კრისტიან დიორი - მოდელიერი, მეწარმე, ლიდერი... - კვირის პალიტრა

კრისტიან დიორი - მოდელიერი, მეწარმე, ლიდერი...

ჭირვეული მოდის სამყაროს მორჯულება

ვამბობთ "საფრანგეთს" - ვგულისხმობთ მოდას, ვამბობთ "მოდას" და ვგულისხმობთ "კრისტიან დიორს"! მას ქალთა მაამებელსაც უწოდებდნენ და ქალთა დიქტატორსაც. მთელი ნიჭი და ცხოვრება ქალებს მიუძღვნა, დიორივით არავინ იცნობდა ქალის სხეულის ფორმებს, ამ ცოდნის გარეშე კი ქალის მოდური სამოსის შექმნა შეუძლებელია. მის სახელოსნოებში ასობით ქალი მუშაობდა, კლიენტები კი მსოფლიოს საუკეთესო და წარჩინებული ქალბატონები იყვნენ. დიორს უაღრესად აფასებდნენ ქალები და მის რჩევებს მადლიერებით იღებდნენ. მოდელიერმა მოდის საკუთარი ბიზნესიმპერია სულ რაღაც ათ წელში შექმნა.

კრისტიან დიორი ლა-მანშის პროვინციაში, გრანვილში დაიბადა 1905 წლის 21 იანვარს, შეძლებულ ოჯახში. რამდენიმე წლის შემდეგ ოჯახი პარიზში გადასახლდა. ბიჭი ბავშვობიდან ხატავდა და მხატვრობაზე ოცნებობდა, მაგრამ მშობლების დაჟინებული თხოვნით პოლიტიკურ სკოლაში ჩააბარა. საერთაშორისო სამართლის ლექციების ნაცვლად, კრისტიანი დროს მუზეუმებში ატარებდა, სწავლობდა მხატვრობასა და მუსიკალურ კომპოზიციებს. ჭაბუკი ზღვარდაუდებელი ფანტაზიითა და მრავალმხრივი ნიჭით გამოირჩეოდა. დიორს ყმაწვილობიდანვე არ შეეძლო, გულგრილად შეეხედა უგემოვნოდ ან დაუდევრად ჩაცმული ქალისთვის და თანატოლ გოგონებს რჩევებით აღაფრთოვანებდა...

- მრავალი გამოცდა გელის, ძალიან ღარიბი იქნები, მაგრამ ქალების წყალობით გამდიდრდები, - უთხრა ერთხელ ქუჩაში კრისტიანს მკითხავმა, რაზეც მან და მისმა ძმამ გულიანად იცინეს...

სწავლის დასრულების შემდეგ კრისტიანი თავის გატაცებას დაუბრუნდა და მეგობარ ჟაკომ ბანუანთან ერთად პატარა გალერეა გახსნა, სადაც ძველი ოსტატების, აგრეთვე მატისის, პიკასოს, დერენის ნამუშევრებს ყიდდნენ. გალერეამ სოლიდური რეპუტაცია მოიპოვა, მაგრამ სიმშვიდე ხანმოკლე აღმოჩნდა. 1931 წელს ახალგაზრდას სამყარო თავზე დაემხო - საყვარელი დედა კიბომ იმსხვერპლა, მამა კი, ვინც გალერეას აფინანსებდა, გაკოტრდა. კრისტიანს აღარ ჰქონდა სახლი, არც ფული, აღარც საყვარელი საქმე. სიღარიბის სამი წლის შემდეგ დიორი ჭლექით დაავადდა. მეგობრებმა, რომლებთანაც ის ყველაფერის მიუხედავად ინარჩუნებდა ურთიერთობებს, სამკურნალოდ გაგზავნეს. 1935 წელს პარიზს სწორედ ის კრისტიან დიორი დაუბრუნდა, რომელზეც დღეს ლეგენდები დადის.

