ყველა გზა გამჭვირვალე ტენდერებიდან იწყება - კვირის პალიტრა

ყველა გზა გამჭვირვალე ტენდერებიდან იწყება

"კონკურენციამ მოიმატა და ბაზარზეც ახალი კომპანიები შემოვიდნენ"

ხელისუფლებას ოპონენტები მთელი გასული წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერებას საყვედურობდნენ. საპასუხოდ, მმართველი პოლიტიკური ძალა ამბობდა, რომ 2013 წელს ინფრასტრუქტურულ პროექტებში უფრო მეტიც კი დაიხარჯა, ვიდრე წინა წელს, ხოლო კერძო კომპანიებმა პრობლემების შესახებ ხმის ამოღება გაბედეს. ამ და სხვა საკითხებზე "ეკოპალიტრა" რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს ესაუბრა.

დავით ნარმანია (რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი): "ბრალდებები უსაფუძვლოა. ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობდით მთელი წლის განმავლობაში, რათა არ გვქონოდა ჩამორჩენა და რამე პრობლემები ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით. 2013 წელს წინა წელიწადზე გაცილებით ინტენსიურად ვიმუშავეთ და მეტი ღირებულების სამშენებლო სამუშაო, მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი შევასრულეთ.

2013 წელს ავტომაგისტრალების სამ სხვადასხვა მონაკვეთზე ერთდროულად მიმდინარეობდა სამშენებლო სამუშაოები: აგარა-რუისის 19-კილომეტრიან მონაკვეთზე, ქუთაისის შემოვლითი გზის სამტრედიის მონაკვეთსა და ქობულეთის შემოვლით გზაზე. იმავდროულად ვამზადებდით 2014 წლის გეგმას და სამ მონაკვეთს 2014-ში ავტომაგისტრალების კიდევ სამი მონაკვეთი დაემატება. ასე რომ, თბილისიდან ბათუმამდე მშენებლობა ექვს სხვადასხვა მონაკვეთზე წარიმართება.

საბოლოოდ დავასრულეთ აზიის განვითარების ბანკთან შერჩევის პროცედურები და დაიწყება თბილისი-რუსთავის ჩქაროსნული მონაკვეთის მშენებლობა. 2013 წელს 200 კმ-მდე მონაკვეთებზე დავაგეთ გზის საფარი, მათ შორის აღსანიშნავია კობი-გუდაურის გზა, სადაც ორი გვირაბი გაკეთდა. წყალმომარაგების კუთხით დავასრულეთ საპროექტო სამუშაოები და დავიწყეთ ქუთაისის, ანაკლიისა და ფოთის წყალმომარაგების დიდი პროექტი, რომლის საერთო ღირებულება 60 მილიონი ლარია. გარდა ამისა, 25 მუნიციპალიტეტსა და სამ დაბაში დავასრულეთ პროექტირება და წლეულს წყალმომარაგების სამუშაოები დაიწყება. მუნიციპალური განვითარების ფონდის მეშვეობით დავეხმარეთ მუნიციპალიტეტებს და 120 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სამშენებლო სამუშაო შევასრულეთ.

წლეულს პირველად დავიწყეთ რეგიონული ნაგავსაყრელების მართვა: შემოღობვა, მიწის შეტანა და სხვ. გერმანიის განვითარების ბანკთან (KFW) ერთად დავიწყეთ იმერეთის ნაგავსაყრელის მშენებლობასთან დაკავშირებული პროცედურები.

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში გავაკეთეთ წყლის ჭაბურღილები, სამ მონაკვეთზე გზებიც დავაგეთ და ბევრი სხვა პროექტიც შევასრულეთ. ვვარაუდობთ, რომ ჩვენს სამინისტროს 650 მილიონ ლარზე მეტის ინფრასტრუქტურული პროექტები ექნება შესრულებული, მუნიციპალიტეტებს კი პროექტებისთვის 250 მილიონი ლარი შესაბამისმა ფონდმა გამოუყო.

არც ერთი პროექტი, რომელსაც სამინისტრო აკეთებდა, არ შეგვიჩერებია. გადავხედეთ მხოლოდ თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალს. ამ პროექტის დაწყება ცოტა გაჭიანურდა და როგორც უწყების ხელმძღვანელი, უკმაყოფილო ვარ, რომ მხოლოდ ახლა შევძელით დაწყება. მაგრამ აუცილებელი შეიქნა ტექნიკური ხარვეზების გამოსწორება და შეთანხმება აზიის განვითარების ბანკთან. შევათანხმეთ, რომ სამშენებლო სამუშაოებზე მთლიანად ქართველები დასაქმდნენ და ტენდერიც თავიდან გამოვაცხადეთ.

- ტენდერებთან დაკავშირებით მოქმედი ხელისუფლება წინამორბედს ადანაშაულებს. რა კეთდება, რომ ტენდერები უფრო გამჭვირვალე გახდეს?

- ტენდერები გახდა უფრო მეტად გამჭვირვალე, იმატა კონკურენციამ და შემოვიდნენ ახალი კომპანიები, რომლებიც წლების განმავლობაში ვერ შემოდიოდნენ საქართველოში, რადგან სახელმწიფო ტენდერები დახურული სისტემა იყო. წლეულს ტენდერები 700 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სამუშაოებზე გამოვაცხადეთ. ჩავარდნა არ გვქონია ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, სადაც გამარჯვებულმა კომპანიებმა ვერ შეასრულეს ვალდებულებები ან საბანკო გარანტიები, ანდა ჩვენ გვქონდა მათ ადრინდელ ნამუშევართან შენიშვნები და ტენდერის გამოცხადებამ ხელახლა მოგვიწია.

- ეს ახალი კომპანიები ადგილობრივია თუ უცხოური?

- ადგილობრივი კომპანიების რაოდენობამაც იმატა და უცხოურმაც. უკრაინულმა კომპანიამ მოიგო ავტომაგისტრალ სამტრედია-გრიგოლეთის 12-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის ტენდერი. რამდენიმე უცხოური კომპანია დაინტერესდა წყალმომარაგებისა და შიდასახელმწიფოებრივი გზების მშენებლობის პროექტებით.

- თუმცა ზოგიერთი უცხოური კომპანიის პროექტებში მონაწილეობის ცუდი გამოცდილებაც არსებობს. იმის გამო, რომ ვადაზე ადრე სთხოვდნენ სამუშაოების დასრულებას, მათ იზარალეს და ახლა სახელმწიფოს წინააღმდეგ სარჩელები შეიტანეს...

- ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ბევრმა კომპანიამ მოგვმართა ჩვენც და ეკონომიკის სამინისტროსაც, რომ წინა ხელისუფლების გამო პრობლემები ჰქონდათ. მთავრობამ პრობლემური ინფრასტრუქტურული პროექტების შემსწავლელი სახელმწიფო კომისია შექმნა, რომელსაც პრემიერ-მინისტრის დავალებით ვხელმძღვანელობ. ოცზე მეტი კომპანიის საქმე განვიხილეთ. ჩვენი მთავარი ამოცანაა, კომისიის გადაწყვეტილებამ კერძო სექტორი არ დააზარალოს და ხელი შეუწყოს მის განვითარებას, მეორე მხრივ კი არ დააზარალოს სახელმწიფო და მისი ინტერესები არ უგულებელყოს. ხოლო თუ ისეთი დარღვევა გამოვლინდება, რაც თანამდებობრივ დანაშაულს უკავშირდება, ასეთი საქმეები სამართალდამცავ ორგანოებში გადაიგზავნება. კომისიის ფარგლებში ბევრი პრობლემური საკითხი შევისწავლეთ და ისეთი გადაწყვეტილებები მივიღეთ, რომ არ გაჩერებულიყო პროექტი, არ დაზარალებულიყო სახელმწიფო და არც კომპანიას მიეღო ზიანი.

- ინფრასტრუქტურული პროექტები ძირითადად ისევ საერთაშორისო დონორების ფულით ფინანსდება თუ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებსაც უდევთ რამე წილი?

- საჯარო ინფრასტრუქტურის მშენებლობაში, ძირითადად, საჯარო ფინანსები გამოიყენება და არა კერძო ინვესტიციები. დაფინანსების 2/3 საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წილად მოდის, ხოლო 1/3 საბიუჯეტო თანადაფინანსების კომპონენტია. თუმცა ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ საჯარო-კერძო პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში ისეთ პროექტებზე, სადაც კერძო სექტორს შეუძლია ინვესტიცია ჩადოს ინფრასტრუქტურულ პროექტებში. მაგალითად, კობი-გუდაურის გზაზე გვირაბის მშენებლობის პროექტი სწორედ ამ მიზნებისთვის დავამუშავეთ. ეს 13-კილომეტრიანი გვირაბი საკმაოდ ძვირად ღირებული იქნება, სავარაუდოდ, $550 მილიონამდე. მაგრამ როცა ინტერესთა გამოხატვისას კომპანიები შეთავაზებებს წარმოადგენენ, პროექტის ღირებულება დაიწევს. ჯერ ტენდერი არ გამოგვიცხადებია, თუმცა კომპანიების მხრიდან ინტერესი უკვე არის.

- ამბობენ, რომ დაინტერესდნენ ებრაული და რუსული კომპანიები. ხომ არ უკავშირდება იმ რეგიონში ასეთი ობიექტის რუსული კომპანიისთვის ექსპლუატაციაში გადაცემა პოლიტიკურ რისკებს?

- ინტერესთა გამოხატვის შემდეგ რისკებიც დაითვლება. თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ინტერესი უკვე ათზე მეტმა კომპანიამ გამოხატა. მათ შორის არის ამერიკული ფირმაც, რუსული ფირმებიც, ებრაულიც და თურქულიც. კომპანია ააშენებს გვირაბს, რაღაც დროის განმავლობაში მოსაკრებელს აკრეფს, მოგებაზე გავა და შემდეგ სახელმწიფოს გადასცემს. კომპანიის მიერ გვირაბის ექსპლუატაცია დაახლოებით 15-20 წელს გასტანს.

