"მთავარი პრობლემა ციტრუსის ხარისხია"
13-01-2014
"მთავარი პრობლემა ციტრუსის ხარისხია"
სპეციალისტთა შეფასებით, მოუკრეფავია ციტრუსის მოსავლის 30%-მდე და გაყიდულია მხოლოდ 40-45%

ქართველ მეციტრუსეებს ამ სეზონზე არ გაუმართლათ - მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მეტი მოსავალი მიიღეს. "მანდარინი ხეზე ლპება და ხალხს ვერსად მიაქვს. ზოგიერთმა კი დაკრიფა, მაგრამ ნანობს, რომ ტყუილად იშრომა, რადგან გაყიდვას ვერ ახერხებს. ან ჩალის ფასად უნდა ჩააბარო, ან - ჩემსავით, ქუჩაში დადგე და მოსავლის მცირე ნაწილი მაინც გაყიდო", - გვითხრა ერთ-ერთმა მეციტრუსემ, რომელმაც მოსავლის "ჩალის ფასად"
ჩაბარებას თანდათან გაყიდვა არჩია. მეციტრუსეთა პრობლემებზე საუბრობს ეკონომიკის ექსპერტი ვაჟა ბერიძე:

- მე ქობულეთელი ვარ, სწორედ ამ დღეებში ჩამოვედი იქიდან და ძალიან ბევრი ადამიანი ვნახე, ვინც მოსავლის დიდი ნაწილი ვერ გაყიდა და შრომა წყალში ჩაეყარა. სამწუხაროდ, ეს არ არის მარტო წლევანდელი პრობლემა, ის შეიქმნა რუსეთთან
ურთიერთობის გართულების შემდეგ. ციტრუსის გასაღების საკითხი ბოლო წლებში ყოველთვის მწვავედ იდგა. საკუთარი თვალით მინახავს, როგორ კრეფდა ხალხი მოსავალს, რათა ციტრუსის პლანტაცია შეენარჩუნებინა, მერე კი ყრიდა სანაგვეზე, ქუჩებში, წყაროებისა და მდინარეების ნაპირებზე... არ მინდა, მკაცრად შევაფასო მთავრობა, რომელიც სულ რაღაც ერთი წლისაა, მაგრამ მიმაჩნია, რომ წლეულს გაცილებით უკეთ შეიძლებოდა "ოქროს რთვლის" მოწყობა.

მოსავალი კარგი მოვიდა. სპეციალისტთა გათვლებით, სადღაც 100 ათას ტონას გადააჭარბა, აქედან დაბინავებულია მაქსიმუმ 40 ათას ტონამდე, ანუ ნახევარიც არა. მოსავლის მესამედი ხეზე დარჩა და მისი მოკრეფისთვის მხოლოდ ამინდს არ შეუშლია ხელი. მთავარი ისაა, რომ შესყიდვა ჭიანურდება, ბაზარი არ არის და ხალხმა მოსავლის დიდი ნაწილი მოუკრეფავი დატოვა. იგივე მდგომარეობაა გურიაშიც. თანაც, წლეულს მოსავლის არასტანდარტული ნაწილი უფრო მეტია, ვიდრე წინა წლებში. ვითარება კიდევ უფრო დაამძიმა იმან, რომ აზერბაიჯანელები, რომლებსაც სხვადასხვა ქვეყანაში გაჰქონდათ ჩვენი ციტრუსის მოსავალი, წლეულს რატომღაც კარტოფილის შესყიდვაზე გადაერთნენ. ამიტომ ჩვენ დავკარგეთ ე.წ. შუამავალი ვაჭრების დიდი რაოდენობა. ძალიან ძნელია ადგილობრივ ხელისუფლებას უმოქმედობა და გულგრილობა დააბრალო, აჭარის მთავრობა და რაიონების ხელმძღვანელები ყველანაირად ცდილობდნენ, რამე მოეხერხებინათ ამ უზარმაზარი მოსავლისთვის, მაგრამ არ ჰქონდათ სათანადო მხარდაჭერა ცენტრალური მთავრობის მხრიდან. მაგალითად, თუ კახეთში ყურძნის მოსავალზე სუბსიდია გაიცა და იქ "ქართული ოცნების" მთავრობამ იყოჩაღა, ციტრუსის შემთხვევაში ამას ვერ ვიტყვით.

სპეციალისტთა აზრით, მოუკრეფავია მოსავლის 30%-მდე და გაყიდულია მხოლოდ 40-45%. ქობულეთში არის წვენების საამქრო, რომელიც არასტანდარტულ მანდარინს იბარებს, მისი წარმადობა დიდი არ არის. იქ ვნახე 100- და 200-მეტრიანი ორმხრივი რიგი არასტანდარტული ციტრუსით დატვირთული "კამაზებისა" - ეს ხდება ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე, სადაც საწარმო მდებარეობს. გაყიდული 40-45% ძირითადად უკრაინასა და რუსეთში გავიდა. როგორც ვიცი, ამჟამად მოსკოვში ჩვეულებრივი ქართული მანდარინი 2-3 დოლარი ღირს. ბაზრის ხელახალი გახსნა ურთულესი საკითხია და ამ მცირე დროში ვერ მოესწრო.

