"ნავთობის ეპოქიდან - გაზის ეპოქაში" - კვირის პალიტრა

"ნავთობის ეპოქიდან - გაზის ეპოქაში"

რას ნიშნავს შაჰ-დენიზი 2-ის პროექტი საქართველოსთვის

ბუნებრივი აირის საერთაშორისო ბაზარზე დიდი ცვლილებები დაიგეგმა. აშკარა ხდება, რომ კასპიისპირეთის გაზი ევროპის ბაზარზე საბოლოოდ მაინც დაიმკვიდრებს მნიშვნელოვან ადგილს, რაც „გაზპრომის“ 35-წლიან მონოპოლიას დაბრკოლებას შეუქმნის. ამას მოასწავებს შაჰ-დენიზის მეორე ფაზის პროექტის შესრულება.

ბუნებრივი აირის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებების ხელმოწერის ცერემონიალს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე დაესწრო, ხოლო შაჰ-დენიზის პროექტის მეორე ეტაპზე ინვესტირების საბოლოო გადაწყვეტილებისადმი მიძღვნილ ცერემონიალს - საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. შაჰ-დენიზის მეორე ფაზის ფარგლებში გათვალისწინებულია სამხრეთკავკასიური მილსადენის გაფართოება, რათა თურქეთს წლიურად დამატებით 16 მლრდ კუბ/მ გაზი მიეწოდოს. საქართველოში ამ სამუშაოებისთვის რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება.

შაჰ-დენიზის კონსორციუმმა, რომელსაც ბრიტანული ენერგოგიგანტი BP-ი უდგას სათავეში, ევროპის გაზგამანაწილებელ კომპანიებთან $100 მილიარდზე მეტი ღირებულების 25-წლიანი მიწოდების კონტრაქტები გააფორმა. ამ კონტრაქტების თანახმად, დაახლოებით, 2 მლრდ კუბ/მ გაზი ყოველწლიურად უნდა მიეწოდოს ბულგარეთსა და საბერძნეთს, ხოლო 8 მლრდ კუბ/მ იტალიასა და მის ჩრდილოეთით მდებარე ევროპული გაზის ე.წ. ჰაბებში გაიგზავნება.

ჩნდება კითხვა: რას მისცემს შაჰ-დენიზის მეორე ფაზა საქართველოსა და ევროპას და რამდენად შეეწინააღმდეგება პროექტის განხორციელება რუსეთის ინტერესებს? გვესაუბრება ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, ექსპერტი ნავთობისა და გაზის საკითხებში თეიმურაზ გოჩიტაშვილი:

- გთხოვთ, მოკლედ განმარტოთ, რა ეკონომიკურ სარგებელს ნახავს საქართველო შაჰ-დენიზი 2-ის პროექტის განხორციელებით?

- შაჰ-დენიზის საბადოს მე-2 ფაზის ათვისებისა და სამხრეთკავკასიური (ბაქო-თბილისი-ერზერუმის) გაზსადენის გაფართოების პროექტის ფარგლებში, საქართველოს ტერიტორიაზე აშენდება 56 კმ სიგრძის პარალელური მილსადენი, ორი დამატებითი საკომპრესორო სადგური და წნევის რეგულირებისა და გამზომი სადგური.

ამ სამუშაოთა შესასრულებლად, საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებულ ობიექტებზე გათვალისწინებულია რამდენიმე ასეული მილიონი აშშ დოლარის პირდაპირი ინვესტიცია, საიდანაც, დაახლოებით, $250-$350 მილიონი, შესაძლოა, უშუალოდ საქართველოში შეძენილ საქონელსა და მომსახურებაზე დაიხარჯოს; მშენებლობის პიკის პერიოდში, დაახლოებით, 1500-2000, ხოლო ექსპლუატაციის პერიოდში - 125-130 ახალი მუდმივი სამუშაო ადგილი შეიქმნება; საქართველოს პორტებისა და რკინიგზის გამოყენებით გადაიზიდება 350 ათას ტონამდე სამშენებლო ტვირთი; არსებული შეთანხმების მიხედვით, საქართველოს შეუძლია ტრანზიტით გატარებული გაზის 5% შეისყიდოს წინასწარ განსაზღვრული ფასით, რაც მილსადენის მაქსიმალური საპროექტო დატვირთვის შემთხვევაში 1,1 მლრდ კუბ/მ-ს შეადგენს წელიწადში. დამატებით, ქვეყანა განაგრძობს წლიურად 500 მლნ კუბ/მ გაზის მიღებას, აგრეთვე შეღავათიანი ფასით (2026 წლამდე).

