პატარა მაღაზიების დიდი პრობლემები - კვირის პალიტრა

პატარა მაღაზიების დიდი პრობლემები

საცალო ვაჭრობის მსხვილი ქსელები ბაზრის სულ უფრო მეტ წილს ისაკუთრებენ

სურსათზე, რომელიც ბოლო დროს ლარის კურსის ვარდნის გამო საკმაოდ გაძვირდა, ახალი წლის დღესასწაულებზე მაინც დიდი მოთხოვნა იყო. ქსელური მარკეტები მომხმარებელს სხვადასხვა პროდუქციას საგრძნობი ფასდაკლებებით სთავაზობდნენ, რასაც ფეხი ვერ აუწყვეს უბნის მაღაზიებმა, რომლებსაც ასორტიმენტიც ნაკლები აქვთ, ხოლო ფასნამატი, მცირე ბრუნვის გამო, შედარებით მეტი. რითეილის ბაზრის მსხვილმა მოთამაშეებმა თავიანთი სავაჭრო ობიექტები უბნის მაღაზიების ფორმატს მოარგეს და შეთავაზებების მრავალფეროვნებით მომხმარებლის ნაწილიც გადაიბირეს.

ჟანა კილაძე (მცირე მარკეტის მეპატრონე): "ცხრა წელია, ამ მაღაზიას ვამუშავებ. სავაჭრო ობიექტი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე მაქვს გახსნილი და ჩემი ძირითადი მომხმარებლები მიმდებარე მრავალსართულიანი კორპუსების მცხოვრებლები არიან. უფრო სწორად, იყვნენ. აქვე ახლოს "ნიკორას" სუპერმარკეტი გაიხსნა. მართალია, ჩემს მაღაზიაში მოსასვლელად "მეზობელ" მომხმარებლებს ბევრად უფრო ნაკლები დრო სჭირდებათ, მაგრამ მაინც იქ ამჯობინებენ საყიდლებზე სიარულს. ჯერ ერთი, იქ უფრო მრავალფეროვანი ასორტიმენტს სთავაზობენ. მეორეც, სუპერმერკეტების ქსელია და შეუძლიათ, დისტრიბუტორებისგან დიდი ოდენობის პროდუქცია შეიძინონ საკმაო ფასდაკლებით და შესაბამისად, ჩემნაირ მაღაზიაზე უფრო იაფად გაყიდონ. გარდა ამისა, სერვისიც უკეთესი აქვთ. ამის გამო ნავაჭრი ძალიან შემიმცირდა. ერთი ის მშველის, რომ ფართი ნაქირავები არ მაქვს, მაღაზია ჩემს სახლშია გახსნილი, თორემ ალბათ მისი დაკეტვა მომიწევდა. ასეთი პრობლემების გამო ძალიან ბევრი მცირე მარკეტი დაიხურა. ძნელია, კონკურენცია გაუწიო მსხვილ ქსელებს. ერთგულად მხოლოდ ის მომხმარებელი შემოგვრჩა, ვისაც პროდუქცია ნისიად მიაქვს. ასე რამდენ ხანს შევძლებ მუშაობას, არ ვიცი".

ბოლო წლებში რითეილის ბაზარზე ბევრი საინტერესო მოვლენა მოხდა. ორიოდე წლის წინ მოწყობილი კვლევის თანახმად, მხოლოდ თბილისში დაახლოებით 3000 სურსათის სავაჭრო ობიექტი იყო. სუპერმარკეტების ქსელების წილად ბაზრის 11% მოდიოდა, დანარჩენს კი ცალკეული სავაჭრო ობიექტები და არაორგანიზებული ვაჭრობა იკავებდა. მხოლოდ "პოპულის" წილად მოდიოდა სასურსათო რითეილის ბაზრის დაახლოებით 7%, რადგან მას სუპერმარკეტების ყველაზე დიდი ქსელი - 45 მაღაზია ჰქონდა. მას შემდეგ ვითარება შეიცვალა. "პოპულის" ბრენდი ფინანსური პრობლემების გამო ბაზრიდან საერთოდ გაქრა. "პოპულის" ფინანსურ პრობლემებს არაერთხელ შეცვლილმა მენეჯმენტმაც ვერ უშველა, რადგან მომწოდებლების წინაშე დაგროვილ დავალიანებებს ვერავინ გაართვა თავი და 2012 წლის ზაფხულში სუპერმარკეტების ქსელ „პოპულის“ 30,7%-ანი წილი 1,7 მილიონ ევროდ იყიდა სავაჭრო ქსელმა „იოლმა“. თუმცა ვითარება უკეთესობისკენ არც ამის შემდეგ შეცვლილა - "პოპულისა" და "იოლის" სუპერმარკეტების ქსელი 69 სავაჭრო ობიექტიდან 57-მდე შემცირდა. შარშან კომპანიის საოპერაციო მართვა მსხვილმა ევროპულმა საინვესტიციო ფონდმა SEAF-მა (შმალლ ენტერპრისე ასსისტანცე ფოუნდ) ჩაიბარა. ბოლო დროს, "პოპულის" მაღაზიების ადგილას "ფუდმარტის" ბრენდის მაღაზიები გამოჩნდა. თუმცა კომპანიაში ამბობენ, რომ "ფუდმარტის" ქსელი არ არის "პოპულის" რებრენდინგის საფუძველზე შექმნილი ახალი ბრენდი და "იოლთან" ერთად იგი არსებითად ახალი და ინოვაციური საცალო სავაჭრო ქსელია.

ნათია ჩოლოყაშვილი (სავაჭრო ქსელ "ფუდმარტის" საოპერაციო დირექტორი): "სს "ფუდმარტი" შარშან ნოემბერში დაარსდა, ხოლო ბაზარზე ოპერირება 20 დეკემბრიდან დაიწყო 51 სავაჭრო ობიექტით. დღეისთვის კომპანია აერთიანებს ორ ბრენდს - "ფუდმარტსა" და "იოლს".

მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, მოხდა "პოპულის" მაღაზიათა ქსელის, ანუ სავაჭრო სივრცეების იჯარების გამოსყიდვა, რათა მუშაობა ერთდროულად 51 სავაჭრო ობიექტით დაგვეწყო და საბაზრო წილი მომენტალურად მოგვეპოვებინა. გეგმის შესაბამისად, საწყის ეტაპზევე "ფუდმარტის" ქსელმა ერთ-ერთი ლიდერის პოზიცია დაიმკვიდრა. ეს ვამჯობინეთ წლების განმავლობაში თითო-ოროლა ობიექტის გასხნასა და ქსელის თანდათანობით გაფართოებას, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში კონკურენტებს დავუთმობდით "პოპულის" ბაზრიდან გაქრობის შემდეგ გამოთავისუფლებულ ადგილს.

სს "ფუდმარტის" დამფუძნებელთა და "პოპულის" აქციონერების შეთანხმებით, "პოპულმა" არსებობა შეწყვიტა, ბაზრიდან გავიდა (კომპანიის ფინანსურ პრობლემებთან ერთად, ეს განაპირობა ბრენდისადმი მომწოდებლებისა და მომხმარებლების ნდობის მკვეთრმა გაუარესებამ) სავაჭრო ფართები და საბაზრო ნიშა დაუთმო ახალ სავაჭრო ქსელ "ფუდმარტს". ამიტომ ვაცხადებთ, რომ "ფუდმარტის" ქსელი არ არის "პოპულის" რებრენდინგის საფუძველზე შექმნილი ახალი ბრენდი და "იოლთან" ერთად, ახალი და ინოვაციური საცალო სავაჭრო ქსელია. ."ფუდმარტის" მთავარი მიმართულება ექსპრესფორმატის მაღაზიათა ქსელის განვითარებაა. ჩვენი მაღაზიები თბილისის თითქმის ყველა უბანსა და რაიონშია და სავაჭრო ობიექტების რაოდენობა სამომავლოდ საგრძნობლად გაიზრდება თბილისშიც და რეგიონებში. ჩვენი საფასო პოლიტიკაა, შევინარჩუნოთ რაც შეიძლება დაბალი, ხელმისაწვდომი ფასი ყველაზე მაღალი მოთხოვნის, სამომხმარებლო კალათის პროდუქტებზე. მუდმივად მოეწყობა ფასდაკლების ან სხვაგვარი წამახალისებელი აქციები, ასევე უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა სანდოობა და კომფორტული გარემო.