- როდის უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფოს რიკოთის გვირაბი, რომელიც ჩინურმა კომპანიამ განაახლა და ექსპლუატაციასაც უწევს?

- რიკოთის გვირაბი სახელმწიფოს საკუთრებაშია. წინა ხელისუფლების დროს გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, მისი რეაბილიტაცია ჩინურმა კომპანიამ მოახდინა, თუმცა პროექტი ჯერ არ დასრულებულა. გაისად გვირაბის რეაბილიტაცია დასრულდება და ხელშეკრულების ვადაც იწურება, რის შემდეგაც ექსპლუატაციას სახელმწიფო განაგრძობს.

- მმართველი პოლიტიკური გუნდის თბილისის მერობის კანდიდატი ბრძანდებით. კეთდებოდა აქცენტი, რომ ხართ კარგი მეურნე. რას შეცვლით თბილისში სამეურნეო თვალსაზრისით, თუ ადგილობრივ არჩევნებში გაიმარჯვებთ?

- სამეურნეო თვალსაზრისით, თბილისში ბევრი რამ 180 გრადუსით არის შესაცვლელი. პირველ რიგში, პრობლემების გადაწყვეტა უნდა დავიწყოთ შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე და არა მხოლოდ დათვალიერებით ან რაღაც პოლიტიკური მოსაზრებების გამო. პრობლემების შესახებ უშუალოდ საზოგადოებას უნდა დავეკითხოთ, მათთან დიალოგის საფუძველზე პრიორიტეტები გამოვკვეთოთ და ბიუჯეტში ავსახოთ. ამის შემდეგ კი რაც შეიძლება დროულად და ხარისხიანად გადავწყვიტოთ ეს ამოცანები.

შემდეგ აუცილებელი იქნება მერიის სტრუქტურის ოპტიმიზაცია, რომელიც "ნაციონალურმა მოძრაობამ" თავისი გუნდის წევრებისა და მხარდამჭერების "თავშესაფრად" აქცია. ამდენი სამეურვეო საბჭო და მსგავსი დაწესებულებები საჭირო არ იქნება და გამოთავისუფლებული თანხები ხალხის კეთილდღეობისკენ უნდა მივმართოთ. წლების განმავლობაში ამ ქალაქში ვერ მოხერხდა და ვერ მოგვარდა უსახლკარო, ქუჩაში მცხოვრები ადამიანების პრობლემა და ეს ჩვენს თავზე ავიღეთ ცენტრალურმა ხელისუფლებამ. წლების განმავლობაში ვერ მოგვარდა გადაადგილებასა და ავარიულ სახლებთან დაკავშირებული ფუნდამენტური პრობლემები. საჭიროება ძალიან ბევრია, ოპტიმიზაციით გამოთავისუფლებული სახსრები სწორედ მათკენ იქნება მიმართული და უფრო მეტი პრობლემის მოგვარებას შევძლებთ. ამიტომ ჩვენი ხედვა რადიკალურად განსხვავებულია თბილისში დღემდე მოქმედი ადგილობრივი ხელისუფლებისგან. მერიის სისტემა მაქსიმალურად გამჭვირვალე გახდება, ისევე როგორც ეს თავის დროზე გავაკეთეთ და დღემდე არის ჩვენს სამინისტროში.

- თუ მერი გახდებით, ისევე, როგორც ამ სამინისტროში, მერიაშიც დაგხვდებათ პრობლემური ტენდერები. მაგალითად, რას აპირებთ სამარშრუტო ტაქსების ან გარე რეკლამის ტენდერთან დაკავშირებით, რომლებთან დაკავშირებით უამრავი კითხვა არსებობს?

- ისეთივე მიდგომები იქნება, როგორც ამ სამინისტროში ჩემი მოსვლის შემდეგ. ყველა მიმდინარე პროექტი და ტენდერი გადაიხედება და შესაბამისი კითხვების არსებობის შემთხვევაში, ის საგამომძიებლო ორგანოებს გადაეგზავნება. მერიაში შიდა აუდიტის ძლიერი სამსახური უნდა შეიქმნას, რომელსაც სწორედ ასეთი საკითხების შესწავლა დაევალება. სისტემა უნდა გავხადოთ გამჭვირვალე და ის ძალიან ბევრ რამეს გამოაჩენს. სადაც იქნება კითხვები ან თუ გამოვლინდება მონოპოლია, რა თქმა უნდა, შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. ყველას უნდა ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობები, არავინ უნდა იყენებდეს სახელმწიფო და ადგილობრივ თვითმმართველობას საკუთარი ინტერესებისთვის. თვითმმართველობა ხალხს ეკუთვნის, ის ხალხის საჭიროებებს უნდა იყოს მორგებული და არა ადამიანთა ვიწრო ჯგუფის ინტერესებს".