"სურვილების ხურჯინი" მთავრობისთვის - კვირის პალიტრა

"სურვილების ხურჯინი" მთავრობისთვის

რას ელოდებიან საქართველოს მოქალაქეები 2014 წელს

გასული წელი საქართველოს ეკონომიკისთვის არცთუ წარმატებული აღმოჩნდა. ეკონომიკის ზრდის მაჩვენებლების შემცირებას ლარის კურსის დაწევა მოჰყვა. ამას დაერთო ფასების მატება არაერთ პროდუქტზე. თუმცა უკეთესის მოლოდინი საახალწლოდ ყოველთვის ჩნდება. "ეკოპალიტრა" შეეცადა გაერკვია, როგორია მოსახლეობის ეკონომიკური სურვილები და რას ელიან ამ თვალსაზრისით ახალი, 2014 წლისგან.

მარიამ სისაური (დიასახლისი): "ერთი თვე იქნება, ბაზარში თითქმის ყველა პროდუქტი გაძვირდა. გასაგებია, რომ დოლარის კურსმა მოიმატა და უცხოეთიდან შემოტანილი პროდუქცია ამან გააძვირა, მაგრამ იმპორტირებულზე მეტად, ადგილობრივი წარმოების პროდუქტებია გაძვირებული. მაგალითად, ქართულ რძეს, ყველსა და სოფლის კვერცხს ისეთი ფასი აქვს, ახლოს ვერ გაეკარები. გლეხები ამბობენ, რომ ფასების ზრდა სეზონურია და თან ამას დღესასწაულებიც დაემთხვა, როცა საქართველოში სურსათი ტრადიციულად ძვირდება. ფასებმა მოიმატა და ამ დროს არც ხელფასები გაზრდილა და არც პენსიები. გამოდის, ის 25-ლარიანი დანამატი, რითაც მთავრობამ სექტემბერში პენსია გაგვიზარდა, გაძვირებულმა ფასებმა შეჭამა. სამომავლოდ იმედი მაქვს, რომ ვითარება დასტაბილურდება და ხელისუფლება შეძლებს, ამგვარ ცვლილებებს შესაბამისად უპასუხოს. მაგალითად, როცა ყველაფერი ძვირდება, სოციალური შემწეობებიც უნდა გაიზარდოს და ხელფასებიც. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა სირთულე ისევ ხალხის გადასალახავი იქნება".

დავით ჭიპაშვილი (სამარშრუტო ტაქსის მძღოლი): "ველოდები, რომ მთავრობა დაპირებული ქარხნების მშენებლობას დაიწყებს და გახსნის კიდეც. ველოდები, რომ მათ, ვინც ამ ქარხნებში დასაქმდება, უკეთესი სამუშაო პირობები და სტაბილური შემოსავალი ექნებათ. მათ შორის, რა თქმა უნდა, საკუთარ თავსაც ვგულისხმობ და იმასაც, რომ აღარ ვიქნები დილიდან დაღამებამდე გზას გამოკიდებული იმ იმედით, რომ დღეს მეტი მგზავრი მეყოლება. კიდევ იმედი მაქვს, რომ საჯარო სამსახურები ბოლოს და ბოლოს დაინტერესდებიან კვალიფიციური კადრებით და გამოაცხადებენ ღია და გამჭვირვალე კონკურსებს თანამშრომლების ასაყვანად. ორი შვილი მყავს, ერთს იურიდიული განათლება აქვს, მეორე კი ბუღალტერია და სტაბილური სამსახური ვერც ერთს ვერ უშოვია. ყველას უნდა მიეცეს თავისი უნარისა და კვალიფიკაციის მიხედვით სახელმწიფო სამსახურში დასაქმების თანაბარი შანსი და პროტექციონიზმი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს".

გურამ სოზიაშვილი (ინდმეწარმე): "ველოდები, რომ მთავრობა მცირე ბიზნესისთვის მოიცლის და ჩვენც გვექნება შესაძლებლობა, შეღავათიანი სესხებით ვისარგებლოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მცირე ბიზნესი ქვეყანაში ვერ განვითარდება, ხოლო რაც არ ვითარდება, მოგეხსენებათ, რომ ადრე თუ გვიან კვდება. ამასთან ერთად, მოსახლეობის მსყიდველობითი უნარიც უნდა გაიზარდოს, რაც ალბათ დასაქმების ზრდამ უნდა გამოიწვიოს. სხვა შემთხვევაში, რა აზრი აქვს ჩვენს განვითარებას, თუნდაც ყველაზე ხელსაყრელი დაფინანსების პირობებშიც კი, თუ მომხმარებელი არ გვეყოლება. მოკლედ, ბევრი საქმე აქვს მთავრობას და ეს ერთი წელიც უნდა ვაცალოთ".

