"გრძელი ფული" ეკონომიკისთვის
20-01-2014
"გრძელი ფული" ეკონომიკისთვის
"ბიზნესსექტორი არანაკლებ მხარდაჭერას საჭიროებს, ვიდრე სოფლის მეურნეობა"

ეკონომიკა 2013 წელს იზრდებოდა, მაგრამ ზრდის ტემპი სასურველზე დაბალი იყო. საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების შემდეგ, შარშანდელ წელს უკვე სავალუტო ფონდშიც უწოდეს "გარდამავალი". ჩანს, ეკონომიკის გამოცოცხლებისთვის მოქმედება რამდენიმე მიმართულებით იგეგმება. 2014 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს 600 მილიონი ლარის სახაზინო ვალდებულებების გამოშვებას, საიდანაც 400 მილიონი ბიუჯეტის საჭიროებებს მოხმარდება, ხოლო 200 მილიონი - კომერციული ბანკების დეპოზიტებზე განთავსდება. მიზანი ბანკების მიერ გრძელვადიანი კრედიტების გაცემაა. ამ თანხით სტარტაპები წახალისდება, მცირე
და საშუალო ბიზნესი დაფინანსდება და სხვ. რატომ გახდა საჭირო შიდა ვალის აღება, რამდენად მძიმეა ბიუჯეტის სოციალური ტვირთი და რატომ გამოიყოფოდა ამხელა თანხა გრძელვადიანი სესხების გასააქტიურებლად? - ამის შესახებ განმარტებისთვის ეკონომიკის ექსპერტ სოსო არჩვაძეს მივმართეთ.

- ეკონომიკის მართვის ბერკეტები გასულ წელს ახალი სახელისუფლებო გუნდის ხელში გადავიდა.
წინა ხელისუფლების ცხრაწლიანი მმართველობის დროს ბიზნესის განვითარებაში მთავარ როლს ის მსხვილი კომპანიები და საწარმოები ასრულებდნენ, რომლებიც ლოიალურად იყვნენ განწყობილი "ნაციონალური" მთავრობის მიმართ. როცა ახალი გუნდი მოვიდა, მსხვილი ბიზნესი, გარკვეულწილად, მოლოდინის რეჟიმში გადავიდა ვითარების გარკვევამდე, რამაც ეკონომიკური ზრდა შეაფერხა. წინა წლებში საქართველოს ეროვნული ბანკი მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას წარმართავდა. მიმოქცევიდან რამდენიმე ასეული მილიონი ლარის ამოღებამ გრძელვადიანი დეფლაციური პროცესი გამოიწვია, ბიზნესის განვითარება ამანაც შეაფერხა. მრავალი ფაქტორის გამო, წინა წლის სამ კვარტალში ქვეყანაში არ იყო სასურველი პირობები ბიზნესის განვითარებისთვის. მეოთხე კვარტალში მდგომარეობა ასე თუ ისე გამოსწორდა, რაც ეკონომიკის ზრდასაც დაეტყო, თუმცა მთელი წლის ჩამორჩენის დაძლევა ვერ მოხერხდა.

დადებით ტენდენციებს ჩაეყარა საფუძველი სოციალური ნაბიჯების გადადგმით, კომუნალური ტარიფების გაიაფება, განსაკუთრებით, დაბალშემოსავლიანი მოსახლეობისთვის იყო მნიშვნელოვანი. ბიზნესსა და სამოქალაქო საზოგადოებაში შიშისა და უსამართლობის განცდა გაქრა. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს არანაკლები ეფექტის მომტანია, ვიდრე, ვთქვათ, ინვესტიციების შემოსვლა. სოფლის მეურნეობისთვის გაწეულმა უპრეცედენტო დახმარებამ დარგი, რომელიც წლიდან წლამდე უკუსვლით გვამახსოვრებდა თავს, აშკარად გამოაცოცხლა. სავარაუდოდ, ეს გაგრძელდება, მით უმეტეს, იგეგმება ფერმერების დახმარება მიწის მოხვნაში, მათთვის სასუქის გადაცემა და სხვადასხვაგვარად ხელის გამართვა.

- უარყოფით ტენდენციებზე რას იტყოდით...

