მარსელ ბიკის სამი "მომაკვდინებელი" დარტყმა - კვირის პალიტრა

მარსელ ბიკის სამი "მომაკვდინებელი" დარტყმა

"თუკი არ იცით, საით წახვიდეთ, შეგიძლიათ ნებისმიერ გზას დაადგეთ", - უთქვამს ბრძენს. გენიალურმა ინოვატორებმა ეს ჭეშმარიტება ყველაზე კარგად იციან. მარსელ ბიკი მტკიცედ იყო დარწმუნებული არჩეული გზის სისწორეში. ბიკის ჩანაფიქრი იყო მასობრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილება იმდენად იაფი საქონლით, რომ გამოყენების შემდეგ მისი გადაგდება არ დანანებოდათ.

მარსელ ბიკი ტურინში, იტალიის ფრანგულენოვან ნაწილში დაიბადა 1914 წელს. მისი მამა აიმე მარიო ბიკი იტალიელი იყო, ბარონის წოდების მქონე სამოქალაქო ინჟინერი, რომელიც მუდმივად მოგზაურობდა. მარსელიც მას დაჰყვებოდა და სამხრეთ ევროპის ხალხების - იტალიელების, ესპანელებისა და ფრანგების მენტალიტეტს სწავლობდა. საშუალო განათლების მიღებაც იტალიაში დაიწყო, მადრიდში განაგრძო და ბორდოში დაასრულა. ხოლო "კარნოს" ცნობილ ლიცეუმში სწავლისას 18 წლის ყმაწვილი უკვე პარიზში კარდაკარ დადიოდა და ფანრებს ყიდდა. ამ გამოცდილებამ შემდგომში კარგი სამსახური გაუწია.

კოლეჯის დამთავრების შემდეგ ჭაბუკი მანქანათმშენებელ კომპანიაში მოეწყო მენეჯერად. მას ღრმად სწამდა, რომ ამ სამსახურში დაბერება არ მოუწევდა და საღამოობით სწავლა-განათლებას განაგრძობდა. 1939 წელს იურისტის დიპლომიც მიიღო, მანამდე კი საფრანგეთის მოქალაქე გახდა. იმ დროისთვის ავტოკალმების მწარმოებელ უმსხვილეს ფრანგულ კომპანია "სტეფენსში" მუშაობდა აღმასრულებელ მენეჯერად. ბიკის კარიერა მსოფლიო ომმა შეწყვიტა.

კალმის კეთებას რა უნდა...

ომის შემდეგ ბიკმა და მისმა მეგობარმა ედუარდ ბუფარდმა თავი მოუყარეს 1000 დოლარს და პარიზის გარეუბან კლიშიში ერთი ქოხი იყიდეს, სადაც ბურთულიანი კალმის გულების დამზადება დაიწყეს. ასეთი კალმები ახალი ხილი იყო და დიდი მოთხოვნილებითაც სარგებლობდა. მაგრამ ეს ძვირი და არცთუ საიმედო სიახლე გახლდათ, რამაც ბიკი აიძულა, ერთჯერადი კალმების შექმნაზე ეფიქრა. ის ოთხ წელს მუშაობდა უკეთესი კალმის შესაქმნელად. მისი მიზანი მაქსიმალური სარგებლისა და მინიმალური ფასის შერწყმა იყო. პირველი ნიმუში მარსელმა 1950 წელს დაასრულა და თავისი იდეა ექვს ფირმას შესთავაზა. ერთ-ერთი იყო სოლიდური ამერიკული "უოტერმენსი", რომელიც ბიკმა მოგვიანებით იყიდა. მან საშუალება მისცა ფირმებს, პირველებს დაენერგათ სიახლე და სანაცვლოდ მისი ფირმისთვის მხოლოდ საავტორო ჰონორარი გადაეხადათ. როგორც მოსალოდნელი იყო, მათ ვერ გარისკეს და უარი განაცხადეს. მაშინ მარსელმა გადაწყვიტა, წარმოება დამოუკიდებლად განევითარებინა და რაც ებადა, ყველაფერს ბურთულიან კალამზე ფსონში ჩამოვიდა.

1953 წლის ნოემბერში საფრანგეთში "ბიკის" პირველი კალამი გამოჩნდა და მაშინვე ჰიტად იქცა. სამი წლის განმავლობაში მეწარმე დღეში 250 ათას კალამს ყიდდა და მის კიდევ უფრო გაიაფებასაც ცდილობდა. ამან ძალიან შეაშფოთა ძვირად ღირებული, ტრადიციული კალმების მწარმოებელი ფირმები, რომლებიც მასობრივი ბაზრისთვის კონკურენტულ ლამის სასტარტო მდგომარეობაში ჩარჩნენ. არადა, თავდაპირველად ბიკის ყველაზე თამამი პროგნოზი დღეში 10 ათასი ბურთულიანი კალმის გაყიდვა იყო. ასეთი მიღწევებით ფრთაშესხმულმა, თვალი უცხოეთის ბაზრებს მიაპყრო.

მარსელმა მსოფლიოს დაპყრობის აგრესიული გეგმა შეადგინა. ბიკმა თავის პატენტზე ლიცენზიური უფლება აიღო კომპანია "ლასლო ბიროსგან", რომელიც 1943 წლიდან აწარმოებდა მსგავს კალმებს არგენტინაში, მაგრამ მისი დაპატენტება მხოლოდ ორ ქვეყანაში - უნგრეთსა და არგენტინაში მოახერხა. ბიკმა ამით აიცილა შესაძლო სასამართლო დავები საპატენტო უფლებების დარღვევის მიზეზით. მან შეისყიდა ბრიტანული ფირმა "ბირო-სვონი", რომელიც ევროპისა და ავსტრალიის ინგლისურენოვან ბაზრებზე დომინირებდა. ამით მარსელმა მიიღო კვალიფიციური მენეჯერებიც და უზარმაზარ ბრიტანულ ბაზრებზე სიახლეების დანერგვის გამოცდილებაც. ლიცენზიურ უფლებებს გონივრულად იყენებდა ბრიტანულ ბაზრებზე იმ ცოდნის შესაძენად, რაც აშშ-ის ბაზარზე შეჭრისთვის დასჭირდებოდა. შენაძენი ბიკს 1,5 მილიონი ფრანკი ($300 ათასი დოლარი) დაუჯდა, თუმცა გზა გაეხსნა ავსტრალიის, ახალი ზელანდიისა და კანადის ბაზრებისკენ.

მომდევნო წელს ბიკმა შვედური ფირმა "ბელოგრაფი" შეიძინა, კომპანია "უოტერმენ პენი" (კონეკტიკუტის შტატი) კი 1958 წელს იყიდა. ამის შემდეგ, მომდევნო ათი წლის განმავლობაში, ამერიკაში ბიკი წელიწადში 330 მილიონ კალამს ყიდდა. აშშ-ის გიგანტურ ბაზარზე მარსელი "ჯილეტ პეიპერ-მეიტის" მხრიდან გააფთრებულ კონკურენციას შეეჯახა.

ყველაზე ძნელი ბურთულიანი კალმების საშინელი რეპუტაციის გამოსწორება იყო. მოგებას დახარბებულ საკანცელარიო საქონლის პირველ მწარმოებლებს უხარისხო ნაწარმით მომხმარებლის შეხედულება მთლად წაეხდინათ. ბიკმა უარყოფითი დამოკიდებულება, შორსმჭვრეტელი ინოვატორის ნიჭიერებით, დადებითით შეცვალა. ნაციონალურ ტელევიზიაში წარმართული $4-მილიონიანი სარეკლამო კამპანიის მსვლელობისას "ბიკ სტიკის" ავტოკალმებით ბურღავდნენ კედლებს, წერდნენ ყინულზე, მათ აგდებდნენ ცეცხლში, ესროდნენ იარაღიდან, თელავდნენ "ფლამენკოს" მოცეკვავეები... ამის შემდეგ კომერსანტი უჩვენებდა, რომ კალამი მაინც შესანიშნავად წერდა და მაყურებელს შეახსენებდა, რომ ის სულ რაღაც 29 ცენტი ღირდა!

მესამე დარტყმა

კალმების ბაზრის დაპყრობის შემდეგ, ბიკმა სანთებლების ინდუსტრიას მიაპყრო მზერა. მან დაამტკიცა, რომ მისი არნახული წარმატება ბედის საჩუქარი კი არა, ბიზნესუნარების ნაყოფი იყო. მარსელმა ერთჯერადი სანთებლების ბაზარზე შეაღწია და თავის პროდუქტს 30%-ით ნაკლები ფასი დაადო. ამას მორიგი სატელევიზიო სარეკლამო კამპანია მოჰყვა და "ბიკის" მახვილგონივრული ლოზუნგები ისეთი პოპულარული გახდა, რომ მათ კომედიურ შოუებშიც იმეორებდნენ. გაჩაღდა ბრძოლა კონკურენტ "ჯილეტ კრიკეტის" წინააღმდეგ. ხანგრძლივი ჭიდილი 80-იან წლებში დასრულდა სანთებლების ბაზრიდან "ჯილეტის" გასვლით. დაუდგრომელმა ბიკმა თვალი უკვე "ჯილეტის" საყრდენს - სამართებლების ბაზარს დაადგა.

