დოვლათის გადანაწილების საუკეთესო გზა აქციონირებაა! - კვირის პალიტრა

დოვლათის გადანაწილების საუკეთესო გზა აქციონირებაა!

საქართველოს პრეზიდენტმა მთავარი ეკონომიკური პრობლემა გაახმიანა

"დოვლათის გადანაწილება მოსახლეობაში უაღრესად არათანაბარია"....

გიორგი მარგველაშვილი

ძნელად წარმომედგინა, რომ ქვეყანაში, სადაც ყოველი მეორე ეკონომისტობას იბრალებს, ფილოსოფოსი კაცი, ისიც ქვეყნის პრეზიდენტი, გახდებოდა ჩემი თანამოაზრე საკითხში, რომლის გამოც, აგერ, რამდენი წელია, შევაწუხე ქვეყანა: ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში ექვსი სტატია გამოვაქვეყნე ამ თემაზე ბეჭდურ მედიაში და რამდენიმე - ინტერნეტში.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის პირველმა დაინახა და გაახმიანა პრობლემა, რომელიც ჩვენი ბევრი უბედურებისა და მუდმივი დაძაბულობის წყაროა: დოვლათის გადანაწილება მოსახლეობაში უაღრესად არათანაბარია! (იხ. გიორგი მარგველაშვილის ინტერვიუ "კვირის პალიტრის" 2013 წლის 23 დეკემბრის ნომერში). ამ პრობლემის გადაწყვეტის გზაზე წლებია ნაფიქრი მაქვს, რის შესახებაც ქვემოთ მოგახსენებთ. მთავარია, ეს საკითხი ყველაზე მაღალ დონეზე დაინახეს და გაიაზრეს.

თავდაპირველად მცირე შესავალი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტისა და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ.

როგორც ფინანსთა მინისტრმა პარლამენტში განაცხადა, სახელმწიფო ბიუჯეტი 2014 წელს 9 მილიარდ 080 მილიონი ლარი იქნება, თუმცა არ განუმარტავს, ეს ბევრია თუ ცოტა. სამაგიეროდ, დაგვაიმედეს, რომ ეკონომიკის ზრდის ტემპი 6% იქნება. ასეთ შემთხვევაში ქვეყნის მთლიანი შიგა პროდუქტის (მშპ-ის) მოცულობა 2014 წელს 28 მილიარდ ლარს მიაღწევს ($16,8 მლრდ), ხოლო სულ მოსახლეზე წელიწადში - $3700-ს. ანუ, ეკონომიკის განვითარების ამ ყველაზე განზოგადებული მაჩვენებლით კვლავ მყარად ვიქნებით სადღაც 120-ე ადგილზე მსოფლიოს 200 ქვეყანას შორის, სომხეთსა და სვაზილენდს შორის - ისეთი ქვეყნების უკან, როგორიცაა ანგოლა, შრი-ლანკა, ბუტანი, სურინამი, კირიბატი, სამოა და სხვ. ევროპის უმრავლეს ქვეყნებში მშპ ერთ სულზე $30-დან $50 ათასის ფარგლებშია, ხოლო რამდენიმე ქვეყანაში $70 ათასსაც გადააჭარბებს. ამას დავუმატოთ ჩვენი 35%-იანი უმუშევრობა (როცა 12% უკვე კატასტროფაა), პრაქტიკულად დეგრადირებული საწარმოო ძალები და ეკონომიკის მკაფიო სურათიც სახეზეა.