კრისტიანი მხატვარ ჟან ოზენს შეეკედლა და თეატრისთვის კოსტიუმებს ქმნიდა. ერთხელაც, მეგობრის ხელშეწყობით, მისი ესკიზები მოდის ბიზნესის ხალხმა ნახა და 1938 წელს დიორმა წარმატებისკენ მიმავალ გზაზე პირველი ნაბიჯი გადადგა - რობერ პიჟესა და ლუსიენ ლელონგის მოდის სახლისთვის დაიწყო მუშაობა. პიჟემ მას ელეგანტურობა და სისადავე ასწავლა, ლელონგთან კი ხელობა და ტექნოლოგიები აითვისა, შეუყვარდა ხელით მუშაობა და ქსოვილის შეგრძნების ალღოც გამოაჩნდა. თუმცა როცა კრისტიანი მეორე მსოფლიო ომში გაიწვიეს, მისი ადგილი სხვამ დაიკავა. პარიზში დაბრუნებულს ყველაფრის ხელახლა დაწყება მოუხდა. უკვე 40 წლის იყო და კვლავაც სხვათა კოლექციებზე მუშაობდა.

საწყისმა კაპიტალმა მოდელიერი იპოვა

დიორი ჯიუტად ეძებდა საკუთარ გზას, უნარებიც ხელს უწყობდა, თუმცა მისი ბედი მარსელ ბუსაკმა გადაწყვიტა. მილიონერი, დიდი საფეიქრო იმპერიისა და საჯირითო თავლების მეპატრონე, კარგ მოდელიერს ეძებდა. მან დიორს ფული მისცა მოდის საკუთარი სახლის გასახსნელად. აქ იღბალმაც ითამაშა როლი: სამჯერ ზედიზედ, ზუსტად ერთსა და იმავე ადგილას, კრისტიანს ბავშვობის მეგობარი შეხვდა და სამივეჯერ ჰკითხა, ხომ არ იცნობდა ვინმე კარგ მოდელიერს, ვისთვისაც შეიძლებოდა ბუსაკთან რეკომენდაცია გაეწია. დიორი სამივე შეხვედრისას ცხენების ეკიპაჟის მორგვზე წაბორძიკდა, ორჯერ უპასუხა, რომ ასეთი არავინ ეგულებოდა, მესამედ კი საკუთარი თავი დაუსახელა...

კრისტიანმა იმ დროისთვის გაუგონარი თანხა - 60 მილიონი ფრანკი და მოქმედების სრული თავისუფლება მიიღო. შვიდ თვეში მას უზარმაზარი სამუშაო უნდა შეესრულებინა - მოეფიქრებინა კოლექცია, ეპოვა და მოეწყო შენობა, მოეძია კლიენტურა და შეექმნა გუნდი. 1946 წლის აგვისტოში მონტენის ქუჩაზე მარსელ ბუსაკთან ერთად დიორმა საკუთარი მოდის სახლი გახსნა, ზამთრის კოლექციის ჩვენებით. შემოჭერილი წელი, მაღლა აწეული ფუმფულა მკერდი, პატარა, მომრგვალებული მხრები, კოჭებამდე ქვედა კაბები - აი, დიორის პირველი ჩვენების ძირითადი ხაზები. კოლექციამ ომამდელი მაღალი მოდის მემკვიდრეობა თამამად დაარღვია. მან მოდური გახადა კაბები, რომლებიც თითქოს გარდასულ საუკუნეთა არისტოკრატებისგან იყო ნასესხები: გრძელი, ფუშფუშა, მდიდრულად გაწყობილი. ზოგიერთის შესაკერად 40 მეტრი ქსოვილი იყო საჭირო.

ახალ სილუეტს, რომელსაც ჟურნალისტებმა "ახალი ხედვა" (ნეწ ლოოკ) უწოდეს, თითქოს უნდა დაეფრთხო მოკლე ქვედატანსა და ოთხკუთხა პიჯაკებს მიჩვეული საზოგადოება, მაგრამ მოხდა პირიქით - 90-მა ახალმა კაბამ თვალის დახამხამებაში ამოაბრუნა ჭირვეული პარიზელი ქალების წარმოდგენა მოდაზე: მომჭირნეობითა და სიღარიბით თავგაბეზრებულები, ახალგამოჩენილი დიზაინერის კოლექციას აღფრთოვანებით შეხვდნენ.

