ბიზნესგამოცდილება შემოსავლების სამსახურისგან - კვირის პალიტრა

ბიზნესგამოცდილება შემოსავლების სამსახურისგან

აუდიტი, საგადასახადო დავების წარმართვა, კონსულტაცია, გადასახადების დაგეგმვა, საგადასახადო რისკების შეფასება - ეს მომსახურებები შეგიძლიათ ბიზნესის სწორად მართვისთვის გამოიყენოთ ან სარფიან საქმედ აქციოთ. სახელმწიფო საგადასახადო უწყებებში მუშაობის გამოცდილება წარმატების მიღწევაში ეხმარება კერძო აუდიტორულ კომპანიას, რომლის ბიზნესისტორიაც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან დაიწყო.

თორნიკე კუჭავა (Tax Strategy Consulting-ის დამფუძნებელი): "ჯერ კიდევ სტუდენტობიდან ვფიქრობდით მე და ჩემი მეგობრები საკუთარ ბიზნესზე. თუმცა ჩვენი პირველი საქმიანობა შორს იყო აუდიტისა და კონსალტინგისგან. მეწარმეობა ტურისტული კომპანიის დაარსებით დავიწყეთ. მეგობრები შევიკრიბეთ და გადავწყვიტეთ, რომ კარგი იქნებოდა, სამსახურთან ერთად დამატებითი შემოსავალი გვქონოდა და თან ბიზნესგამოცდილებაც მიგვეღო.

ტურისტული ბიზნესი კი იმიტომ ვარჩიეთ, რომ სეზონურად გვემუშავა და იმავდროულად, არც იმჟამინდელ ძირითად საქმიანობაში შეგვშლოდა ხელი. ამასობაში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში რეფორმები დაიწყო, რომლებიც ბიზნესისთვის ალტერნატიული აუდიტის შეთავაზებას გულისხმობდა. რეფორმის პერიოდში შემოსავლების სამსახური ახალი კადრებით დაკომპლექტდა და მათ შორის მე და ჩემი მეგობრებიც ვიყავით.

სახელმწიფო უწყებაში მუშაობისას კარგი გამოცდილება მივიღეთ, შემდეგ კი გადავწყვიტეთ, ეს ცოდნა კომერციული საქმიანობისთვის გამოგვეყენებინა და კერძო აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია დაგვეარსებინა. განსაზღვრული დროის განმავლობაში შემოსავლების სამსახურში მუშაობა არის ერთადერთი და აუცილებელი გზა, რათა შემდეგ, როგორც კერძო აუდიტორულმა კომპანიამ, ბიზნესს კვალიფიციური მომსახურება შესთავაზო. როცა საგადასახადო სამსახურთან გაქვს ურთიერთობა, უნდა იცოდე მათი ე.წ აზროვნების სტილი, ვგულისხმობ საგადასახადო კოდექსში სხვადასხვა მუხლის განმარტებას. მოკლედ, ჩვენნაირი ბიზნესისთვის საგადასახადო სამსახურში მუშაობა დიდი სკოლაა, რადგან კოდექსის ბუნდოვანი მუხლების ცოდნის გარდა, საგადასახადო ორგანოში მუშაობისას ბევრი მიმართულების ბიზნესთან გვაქვს ურთიერთობა და ესეც ძალიან ფასობს, როცა კერძო სექტორს აუდიტორულ მომსახურებას სთავაზობ.

ასე დავაფუძნეთ კომპანია, ცოტა რთული სახელწოდებით თახ შტრატეგყ ჩონსულტინგ, მაგრამ გვინდოდა სახელწოდებაში გამოგვეხატა ის, რისკენაც კომპანია ისწრაფვის. ეს არის სტრატეგიულად მოქმედება ყველაფერში. რადგან ჩვენი ფირმის საქმიანობა მომსახურების სფეროს განეკუთვნება, დიდი ინვესტიცია აუცილებელი არ არის. კომპანიის დაარსებისთვის გამოვიყენეთ მცირე პირადი დანაზოგი და ბანკში სესხიც ავიღეთ. თავდაპირველად ძირითადი ხარჯი ამ ბიზნესში საოფისე ინვენტარია. შემდეგ კი, როცა უკვე საქმიანობას იწყებ, ძირითადი ხარჯი დასაქმებული პირების შრომით ანაზღაურებაზე მოდის. საოფისე ფართი სესხით ავიღეთ. ეს საკმაოდ სარფიანი გარიგება აღმოჩნდა, რადგან ოფისისთვის ყოველთვიური გადასახადის გადახდა არ გვიწევს. იჯარა საკმაოდ მძიმე ტვირთია ხოლმე ბიზნესისთვის და მის განვითარებას აფერხებს. ბანკის პროცენტის გადახდა უფრო ხელსაყრელია, უფრო დაბალია, ვიდრე ყოველთვიურად გადასახდელი იჯარა.

