პროექტში - „იზრუნე მომავალზე“ ჩართული ყოველი მოზარდი, ცალკე "კეისია", რომელიც არ იხურება, ვიდრე ის დამოუკიდებლობას არ მიაღწევს - კვირის პალიტრა

პროექტში - „იზრუნე მომავალზე“ ჩართული ყოველი მოზარდი, ცალკე "კეისია", რომელიც არ იხურება, ვიდრე ის დამოუკიდებლობას არ მიაღწევს

„ფონდი ნატახტარი“, უკვე მესამე წელია ახორციელებს პროგრამას „იზრუნე მომავალზე“, რომლის მიზანი ობოლი და მზრუნველობას მოკლებული მოზარდების საზოგადოებაში ინტეგრირება და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადებაა. გარდა ამისა, პროექტის მიზანია ამ ბავშვების მხარდაჭერისთვის საჭირო სერვისების შეთავაზება და სახელმწიფო მომსახურების გასვლის შემდეგ, მათთვის გარკვეული სამუშაო უნარების მიცემა. ამ ხნის განმვალობაში, პროგრამის ფარგლებში, სპეციალური მომსახურება და დახმარება, საქართველოში არსებული მცირე საოჯახო სახლებისა და დიდ ინსტიტუციებში მყოფი, ობოლ და მზრუნველობას მოკლებული ბავშვების 224 აღსაზრდელმა მიიღო.

საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში, ყოველ წელს, 3 თვის განმავლობაში, ნოემბრიდან თებერვლამდე, „ნატახტარი ლიმონათის“ ყოველი გაყიდული ბოთლიდან, ფონდში ირიცხებოდა 1,3 და 5 თეთრი შეფუთვის შესაბამისად: 0, 33, 0,5, 1 და 2 ლიტრი. პროექტს ახორციელებს "ფონდი ნატახტარის" პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაცია, ასოციაცია "ჩვენი სახლი - საქართველო". პროექტის ფარგლებში, ორი წლის განმავლობაში, 240 ათასი ლარი შეგროვდა, რაც მზრუნველობას მოკლებული მოზარდების დამოუკიდებელი ცხოვრების მომზადების ხელშეწყობისთვის იქნა გამოყენებული.

პროექტში ჩართული ყოველი მოზარდი ცალკე "კეისია", რომელიც არ იხურება, ვიდრე ის დამოუკიდებლობას არ მიაღწევს.

გთავაზობთ პროექტში მონაწილე მოზარდების მცირე ისტორიებს...

ნანა. ნ. 18 წლის

ნანას მამა სულ ეუბნებოდა, კარგი და სამაგალითო გოგო უნდა გამოხვიდეო, მაგრამ ის ვერ ახერხებდა მონაწილეობა მიეღო შვილის აღზრდის პროცესში. როცა დადგა დრო, რომ ნანას დამოუკიდებლად უნდა ეცხოვრა, მამამ ვერც მაშინ მოახერხა მისი დახმარება. თუმცა, ნანას მაინც ყოველთვის ეიმედებოდა და სჯეროდა, რომ მცირე საოჯახო ტიპის სახლის დატოვების შემდეგ, მამასთან გადავიდოდა საცხოვრებლად...

ვიდრე მამა შვილის დახმარებას შესძლებს, „ფონდი ნატახტარი“ ნანას ბინის ქირით და სტიპენდიით უზრუნველყოფს. ნანამ სკოლა დაამთავრა და გამოსაშვებ წვეულებაზე ყველაზე ლამაზი იყო. მისი თანატოლების მსგავსად, მასაც უფროსი გულშემატკივარი ახლდა. უფროსი გულშემატკივარი კი, „ფონდი ნატახტარის“ და „ასოციაცია ჩვენი სახლი-საქართველოს“ ფსიქოლოგი იყო.

ფსიქოლოგის აქტიური მხარდაჭერით, ნანა დასაქმდა და შეიძინა მეგობრები, რომლებიც დაეხმარნენ მას, მისი პატარა ოთახის მოწყობაში. მისი ახალი მეგობრები სტუდენტები არიან, რომლებმაც სპეციალური აქცია მოაწყვეს ნანას მხარდასაჭერად.

დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყების პირველ დღეებში ნანა შეშინებული და დაბნეული იყო. ახლა მას აქვს ბინა, აქვს სამსახური, ჰყავს მეგობრები და მისი მხარდამჭერი - პროფესიონალი ფსიქოლოგი, რომელიც იქამდე გააგრძელებს მის გაძლიერებას, ვიდრე ნანა მართლაც დამოუკიდებელი არ გახდება.

გიორგი. დ. 19 წლის

გიორგი, ბევრი მისი თანატოლის მსგავსად, მცირე საოჯახო ტიპის სახლში ცხოვრობდა, სადაც შესანიშნავი აღმზრდელი ჰყავდა. სწორედ აღმზრდელისა და „ასოციაცია ჩვენი სახლი-საქართველოს“ ფსიქოლოგის აქტიური თანამშრომლობით, გიორგი ჩაერთო პროექტში „იზრუნე მომავალზე“, რომელსაც „ფონდი ნატახტარი“ აფინანსებს. მან დაამთავრა კოლეჯი, შეისწავლა ხელობა, დასაქმდა კომპანიაში „მაკნატუნა“ და ავტოსკოლაში სიარული დაიწყო...

დადგა დრო, როცა გიორგის უნდა დაეტოვებინა მცირე საოჯახო ტიპის სახლი და დამოუკიდებლად ცხოვრება დაეწყო იმ დროს, როცა დედა არა თუ ვერ დაეხმარებოდა გიორგის, არამედ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, თავად სჭირდებოდა შვილის დახმარება.

„ფონდი ნატახტარის“ დახმარებით გიორგიმ იქირავა ბინა, მიიღო სტიპენდია და საკუთარ თავზე აიღო თავისი პატარა ოჯახის გაძღოლა.

ასოციაცია "ჩვენი სახლი-საქართველოსა“ და „ფონდი ნატახტარის“ სპეციალისტთა საკოორდინაციო საბჭომ გადაწყვიტა, რომ გიორგი მზად არის დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის. ფსიქოლოგისა და აღმზრდელის თანმიმდევრული მუშაობის შედეგად, გიორგიმ შეიძინა ის მნიშვნელოვანი უნარები, რაც დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის არის აუცილებელი: აქვს ეფექტური კომუნიკაციის უნარი, შეუძლია პასუხისმგებლობის აღება და საკუთარი ემოციების მართვა, გახდა მეტად თავდაჯერებული, ამაღლდა მისი თვითშეფასება...

ახლა ის სამხედრო სამსახურშია და საკუთარი ქვეყნის წინაშე დაკისრებულ ვალს იხდის.

დათო. გ. 21 წ

მას შემდეგ, რაც დათო სრულწლოვანი გახდა, ბავშვთა სახლის დატოვება მოუწია, რის შემდეგაც ქუჩაში აღმოჩნდა  - არც სახლი ჰქონდა, არც ოჯახი ჰყავდა, არც ახლობლები. მძიმე ცხოვრების 2 წელი სავსებით საკმარისი აღმოჩნდა, რომ ცხოვრებაზე ხელი ჩაექნია, დაეჯერებინა, რომ არასდროს არაფერი შეიცვლება და უკეთესისთვის ბრძოლაში ფარ-ხმალი დაყარა. ეს ლოგიკური შედეგია დიდ ბავშვთა სახლში გატარებული წლებისა და იმ ცხოვრების, რაც დათომ გამოიარა ბავშვთა სახლის დატოვების შემდეგ.

დათო უკვე სრულწლოვანი იყო, როცა „ასოციაცია ჩვენი სახლი-საქართველოს“ და „ფონდი ნატახტარის“ ფსიქოლოგი შეხვდა მას, გაესაუბრა, ახალი პროექტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მისი დარწმუნება იოლი არ ყოფილა...

დათომ ფსიქოლოგის აქტიური მხარდაჭერით დაიწყო სხვადასხვა საგანში მომზადება. „ფონდი ნატახტარის“ დაფინანსებით მისთვის მოიძებნა ბინა და დაენიშნა სტიპენდია. ფსიქოლოგმა ორგანიზება გაუკეთა იმას, რომ დათოს კერძების მომზადება ესწავლა და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის აუცილებელი სხვა უნარები განევითარებინა.

დღეს დათო სტუდენტია. დღემდე ებრძვის გულის სიღრმეში არსებულ უიმედობას, თუმცა ცხოვრების მიზანი აქვს და ფსიქოლოგის მუდმივი მხარდაჭერა ეხმარება, რომ წარსულის კვალს სულ უფრო ნაკლები გავლენა ჰქონდეს მის ცხოვრებაზე...

R