მოულოდნელად პროტესტი პურიტანულმა ამერიკამ გამოთქვა - "როგორ გაბედეს და ფუფუნებას დაუბრუნდნენ გაფიცვებითა და ომით დაუძლურებულ ქვეყანაში, სადაც ყველაფრის ნაკლებობააო"! ომის წლებში პარიზისგან დამოუკიდებლობას მიჩვეულმა ამერიკელმა კუტიურიეებმა მოკლე ქვედაკაბების დამცველთა კლუბიც კი შექმნეს. დიორს ბრალი ქალის დამახინჯებაში დასდეს. ამერიკაში დიორის სამოსში გამოწყობილ ქალებს ქუჩაში ჩქმეტდნენ, ქოლგით სცემდნენ, ტანსაცმელს აძრობდნენ. მსოფლიოს დედაქალაქებში მიმდინარეობდა დიორის მხარდამჭერი და საწინააღმდეგო დემონსტრაციები, ბრძოლაში მამაკაცებიც ჩაებნენ... ერთი წლის შემდეგ კი ევროპასაც და ამერიკასაც ახალი სტილი მიღებული ჰქონდა.

მოგვიანებითაც, როცა კრისტიან დიორის სახელი ელეგანტურობისა და სილამაზის ეტალონად იქცა, ოსტატები კვლავაც მიაწერდნენ მომაკვდინებელ ცოდვებს. თუმცა კუტიურიე მტკიცედ იცავდა პრინციპს: "სჯობს, მოწინავე სტატიაში გაგთათხონ, ვიდრე ბოლო გვერდზე ორი პწკარით ხოტბა შეგასხან". ეს პრინციპი ყოველთვის ამართლებდა, აკი პირველი კოლექციით პრესაში ამტყდარი ხმაურიც შესანიშნავი უფასო რეკლამა გამოდგა. გასაკვირი არ არის, რომ 1947 წელს დიორს მაღალი მოდის "ოსკარი" გადაეცა.

მოდის სახლიდან იმპერიამდე

ცნობილი ჩვენებიდან ერთი წლის შემდეგ, კოლექციებზე მუშაობასთან ერთად, დიორმა დაიწყო ლიცენზიებისა და პატენტების სისტემის გამართვა ყველა იმ აქსესუარისთვის, რომლებიც უკვე არა თვით დიორის სახლში, არამედ სხვა საწარმოებში მზადდებოდა. 1947-1957 წლებში კრისტიანი წელიწადში ორ კოლექციას ქმნიდა და საზოგადოებას კვლავ აოგნებდა. მისი ხაზების სახელწოდება ყურს ჭრიდა: "ციკლონი", "ვერტიკალი", "ტიტა". მორიგ ჩანაფიქრს პუბლიკა მოუთმენლად და ცოტა შიშითაც ელოდა, რადგან არ იცოდა, რა მოულოდნელ ცვლილებას შესთავაზებდა დიზაინერი.

დიორს მიაჩნდა, რომ "სუნამო ქალის პიროვნების აუცილებელი შემავსებელი, კაბის დამასრულებელი აკორდი" იყო. უკვე სახელგანთქმულმა მოდელიერმა შექმნა ბეწვეულის განყოფილება და გახსნა ფირმა "დიორის სუნამო". პირველ არომატს "მის დიორს", მოჰყვა "დიორამა" და "დიორისიმო". მალე კრისტიანი ნამდვილი მრეწველი გახდა. მისი საწარმოები უშვებდნენ ჰალსტუხებს, კორსეტებს, ხელთათმანებს, ჩანთებს, ძვირფასეულობას. 1953 წელს მის სახლს ცნობილი ამერიკელი ფეხსაცმლის დიზაინერი როჟე ვივიე შეემატა. ფეხსაცმელმა - სილუეტის დამასრულებელმა "შტრიხმა", დიორის სილუეტი სრულყოფილი გახადა. 50-იანების შუა ხანებში დიორი უკვე იმპერიას მართავდა, რომელიც ფუფუნების სამყაროს აღიარებულ ლიდერად მიიჩნეოდა.