ეკონომიკის ამ მდგომარეობამდე მიყვანა წინა ხელისუფლებების ოცდახუთწლიანი მოღვაწეობის დამსახურებაა, ახლანდელი, ჩვენი აზრით, პატიოსანი მთავრობის მხოლოდ მონდომება საკმარისი არ იქნება მდგომარეობის გამოსასწორებლად, თუ არ გადაუხვია ორდინარული, სტერეოტიპური, აქამდე დამკვიდრებული ეკონომიკური აზროვნებიდან - ე.წ. წერტილოვანი ეკონომიკიდან, როცა ქვეყნის ამა თუ იმ კუთხეში ცალკეული ობიექტების მშენებლობა და ინვესტიციების დაბანდება ეკონომიკის მშენებლობად არის მიჩნეული. ეს მაშინ, როცა არ არის გამოკვეთილი, რა ტიპის სახელმწიფოს ვაშენებთ და, აქედან გამომდინარე, რა ტიპის ეკონომიკა გვჭირდება.

ეკონომიკა არა დისკრეტული, არამედ დინამიკური პროცესია. მის მშენებლობაში ქვეყნის მთელი მოსახლეობა უნდა მონაწილეობდეს და არა მხოლოდ რამდენიმე ფინანსური, სამრეწველო თუ ოლიგარქიული ჯგუფი. სანამ ერთობლივი შრომით შექმნილი ეროვნული პროდუქტი მეტ-ნაკლებად სამართლიანად არ გადანაწილდება მის შემქმნელებს შორის, ქვეყანაში დაძაბულობა არ მოიხსნება. შექმნილი დოვლათი სამართლიანად რომ გადანაწილდეს საზოგადოების წევრებს შორის, სამართლიანად უნდა იყოს გადანაწილებული ამ პროდუქტის საწარმოებლად საჭირო ქონება - წარმოების საშუალებები (ფაბრიკა-ქარხნები, მიწა, საწარმოები, ფინანსები) და სხვა სიკეთეები. მაგრამ როცა ეს ყველაფერი მოსახლეობის 1-5%-ის ხელშია, ცხადია, შექმნილი პროდუქტის 90-95% მათ სასარგებლოდ გადანაწილდება, რაც უდავოდ გულისხმობს, რომ მოსახლეობის 90-95% უქონელ-უპოვარი დარჩება. ასეთი მდგომარეობა კი გაუთავებელი კონფლიქტების წყაროა. ამას რომ ბოლო მოეღოს, საჭიროა ზემოაღნიშნული სიმდიდრეები მეტ-ნაკლებად სამართლიანად გადანაწილდეს ქვეყნის მთელ მოსახლეობაზე. დოვლათის (ქონების) მეტ-ნაკლებად სამართლიანი გადანაწილების საუკეთესო გზა კი აქციონირებაა.

ქონების სამართლიან გადანაწილებაში არ ვგულისხმობთ, რომ დაჯდება ვინმე "მოსამართლე და მოწყალე" ქვეყნის სათავეში და დამსახურების მიხედვით ჩამოარიგებს ქონებას. ქონების სრულყოფილი, სამართლიანი გადანაწილება (განაწილებაც) შეუძლებელია. ჩვენ ვგულისხმობთ ეკონომიკის ისე მოწყობას, ეკონომიკის ისეთი მექანიზმის შექმნას, რომ სურვილის შემთხვევაში ყველას ჰქონდეს შესაძლებლობა არა მარტო ფიზიკურად მიიღოს მონაწილეობა საერთო ეროვნული პროდუქტის შექმნაში სათანადო ანაზღაურებით, არამედ შესაძლებლობის ფარგლებში აქციების მეშვეობით შეიძინოს კიდეც მისთვის სასურველი წარმოების საშუალებების ნაწილი, გახდეს მისი თანამფლობელი, მესაკუთრე, რაც უფლებას მისცემს, საერთო მოგებიდან აქციების შესაბამისი კუთვნილი წილი მიიღოს. ამ გზით ათიათასობით და ასიათასობით მოქალაქეს შემოსავალი გაუჩნდება, რაც მათ ნორმალურ არსებობას მოუტანს, ხოლო სახელმწიფოს - სტაბილურობას.

