ახალ ბიუჯეტში შეცდომებია დაშვებული?!
23-12-2013
ახალ ბიუჯეტში შეცდომებია დაშვებული?!
"მხოლოდ იმის აღნიშვნა, რომ ბიუჯეტი სოციალურია, სამომავლოდ არაფრის მომცემია"

2014 წელს წინსვლა უფრო მეტად სავარაუდოა ენერგეტიკაში, სოფლის მეურნეობაში, აგრეთვე მოსალოდნელია მცირე და საშუალო ბიზნესის დაწინაურება, ოღონდ შედეგის მისაღწევად სწორი ეკონომიკური პოლიტიკა იქნება საჭირო. რით იყო გამორჩეული გასული 2013 წელი და რას უნდა ველოდოთ დამდეგ 2014-ში?

ლევან კალანდაძე (ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში):
"2013 წელი ეკონომიკისთვის საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა. ეს იყო გარდამავალი პერიოდი და სირთულეები თითქმის ყველა სფეროში გვქონდა, თუმცა ზოგან იმედის მომცემი
წარმატებაც დავინახეთ. ამ თვალსაზრისით აღსანიშნავია ენერგეტიკის სფერო, სადაც ორი მნიშვნელოვანი პროექტი დაანონსდა - ხუდონჰესი და შაჰ-დენიზის მეორე ფაზა. ფაქტობრივად, ეს ორი პროექტი იქნება გარღვევა საერთაშორისო ენერგეტიკულ ბაზრებში ინტეგრაციისთვის და მათ დიდი ეკონომიკური და სოციალური სარგებელიც შეიძლება მოიტანონ. ამ თვალსაზრისით, ენერგეტიკა შეიძლება ძალიან პერსპექტიულ და დიდი
პოტენციალის მქონე სფეროდ მივიჩნიოთ.

დიდი პრობლემებია სოფლის მეურნეობაში, მაგრამ დიდია პერსპექტივებიც. მთავარია, რამდენად სწორ აქცენტებს დასვამს ხელისუფლება. მაგალითად, ძალიან მომეწონა კოოპერაციის შესახებ კანონის ინიცირება და შემდეგ პარლამენტის მიერ მისი დამტკიცება. კოოპერაცია წარმატების გასაღებია სოფლის მეურნეობაში. თუმცა სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებისთვის გასხვისებაზე მორატორიუმის გამოცხადება სერიოზული ნაკლია და კარგი იქნება, თუ აქცენტები გადაიხედება. იმედის მომცემია, რომ მშპ-ის ზრდაში საკმაო წილი 2013 წელს სწორედ სოფლის მეურნეობაზე მოდის.

საზოგადოდ ჯერ კიდევ პრობლემურია ბიზნესისთვის კომფორტული გარემოს შექმნა, ადმინისტრირების ტვირთის შემსუბუქება და მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისება. ეს არის ეკონომიკის ყველაზე მოქნილი ნაწილი, სამუშაო ადგილების გენერატორი. თუ ორიენტაცია აღებული იქნება ბიზნესგარემოს გაუმჯობესებაზე, საგადასახადო ტვირთის შემსუბუქებაზე, ოპერირების გამარტივებაზე როგორც უცხოელების, ისე შიდა ინვესტორებისთვის, ეს ბიზნესს წაახალისებს გაფართოებისკენ, ახალი სიმძლავრეების ათვისებისკენ, სამუშაო ადგილების შექმნისკენ. 2013 წელს იმიტომაც გაედინა უპრეცედენტოდ დიდი კაპიტალი, რომ ჯერ კიდევ არ შექმნილა კომფორტული გარემო საინვესტიციო ფულისთვის.

- მომავალი წლისთვის რას ელით?

- ადამიანი ყოველთვის უკეთესს ელის, თუმცა არის პრობლემები 2014 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით, რაც ცოტა პესიმისტური პროგნოზებისკენ მიბიძგებს. ამ ბიუჯეტში დაშვებულია არაერთი სტრატეგიული და იდეოლოგიური შეცდომა. საბიუჯეტო პარამეტრები არ მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ბიზნესის განვითარების თვალსაზრისით 2014 წელი წარმატებული იქნება. საგადასახადო შემოსავლების ნაწილში, 2013 წელთან შედარებით, გვაქვს საგრძნობი კლება, მათ შორის საშემოსავლო, დამატებული ღირებულებისა და მოგების გადასახადებში. ეს ნიშნავს, რომ თავად ხელისუფლება მოელის ბიზნესაქტივობის კლებას. მშპ-ის 2013 წლის მაჩვენებელი 2-3%-ის ფარგლებში მერყეობს, ხოლო 2014 წლისთვის 5%-ია დაგეგმილი. თუ ვაღიარებთ, რომ ბიზნესის ბრუნვა შემცირდება და, ამავე დროს, ვზრდით სახელმწიფოს საგარეო და საშინაო ვალს, რაც, ძირითადად, სოციალური ვალდებულებების დაფარვას მოხმარდება და არა ბიზნესის სტიმულირებასა და ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ჩნდება კითხვა - რის ხარჯზე ვგეგმავთ 5%-იან ზრდას? ვისურვებდი, რომ ეკონომიკური და საბიუჯეტო პოლიტიკა უფრო მეტად იყოს შედეგზე ორიენტირებული. მხოლოდ იმის აღნიშვნა, რომ ბიუჯეტი არის სოციალური და ადამიანების საჭიროებებს მორგებული, სამომავლოდ არაფრის მომცემია.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით