"ფხიზელი" ბიზნესი საახალწლოდ
06-01-2014
"ფხიზელი" ბიზნესი საახალწლოდ
სანტა კლაუსის გამოძახებაზე მოთხოვნა მხოლოდ წლის ამ დროს არის. დაკვეთები დაახლოებით ერთ თვეს გრძელდება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამ ბიზნესის კეთება რომელიმე სხვა სფეროსთან შედარებით ადვილია.

ნოდარ ღლონტი (შპს "ხალხის სიკეთისთვის" დამფუძნებელი):
"იდეა მე და ჩემს მეგობრებს გაგვიჩნდა. გასულ ახალ წელს ერთ-ერთ მათგანთან შევიკრიბეთ სადღესასწაულოდ და გადავწყვიტეთ, მეტი ხალისისთვის სანტა კლაუსის გამოძახების სერვისით გვესარგებლა. სანტა კი გამოვიძახეთ, მაგრამ მისი მომსახურებით ძალიან უკმაყოფილო დავრჩით. ჯერ ერთი, სანტა ნასვამი მოვიდა, თანაც
საერთოდ არ ჰგავდა იმ პერსონაჟს, რომელიც უნდა განესახიერებინა და ისეთი უღიმღამო გასართობი პროგრამა ჰქონდა, რომ მხიარულების ნაცვლად საახალწლო სუფრაზე მოწყენილობა შემოიტანა. ამ შემთხვევამ გვიბიძგა, მსგავსი სერვისის ჩამოყალიბებაზე მეფიქრა. მსახიობი გახლავართ და ბევრი მსახიობი და ანიმატორი მეგობარი მყავს, სწორედ მათთან ერთად დავიწყე ფიქრი ამ ბიზნესიდეაზე და
შემდეგ ეტაპობრივად მის განხორციელებაზე. ასე ხუმრობა-ხუმრობაში ჩამოვაყალიბეთ კომპანია, რომელიც საახალწლოდ ადამიანებს სანტა კლაუსებსა და ფიფქიებს უგზავნის. მართლა სიყვარულით და სიამოვნებით ვაკეთებთ ამ საქმეს და ალბათ ამიტომაც გამოგვდის კარგად. ჩვენც ბავშვებივით გვიხარია ახალი წელი, პატარების გართობა და მათთვის საჩუქრების გადაცემა.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის სხვადასხვა გასართობი პროგრამა გვაქვს და ეს ძალიან ამართლებს. დღეს ამ კომპანიაში დაახლოებით 40 ადამიანია დასაქმებული, მათ შორის ფიფქიებიც არიან და სანტა-კლაუსებიც. თუ მომხმარებელი მოითხოვს, შეგვიძლია გასართობ პროგრამაში სხვა ზღაპრის გმირებიც ჩავრთოთ.
ეს არ ყოფილა ჩემი პირველი ბიზნესგამოცდილება. მე და ჩემს მეგობრებს ასევე გვაქვს კერძო დაცვის სამსახური და სერვისი _ ტაქსი გამოძახებით. სწორედ ამ ორი ბიზნესიდან მიღებული მცირე დანაზოგით შევძელით ახალი საქმის დაწყება. უნდა გამოგიტყდეთ, თავიდან გვეგონა, რომ სანტების ბიზნესის დასაწყებად მცირე თანხაც იკმარებდა, მაგრამ ვცდებოდით. საერთო ჯამში, საქმის დასაწყებად დაახლოებით 10 ათასი ლარი დაგვჭირდა. პირველი სირთულე, რასაც წავაწყდით და რასაც არ ველოდით, სანტასა და ფიფქიას კოსტიუმები იყო, რადგან ისეთი, როგორიც გვინდოდა, ვერსად ვიშოვეთ. შემდეგ ქსოვილები შევიძინეთ და თავად შევკერეთ. მაგრამ პრობლემები და გაუთვალისწინებელი ხარჯები გამოძახებების სიმრავლემ გადაწონა. ვფიქრობ, თუ ასე გაგრძელდა, საქმეში ჩადებულ ფულს ძალიან მალე ამოვიღებთ. რადგან ეს ბიზნესი სეზონურია, კომპანიის განვითარებაზე ვფიქრობთ და ბავშვთა გასართობი ცენტრის გაკეთებას ვგეგმავთ. რაც შეეხება მომსახურების საფასურს, გავითვალისწინეთ საბაზრო ვითარება, რომლითაც მომხმარებელი უკმაყოფილოა, და დღისა და ღამის ნებისმიერ დროს სანტას გამოძახებისთვის სტანდარტული, 60 ლარიანი ტარიფი დავაწესეთ.

