაკლი ლექვინაძე (ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში): "ვფიქრობ, წარმატებული სექტორების რეიტინგში პირველი პოზიცია ტურიზმს უჭირავს.
წინა წელთან შედარებით ვიზიტიორების რიცხვი გაზრდილია 23%-ით და 5 მილიონს გადააჭარბა, შემოსავალი კი $800 მილიონამდეა. სხვადასხვა ბაზარზე საქართველოს აქტიურად რეკლამირებამ შედეგი გამოიღო და ეს უნდა გაგრძელდეს. საგრძნობი როლი ითამაშა დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების შემოსვლამ, რამაც მგზავრობა გააიაფა. ვფიქრობ, ამ სექტორში მატება გაგრძელდება უკრაინელი და რუსი ტურისტების ხარჯზე
- მათთვის საქართველოში ტურები ძალიან პოპულარულია. თუმცა ინფრასტრუქტურისა და სერვისების გასაუმჯობესებლად ცვლილებები აუცილებელია.

წარმატებული წელი იყო ღვინის ინდუსტრიისთვისაც. 2013-ში ღვინის ექსპორტი თითქმის გაორმაგდა (მოიმატა 96%-ით). ბაზარი ფართოა და 45 მლნ ბოთლი ექსპორტირებული ღვინო 48 ქვეყანაში იყიდება. საექსპორტო შემოსავლებმა $90 მილიონს გადააჭარბა. ინდუსტრიისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა რუსეთის ბაზრის გახსნა, სადაც ექსპორტის 45% გადის, აგრეთვე, იაფი აგროსესხის პროგრამა ყურძნის შესყიდვისთვის, რითაც ბევრმა კომპანიამ ისარგებლა. რთვლის პროგრამაც ერთ-ერთი წარმატებული იყო ბოლო წლებში.

ენერგეტიკა კვლავინდებურად რჩება ინვესტორებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ სექტორად, საითაც შემოსული ინვესტიციების 30% მიემართება. დიდია ჰიდრორესურსების პოტენციალი, მზარდია საშინაო და რეგიონული ბაზრები და ეს იწვევს ინვესტორების დაინტერესებასაც. ინიცირებულია მსხვილი ჰესების პროექტებიც და ვფიქრობ, რომ წინააღმდეგობების მიუხედავად, საქართველო ჰიდროენერგიის ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორი გახდება. 2013 წელს სექტორში გააქტიურდნენ როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ინვესტორები. აღსანიშნავია ხუდონის პროექტი, სადაც $1,2 მილიარდის დაბანდებაა დაგეგმილი. აგრეთვე ამერიკელი ინვესტორი იწყებს საქართველოში ალტერნატიული ენერგეტიკული პროექტების განვითარებას. მომხმარებლისთვის შემცირდა ელექტროენერგიის ტარიფები, თუმცა კორპორაციული ტარიფები კვლავ მაღალია და ბიზნესისთვის პრობლემად რჩება.

საბანკო სფერო ტრადიციულად წარმატებულია. ბაზარზე დიდი ცვლილება არ მომხდარა, თუ არ ჩავთვლით ახალი მოთამაშის, "ფინკას" შემოსვლას. ბანკების მოგება სამჯერ გაიზარდა, აქტივების მატება 13%-ია, სესხების - 12,5%. სტაბილურად იზრდება დეპოზიტები. აღსანიშნავია ახალი პროდუქტების შეთავაზება - იპოთეკური სესხები ლარებში, საკმაოდ დაბალი პროცენტით, რომელიც ეროვნული ბანკის რეფინანსირებაზეა დამოკიდებული. ამან შეამცირა პროცენტი იპოთეკურ სესხებზე და განაკვეთი სხვა სახის სესხებზეც იკლებდა.

ტრანსპორტი და ლოგისტიკა წლების განმავლობაში სტაბილურად ვითარდება. საქართველო ლოგისტიკური კვანძია და ბიზნესის სტაბილურობაც აქედან გამომდინარეობს. ასევე სტაბილურად იზრდება საპორტო და საავტომობილო გადაზიდვები, ეს უკანასკნელი რუსეთის ბაზრის გახსნამაც გაზარდა.

თუმცა ტვირთნაკადმა დაიკლო რკინიგზაზე, რაც გეოპოლიტიკური და შიდა მოხმარების ფაქტორებით აიხსნება. სწორი გადაწყვეტილება იყო თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობის გაგრძელება. აქტიურად შენდება ბაქო-თბილისი-ახალქალაქი-ყარსის სარკინიგზო მონაკვეთი და ავტობანი. გაიხსნა ავსტრიული კომპანია "გებრუდერ ვაისის" უმსხვილესი ლოგისტიკური ცენტრი. საჰაერო ტრანსპორტის მგზავრთნაკადმა კი სარეკორდო 1,5 მილიონზე მეტ მგზავრს მიაღწია. გამოჩნდნენ ახალი ავიაკომპანიები ("ვიზ ეარი", "ატლასჯეტი"), აქტიურად მუშაობს ქუთაისის აეროპორტი. ბაზარი მზარდია და კონკურენტული, რაც გადაზიდვის ფასებზე აისახება.

კომუნიკაციების სექტორი საგრძნობი ცვლილებების გარეშე ვითარდებოდა. პორტირების სერვისმა ბაზარზე კონკურენცია გაზარდა, წლის ბოლოს შემცირდა ურთიერთჩართვის ტარიფებიც. ვფიქრობ, ეს ბაზრის გაიაფებასა და ტრეფიკის გაზრდას გამოიწვევს, თუმცა ბაზარზე ჯერჯერობით კვლავაც შეზღუდული კონკურენციაა.

საცალო ვაჭრობის (რითეილის) ბაზარზე, განსაკუთრებით, სუპერმარკეტებისა და ჰიპერმარკეტების სეგმენტში, დიდი ძვრები აღინიშნა. 2012 წლის ბოლოს "კარფურის" შემოსვლამ და გაფართოებამ კონკურენცია გაზარდა. 2013 წელს ფინანსური პრობლემები ჰქონდა თითქმის ყველა ქსელს, რაც ზოგჯერ არაეფექტიანი მენეჯმენტით აიხსნებოდა ("იოლი", "პოპული", "ორი ნაბიჯი"), ზოგჯერ კი ყოფილი ხელისუფლების რეკეტს უკავშირდებოდა ("გუდვილი", "მარშე").

ნავთობპროდუქტების ბაზარი ადრე თუ მხოლოდ ხუთი მონაწილისთვის იყო გახსნილი, დღეს იმპორტზე ხელი მეტ კომპანიას მიუწვდება და საწვავის საცალო ბაზარზე კონკურენცია მცირედით, მაგრამ მაინც გაიზარდა, ფასები განსხვავებულია და კარტელური გარიგების ნიშნებიც ნაკლებია. თუმცა ბაზრის კონცენტრაცია კვლავაც მაღალია. მკვეთრად იკლებს ბენზინისა და დიზელის მოხმარება და იმატებს გაზის საწვავის პოპულარობა, რაც გლობალურ ტენდენციას ემსგავსება.
ფარმაცევტიკაში საგრძნობი რყევები არ მომხდარა, თუ არ ჩავთვლით წლის დასაწყისში პრემიერის მოწოდებას მონოპოლიური გარემოს გახსნის შესახებ. ბაზარი სტაბილურია და სამი დომინანტიც კვლავ რჩება.