მირიან სამხარაძე (გეოლოგი): "კარგს არაფერს ველოდები... ვერ ხედავთ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში მილიარდზე მეტის გარღვევაა, მთავრობა მომავალი წლისთვის სახელმწიფო ვალის მოცულობას ზრდის? ლარის კურსიც ამიტომ მიუშვეს, რომ სახელმწიფო ხაზინის ფინანსური პრობლემები ცოტა მაინც შეემსუბუქებინათ და არაფრად ჩააგდეს, რა ტვირთად დააწვებოდა ეს მოსახლეობას. ბანკის კრედიტი დოლარში მაქვს აღებული, ბინის ქირასაც დოლარში ვიხდი და ლარის კურსის ვარდნის გამო, ყოველთვიური ხარჯები დაახლოებით 100 ლარით გამეზარდა. ველოდები, რომ ახალი წლის დღესასწაულებზე ლარის კურსი დოლართან შედარებით კიდევ უფრო დაიკლებს. შემდეგ ცოტა დასტაბილურდება, მაგრამ 1,65-იან ნიშნულს აღარ დაუბრუნდება, რადგან მთავრობას მომავალი წლის ბიუჯეტი 1,70-ზე აქვს გათვლილი".

ეთერ ხელაია (გარემოვაჭრე): "იმედი მაქვს, 2014 წელს მაინც შეწყდება თბილისის ქუჩებში გარემოვაჭრეების დევნა. მართალია, წინა ხელისუფლების პირობებში პატრული ლამის ყაჩაღებივით დაგვდევდა და რამდენიმე ჩვენგანი წინასწარი დაკავების იზოლატორშიც მოხვდა, მაგრამ სამართალდამცველების უყურადღებობას არც ახლა "ვუჩივით". მკვეთრ ზომებს აღარ მიმართავენ, მაგრამ დროდადრო მაინც აწყობენ რეიდებს და ქუჩაში ვაჭრობას გვიშლიან. ჩვენ კი არჩევანის საშუალება არ გვაქვს: ან საპატრულო პოლიციას უნდა დავემალოთ და მაინც გამოვიდეთ გასაყიდად, ან ოჯახები ულუკმაპუროდ დავტოვოთ. დარწმუნებული ვარ, შეჯიბრება რომ მოეწყოს ვედროებით სირბილში, ქართველი გარემოვაჭრეები ტოლს არავის დაუდებენ. იმედი მაქვს, ამ წელს მაინც გვეშველება, მით უფრო, რომ არჩევნებია და თბილისს ახალი მთავრობა ეყოლება".

გიორგი სულუაშვილი (მეურნე): "ველოდები, რომ უკეთესი წელიწადი იქნება სოფლის მეურნეობისთვის. ამბობენ, რომ მთავრობა აღარ დაეხმარება გლეხებს უფასო ხვნა-თესვის პროგრამით, მაგრამ ეს არ არის მთავარი, რადგან ამაზე მეტად გლეხებს მოწეული პროდუქციის დაბინავებისა და გაყიდვის პრობლემა აქვთ. ამის ნათელი მაგალითი იყო შარშან კახეთში ატმის მოსავალი და ახლა ციტრუსის გაყიდვის პრობლემები აჭარაში. სოფლის მეურნეობას ხელშეწყობა სჭირდება, რათა შევძლოთ კონკურენციის გაწევა უხარისხო და დაბალფასიანი იმპორტირებული პროდუქციისთვის და ნელ-ნელა ადგილობრივი წარმოების პროდუქტით ჩანაცვლება. ასევე ველოდები, რომ კიდევ უფრო გაიზრდება რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტი, ამ მხრივ არანაირი შეფერხებები არ იქნება".

ნაზი ავალიანი (ჰოსტელის მეპატრონე): "ტურისტების რაოდენობის ზრდას ველოდები და იმედი მაქვს, მათი რიცხვის მატება ბიზნესის შემოსავალზეც აისახება. ჩემი გათვლებით, ამ მოლოდინს ხელი არაფერმა უნდა შეუშალოს, მთავარია, ქვეყანაში სტაბილურობა იყოს".

მერაბ გოგია (ეკონომისტი): "2014 წელს ქვეყანაში მეტ საინვესტიციო აქტივობას ველოდები, რამაც საგრძნობლად უნდა გამოაცოცხლოს ადგილობრივი ბაზარი. ასევე ველოდები ხელისუფლების მიერ დაპირებული ანტიმონოპოლიური სამსახურის ამოქმედებას, რამაც კონკურენციის ზრდას, ახალი მოთამაშეების გამოჩენასა და ფასების შემცირებას უნდა შეუწყოს ხელი. საზოგადოდ, ველოდები, რომ ეს მთავრობა მაინც ისწავლის საკუთარი სიტყვებისთვის პასუხისგებას და დაპირებები უკეთესი ცხოვრების შესახებ მხოლოდ წინასაარჩევნო ოცნებად არ დარჩება".