რატომ "გარბის" ლარი - სამი ძირითადი მიზეზი - კვირის პალიტრა

რატომ "გარბის" ლარი - სამი ძირითადი მიზეზი

"ინფლაცია ჯანსაღი პროცესია, თუ ეკონომიკური ზრდითაა გამოწვეული"

ეროვნული ვალუტა ორი წლის განმავლობაში მყარად ინარჩუნებდა გაცვლით კურსს და საქართველოში 1 აშშ დოლარის ფასი 1,67 ლარს თითქმის არ ასცილებია. ამჟამად კი 1 დოლარი უკვე 1,78 ლარი ღირს. მთავრობის ეკონომიკური გუნდი ლარის კურსის ცვლილებაში საგანგაშოს კვლავაც ვერაფერს ხედავს და აცხადებს, რომ ეროვნულ ბანკს ყველა რესურსი აქვს, რათა ვალუტის მკვეთრი გაუფასურება არ დაუშვას. ცხადია, ამის მიუხედავად, მოსახლეობაში შიში და უსიამოვნო მოლოდინი გაჩნდა, ხოლო ექსპერტთა წრეებში გამოითქვა მოსაზრება, რომ ეს პროცესი ხელოვნურია და ბიუჯეტში მეტი ფულის მობილიზებას ისახავს მიზნად. "ეკოპალიტრამ" ლარის სავალუტო კურსის შესახებ შეკითხვებით "ჯორჯიან ბიზნეს ინსაიტის" გენერალურ დირექტორ ირაკლი ლექვინაძეს მიმართა.

- ლარის გაუფასურებას ის მაკროეკონომიკური პროცესები იწვევს, რომლებიც ქვეყანაში აღინიშნება. გვაქვს მაჩვენებლები, რომლებიც შარშანდელთან შედარებით არ შეცვლილა, მაგრამ გვაქვს უარყოფითი ფაქტორებიც.

- მაინც რომელ ფაქტორებზე გაამახვილებდით ყურადღებას?

- მართალია, ქვეყანაში შემოსული გზავნილებიც გაიზარდა, ექსპორტიც, ინვესტიციების 4-%-იანი მატებაც აღირიცხება, თუმცა იმ ფაქტორების გავლენა, რომელიც ლარს აუფასურებს, უფრო მეტია: კერძოდ, იმპორტის ზრდა, ფულადი კაპიტალის გადინება ქვეყნიდან და გადაზიდვების შემცირება - სწორედ ამ ფაქტორებმა გადაწონა ზემოთ ჩამოთვლილი დადებითი მომენტები. საბოლოო ჯამში, იზრდება მოთხოვნა დოლარზე, რაც ამცირებს ლარზე მოთხოვნას. ამიტომაც გვაქვს დღეს ლარის ასეთი კურსი.

- რა როლი უნდა შეასრულოს ასეთ დროს ეროვნულმა ბანკმა?

- ეროვნული ბანკი ყოველთვის ერევა, როცა კურსი მკვეთრად მერყეობს. თუ ნოემბრამდე ძირითადად დოლარის შეძენის ტენდენცია გვქონდა, რაც რეზერვებს ზრდიდა, მაკროპროცესის ცვლილებამ უკვე საპირისპირო შედეგი მოიტანა. ეროვნული ბანკი ინტერვენციებით ყოველთვის ერეოდა და ახლაც იმავეს აკეთებს: ბოლოს, მაგალითად, $40-მილიონიანი ინტერვენცია მოახდინა. ვფიქრობ, ლარის კურსის დაცემა მოკლევადიანი პროცესია. განსაზღვრული დროის შემდეგ, როცა ინვესტიციების შემოდინება დაიწყება, კურსი გამყარებას დაიწყებს, მაგრამ ცუდი ის არის, რომ ზარალდებიან ადამიანები, რადგან ჩვენთან ლარის კურსის გაუფასურება პირდაპირ კავშირშია პროდუქტის გაძვირებასთან და მოსახლეობის მსყიდველობითი უნარიც მცირდება. ზარალდება ის, ვისაც აქვს შემოსავალი ლარში და ვალდებულება - დოლარში. თუ ადრე 100 დოლარის გადახდისთვის სჭირდებოდათ 166 ლარი, ახლა სჭირდებათ 178 ლარი, ხოლო როცა დიდ თანხებთან გვაქვს საქმე, ეს 12-ლარიანი სხვაობა საკმაოდ სოლიდურია. საბოლოოდ, მოგებული რჩება მხოლოდ მცირე ჯგუფი, ვისაც შემოსავალი დოლარში აქვს, მაგრამ თუ ბაზარი გაძვირდება, მათთვისაც არანაირი მოგება არ იქნება.

- რა შემთხვევაში დაუბრუნდება ეროვნული ვალუტა ძველ ნიშნულს?

- ჩვენი ვალუტა ძველ ნიშნულს დაუბრუნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინება დაიწყება. თუმცა ეს საკმაოდ გრძელვადიანი პროცესია. ამჟამად კი ლარის გაუფასურების მოლოდინი არსებობს როგორც ბიზნესში, ასევე მოსახლეობაში და ეს მოლოდინი, თავის მხრივ, კიდევ უფრო აძლიერებს უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნას. ეს შიში უნდა მოიხსნას ეროვნული ბანკისა და ქვეყნის ეკონომიკური გუნდის შეთანხმებული ნაბიჯებით. ვფიქრობ, პანიკის საფუძველი არ არსებობს.

ვალუტის კურსის შეცვლა ნორმალური პროცესია, უბრალოდ, მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა უნდა მოხსნან ყოველგვარი გაურკვევლობა და ცხადად უნდა აუხსნან საზოგადოებას, რატომ ხდება ეს და რა იქნება მომავალში. აუხსნან ისიც, რომ კურსის მერყეობა ჩვეულებრივი ამბავია, ასე ხდება ყველა იმ ქვეყანაში, რომელიც თავისუფალი, მცურავი კურსის პოლიტიკას მისდევს. ეს პროცესი მოთხოვნა-მიწოდებაზეა აწყობილი და თუ მკვეთრი რყევა არ ხდება, ცენტრალური ბანკები ვალუტის კურსის ფორმირებაში არც კი ერევიან. ამიტომაც იგივე დოლარი, იენი, ევრო და სხვა ვალუტები ყოველდღიურად განსაზღვრულ ცვალებადობას განიცდიან. ვალუტა ხან გაუფასურდება და ხან გამყარდება, მაგრამ გარემო უნდა იყოს პროგნოზირებადი. მთავრობაც უნდა შეეცადოს, რომ აუხსნას მოსახლეობას მიმდინარე პროცესები და არასწორი მოლოდინი გააქარწყლოს.

- რას იტყვით გავრცელებულ მოსაზრებაზე, რომ ლარი ხელოვნურად გაუფასურდა?

- არ ვფიქრობ, რომ ეს ხელოვნურად მოხდა, უბრალოდ, ეს შედეგი მაკროეკონომიკურმა პროცესებმა მოიტანა, მიმოქცევაში არის ჭარბი ლარი, იმპორტი გაზრდილია და ქვეყნიდან კაპიტალის გადინება აღინიშნება. ჯამში კი ეს ფაქტორები განაპირობებს უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნის ზრდას.

- თუ შეიძლება იმის განსაზღვრა, ლარი მომავალშიც გაუფასურდება თუ არა?

- ჯერ ამის თქმა ძალიან ძნელია. სავარაუდოდ, იანვარში ლარის გაუფასურება უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც გაგრძელდება, თუმცა ეროვნულ ბანკს ყველა რესურსი აქვს, რათა ეს პროცესი კონტროლირებადი იყოს. ამიტომ ახლა მთავარია, რას გადაწყვეტს მარეგულირებელი ორგანო, ანუ ეროვნული ბანკი, ასევე უნდა გააქტიურდეს ინვესტიციების შემოდინებაც, რათა ქვეყანაში უფრო ჯანსაღი და დაბალანსებული ეკონომიკური გარემო იყოს.

ეს ინფლაცია მაშინ იქნებოდა ჩვენთვის წამახალისებელი, ექსპორტზე ორიენტირებული ქვეყანა რომ ვიყოთ, რადგან ეროვნული ვალუტის გაუფასურება სწორედ რომ ექსპორტის წამახალისებელია. მაგრამ ჩვენთან ექსპორტის წილი მხოლოდ 25%-ია მთლიან სავაჭრო ბრუნვაში, ამიტომ ეს პროცესი უფრო ბაზარს გააძვირებს, ვიდრე ექსპორტს წაახალისებს. ინფლაცია მხოლოდ იმ შემთხვევაშია ჯანსაღი პროცესი, თუ ეკონომიკური ზრდით არის გამოწვეული. სავარაუდოდ, წლეულს კურსი 1,75-ის ფარგლებში იქნება, თუმცა ყველაფერი მაინც დამოკიდებულია მაკროეკონომიკურ პროცესებსა და ეროვნული ბანკის პოლიტიკაზე. სწორედ სებ-ს აქვს ამ პროცესის კონტროლის მექანიზმები და როგორც მისი ხელმძღვანელები გვპირდებიან, ახლო მომავალში ლარის კურსის მკვეთრი რყევა აღარ მოხდება.

ხათუნა ჩიგოგიძე