პრობლემებია დაზღვევაში. ეს განაპირობა როგორც გასულ წლებში რეგიონული საავადმყოფოებისთვის კაპიტალის გაღებამ, ასევე სახელმწიფო დაზღვევის პროგრამის ამოქმედებამ. ბაზარზე 13 კომპანიაა, წლის დასაწყისში ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი "იმედი L" გადავიდა მეორე ლიდერის, "ალდაგის" მფლობელობაში. ეროვნულ ბანკს გამოეყო დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური, რომელსაც რამდეჯერმე მოუწია რეაგირებამ და რამდენიმე კომპანიის დროებით, სარეაბილიტაციო მართვაში შესვლამ, მათი არამყარი ფინანსური მდგომარეობის გამო. ბაზრის მოცულობა 2013 წლის ოქტომბრისთვის 406 მლნ ლარია, რაც შარშანდელზე თითქმის მეხუთედითაა ნაკლები.
გადამმუშავებელი მრეწველობა ყველაზე სუსტ წერტილად რჩება. 2013 წელს, ფაქტობრივად, არც ერთი ახალი მსხვილი კომპანია არ გამოჩენილა. დარგი საკმაოდ მგრძნობიარეა გარდამავალი პერიოდისა და პოლიტიკური გარემოს მიმართ. ინვესტიციებშიც, გადამმუშავებელი სექტორის წილი მხოლოდ 7%-ია. მცირედით, მაგრამ მაინც დაკლებულია გამოშვებული პროდუქციის მოცულობაც, რაც სამომხმარებლო აქტივობისა და ხარჯების შემცირებას შეიძლება მივაწეროთ.

აგროსექტორი გასული და მომავალი წლების ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. უფასო ხვნა-თესვის პროგრამისთვის 700 მლნ ლარი დაიხარჯა. ერთ წელიწადში აგროსექტორი 15%-ით არის გაზრდილი. საკმაოდ მოსავლიანი იყო წლევანდელი შემოდგომა. კახეთში მოხერხდა ყურძნის ხელსაყრელად გაყიდვა, რასაც ვერ ვიტყვით ციტრუსზე, რადგან უამინდობის გამო შეფერხებებია. წლის ბოლოს გამოიკვეთა კარტოფილის დეფიციტი მწირი მოსავლის მიზეზით. სულ აგროსექტორი მშპ-ის 9,4%-ს ქმნის, რაც 2 მილიარდი ლარის ფარგლებშია და სექტორის წინსვლაზე მიუთითებს.
რუსეთის ბაზარი გაიხსნა, თუმცა ჯერჯერობით პრობლემებია ქართული ხილის, ჩაის, ციტრუსის, მწვანილისთვის. მოთხოვნა და ფასები 2013 წელს შედარებით მაღალი იყო თხილის ბაზარზე. მთლიანობაში აგრარულ სექტორს დღეს კვლავ უდგას კომერციალიზაციის პრობლემა, შიდა ბაზარზე მოთხოვნის მხოლოდ 15% კმაყოფილდება, გაძნელებულია რეგიონულ ბაზრებზე წვდომაც. პრობლემად რჩება აუთვისებელი მიწები, მწირია ტექნოლოგიები, ფინანსური რესურსები, აგროდაზღვევა და ყველაზე მთავარი - განათლება ფერმერებში. 2013 წელი ასევე გამოირჩეოდა ადგილობრივი მოსახლეობის არაკეთილგანწყობილი დამოკიდებულებით იმ ინვესტორების მიმართ, რომლებიც მიწებს ამუშავებენ. მთავრობამ უცხოელებისთვის მიწების მიყიდვაზე მორატორიუმი მიიღო, რამაც მათში დაბნეულობა გამოიწვია.

მშენებლობის სექტორი 25%-ით შემცირდა. ეს იმით არის გამოწვეული, რომ ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი გადაიხედა და რევიზია გაუკეთდა. კლება, ძირითადად, სახელმწიფო პროექტების ხარჯზე აღინიშნება. კერძო სექტორში უმთავრესად აზერბაიჯანული კომპანიები აქტიურობენ. კერძო კომპანიების მშენებლობები ცოტაა, თუმცა მხოლოდ კერძო სექტორს თუ ავიღებთ, უმნიშვნელო გააქტიურებაც კი გვაქვს. რაც შეეხება უძრავ ქონებას, მთელი წლის განმავლობაში ფასები საცხოვრებელ და კომერციულ ფართებზე, აგრეთვე მიწებზე, თითქმის არ შეცვლილა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით