მოდი, ვნახოთ ტურისტი?! - კვირის პალიტრა

მოდი, ვნახოთ ტურისტი?!

უგერგილო გარევაჭრობა - კარგი საახალწლო ბიზნესის სანაცვლოდ...

საახალწლო აქსესუარებით ვაჭრობა წლის ამ დროს საკმაოდ სარფიანი საქმეა, მით უფრო იქ, სადაც დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე დგას და ბავშვების სიმრავლეა. ბოლო წლებში თბილისის რამდენიმე ცენტრალურ მოედანზე საშობაო სოფლები ეწყობოდა და ხის ჯიხურებში ძირითადად იაფფასიანი სათამაშოებითა და საკარნავალო ატრიბუტებით ვაჭრობდნენ, თუმცა სოლიდური ფასნამატით. მართალია, ეს ბაზრობები შორს იყო ევროპული ქვეყნების საშობაო ბაზრობებისგან, რომლებიც სანახაობაცაა ადგილობრივებისთვისაც და ტურისტებისთვისაც, მაგრამ წლეულს ესეც არ გვაქვს და საახალწლო სოფლების ნაცვლად, თბილისის ცენტრალურ გამზირზე საახალწლო გარევაჭრობა მივიღეთ.

საახალწლო სოფლის მოწყობას თბილისის მერია რიყეზე გეგმავდა. მერიის სატელევიზიო სარეკლამო რგოლი ახლაც გვატყობინებს, რომ რიყეზე მისულებს ყინულის მოედანი და საახალწლო სოფელი დაგვხვდება, მაგრამ იქ მისულებს მხოლოდ გაქუცული ნაძვის ხე დაგვხვდა. როგორც გავიგეთ, რიყეზე მხოლოდ სამი ჯიხური იდგა და ისიც მალევე დატოვეს მოვაჭრეებმა, რადგან დღეში ქირად 100 ლარის გადახდა უწევდათ, ნავაჭრი კი 50 ლარსაც ვერ აღწევდა. საახალწლო სოფელი რიყეზე, რომელსაც 25 დეკემბრიდან 1-ელ იანვრამდე უნდა მიეღო მომხმარებელი, სამ დღეში დაიხურა.

სამაგიეროდ, საახალწლო გარევაჭრობა გაჩაღდა რუსთაველის გამზირზე. მუყაოს ყუთებისგან შეკრულ სახელდახელო დახლებზე სათამაშოები, საახალწლო სუვენირები, ფერადი ბუშტები, პიროტექნიკა, საკარნავალო ატრიბუტები, ნიღბები, ფერადი პარიკები და სანტა კლაუსის ქუდები იყიდება. აქა-იქ შეგიძლია იღბალიც სცადო, კუსტარული "რულეტკა" დაატრიალო ან ტირში სამიზნედ რომელიმე ფუმფულა სათამაშო ამოიღო; დასასრულ, თოვლის ბაბუასთან სულ რაღაც სამ ლარად ფოტო გადაიღო და შინ "კმაყოფილი" წახვიდე.

ნანა ლაბაძე: "ყოველ წელს გამოვდივარ პარლამენტის წინ ნაძვის ხესთან შვილებთან ერთად, ეს უკვე ერთგვარი ტრადიციაა, აქ ვსეირნობთ და თოვლის ბაბუასთან ფოტოს ვიღებთ. გამიკვირდა, რომ წლეულს ჯიხურების ნაცვლად საახალწლო აქსესუარებით პირდაპირ ქუჩაში ვაჭრობენ. სიმართლე გითხრათ, დიდი მრავალფეროვნებით არც ის პროდუქცია გამოირჩეოდა, რასაც საახალწლო სოფლებში ყიდდნენ, ბაზრობიდან მოჰქონდათ საქონელი და ფასებს უმატებდნენ, მაგრამ გარევაჭრობას ნამდვილად სჯობდა. გარემოვაჭრეებიც უმატებენ ფასს, მაგრამ მაინც ეყიდებათ პროდუქცია, რადგან ბავშვს ვერ აუხსნი, რომ მაგალითად, ნიღაბი, რომელიც აქ 7 ლარი ღირს, ბაზრობაზე 5 ლარად იყიდება, რადგან როცა გინდა, საახალწლო განწყობა შეუქმნა და ასიამოვნო, უარს ვერ ეტყვი. მოვაჭრეებიც ამით სარგებლობენ".

კახა აბაშიძე: "ის, რაც თბილისის ქუჩებში ახალ წელს ხდება, მსუბუქად რომ ვთქვათ, სამარცხვინოა. ნებისმიერი ევროპელისთვის საახალწლო ან საშობაო ბაზრობაზე ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად წასვლა ნამდვილი დღესასწაულია. მოვაჭრეებიც საგანგებოდ ემზადებიან ამ მოვლენისთვის და ხშირად ისეთი პროდუქცია გამოაქვთ გასაყიდად, რასაც სხვა დროს სავაჭრო ობიექტებში ვერ შეხვდები. იქვე მზადდება ადგილობრივი კულინარიული შედევრები, ბაზრობის სტუმრების განწყობაზე ანიმატორები ზრუნავენ. ჩვენთან კი პოპკორნისა და ბამბის ნაყინის გარდა არაფერი იყიდება. ისინიც ისეთ პირობებში მზადდება, მათი საკვებად მიღება სარისკოა".

ლამარა შანავა (გარემოვაჭრე): "ამბობენ, წლეულს პარლამენტის წინ ჯიხურების ჩადგმის უფლება არ მისცესო, რადგან დიდ ადგილს იკავებს და ხალხის გადაადგილებას უშლის ხელს. გარევაჭრობა კი ჩვენთვის არავის დაუშლია. რას ვაშავებთ? ერთ-ორ კაპიკს ჩვენც შევიტანთ ოჯახებში. თანაც აქ გარევაჭრობა მხოლოდ ძველით ახალ წლამდე გასტანს, შემდეგ კი ისევ სხვა ადგილების მოძებნა მოგვიწევს და სხვა პროდუქციით ვაჭრობა. ნუ დაადებს ცეცხლის ფასს მერია თავის ორმეტრიან ჯიხურებს და ყველა იქირავებს, ასე ქუჩაში ყოფნა და გაყინვა კი არავის უხარია".

საქართველოსგან განსხვავებით, ბევრ ქვეყანაში საახალწლო ბაზრობებს სხვა ელფერი და დანიშნულება აქვთ. მაგალითად, პრაღაში საშობაო ვაჭრობა მშვიდობის მოედანზე ჯერ კიდევ 27 ნოემბერს იწყება. ძირითადად ვაჭრობენ ხელნაკეთი სუვენირებითა და ხალხს ტრადიციული საახალწლო კერძებისა და ტკბილეულის დიდ ასორტიმენტს სთავაზობენ. მომხმარებელს შეუძლია, იქვე მოხარშული გლინტვეინი დააგემოვნოს და შემწვარი ღორის ხორცი ან კარტოფილის ღვეზელი დააყოლოს. სამახსოვროდ ან სასაჩუქრედ კი ისეთი სუვენირი შეიძინოს, რომელსაც ნებისმიერ მაღაზიაში ნამდვილად ვერ შეხვდება.

ევროპაში პირველი საშობაო ბაზრობა დრეზდენში 1934 წელს გაიხსნა. ბაზრობები კათოლიკურ შობამდე სამი კვირით ადრე იმართება. ქალაქის ცენტრალურ მოედნებზე ათასობით სავაჭრო კარავი, ვაგონი და ატრაქციონი იშლება, რომლებსაც ქუჩის მსახიობები, ჯამბაზები და ილუზიონისტები ახვევიან. ამ ბაზრობებზე ტურისტები საგანგებოდ ჩადიან, რადგან იქ ხელმისაწვდომ ფასად, საჩუქრების გარდა, ადგილობრივი კერძების დიდი არჩევანი ეგულებათ. ვენაში საშობაო ბაზრობა გამოფენა-გაყიდვას ჰგავს, სადაც შეგიძლია გასინჯო შემწვარი წაბლი თუ ადგილობრივი კონდიტერების მომზადებული ათასგვარი ნუგბარი. ფინეთში საშობაო ბაზრობაზე მისულ სტუმრებს თავად სანტა კლაუსი და მისი გარემოცვა გაუმასპინძლდება ირმის პაშტეტითა და განსაკუთრებული ფინური გლინტვეინით, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს. ყველაზე "ტკბილი" საშობაო ვაჭრობა კი ბრიუსელში ეწყობა, სადაც 200-მდე ჯიხურსა თუ დახლზე ბელგიური შოკოლადისა და ტკბილეულის ნამდვილი ზეიმი იმართება. ტალინში საახალწლო ბაზრობაზე დაუჯერებლად იაფად შეიძლება ხელით ნაქსოვი შალის სვიტერებისა და აქსესუარების, ასევე მინისა და კერამიკისგან დამზადებული ტრადიციული ესტონური ნაკეთობების შეძენა.

ბაზრობების მომწყობთა ფანტაზია ისე შორს მიდის, რომ ორიოდე წლის წინ, გერმანიაში, დაწუნებული საშობაო საჩუქრების ბაზრობა გაუმართავთ: წინდები, ჰალსტუხები, სუნამოები, ალკოჰოლური სასმელები და მცირე საყოფაცხოვრებო ტექნიკაც კი - გერმანიის ქალაქ ცელეში, საგანგებო ბაზრობაზე, საშობაოდ მიღებული უსარგებლო საჩუქრების გაცვლა იყო შესაძლებელი...

მინდა იმედი დავიტოვო, რომ საშობაო თუ საახალწლო ბაზრობების მოწყობის ტრადიცია საქართველოშიც დამკვიდრდება. ამას სულაც არ სჭირდება ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მაღალი მაჩვენებლები და სტატისტიკური პარამეტრების აღმავლობა. საჭიროა სურვილი, ნება, ალბათ მეტი გემოვნებაც და არც ევროპელთა მდიდარი გამოცდილების გაზიარებას დაგვიშლის ვინმე, რათა საქართველოში ჩამოსული ტურისტები გაოცებით არ ათვალიერებდნენ დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე მოწყობილ "ბაზრობას", სადაც მთელი სავაჭრო ინვენტარი ცარიელი მუყაოს ყუთები და სახელდახელო მაგიდებია. ლაპარაკი არ არის დოტაციასა და საგანგებო დაფინანსებაზე - საშობაო თუ საახალწლო სოფელი რომ კარგი ბიზნესი არ იყოს, ათწლეულების განმავლობაში ამდენ ქალაქში არ მოაწყობდნენ. უნარიანი მენეჯმენტი პატარებსაც გაახარებს, უფროსებსაც დააკმაყოფილებს და ქალაქსაც ტურისტულ პეწს შემატებს.