- ენერგეტიკა მჭიდროდ არის გადაჯაჭვული პოლიტიკასთან. როგორ შეცვლის შაჰ-დენიზი 2-ის პროექტი რეგიონული მოთამაშეების პოზიციებს ენერგეტიკულ რუკაზე?

- ამ პროექტის ამოქმედებით იწყება ე.წ. ევროპის სამხრეთის გაზის კორიდორის კონცეფციის ხორცშესხმა. მისი ძირითადი დანიშნულებაა, ნაწილობრივ გაანეიტრალოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ბაზრის კრიტიკული დამოკიდებულება პრაქტიკულად მონოპოლისტი მიმწოდებლის "გაზპრომისადმი". როგორც ცნობილია, ის ხშირად იყენებს ენერგეტიკულ რესურსებს პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად.

- როგორ შეიცვლება საქართველოს პოზიციები გაზსადენის გაყვანითა და ტრანზიტული ფუნქციის გაზრდით?

- საქართველო უკვე ჩამოყალიბებულია აზერბაიჯანული და საერთოდ, კასპიის რესურსებისთვის საიმედო ტრანზიტის ქვეყნად. საქართველოს გავლით ნავთობი საერთაშორისო ბაზარს ჯერ კიდევ XX საუკუნის დასაწყისიდან მიეწოდებოდა - ცნობილი ძმები ნობელების კომპანიის მიერ აშენებული, იმ დროისთვის კონტინენტზე ყველაზე გრძელი ბაქო-ბათუმის მილსადენისა და საზღვაო პორტის მეშვეობით. დღეს საქართველოში წარმატებით მოქმედებს კასპიის საბადოების რესურსების სატრანზიტო ორი ნავთობსადენი (ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი და ბაქო-სუფსა) და ბაქო-თბილისი-ერზერუმის მაგისტრალური გაზსადენი. თუმცა, თუ აქამდე სატრანზიტო გაზსადენის მეშვეობით თეორიულად მხოლოდ, დაახლოებით, 6 მილიარდი კუბ/მ გაზის გატარება შეიძლებოდა, ისიც მხოლოდ თურქეთამდე, შაჰ-დენიზის მე-2 ფაზისა და სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოების პროექტების ხორცშესხმის შემდეგ, ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო საპროექტო პოტენციალი 22 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება. ამ მოცულობის დაახლოებით ნახევარი ევროგაერთიანების ქვეყნებისთვის არის განკუთვნილი. შედეგად, ზემოაღნიშნული ეკონომიკური სარგებლის გარდა, ჩნდება ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისთვის დამატებითი ხელშემწყობი ფაქტორიც. საქართველო არა მხოლოდ საკუთარ ენერგომომარაგებას გაიუმჯობესებს, არამედ ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტორი გახდება. ეს ფაქტორი უდავოდ შეუწყობს ხელს ქვეყნის რეგიონული და გლობალური გეოსტრატეგიული ფუნქციის ზრდას.

ცნობისთვის: შაჰ-დენიზი აზერბაიჯანში ყველაზე დიდი საბადოა. ის 1999 წელს აღმოაჩინეს. მდებარეობს კასპიის ზღვაში, ბაქოს სამხრეთ-აღმოსავლეთით 70 კმ-ში. საბადოს რეზერვი დაახლოებით 1 ტრილიონი კუბ/მ-ია. გაზისა და გაზის კონდენსატის მოპოვება 2006 წელს დაიწყო. საბადოს პირველი ფაზის განვითარებისთვის $6 მილიარდის ინვესტიცია დააბანდეს, მეორე ფაზა კი $28 მილიარდად არის შეფასებული, საიდანაც აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარმა“ $2,8 მილიარდი უნდა დაფაროს (10%). მეორე ფაზიდან ამოსაღები გაზის სავარაუდო მოცულობაა 25 მლრდ კუბ/მ წელიწადში (პიკური მოპოვება). სულ დღემდე საბადოდან 43 მლრდ კუბ/მ გაზია მიღებული.

ხათუნა ჩიგოგიძე