თავად უნიჭიერესი ადამიანი, სხვის ტალანტსაც აფასებდა. თვალის ერთი შევლებით აფასებდა ახალგაზრდა დიზაინერებს და თავის მოდის სახლში იწვევდა. სწორედ აქ გამოჭრა თავისი პირველი კოლექცია პიერ კარდენმა. როცა 1955 წელს დიორის მოდის სახლში უცნობი ჭაბუკი ივ სენ-ლორანი მოვიდა, მეტრმა წამსვე შენიშნა ახალბედის ნიჭიერება და მალე თავის მემკვიდრედ აღიარა.

დიორის წარმატება გასცდა მოდის პოდიუმებს. მან შექმნა კოსტიუმები 15 ფილმისთვის, შემოსა ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც იყვნენ ავა გარდნერი და მარლენ დიტრიხი. გახსნა ფილიალები, შვილობილი ფირმები და მაღაზიები ათობით ქვეყანაში. იქ ქალებს შეეძლოთ თავით ფეხამდე შემოსილიყვნენ - ფეხსაცმლიდან შლაპამდე.

"ხარისხი მოდიდან არ გადადის"

მოდა დიდი ფულის, კონკურენციის, თვალთვალის, საიდუმლოებების მიტაცების დაუნდობელი სამყაროა. დიორი გადარჩა და გაიმარჯვა, თუმცა ეს ძვირად დაუჯდა.

ჯერ კიდევ წარმატების წელს, 1947-ში დაემართა გულის შეტევა. ექიმებმა ურჩიეს, ჯანმრთელობისთვის მეტი ყურადღება მიექცია, თუმცა კრისტიანი წარმატებით დაბრმავებული იყო და აქტიურ ცხოვრებას ეშურებოდა. ძალიან უყვარდა მეგობრები და კოლეგები, თავდაუზოგავად ზრუნავდა მათზე, საკუთარი თავი კი ავიწყდებოდა. წარმატებიდან სულ რაღაც ათის წლის თავზე ავადმყოფობამ თავი ავად შეახსენა. დიდი მოდელიერი გულის შეტევით გარდაიცვალა 1957 წელს, იტალიის კურორტ მონტეკატინის სასტუმროში, სკამზე.

დიორმა მხოლოდ ათ წელს დაჰყო წარმატების მწვერვალზე, მაგრამ მისმა იმპერიამ სამყაროს ამოტრიალება მოასწრო. ამ მოკლე ხანში კრისტიან დიორის მარკა მსოფლიოში მოდისა და უმაღლესი ხარისხის სიმბოლოდ იქცა.

მოდის იმპერია 21 წლის ივ სენ-ლორანის მტკიცე ხელში გადავიდა და მყარი პოზიციებიც შეინარჩუნა. ლორანმა სამ წელში დიორის ექვსი კოლექცია დაასრულა და მართვა დიზაინერ მარკ ბოანს გადაულოცა. ის ჯანფრანკო ფერემ შეცვალა, შემდეგ საჭესთან ჯონ გალიანო დადგა. დღეს "კრისტიან დიორის" კრეატიული დიზაინერი რაფ სიმონსია, ხოლო თავმჯდომარე გახლავთ ფრანგი მულტიმილიარდერი ბერნარ არნო, რომელიც ფირმის აქციების 60%-ს ფლობს. ჟურნალ "ფორბსის" 2000 უმსხვილესი საჯარო კომპანიის ბოლო, 2013 წლის მარტის რეიტინგში, "კრისტიან დიორი" 196-ე ადგილზეა $31,96-მილიარდიანი საბაზრო კაპიტალიზაციით. მისთვის 100 ათასზე მეტი ადამიანი მუშაობს, წლიური გაყიდვა კი $38,64 მილიარდს აღწევს.

მოამზადა ნატა ენუქიძემ