ბაზრის 40% უკვე მონოპოლიაა?! - კვირის პალიტრა

ბაზრის 40% უკვე მონოპოლიაა?!

გარიგებით ფასების დაწესება მცირე ფირმებსაც აეკრძალებათ

ანტიმონოპოლიური სამსახურის აღდგენას, თუნდაც სხვა სახელწოდებით, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მალევე ელოდნენ, მაგრამ მოლოდინი გაგრძელდა. თავის დროზე ალბათ ბევრი ვერ იწინასწარმეტყველებდა, რომ ეს ორგანო დღესაც არ იქნებოდა ამოქმედებული. როგორც ჩანს, ანტიმონოპოლიური რეგულირებისა და კონკურენციის წახალისებისთვის კანონის დაწერა ადვილი საქმე არ აღმოჩნდა. შედარებით უკანა პლანზე გადაწეული თემა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კვლავ წამოატივტივა, როცა განაცხადა, რომ თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტო, საქართველოს მიერ აღებული ვალდებულების შესაბამისად, 2014 წლის პირველი კვარტალის ბოლოს დაფუძნდებოდა. კანონპროექტზე მუშაობა მიმდინარეობდა ექსპერტებთან, ბიზნესისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან ერთად, შენიშვნები და რეკომენდაციები მთავრობამ მსოფლიო ბანკისგანაც მიიღო. ცხადია, დამტკიცებამდე კანონპროექტი საპარლამენტო ფილტრსაც გაივლის.

თემურ მაისურაძე (პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე): - თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის კანონმდებლობაზე მუშაობას დიდი დრო დასჭირდა. ეს სავსებით ბუნებრივია, რადგან საკითხი უამრავ პრობლემასთანაა გადაჯაჭვული. იმავდროულად, ბიზნესსაც უნდა გაეთვალისწინებინა ახალი რეალობა, რომელშიც ქვეყანა უნდა გადავიდეს.

დიდი სიფრთხილეა საჭირო, რადგან ამგვარი გადასვლის გამოცდილება არ აქვს არც საქართველოს მთავრობასა და არც ბიზნესსექტორს. ამიტომ ვფიქრობ, უნდა შევქმნათ ერთგვარი გარდამავალი "ბუფერი", რათა ახალ გამოწვევებს გავუმკლავდეთ და როგორც იტყვიან, ცხვირი არ წავიმტვრიოთ. აჩქარებას ისევ აწონილ-დაწონილი ნაბიჯების გადადგმა სჯობს.

- რატომ დაერქვა "თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტო" და არა - "ანტიმონოპოლიური სამსახური?"

- ამ ორგანოებს დასავლეთის ქვეყნებშიც ასე უწოდებენ და სააგენტოს სახელწოდებაც ანტიმონოპოლიურ სამსახურზე მეტად მისაღებია. მონოპოლიის არსებობა ნიშნავს, რომ ბაზარზე კონკურენციას ხელი ეშლება, ეს სამსახური კი თავისუფალ ვაჭრობასა და კონკურენტული გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს. ახალი კანონის მიხედვით, მონოპოლისტად მიიჩნევა კომპანია, რომელსაც ბაზრის 40%-ზე მეტი უკავია. ცხადია, არ იგულისხმება ბუნებრივი მონოპოლიები, რომლებსაც შეიძლება 80% და მეტიც კი ეჭიროთ, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია, რა წესებით თამაშობს კომპანია, დებს თუ არა ფარულ გარიგებებს, აწესებს თუ არა სხვა კომპანიებთან ერთად ფასებს და სხვ.

თუ რამდენიმე ფირმა ერთად საქმიანობს, ერთობლივად აწესებს ფასებს და სხვა კომპანიებს თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობას უზღუდავს, ამას ჰქვია არაკეთილსინდისიერი გარიგება, ანუ ქმედება, რომელიც თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ კანონს არღვევს. ფასების კონტროლი დაუშვებელია. დავუშვათ, ნავთლუღის ბაზარში რამდენიმე სუბიექტი კარტოფილს ყიდის, თუ ისინი ერთმანეთთან შეთანხმდებიან და ფასს დააწესებენ, ეს ახალი კანონის დარღვევა იქნება, რადგან ის ამგვარ ფარულ გარიგებებს კრძალავს. შესაძლოა, კომპანიას ბაზარზე 40%-ზე გაცილებით ნაკლები წილი ჰქონდეს, მაგრამ მისი ქმედება უკანონოა, თუ რამდენიმე მოთამაშე ხელოვნურად აწესებს და აკონტროლებს ფასებს. მათ კანონის წინაშე მოუწევთ პასუხისგება.