გაგანდობთ სიახლეს - კომპანიის მენეჯმენტი აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს საცალო ვაჭრობის ბრენდთან, რომლის საქართველოში შემოსვლა არა მხოლოდ საცალო სავაჭრო ბაზარზე მოახდენს გავლენას, არამედ ქვეყნის ეკონომიკურ და საინვესტიციო პოტენციალზეც დადებითად იმოქმედებს. შესაბამისად "იოლი", ისევე როგორც "ფუდმარტი", წარმატებული და ცნობილი ბრენდის ქვეშ გაერთიანდება. მეტი დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ, თუმცა გეტყვით რომ მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია და სასიკეთო ცვლილებებს მალე უნდა ველოდოთ".

სანამ ბაზრის სხვა მოთამაშეები პრობლემებს ებრძოდნენ, ეს დრო ხელსაყრელად გამოიყენა "ნიკორამ" და გამოთავისუფლებული ნიშა დაიკავა. კომპანიამ სწრაფად განავითარა მაღაზიების ქსელი როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. ამჟამად „ნიკორას“ 92 სავაჭრო ობიექტი აქვს. აქედან 62 სუპერმარკეტი თბილისშია, 30 მაღაზია კი რეგიონებში. "კომპანია, ფაქტობრივად, საქართველოს ყველა დიდ ქალაქშია წარმოდგენილი. მომხმარებლის მხრიდან მზარდი მოთხოვნის პირობებში, „ნიკორა“ წლეულს ათზე მეტი ახალი სუპერმარკეტის გახსნას გეგმავს. რეგულარულად ხდება ძველი სავაჭრო ობიექტების განახლება-მოდერნიზებაც. რომ არა მზარდი მოთხოვნა, „ნიკორა“ ქსელი ასე სწრაფად და დინამიკურად არ გაფართოვდებოდა. შეიძლება ვთქვათ, რომ „ნიკორა“ ფართო მასშტაბების მქონე ერთადერთი ორგანიზებული სუპერმარკეტების ქსელია, რომელიც უბნის მაღაზიის კონცეფციაზეა მორგებული და ხორცპროდუქტებთან ერთად, მომხმარებელს 5 ათასზე მეტი დასახელების ქართული და უცხოური წარმოების კვების პროდუქტს სთავაზობს. 2013 წელს „ნიკორას“ სუპერმარკეტების მომხმარებლების რაოდენობა 36%-ით გაიზარდა და ყოველდღიურად 40 ათასს გადააჭარბა", - აცხადებენ კომპანიაში.

სუპერმარკეტების ქსელი „სმარტი“, რომელსაც „ვისოლი ჯგუფი“ ფლობს, ათი სუპერმარკეტითაა წარმოდგენილი. "ორ ნაბიჯს", რომლის მენეჯმენტს სავაჭრო ობიექტების 50-მდე გაზრდა სურს, 12 მაღაზია აქვს. ქსელის გაფართოებას თბილისის გარეუბნებსა და რეგიონებში გეგმავს უკრაინული სუპერმარკეტების ქსელი "ფურშეტი", რომელსაც ჯერ მხოლოდ ორი მაღაზია აქვს. "ფურშეტის" უშუალო კონკურენტი ქსელი "ფრესკოა", რომელბმაც თბილისში უკვე მესამე სუპერმარკეტი გახსნა.

ცოტა ხნის წინ რითეილის ბაზარზე გამოჩნდა კომპანია, რომელიც მცირე მაღაზიებს "ჩვენიანის" ქსელში გაერთიანებას სთავაზობს. "ჩვენიანი" დამოუკიდებელი მეწარმეების საცალო ქსელია. ეს სქემა უკვე აპრობირებულია ლიტვასა და ლატვიაში და მცირე მაღაზიებს მწვავე კონკურენციის პირობებშიც კი ბაზარზე დარჩენისა და განვითარების შესაძლებლობას აძლევს.

