2014 - რთული, მაგრამ იმედის მომცემი - კვირის პალიტრა

2014 - რთული, მაგრამ იმედის მომცემი

რას ემყარება ოპტიმისტური მოლოდინები

ახალი, 2014 წელი უკვე კარს მოგვადგა და ბუნებრივად ჩნდება კითხვა: რას მოუტანს ის საქართველოს ეკონომიკას? ქართველი ექსპერტებისა და ეკონომისტების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ მომავალი წელი რთული, მაგრამ იმედის მომცემი იქნება და სწორი ეკონომიკური პოლიტიკის წარმართვის შემთხვევაში, 2014 წელს, შესაძლოა, წინსვლა-განვითარებას კარგი საფუძველი ჩაეყაროს.

სოსო არჩვაძე (პროფესორი, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში): - მომავალი წელი ოპტიმისტურად უნდა შევაფასოთ. ვფიქრობ, ეკონომიკური ზრდის ტემპი გაცილებით მაღალი იქნება, ვიდრე წლეულს. არ გამოვრიცხავ, ინვესტიციების დონეც საგრძნობლად გაიზარდოს. ქართული პროდუქცია უფრო მეტად გამოჩნდება რუსულ ბაზარზე, რაც მოსახლეობის შემოსავლებს გაზრდის. შედარებით მაღალი იქნება ინფლაციის დონე, რადგან წინა წლებში მთავრობა ლარის კურსს ხელოვნურად იჭერდა, ეს კი დეფლაციის წყარო იყო. ისიც სათქმელია, რომ ეკონომიკური ზრდა უფრო ნაკლებად იქნება შესამჩნევი, ვიდრე სოციალური.

მომავალი წელი პოლიტიკური თვალსაზრისით უფრო სტაბილური იქნება, რასაც მეტი გარკვეულობა და ბიზნესისთვის მეტი თავისუფლების მინიჭება მოჰყვება. ამას ხელს შეუწყობს ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის ამოქმედება, რაც გაზაფხულისთვის არის დაგეგმილი. მთავრობა ალაპარაკდა კოოპერატივებისა და გლეხური მეურნეობების შექმნაზე და სხვების მსგავსად, იმედი მომეცა, რომ ბოლო მოეღება ტენდენციებს, რომლებიც უკვე ოცი წელია გრძელდება და საბოლოოდ სოფლის მეურნეობის დაკნინება გამოიწვია. ვფიქრობ, მომავალი წელი სოფლის მეურნეობის განვითარების წელი იქნება.

ტურიზმის განვითარებას, რაზეც წინა ხელისუფლება დიდ იმედებს ამყარებდა, არა მარტო ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა და ლანდშაფტი განსაზღვრავს, არამედ ეკონომიკური პოტენციალი, ინფრასტრუქტურის დონე, მომსახურების კულტურა და ბევრი სხვა რამ, რაც უცხოელ დამსვენებელს იზიდავს. ტურისტული ინფრასტრუქტურა არა მარტო მაღალშემოსავლიან კონტინგენტზე უნდა იყოს გათვლილი, არამედ სხვადასხვა შეძლებისა და მოთხოვნილების ადამიანებზე, რათა ყველამ შეძლოს ჩამოსვლა და დასვენება. ბოლო დრომდე ხელისუფლება დიდ ყურადღებას უთმობდა მაღალი კლასის სასტუმროებსა და შესაფერის ინფრასტრუქტურას, შედარებით დაბალშემოსავლიან კონტინგენტზე კი ნაკლებ ყურადღებას ამახვილებდა, არადა, ტურისტების დიდი ნაწილი სწორედ საშუალო ფენის წარმომადგენელია.

დიდ გავლენას ახდენს საქართველოს ეკონომიკაზე გლობალური ეკონომიკური პროცესებიც. როგორც წესი, მხოლოდ ჩვენი ძალისხმევა და `მკლავების დაკაპიწება~ არ კმარა. რაც მსოფლიოში ხდება, მკვეთრად აისახება საქართველოს მსგავსი ქვეყნების ეკონომიკაზე. თუ ყველაფერი კარგად იქნება, დღევანდელი გადასახედიდან, 5-6%-იანი ეკონომიკური ზრდა გაისად სავსებით რეალური და შესაძლებელია.

ვაჟა ბერიძე (ეკონომიკის ექსპერტი): - ვეთანხმები მოსაზრებას, რომ მომავალი წელიწადი იქნება მშვიდი და დინჯი მოქმედების პერიოდი. თუ 2014 წელს პოლიტიკური კონიუნქტურა ქვეყანაში და მის გარშემო არ შეიცვლება, ეკონომიკის აღმავლობას, შესაძლოა, მტკიცე საფუძველი ჩაეყაროს. მიმაჩნია, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპი მაღალი არ იქნება და მშპ საშუალოდ 4-5%-ის ფარგლებში გაიზრდება. ეს არ არის მაღალი მაჩვენებელი, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ სააკაშვილის დროინდელი ეკონომიკის ტრანსფორმაცია მიმდინარეობს, ყველაფერი ნათელი ხდება: ფასადურობა და ინფრასტრუქტრული პროექტების ხარჯზე მშპ-ის ზრდა ადგილს უთმობს რეალურ ეკონომიკაზე გადასვლას, სოციალური პრობლემების გადაწყვეტა პრიორიტეტული ხდება. ალბათ ამიტომაც უკავია ბიუჯეტში დიდი ადგილი მასშტაბური სოციალური პროგრამების დაფინანსებას. ამავე დროს, ვფიქრობ, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროები საბოლოოდ ჩამოაყალიბებენ ქვეყნის ფინანსური განვითარების კონცეფციას და გამოკვეთენ, რა იქნება უმთავრესი უახლოესი წლებისთვის. წინასწარ დოკუმენტში, რომელიც უკვე გამოქვეყნდა, ყურადღება გამახვილებულია ენერგეტიკაზე, სოფლის მეურნეობაზე, ტურიზმსა და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. ჩემი აზრით, დიდ როლს ითამაშებს თანაინვესტირებისა და საპარტნიორო ფონდების ამუშავებაც. დაგეგმილია ისეთი მასშტაბური პროექტები, როგორიცაა ხუდონჰესი, ანაკლიის პორტი, კოოპერატივებისა და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობა და დაფინანსება - ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, იმედის მომცემ პერსპექტივებს შექმნის.

განსაკუთრებულ წინსვლას არ ველოდები დასაქმებისა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მხრივ, მაგრამ ვფიქრობ, რომ გაისად უნდა ჩაეყაროს საფუძველი 2015 და 2016 წლების აღმავლობას. ალბათ, უფრო სტაბილური გახდება მთავრობის პოლიტიკაც და გამოჩნდება, აქვს თუ არა დღევანდელ ხელისუფლებას ქვეყნის კრიზისული მდგომარეობიდან გამოყვანის უნარი, შეუძლია თუ არა, სათავე დაუდოს ეკონომიკურ აღმავლობას. ამ მხრივ 2014 წელი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, როგორც ახალი ეკონომიკური პროექტებისა და სტაბილურობის პერიოდის დასაწყისი.

სხვათა შორის, ახლახან პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა რეზოლუციას შაჰ-დენიზის ნავთობსადენის მეორე ფაზის დაფინანსების შესახებ. ამ პროექტის მეშვეობით საქართველოში $400-$700 მილიონის ინვესტიცია ჩაიდება, რაც მშპ-ის მოცულობაზეც მოახდენს გავლენას. ამ და სხვა მაგალითებიდან ჩანს, რომ დამდეგი 2014 სტაბილურობისა და აღმავლობისთვის მოსამზადებელი წელიწადი იქნება.

ხათუნა ჩიგოგიძე