თუ ამ გზით არ ვივლით, მივიღებთ საწარმოო კაპიტალიზმის დამახინჯებულ ფორმას, "მეწილეთა კაპიტალიზმს", ოლიგარქების ეკონომიკას, რამდენიმე ათეული მილიონერითა და გაღატაკებული მასებით. ის საერთო ძრავა კი ქართული ეკონომიკისთვის, შეიძლება გახდეს კეინსის, გელბრეიტისა და ერჰარდის ნაქადაგები აქციონერული ეკონომიკა (სახალხო, სააქციო, რეგულირებადი კაპიტალიზმი), რომლის საფუძველზეც განვითარდა მთელი ევროპა და ნახევარი მსოფლიო. რატომ სურთ ჩვენს მთავრობებს მაინცდამაინც ადამ სმიტის "უხილავი ხელით" იმართებოდეს ეკონომიკა, ცოტა არ იყოს, გაუგებარია.

რა გზებით უნდა გადავიდეს საქართველოს გაურკვეველი მიმართულების ეკონომიკა სააქციო ეკონომიკის რელსებზე, ამის შესახებ რამდენიმე ვარიანტზე შეიძლება საუბარი. გთავაზობთ იმ ვარიანტს, რომელიც, ვფიქრობ, უფრო მისაღები უნდა აღმოჩნდეს მთავრობისათვის, მისი ნაკლები სირთულის გამო.

ეს ვარიანტი ხალხისგან იმის საყოველთაოდ გათავისებას მოითხოვს, რომ ერთი პირის, ბიძინა ივანიშვილის ფენომენი - "ივანიშვილი", შემდგარი ფაქტია. მოსწონს ვინმეს ეს თუ არა, უახლოესი 30-40 წლის განმავლობაში ის ყველაზე მდიდარი და გავლენიანი ფიგურა იქნება საქართველოში, რომელიც ყველაფერზე იქონიებს გავლენას: ეკონომიკაზე, პოლიტიკაზე, ყოფაზე და სხვ. და როცა ასეთი კაცი არსებობს, რატომ არ უნდა გამოვიყენოთ ის ქვეყნის საკეთილდღეოდ?

ბევრისთვის მისაბაძი ამერიკა, შეიძლება ითქვას, როკფელერების, მორგანების, დიუპონების, მელონებისა და მათ მსგავს მილიარდერთა ფულებით აშენდა. იმ ხალხის ფულებით, რომლებმაც სიმდიდრე საკუთარ სამშობლოში დააგროვეს და არავის დაუშლია მათთვის ამ ფულის კვლავ ამერიკის ეკონომიკაში დაბანდება.

ივანიშვილმა ფული ქვეყნის გარეთ იშოვა, მით უმეტეს, კანონიერად და რატომ უნდა დავუშალოთ, რომ ის ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას მოახმაროს, თან როცა ამის სურვილიც აქვს?

ჩვენ დახმარებას, "პატრონსა" და ინვესტორს მთელ მსოფლიოში ვეძებთ და თუ მაინცდამაინც პატრონი, მშველელი და ინვესტორი გვჭირდება, რაღა შორს მივდივართ? ივანიშვილს იმას კი არ უნდა ვუკიჟინებდეთ, საქართველოში სადღაც რაღაც შეიძინაო, არამედ დაჟინებით უნდა ვთხოვდეთ - შეისყიდოს, გამოისყიდოს, შეიძინოს, ააშენოს, გააკეთოს რაც სურს, თავადაც ისარგებლოს და ჩვენც გვასარგებლოს.