- მსოფლიო ბანკის შენიშვნებიდან რომელი იყო ყველაზე საყურადღებო?

- ეს უფრო შენიშვნები კი არა, რეკომენდაციები იყო, რომლებიც უნდა გავითვალისწინოთ. პირველ რიგში, ყურადღება გამახვილებული იყო მცირე მეწარმეობის ხელშემწყობ ფაქტორებზე. საყურადღებოა აგრეთვე სასამართლო სისტემაში არბიტრაჟის ამოქმედების საკითხიც, რადგან ერთი პრობლემაა დარღვევის აღმოჩენა, მაგრამ მეორეა სწრაფად რეაგირება. შესაძლოა დარღვევა აღმოაჩინოთ, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ჯარიმა გადახდევინების უფლება არ გაქვთ. ამიტომ, ეს ძალიან ხანმოკლე და დინამიკური პროცესი უნდა იყოს. კანონდარღვევის აღმოჩენისას როგორ უნდა მოხერხდეს დარღვევის აღმოფხვრა, სად და როდის უნდა ჩაერიოს სასამართლო, რამდენად სწრაფად დაეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა - ეს ყველაფერი შესაჯერებელია.

- მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით, მცირე და საშუალო ბიზნესს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური დოვლათის შექმნაში მცირე წვლილი შეაქვს და ვერც ახალი სამუშაო ადგილების შექნით დაიკვეხნის. ეს ვითარება როგორ უნდა გამოსწორდეს?

- სწორედ მონოპოლიების არსებობამ და არაკონკურენტულმა გარემომ შექმნა ფონი, სადაც მცირე და საშუალო ბიზნესი წლების განმავლობაში ერთ ადგილას გაიყინა და ვერ განვითარდა. მსოფლიო ბანკის რჩევებს შორის ერთ-ერთი სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაა. რამდენად ეფექტიანი იქნება თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს საქმიანობა და რამდენად შეუწყობს ხელს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, ამ ახალ სტრუქტურაზე იქნება დამოკიდებული.

- მეზობელ ქვეყნებთან შედარებით ჩვენთან ექსპორტი ნელა იზრდება: ბოლო ხუთ წელში სომხეთში ექსპორტი 35,9%-ით გაიზარდა, აზერბაიჯანში - 31,8%-ით, ხოლო საქართველოში - 21,2%-ით. ნაკლებად ვითარდება ახალი, ინოვაციური სექტორებიც.

- ექსპორტი მართლაც პრობლემური თემაა და ის მჭიდროდ უკავშირდება ხარისხის კონტროლს. ძალიან დიდი მუშაობაა საჭირო, რათა იმპორტირებული პროდუქცია სათანადოდ გაკონტროლდეს და არაკეთილსინდისიერ მოთამაშეს ხელი შეეშალოს უხარისხო პროდუქციის შემოტანაში. ევროპიდან შემოსულ პროდუქციას კონკურენციას არ უნდა უწევდეს არაკეთილსინდისიერი მოთამაშის შემოტანილი პროდუქტი. ხარისხის კონტროლი ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა ჩვენთვის და ეს სფეროც მოსაწესრიგებელია.

საქართველო ჩამორჩება ინოვაციური განვითარების მხრივაც, რადგან წლების განმავლობაში სექტორი უყურადღებოდ იყო მიტოვებული. ვითარების გამოსასწორებლად პირველი ნაბიჯები იდგმება. პარლამენტში სპეციალური კომისია შეიქმნა და ყველაფერი გაკეთდება ინოვაციური ეკონომიკის სწრაფად განვითარებისთვის.

ხათუნა ჩიგოგიძე