აზარტული ბიკი წინ ვერ აღუდგა ცდუნებას, ერთჯერადი სამართებლები გამოეშვა, რასაც "ჯილეტი" შეგნებულად არ აკეთებდა. როცა მარსელმა ერთჯერადი სამართებლების მარკეტინგული ექსპერტიზა წამოიწყო, "ჯილეტმა" და სხვა მწარმოებლებმა მას "შეშლილი" უწოდეს. ბიკი თავისი სიახლისთვის ბაზრის 40-50%-ის მოპოვებას ვარაუდობდა, სპეციალისტები კი, ყველაზე მეტი, 10%-ს თუ უწინასწარმეტყველებდნენ. მარსელ ბიკმა ყველა მათგანის შეხედულება გააქარწყლა, როცა 1976 წელს ბაზარზე "ბიკის" ერთჯერადი სამართებლები გამოუშვა. წარმატებამ თვით შემქმნელის მოლოდინსაც გადააჭარბა - მისმა პროდუქციამ აშშ-ის სამართებლების ბაზრის 60%-ზე მეტი დაისაკუთრა, მესამე სამყაროს ბევრ ქვეყანაში კი - გაცილებით მეტი. "ბიკის" სიახლით შეშინებულმა "ჯილეტმა" 1976 წელსვე გამოუშვა ერთჯერადი საპარსი - ახალი, ძლიერი პროდუქტი - თუმცა "ბიკიც" მაგრად დაუხვდა და 1990 წლისთვის საბაზრო წილი 45%-მდე ჰქონდა აყვანილი. რომ არა მარსელ ბიკი, "ჯილეტი" ალბათ, არასდროს გამოუშვებდა ერთჯერად სამართებელს, ამიტომ მას სრული უფლება აქვს, ერთჯერადი სამართებლების ინდუსტრიის მამად მიიჩნეოდეს.

სამართებლები დიდი ინოვატორის მესამე, გადამწყვეტი დარტყმა იყო, რომლითაც საბოლოოდ ჩამოყალიბდა ერთჯერადი მოხმარების კულტურა.

გენიალური ადამიანები იმით გამოირჩევიან, რომ შეუძლიათ, ქაოსიდან და გაურკვევლობიდან შეარჩიონ მარტივი და ელეგანტური გადაწყვეტილებები. ბიკის სტრატეგია იყო - გამოევლინა პროდუქტი, რომელთაც ადამიანები ყოველდღიურად იყენებენ, თანაც იმდენად ძვირია, რომ გადასაგდებად ვერ იმეტებენ და შეკეთებას ამჯობინებენ. ბიკმა გამოიანგარიშა პროდუქტის ისეთი ღირებულება, როცა მფლობელს გადაგდება არ დაენანებოდა. მან შექმნა ახალი საწარმოო სიმძლავრეები და პროცესი ავტომატიზებული გახადა, რათა ფასები საჭირო დონემდე ჩამოეწია, შემდეგ ბაზარი მოიცვა ფართოდ განტოტვილი სადისტრიბუციო ქსელით და მსხვილი სარეკლამო კომპანიაც მოაწყო, სადაც ყურადღება ნაწარმის ფასსა და სარგებლიანობაზე გაამახვილა. ასეთმა სტრატეგიამ გააცამტვერა მისი ყველა კონკურენტი და "ბიკის" ავტოკალამი, სანთებელა თუ სამართებელი მსოფლიოში მასობრივი მოთხოვნილების ერთჯერადი პროდუქტის სტანდარტად აქცია.

დიდი ინოვატორი განმარტოებით ცხოვრებდა. აზარტული ბუნების გამო, დიდ რისკებს არ უშინდებოდა და ფრანგი ბანკირებიც დიდხანს არ აძლევდნენ კრედიტებს, ეუბნებოდნენ, რომ "ძალიან გაუფრთხილებელი ადამიანი" იყო. ამას კი ბიკი მათ დიდხანს არ უვიწყებდა...

დღეს მსოფლიოში წელიწადში "ბიკის" 3 მილიარდი ბურთულიანი კალამი იყიდება (მხოლოდ აშშ-ში - დღეში მილიონი ცალი), ფირმა ბევრ ქვეყანაშია ლიდერი კალმებისა და სანთებლების ბაზარზე.

მარსელს ძალიან უყვარდა იახტები და უაღრესად პოპულარულ "ამერიკის თასის" შეჯიბრებაში ოთხჯერ მონაწილეობდა. ბიკი 1994 წელს გარდაიცვალა, 1998 წელს კი ის, სიკვდილის შემდეგ, "ამერიკის თასის" დიდების დარბაზში შეიყვანეს.

დღეს ბიკების ოჯახი ფლობს კომპანია "სოსიეტე ბიკის" აქციების 43,1%-ს და ხმის უფლების 58,3%-ს აკონტროლებს. "ბიკის" წმინდა გაყიდვებმა 2012 წელს 1,989 მილიარდი ევრო შეადგინა.

მოამზადა ნატა ენუქიძემ