ქვეყნისთვის ჯობს, ეს კაცი იმ საქმეს მისდევდეს, რაც ყველაზე კარგად იცის და გამოსდის. აშენოს და შეიძინოს ქარხნები, ფაბრიკები, საწარმოები, ენერგეტიკული ობიექტები. გამოისყიდოს უცხოელების, ვიღაც-ვიღაცებისა და კრიმინალების მიერ მიტაცებული ობიექტები, მოახდინოს მათი აქციონირება, დაიტოვოს აქციათა პაკეტები, ხოლო დანარჩენი აქციები გაასხვისოს მოსახლეობაზე, საფონდო ბირჟის მეშვეობით. ამ გზით ათიათასობით ადამიანი ჩაებმება ბიზნესში, მათ გაუჩნდებათ საარსებო წყარო და საშუალო კლასის გამრავლება ქვეყნის სტაბილურობას შეუწყობს ხელს, თან დამატებითი თანხებიც გაჩნდება ახალი ინვესტიციებისთვის ადგილობრივი სახსრებიდან. საქართველოს ბანკებში 10 მილიარდ ლარამდე უმოქმედოდ დევს ანაბრებზე. ვფიქრობთ, ყველა სიამოვნებით დააბანდებს ფულს მომგებიან საწარმოებში აქციების შეძენით, როცა ეცოდინებათ, რომ მათი ბიზნესპარტნიორი თვით ბიძინა ივანიშვილი იქნება. თუ ამ საქმეში ბ-ნ ბიძინას სხვა ქართველი მილიარდერებიც წაეშველებიან (გვყავს კიდევ რამდენიმე), კიდევ უკეთესი - საქმე დაჩქარდება.

მნიშვნელოვანი როლი შეიძლება შეასრულოს თანაინვესტირების ფონდმა, რომელშიც უკვე $6 მილიარდია თავმოყრილი. ეს ძალიან დიდი ფულია, რომელსაც საქართველოსნაირი პატარა ქვეყნის ეკონომიკის სწრაფად წამოწევა შეუძლია. თუ ეკონომიკა აქციონირების გზით განვითარდება და ფონდი აქტიურად ჩაებმება ამ პროცესში, ეფექტი სწრაფი და მრავალმხრივი იქნება. მაგრამ თუ ყველაფერს (საქართველოში არსებული წინაპირობების მიუხედავად) მხოლოდ თავისუფალი კონკურენციის იმედად დავტოვებთ, მაშინ მოხდება ის, რაც მოხდა ბევრ ქვეყანაში: გარეული და შინაური ინვესტორების მიერ აშენებული ფაბრიკა-ქარხნები, საწარმოები, სასტუმროები თუ გასართობი დაწესებულებები დარჩება მათ ექსკლუზიურ მფლობელობაში და მთელ მოგებასაც ისინი, რამდენიმე ათეული ბიზნესჯგუფი გაინაწილებენ. ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა კი დასჯერდება მინიმალურ ხელფასს და საქართველო დაემსგავსება აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებს, სადაც თვალუწვდენელი ცათამბჯენებისა და საამური ცხოვრების გვერდით, ღარიბთა კვარტალები და არნახული სიდუხჭირეა.

სანამ ხელისუფლებაში ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი მთავრობაა, ეკონომიკის აქციონირების გზით განვითარება სავსებით შესაძლებელია. თუ ხელისუფლება შეიცვალა (პოლიტიკაში არაფერია გამორიცხული), აქ ისეთი ამბები დატრიალდება, ეკონომიკისთვის არავის ეცლება. თუ ჩვენ მიერ შემოთავაზებული გზით მოესწრება საყოველთაო აქციონირების განხორციელება და მოსახლეობის დიდი ნაწილი აქციების საშუალებით შემოსავლის მომტანი საკუთრების (ქონების) მფლობელი გახდება (ჩამოყალიბდება ეკონომიკურად თავისუფალ მოქალაქეთა საზოგადოება), მერე ქვეყნისთვის არსებითი მნიშვნელობა აღარ ექნება, ვინ მოვა ხელისუფლებაში. თავისუფალი, ეკონომიკურად დამოუკიდებელი მოსახლეობა არც ერთ ხელისუფლებას არ მისცემს ურიგოდ მოქცევის საშუალებას.

გიორგი თავაძე,

ეკონომიკის მეცნიერებათა

აკადემიური დოქტორი