მართალია, მოსახლეობა ძალიან დაიჩაგრა, მაგრამ ამაში ხელისუფლების ბრალი არ არის, რადგან ეს პრობლემა საკმაოდ ძველი და რთულია.

ირაკლი ჩავლეიშვილი (ქალაქ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე): - მე ძირითადად ბათუმის ახლომდებარე სოფლებზე ვილაპარაკებ, რომლებიც ჩვენს ქალაქს შემოუერთეს. მოსახლეობა დაბალი ხარისხის ციტრუსს, რომლისგანაც წვენს ამზადებენ, ვერ აბარებს, ეს არის დაბალი ხარისხის მანდარინი, რომელსაც სასაქონლო სახე არ აქვს და მოსახლეობამ რომ არ იზარალოს, ბიუჯეტიდან სუბსიდირება გამოვუყავით. 10 თეთრია გამოყოფილი იმათთვის, ვინც ამგვარ მანდარინს აბარებს, ხარისხიან მანდარინს კი უფრო ადვილად იბარებენ და საქართველოს საზღვრებს გარეთაც გადის. გასული წლის ბოლოს, 31 დეკემბერს, მთავრობამ, 1,455 მილიონი ლარი ჩაგვირიცხა სტანდარტული მანდარინისთვის, ხოლო არასტანდარტულისთვის - 200 ათასი ლარი. ეს თანხა ქალაქ ბათუმის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მეციტრუსეებზე დაიხარჯება.

წლევანდელ "ოქროს რთველთან" დაკავშირებით აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრ ზაურ ფუტკარაძეს მივმართეთ:
- მთავარი პრობლემა მაინც ციტრუსის ხარისხია. გემი ახლაც ბათუმის პორტში დგას და ვერ იტვირთება, იმიტომ რომ სტანდარტული ციტრუსების რაოდენობა ძალიან მცირეა. რაც შეეხება არასტანდარტულს, მისი რაოდენობა წლეულს ძალიან გაიზარდა იმის გამო, რომ 8-9 დეკემბრიდან ჩვენს რეგიონში ამინდი გაუარესდა და მანდარინი მოიყინა. ახლა ვფიქრობთ, რა ღონე შეიძლება ვიხმაროთ, რადგან მოსახლეობა მოყინულ მანდარინს კრეფს და ცდილობს ჩააბაროს, როგორც არასტანდარტული. არასტანდარტული მანდარინის შემთხვევაში 10 თეთრს იხდის საწარმო, ხოლო 10 თეთრს ვიხდით ჩვენ, ანუ ჯამში 20 თეთრს. რაკი არასტანდარტული მანდარინის წილი გაიზარდა, მისი გაყიდვაც ჭირს. სტანდარტული მანდარინის ფასი კი 60 თეთრია, მაგრამ რეალურად მისი რაოდენობა ცოტაა. ძალიან შეგვიშალა ხელი უამინდობამაც, თუმცა მანამდე რამდენჯერმე ვთხოვე მოსახლეობას, რომ მანდარინი დროულად დაეკრიფათ, თორემ ამინდი გაუარესდებოდა. სამწუხაროდ, ამ გაფრთხილებას ბევრმა ყურადღება არ მიაქცია.

- რუსეთის ბაზარზე ციტრუსის შეტანა რამდენად ხერხდება?

- მისასალმებელია, რომ რუსულმა მხარემ საბაჟო ტარიფებიც შეამცირა და იქ მანდარინი შედის ლარსიდანაც და ზღვითაც. წლეულს ძალიან მცირე რაოდენობა შევიდა აზერბაიჯანის გავლით. რუსეთის ბაზარი ციტრუსისთვის გახსნილია, მაგრამ არასტანდარტული მანდარინის წილი მომავალი წლიდან მაქსიმალურად უნდა შემცირდეს. ძალიან გვიშლის ხელს გადამმუშავებელი საწარმოების სიმცირე - ქობულეთის საწარმო საკმარისი არ არის, ამიტომ ვგეგმავთ ხილისა და წვენების გადამმუშავებელი საწარმოების აშენებას ქედის ან შუახევის რაიონში. ეს ძალიან გააადვილებს არასტანდარტული ციტრუსისა და ხილის რეალიზაციას. ამ და სხვა საკითხებზე შეხვედრები გვქონდა ეკონომიკის მინისტრსა და აჭარის მთავრობის ხელმძღვანელებსაც შევხვდით. შევთანხმდით, რომ ამ დარგში ბევრი რამ უნდა შეიცვალოს და გაკეთდეს.

ხათუნა ჩიგოგიძე
GG
19 იანვარი 2014 00:19
ამათაც აჟრიალებთ! ხელვაჩაურში დაკრეფ მანდარინს და შუახევში აიტან გადსამუშავებლად? და მერე გოდერძის უღელტეხილით სოხუმის პორტში ჩაიტან?
რა თქმა უნდა მინისტრი კაცია და თან ფუტკარაძე - თუ არა შუახევში და არა ტაიაშვილის ეზოში-მა სად უნდა გახსნას ქარხანა?

რედაქტორის რჩევით