ჩვენს სანტებს გამოძახებისას ერთი ჭიქა ალკოჰოლური სასმლის დალევაც კი ეკრძალებათ. თანამშრომლებმა იციან, რომ ამ წესის დამრღვევი ხელფასს ვერ მიიღებს. მომხმარებელი ხშირად გვეკითხება, გამხდარი სანტა კლაუსები ხომ არ გყავთ, ღიპი ხომ ექნებათო. ამაშიც გაგვიმართლა: ყველა ჩვენს მსახიობს საკუთარი, "ნატურალური" ღიპი აქვს".

* * *

"საკონდიტრო ნაწარმის 99% იმპორტს ეკავა..."


ახალი წელი ტკბილეულის გარეშე წარმოუდგენელია. ტკბილეული ამშვენებს საახალწლო სუფრას და ტკბილეულს ჩუქნიან ერთმანეთს. საახალწლოდ საკონდიტრო ნაწარმის გაყიდვა იზრდება და სასიხარულოა, რომ მომხმარებელი ხშირად ირჩევს ადგილობრივი პროდუქციას...

მიხეილ ფარულავა ("საკონდიტრო საწარმო "ჯორჯიან ბეიკერსის" დამფუძნებელი):
"საწარმო 2008 წელს დაფუძნდა. საკმაოდ მძიმე დრო იყო ქვეყნისთვისაც და ბიზნესისთვისაც. საინვესტიციო გეგმები, რომელიც გაწერილი გვქონდა 2008 წლისთვის, ფაქტობრივად, გაჩერდა. გაურკვეველი ვითარება იყო, არავინ იცოდა, როდის განახლდებოდა ბიზნესაქტივობა. ძალიან დაგვეხმარა, რომ საკონდიტრო საწარმოს მშენებლობა ცარიელი ფურცლიდან არ დაგვიწყია და მეც და ჩემს პარტნიორებსაც მანამდეც გვქონდა ბიზნესში გამოცდილება. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სასურსათო პროდუქციის იმპორტიორ კომპანიებში ვმუშაობდი, კომერციული დირექტორის პოზიციაც მეკავა. შესაბამისად, კარგად ვიცნობდი სავაჭრო ქსელს, ბაზრის კონიუნქტურასა და არსებულ მოთხოვნას. ამ ხნის განმავლობაში მიზანმიმართულად მივდიოდი საკუთარი ბიზნესისკენ. უნდა ითქვას, გარკვეულწილად გამიმართლა კიდეც, ბიზნესის წარმატება, ბევრ შრომასა და ცოდნასთან ერთად, საჭიროებს, რომ მოვლენები სასიკეთოდ დალაგდეს.

2006 წლიდან კერძო სექტორი და დაქირავებული შრომა დავტოვე და გადავწყვიტე, პარტნიორთან ერთად ახალი ბიზნესი დამეწყო, უკვე ჩემი ხელმძღვანელობით. როცა საქმე სტარტაპს ეხება, მთავარი საკითხი ფინანსური რესურსია. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს აქტივობა მაღალი იყო და ეკონომიკური ზრდა რეკორდულ მაჩვენებლებს აღწევდა, ძალიან ძვირი ღირდა ფული, მათ შორის, საბანკო რესურსი. ბიზნესსესხების საპროცენტო განაკვეთი 18%-20%-ს აღწევდა. ჩვენი სასტარტო კაპიტალი კი იყო ჩემი პარტნიორის ავტომობილი, რომელიც გაყიდა და ჩვენი მცირე დანაზოგები, ჯამში დაახლოებით $30 ათასი. ასე დავიწყეთ ბიზნესი.

საქართველოში ჩამოგვქონდა და ვყიდდით ერთ-ერთი უმსხვილესი სამხრეთკორეული კორპორაციის წარმოებულ საკონდიტრო ნაწარმს. ჩვენამდე ეს პროდუქცია იყიდებოდა სუბდისტრიბუტორებისა და სუბდილერების მეშვეობით და ამ თანამშრომლობით ყველა მხარე უკმაყოფილო იყო. შესაბამისად, კონტრაქტზე ექსკლუზივის აღება არ გაგვჭირვებია. ამ მიმართულებით ვიმუშავეთ დაახლოებით 1,5 წელი და მოვახერხეთ აგვეთვისებინა სავაჭრო ქსელი, რომელიც 1500 სავაჭრო ობიექტს აერთიანებდა, დღეს კი დაახლოებით 6000 სავაჭრო ობიექტს ვემსახურებით. იმპორტი დღესაც შემოგვაქვს, თუმცა მისი წილი ჩვენ მიერ რეალიზებულ პროდუქციაში 3%-4%-ია. ეს ბიზნესი სულ უფრო მეტ საბრუნავ თანხას ითხოვს, შესაბამისად, მოგების მთლიანად რეინვესტირება ხდებოდა. ამავე დროს ვხედავდით, რომ არ იყო განვითარებული ადგილობრივი საკონდიტრო წარმოება, პროდუქციის 99% იყო იმპორტირებული და პრობლემები იყო ხარისხთან დაკავშირებითაც.

პრაგმატულად შევხედეთ ბაზარს და რადგან კოლოსალური თანხების მოზიდვა არ შეგვეძლო, რათა იმპორტირებული პროდუქციის ბრენდების პორტფელი გაგვეზარდა, გადავწყვიტეთ დაგვეწყო ისეთი პროდუქციის გამოშვება, რომელსაც მოგების მაღალი მარჟა ექნებოდა და თან იქნებოდა ადგილობრივი წარმოების. შევიძინეთ საწარმოო ხაზები, ჩამოვიყვანეთ ტექნოლოგები, კიდევ ერთი პარტნიორი შემოვიყვანეთ საქმეში, ვისარგებლეთ მერიის იაფი სესხის პროგრამით და დაახლოებით 300 ათასი ლარით ავამუშავეთ ადგილობრივი საკონდიტრო საწარმო. პირველი პროდუქცია, რომელიც გამოვუშვით, ე.წ. შაქრის ნამცხვარი იყო. დისტრიბუციისა და რეალიზაციის ქსელი უკვე აწყობილი გვქონდა, ამიტომ რასაც ვაწარმოებდით, ვყიდდით კიდეც. იმპორტისგან განსხვავებით, წარმოება ჩვენთვის მაინც უცხო მიმართულება იყო, ამიტომ უამრავ ლიტერატურას ვკითხულობდი, სხვების გამოცდილებას ვეცნობოდი და ორი-სამი წელი თვითგანათლებას მოვანდომეთ. ერთი წლის განმავლობაში, დაახლოებით, 15-20 დასახელების პროდუქტი იქმნებოდა, რომელიც ბაზარზე სატესტოდ გამოგვქონდა და შემდეგ მის წარმოებას ვწყვეტდით. გული მწყდებოდა და განვიცდიდი, რომ ამდენ პროდუქტზე გვიწევდა უარის თქმა. საქართველოში ჩამოსული იყო ჩვენი პარტნიორი სამხრეთკორეული კომპანიიდან, რომელმაც საკუთარი გამოცდილება გაგვიზიარა და გვითხრა, რომ მათი კომპანია სატესტოდ ყოველწლიურად 2000-2500 სახეობის პროდუქციას ქმნის და იქიდან შესაძლოა ერთიც არ დარჩეს მუდმივ წარმოებაში... დღესაც ჩვენი კომპანია აქტიურად ვითარდება. წარმოება თვეში 7 ტონა პროდუქციით დავიწყეთ, დღეს კი კომპანია თვეში, დაახლოებით, 120 ტონა საკონდიტრო ნაწარმს აწარმოებს და ყიდის".

P.S გაგვიზიარეთ თქვენი ბიზნესის ისტორია, გახდით გადაცემა "ბიზნესფაილის" მონაწილე და გახადეთ თქვენი კომპანია კიდევ უფრო ცნობილი რადიოში, ტელევიზიასა და პრესაში. გადაცემაში მოხვედრის მსურველებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ტელეფონის ნომერზე: 272-52-83.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით