თაფლის მწარმოებლებს მოხმარების სიმცირე აბრკოლებთ
30-12-2013
თაფლის მწარმოებლებს მოხმარების სიმცირე აბრკოლებთ
საახალწლოდ თაფლის გაყიდვა იმატებს, რადგან გოზინაყი ჩვენთან, შეიძლება ითქვას, ახალი წლისთვის სავალდებულო ტკბილეულია. გოზინაყის მთავარი მასალა თაფლია და ნებისმიერმა დიასახლისმა იცის, რომ სწორედ მის ხარისხზეა დამოკიდებული საბოლოო შედეგი. გადაცემა "ბიზნესფაილი" ქართული თაფლის მწარმოებელი კომპანიის ბიზნესამბავს გიამბობთ.

რომეო სარია (გაყიდვების მართვის კომპანიის წარმომადგენელი): "აჭარაში, მაჭახელის ხეობაში, რამდენიმე ათეული მეწარმე დამოუკიდებლად აწარმოებდა თაფლს და შემდეგ ბაზრობებსა და სავაჭრო ობიექტებში ბითუმად ყიდდა. 2007 წელს მათ გაუჩნდათ იდეა, გაერთიანებულიყვნენ და ერთობლივი ამხანაგობა შეექმნათ. სახელად
"მაჭახელა" შეარჩიეს. მას შემდეგ ისინი წარმოებულ პროდუქციას ერთობლივად ყიდიან. ამხანაგობაში 40-მდე მეწარმეა. 2010 წელს "მაჭახელა" და მისი პროდუქცია "მილენიუმის" პროგრამაში მონაწილეობდა, გაიმარჯვა და 50 ათასი ლარის დაფინანსება მიიღო. ამ თანხით საწარმო გადაიარაღდა. ამხანაგობამ თაფლის წარმოებისთვის აუცილებელი ყველა დანადგარი შეიძინა, მაგრამ 2012 წლამდე ვერ ახერხებდა მზა
პროდუქციის საცალო ბაზარზე გატანას. ჩვენი კომპანია - გაყიდვების მართვის კომპანია - თანამშრომლობს სხვადასხვა ქართულ ფირმასთან, პოპულარიზაციას უწევს მათ პროდუქციას და ბაზარზე შესვლისთვის ყველანაირად უწყობს ხელს. ჩვენ ვეძებთ ასეთ ქართულ კომპანიებს, მცირე მეწარმეებს, რომლებსაც შეუძლიათ პროდუქციის წარმოება, მაგრამ მისი გაყიდვა უძნელდებათ.

2012 წელს საქართველოში წარმოებული პროდუქტების გამოფენაზე ამხანაგობა "მაჭახელის" წარმომადგენლებს შევხვდით. შევთავაზეთ, ერთობლივად შეგვექმნა მზა პროდუქტი და ადგილობრივ ბაზარზე გაგვეტანა. ჩავედით და საწარმოო სიმძლავრეები მოვინახულეთ. ისინი პირველ ეტაპზე პროდუქციის წარმოებისთვის საკმარისი იყო, ამიტომ დავიწყეთ ერთობლივი მუშაობა, როგორ შეგვეფუთა პროდუქტი, როგორი უნდა ყოფილიყო მისი დიზაინი, ეტიკეტი და საბოლოოდ, მივიღეთ საკმაოდ საინტერესო "გარეგნობის" "მაჭახელის დათუნიას" თაფლი. დათვის ფორმის ჭურჭელი ორი მოცულობისაა - 350-გრამიანი და 700-გრამიანი.

განგებ შეირჩა პოლიეთილენის შეფუთვა, რადგან მოსახერხებელიცაა და საჭიროებიდან გამომდინარე, დახურულ დაწესებულებებშიც დასაშვებია ასეთი შეფუთვით პროდუქტის შეტანა. რაც შეეხება საფასო სეგმენტს, ჩვენი პროდუქტი 10-15%-ით ძვირია, ვიდრე ბაზარში ნაყიდი დაუფასოებელი თაფლი, მაგრამ საგრძნობლად იაფია, მაგალითად, იმპორტირებულ, დაფასოებულ თაფლთან შედარებით. დაახლოებით ექვს თვეში შევძელით, თბილისის ყველა დიდ სავაჭრო ქსელში წარმოგვედგინა პროდუქცია. სამწუხაროდ, საქართველოში თაფლის მოხმარება ძალიან დაბალია და ამ თვალსაზრისით მსოფლიოში ერთ-ერთი დაბალი მაჩვენებელი გვაქვს. უნდა გაიზარდოს თაფლის მიღების კულტურა, მით უფრო, ყველამ კარგად ვიცით მისი სასარგებლო თვისებები. თაფლის წარმოებას საქართველოში აქვს პოტენციალი, რომ ბიზნესის დიდ მასშტაბებზე გავიდეს. ახლა საწარმოები შესაძლებლობების 20%-ს თუ იყენებენ. შესაბამისი ხელშეწყობის პირობებში, ქართულ თაფლს შეუძლია საექსპორტო ასპარეზზეც გასწიოს კონკურენცია".

P.S. გაგვიზიარეთ თქვენი ბიზნესის ისტორია, გახდით გადაცემა "ბიზნესფაილის" მონაწილე და გახადეთ თქვენი კომპანია კიდევ უფრო ცნობილი რადიოში, ტელევიზიასა და პრესაში. გადაცემაში მოხვედრის მსურველებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ტელეფონის ნომერზე: 272-52-83.
DINO_ZAUR
16 იანვარი 2014 11:26
"სამწუხაროდ, საქართველოში თაფლის მოხმარება ძალიან დაბალია და ამ თვალსაზრისით მსოფლიოში ერთ-ერთი დაბალი მაჩვენებელი გვაქვს"

არ რცხვენია ამას რომ ამბობს?

შეადაროს ერთეულ სულზე შემოსავალი თაფლის ფასს საქართველოში და მერე საზღვარგარეთ და როცა ნახავს რომ აქაური თაფლი გაცილებით ძვირი უჯდება მომხმარებელს , მერე გააკეთოს ასეთი დასკვნები.

თორემ ხალხმა ძალიან კარგად იცის რაა სასარგებლო და გემრიელი. ტუტუცი ესა

რედაქტორის რჩევით