აუდრიუს ლეშინსკასი ("ჩვენიანის" გენერალური დირექტორი): "ჩვენ დამოუკიდებელ მაღაზიებს ერთ საცალო ქსელში ვაერთიანებთ, რათა საქონელი და მომსახურება კონსოლიდირებულად შევისყიდოთ. ძირითადი იდეა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაა, რათა მათ კონკურენცია გაუწიონ ადგილობრივ და უცხოურ ქსელებს. გარდა ამისა, შეძლონ მწარმოებლებისა და მიმწოდებლებისთვის გაყიდვის ორგანიზებული არხების შეთავაზება, რათა გაიზარდოს გაყიდვების მოცულობა და კონკურენტუნარიანობა. ჩვენ მაღაზიებს კომპლექსურ მომსახურებას ვთავაზობთ, კვალიფიციური სპეციალისტების კონსულტაციის ჩათვლით, რომლებსაც საცალო ვაჭრობის მოდერნიზებისა და განვითარების მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ.

ძირითადი სარგებელი ქსელის ყოველი წევრისთვის მიმწოდებლებისგან კორპორაციული წინადადებებით სარგებლობაა - ერთ ან თუნდაც ხუთ მაღაზიას არ შეუძლია მიიღონ ხელსაყრელი პირობები. საუბარია პროდუქციის მიმწოდებლებზე, სავაჭრო აღჭურვილობაზე, სალარო აპარატებზე, მობილურ კავშირზე, კომპიუტერულ ტექნიკასა და პროგრამულ უზრუნველყოფაზე, დაზღვევაზე, საბანკო მომსახურებაზე, საწვავზე, სახელმწიფო დაწესებულებებში მცირე და საშუალო მეწარმეების უფლებების დაცვაზე, იურისტის კონსულტაციაზე და სხვ.

ათი წლის განმავლობაში ვმონაწილეობდი მსგავსი ქსელების მართვა-განვითარებაში ლიტვასა და ლატვიაში. ასეთი ქსელები წარმატებით მუშაობს სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის პოლონეთში, უნგრეთში, ჩეხეთში, სლოვაკეთსა და იტალიაში. ჩემი გამოცდილება მკარნახობს, რომ საქართველოში ახლა საუკეთესო მომენტია ამგვარი ქსელის შესაქმნელად, რადგან საცალო ვაჭრობა ახლა კრეფს სიჩქარეს. საკმაოდ დიდი დრო წაიღო საქართველოს ბაზრის შესწავლამ და სქემის ადაპტაციამ, თუმცა დასაწყისისთვის შედეგებით ძალიან კმაყოფილი ვართ. ბევრი მეწარმე დაინტერესდა და ქსელში ერთიანდება. ამ ეტაპზე ჩვენი ქსელი აერთიანებს 50 მაღაზიაზე მეტს, რომელთა კომერციული ფართი 50-500 კვადრატული მეტრია. მიმდინარეობს მოლაპარაკებები კიდევ 200 მეწარმესთან მთელ საქართველოში".

კონკურენციაა ჰიპერმარკეტების სეგმენტშიც. ფრანგულმა ბრენდმა "კარფურმა", რომელიც საქართველოში 2012 წელს შემოვიდა, მალე მიიზიდა მომხმარებელი დაბალი ფასებით. კომპანია Cross One-ს მოლაპარაკებები აქვს ეკონომიკის სამინისტროსთან, ისანში "კარფურის" სუპერმარკეტისთვის ტერიტორიის შეძენასთან დაკავშირებით. „კარფურის“ უშუალო კონკურენტად ჰიპერმარკეტი „გუდვილი“ განიხილება. თუმცა, ბოლო დროს კომპანიას ყოფილი ხელისუფლების რეკეტის გამო ფინანსური პრობლემები შეექმნა და რამდენიმე ობიექტი დახურა კიდეც.

საზოგადოდ, უნდა აღინიშნოს, რომ არასახარბიელო სოციალური ფონის მიუხედავად, მომხმარებელი სულ უფრო მომთხოვნი ხდება არა მარტო პროდუქციის ხარისხისა და ფასის, არამედ მომსახურებისა და კომფორტის მიმართაც. ამ ტენდენციისთვის ფეხის აწყობა კი შედარებით მცირე სავაჭრო ობიექტებისთვის უფრო ძნელია, ვიდრე მათი "უფროსი ძმებისთვის". ასე რომ, ბაზარზე მსხვილი მოთამაშეების პოზიციების გამყარებას "მისი უდიდებულესობა მომხმარებელიც" უწყობს ხელს.