- გაუმართლებლად მიმაჩნია აქცენტის მარტო ერთ ან ორ დარგზე აღება. საქართველოში ეკონომიკის ბევრი დარგი და საერთოდ, ბიზნესი, არასახარბიელო მდგომარეობაშია. რამდენიმე ციფრს მოვიშველიებ: ერთი საწარმოს ბრუნვის მოცულობა ჩვენთან 4-5-ჯერ უფრო დაბალია, ვიდრე ევროკავშირში. ევროკავშირს ჩამოვრჩებით მოსახლეობის ყოველ ათას სულზე საწარმოთა რაოდენობის მხრივაც. უკვე მესამე ათწლეულია საბაზრო ეკონომიკის პირობებში ვცხოვრობთ, მაგრამ საშუალო ევროპული მაჩვენებელი ათას კაცზე 44 საწარმოა, ხოლო ჩვენთან - თორმეტი. საწარმოებში დასაქმებულთა რიცხვი კი, საშუალოდ, სამჯერ ნაკლებია. მაგრამ მთავარი ის არის, რომ ჩვენი საწარმოების წლიური ბრუნვა მოსახლეობის ერთ სულზე შეადგენს საშუალო ევროპული მაჩვენებლის მხოლოდ 6%-ს, ანუ 16-17-ჯერ ნაკლებია. აქედან გამომდინარე, ბიზნესსექტორი საჭიროებს არანაკლებ მხარდაჭერას, ვიდრე სოფლის მეურნეობა. საჭიროა დამწყები ბიზნესმენების ინტენსიური მხარდაჭერა და მათთვის სახსრების გამოყოფა.

- რა შედეგი შეიძლება მოიტანოს ეკონომიკის სტიმულირებისთვის 200 მლნ ლარის ბანკებისთვის გადაცემამ?

- ბანკები შეიძლება ქვეყნის ეკონომიკური სხეულის სისხლძარღვთა სისტემას შევადაროთ. ზედმეტი სენტიმენტალიზმის გარეშე უნდა ვთქვათ, რომ საბანკო სექტორსაც აქვს საკუთარი ფინანსური ინტერესები. თუმცა სამეწარმეო და სამეურნეო საქმიანობით დაკავებული სხვა იურიდიული პირებისგან განსხვავებით, ბანკების წარმატებულ საქმიანობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს არა მარტო მათი მოგებისთვის, არამედ მთლიანად ეკონომიკის სტაბილური განვითარებისთვისაც. სწორედ ბანკებია ის ინსტრუმენტი, რომლის დახმარებითაც უნდა დაკრედიტდეს ახალდაწყებული მცირე და საშუალო ბიზნესი. დღეს სახელმწიფომ დამატებითი სესხი იმ ვარაუდით აიღო, რომ ეს თანხა გადასცეს ბანკებს და მათ, თავის მხრივ, შეღავათიანი კრედიტი გასცენ დამწყებ ბიზნესმენებზე. არსებობს არაერთ ქვეყანაში გამოცდილი ე.წ. პირველი ბიძგის, პირველი იმპულსის თეორია, რომლის თანახმად, ბიზნესის წარმატებული საქმიანობისთვის მისი მხარდაჭერა აუცილებელია. ასეთი მხარდაჭერა სჭირდება დამწყებ ბიზნესმენს, რომელსაც აქვს იდეებიც, ენთუზიაზმიც, მაგრამ აკლია საკუთარი კაპიტალი. ამ დანაკლისის შევსება სასურველ შედეგს გამოიღებს, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს, რაც მომავალში ბიუჯეტის შემოსავლებსაც გაზრდის.

- რამდენად გამართლებულია საამისოდ შიდა ვალის აღება?
- ყველაზე მისაღები ალბათ სწორედ შიდა ვალის ხარჯზე დაფინანსება იყო. საქართველოზე დიდი საგარეო ვალი აქვთ სხვა ქვეყნებს, მაგრამ მთავარი ვალის მოცულობა კი არა, მისი სწორად გამოყენება და დროულად გასტუმრებაა. ჩვენი ბიუჯეტი ძალიან შეზღუდულია, უნდა ვეცადოთ, რომ არ შემცირდეს სოციალური ხარჯები, ჯანდაცვისთვის გამოყოფილი თანხა და სხვ.

- მთავრობას ოპონენტები ხშირად აკრიტიკებენ, რომ 2014 წლის ბიუჯეტი სოციალურად ორიენტირებულია.

- ეს ბიუჯეტი მხოლოდ წინა წლებთან შედარებით არის სოციალურად ორიენტირებული, თორემ ჩვენდა სამწუხაროდ, ევროკავშირის ქვეყნებს ამ მხრივაც ჩამოვრჩებით. კვლავ ციფრებს დაგისახელებთ: ჩვენთან სოციალური მიზნებისთვის განკუთვნილი თანხის თანაფარდობა მშპ-თან დაახლოებით 12%-ია, ხოლო ევროკავშირში - 29%. თუ სოციალური დაცვის ხარჯებს შევუფარდებთ საგადასახადო შემოსავლებს, იქაც დაახლოებით 2,5-ჯერ დაბალი მაჩვენებელი გვაქვს. სახელმწიფომ მარტო ხვალინდელ დღეზე კი არ უნდა იფიქროს, არამედ იმაზეც, რა იქნება ერთი, ორი, ან ხუთი წლის შემდეგ, ამიტომ ბიზნესისა და მოსახლეობის სასიკეთოდ სახსრების მობილიზება, ჩემი აზრით, სავსებით გამართლებულია.

ხათუნა ჩიგოგიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით