ხუდონის ენერგეტიკული "წყალგამყოფი" - კვირის პალიტრა

ხუდონის ენერგეტიკული "წყალგამყოფი"

მედიასთან შეხვედრისას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზეც ისაუბრა და ხუდონის ჰესის თემასაც შეეხო. რამდენიმე კვირაში კომპანია "ტრანს ელექტრიკა ჯორჯია", რომელიც მდინარე ენგურზე ხუდონჰესის აშენებას გეგმავს, გარემოს დაცვის სამინისტროს წარუდგენს გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის შესწორებულ ვარიანტს. თუ უწყება დოკუმენტს დადებითად შეაფასებს, შემდეგი ეტაპი ეკონომიკის სამინისტროსგან ჰესის მშენებლობისთვის ნებართვის მოპოვება იქნება.

საზოგადოების სხვადასხვა წრეში ხუდონის გარეშემო პოლემიკა არ ცხრება. ყველა თანხმდება, რომ ეკონომიკის განვითარებისთვის მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები საჭიროა, მაგრამ მეორე მხარეს სოციალური პრობლემები იკვეთება - დაიტბორება 528 ჰექტარი მიწა, დაახლოებით 200 ოჯახს მოუწევს განსახლება, საფრთხე ემუქრება ხაიშის ტერიტორიაზე არსებულ წმინდა გიორგის ეკლესიასა და საფლავებს. მედლის მეორე მხარე ჰესის ეკონომიკური ეფექტია. კომპანია, რომელიც ხუდონჰესის აშენებას აპირებს, ირწმუნება, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს ყველაზე მძლავრი ჰესი იქნება.

ხუდონჰესის გამომუშავება 702 მეგავატსა და 1,5 მილიარდი კვტ/სთ-ს მიაღწევს. მშენებლობის ექვსი წლის განმავლობაში ერთდროულად 4 ათასი ადამიანი დასაქმდება. ჰესის ამოქმედების შემდეგ მუდმივად დასაქმებული იქნება, სულ მცირე, 250 ადამიანი. გარდა ამისა, შესაძლებელი გახდება ენგურჰესის წყალსაცავის რეგულირება და რაც მთავარია, ხუდონის აშენების შემდეგ ენგურჰესის გამომუშავება დამატებით, ყოველგვარი ინვესტიციის გარეშე, 470 მილიონი კვტ/სთ-ით გაიზრდება, რაც დაახლოებით ახალი ჟინვალჰესის აშენებას ნიშნავს. ეს ენერგია იმავე ფასად - 1,18 თეთრად შევა საქართველოს ენერგოსისტემაში.

დავით მირცხულავა ("ტრანს ელექტრიკა ჯორჯიას" ტექნიკური ხელმძღვანელი): "ხუდონჰესის პროექტს ალტერნატივა არ აქვს. ბუნებრივია, ეს ძალიან მგრძნობიარე თემაა, მაგრამ ისიც უნდა ვიფიქროთ, რომ ხაიშის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ხუდონი არ აშენებულა, მაგრამ გადახედეთ სვანეთის მოსახლეობას, 1988 წლიდან თითქმის განახევრდა. ეს სწორედ იმით არის განპირობებული, რომ არ არის სამუშაო ადგილები, შესაბამისი ინფრასტრუქტურა და სხვ. აქედან გამომდინარე, გარდა იმისა, რომ პროექტს უზარმაზარი ეფექტი აქვს ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით, მას მაკროეკონომიკური ეფექტიც გააჩნია. ყოველგვარი დანახარჯების გარეშე, ენგურისა და ვარდნილის გამომუშავება იზრდება დაახლოებით 470 მილიონ კილოვატ/საათით და ოც წელიწადში, ფაქტობრივად, ინვესტიციების დაბანდების გარეშე, 1.350.000.000 დოლარის ღირებულების ელექტროენერგიას მივიღებთ. გამომუშავება იმდენით გაიზრდება, რომ, ფაქტობრივად, ჩვენ ჟინვალის ჰესს ვიღებთ აუშენებლად. დავუმატოთ ამას უშუალოდ ხუდონის გამომუშავება და თავადაც განსაზღვრავთ, რამხელა შეღავათს მივცემთ ამით ქვეყანას.

ჰიდროენერგეტიკა მაინც რჩება ენერგიის ყველაზე იაფ წყაროდ. ეს არის დამატებითი სამუშაო ადგილები ჩვენს ქვეყანაში - ვინაიდან ჩვენ ჰიდროენერგეტიკული რესურსების ქვეყანა ვართ, მისი ათვისების შედეგად ეკონომიკას ექნება ინფრასტრუქტურა, რომელიც მას განვითარებისთვის სჭირდება. ენერგეტიკა ჩვენთან იქნება შედარებით იაფი, რაც დიდი სტიმული იქნება სამუშაო ადგილების შექმნისთვის. ბუნებრივია, ეს ქვეყანას ძლიერ ბიძგს მისცემს ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით.

თითოეულ მოსახლეს ხაიშში მიეცემა შანსი, გაცილებით უკეთ იცხოვროს. ამის გარანტიას იძლევა ის თანხები, რაც ამ პროექტში კომპენსაციებისთვის არის გათვალისწინებული. ეს ხანგრძლივი პროცესია, ადამიანები უნდა დარწმუნდნენ, რომ მათ რეალურად აქვთ უკეთ ცხოვრების შანსი. რაც შეეხება ეკლესიას, ეს საკითხი გადაწყდება საპატრიარქოსთან კონსულტაციების შემდეგ. არსებობს ტექნოლოგიები მსგავსი შემთხვევებისთვის და შესაძლებელია ეკლესიის სრულად გადატანა უსაფრთხო ტერიტორიაზე. რაც შეეხება ჭუბერის გზის დატბორვას, ეს მცდარი ინფორმაციაა და კეთდება გაცილებით უფრო მაღალი კლასის გზა, ვიდრე დღეს არის. ზოგადად, სვანეთში გზები ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. უამრავ სოფელში ზამთარში ვერ მიხვალ. გამომდინარე აქედან, გაკეთდება ისეთი გზები, სადაც მოსახლეობა უსაფრთხოდ იმოძრავებს და ეკონომიკური თუ სხვა დანიშნულების ტვირთების გადატანაც მოხდება".

დემურ გიორხელიძე (ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში): "ვფიქრობ, ეს თემა ხელოვნურად არის დაძაბული. საბჭოთადროინდელ პროექტზე კეთდება აქცენტი, რომელიც არანაირი პარამეტრით არ შეიძლება დღეს აშენდეს. მიუხედავად იმისა, რომ ხუდონზე უკვე დიდი სამუშაოებია შესრულებული, 27 წელია ეს ნაგებობები კონსერვაციის გარეშე დგას და კიდევ საკითხავია, რამდენად შესაძლებელია იქ მშენებლობის განახლება. თუ ენერგეტიკის სამინისტროს ხუდონის ჰესის აშენება სურს, გამოაცხადოს ღია კონკურსი, განიხილონ ყველა პროექტი, თუ გნებავთ საერთაშორისო ექსპერტები მოიწვიონ, მათ შორის, ენერგეტიკოსები, გარემოს დამცველები, ქართული საზოგადოება საქმის კურსში ჩააყენონ. არანაირი პრობლემა არ არის ხუდონჰესის აშენებისა, მაგრამ ჩემი აზრით, არაფერს იძლევა ეკონომიკური თვალსაზრისით ის საბჭოთადროინდელი პროექტი, რომლის მიხედვითაც იგეგმება ამ ჰესის აგება. თუ აშენდება, ხუდონი უნდა აშენდეს სუპერთანამედროვე ტექნოლოგიებით და სრულიად სხვა კონცეპტუალურ ბაზაზე შესრულებული პროექტით, რომელიც უნდა იყოს დამტკიცებული ხელისუფლების მიერ. რაზეა დავა? ხუდონჰესი გვინდა? მაშინ სხვაგვარად შევხედოთ. საქართველოს ენერგეტიკის და ეკონომიკის მდგომარეობა რადიკალურად არ იცვლება ხუდონჰესის აშენებით. როცა დამტკიცებული არ არის მთავრობაში ენერგეტიკის განვითარების კონცეფცია, რისთვის გვინდა ჩვენი ბუნებრივი რესურსები? მხოლოდ ინვესტორის ინტერესებს მოვახმაროთ და მთელი ელექტროენერგია თურქეთში გავყიდოთ? გამოვაცხადოთ კონკურსი და ყველაზე ოპტიმალური წინადადება შევარჩიოთ!"

სოსო ცისკარიშვილი (ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში): "ხუდონჰესის თემა განხილვას საჭიროებს. ვფიქრობ, მეტი მოტივაცია და დამაჯერებლობა გვჭირდება, რათა მხარი დავუჭიროთ ამ პროექტს. იმ ვითარებაში, რომელშიც ვიმყოფებით, ჩემთვის არადამაჯერებლად გაისმის საუბრები ეკოლოგიასა და სოციალურ პრობლემებზე. თუმცა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის ასეთი გრანდიოზული მასშტაბის ინფრასტრუქტურა ძალიან მნიშვნელოვანია. ცხადია, არ მივესალმები ნაჩქარევად მიღებულ გადაწყვეტილებას, მაგრამ თუ პროექტი განხორციელდება ამომწურავად გაკეთებული კვლევებისა და ანალიზის საფუძველზე, მაქსიმალურად დავუჭერ მხარს".

ციფრების ენით

- ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისათვის პროექტი 1984 წელს დამტკიცდა.

- ჰესის მშენებლობისთვის გამოიყო 687,4 ჰექტარი მიწა.

- პროექტი ითვალისწინებდა 200 მეტრი სიმაღლის ბეტონის თაღოვანი კაშხლის, მიწისქვეშა ელექტროსადგურის, წყალსაგდებების, წყალმიმღებებისა და სხვა ნაგებობების მშენებლობას.

- სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა დამტკიცებული პროექტის მიხედვით და 1989 წელს შეჩერდა.

- პროექტის ფინანსური მოდელის მიხედვით, ელექტროენერგიის წარმოება და რეალიზაცია 2018 წლიდან იწყება და როგორც შიდა, ასევე საექსპორტო ბაზარზე 240 მილიონ ლარს შეადგენს.

- ხუდონის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია ოთხი თვის (ზამთრის თვეები) განმავლობაში ადგილობრივ ბაზარზე ფიქსირებულ ფასად, 5,84 აშშ ცენტად უნდა გაიყიდოს.

- პროექტის ღირებულება დაახლოებით $776 მილიონია.