პირველი კლიენტების მოზიდვა არ გაგვჭირვებია. როცა საკონსულტაციო მომსახურების შეთავაზება დავგეგმეთ, უკვე გვყავდა იმ ადამიანების წრე, ვინც დაინტერესებული იყო ამ მომსახურების მიღებით. რა თქმა უნდა, ეს წრე ძირითადად ჩვენი მეგობრებისა და ნაცნობებისგან შედგებოდა. აუდიტორული მომსახურება აუცილებელია, რათა კომპანიამ თავიდან აირიდოს ის შედეგები, რაც შეიძლება საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთობას მოჰყვეს. მეწარმეები ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებენ, რომ ეს აუცილებელია და ცდილობენ, ამ მიმართულებით ფული დაზოგონ. მაგრამ როცა უკვე საგადასახადო შემოწმება ეწყობა, მხოლოდ ამის შემდეგ ხვდებიან, რომ თავის დროზე გაწეული გონივრული ხარჯი დიდი ზარალისგან დაიცავდათ.

ჩვენი მომსახურება ორ ძირითად მიმართულებად იყოფა: აუდიტი და კონსულტაცია. აუდიტი განსაზღვრული საანგარიშო პერიოდის შემოწმებაა, კონსულტაცია კი უფრო ფართო სპექტრს მოიცავს. ასეთ დროს მინიმუმამდე დადის შეცდომები, რომლებიც ფინანსურ ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირს შეიძლება გაეპაროს. ამ საქმეში ყველაზე კარგი რეკლამა კმაყოფილი ბიზნესია. როცა ასეთი კლიენტი ბევრი გყავს, ეს უკვე წარმატების გარანტია".

ქ. თბილისი, ტოვსტონოგოვის ქ.21

ტელ.: (032) 296-35-38; 557-044-044

contact@tsconsulting.ge

* * *

ყველაზე მოულოდნელი ინვესტორი

ასეც შეიძლება მოხდეს, რომ ინვესტორად კმაყოფილი პაციენტი მოგვევლინოს... ყველა სახის ორგანოთა ექოსკოპია ბინაზე გამოძახებით, 24 საათის განმავლობაში - სწორედ ეს სტრატეგია აირჩიეს კლინიკის მესვეურებმა ბაზარზე საკუთარი ნიშის მოსაპოვებლად.

ბექა ბოლქვაძე (კლინიკა "მედიჰელსის" მენეჯერი): "ჩვენი კლინიკის დამფუძნებელს ექიმად მუშაობის 25-წლიანი სტაჟი აქვს და მის პაციენტებს ხშირად ჰქონიათ სურვილი ან საჭიროება გაჩენილა, რომ განსაზღვრული სამედიცინო მომსახურება ბინაზე მიეღოთ. სწორედ ასე გაჩნდა იდეა, ორგანოთა ექოსკოპიის აპარატი შეგვეძინა და პაციენტებს ბინაზე მოვმსახურებოდით. მოვიძიეთ მცირე კაპიტალი და ბიზნესი ე.წ. სტარტაპით დავიწყეთ. პაციენტებისთვის ეს იმდენად მოსახერხებელი აღმოჩნდა, რომ გვეკითხებოდნენ, ხომ არ შეგვეძლო მათთვის სხვა სამედიცინო სერვისებიც ასევე ბინაზე შეგვეთავაზებინა. ამან ჩვენი სამედიცინო მომსახურების პროფილის გაზრდისკენ გვიბიძგა და დღეს უკვე მრავალი სახის გამოკვლევას ვთავაზობთ ადამიანებს ბინაზე მისვლით - თერაპიული მომსახურებიდან დაწყებული, გინეკოლოგიური კვლევით დამთავრებული.

მას შემდეგ, რაც ჩვენი ერთგული და მადლიერი პაციენტების რიცხვი გაიზარდა, გაუჩნდათ სურვილი, საჭიროების შემთხვევაში ჩვენთან კლინიკაში მოსულიყვნენ და მივხვდით, რომ კლინიკის გახსნის საჭიროების წინაშე დავდექით. ეს კი სოლიდურ ინვესტიციას საჭიროებდა. ამ დროს მეტად საინტერესო რამ მოხდა - ერთ-ერთი ჩვენი კმაყოფილი პაციენტი ჩვენი ბიზნესით დაინტერესდა და ამ ბიზნესში ინვესტიციის დაბანდების სურვილი გამოთქვა. ასე გაჩნდა კლინიკა "მედიჰელსი". მოგეხსენებათ, რა ძნელია ადამიანის დარწმუნება, რომ ფული ჩადოს შენს ბიზნესში, მაგრამ ის ხომ ჩვენი პაციენტი იყო, ძალიან კმაყოფილი ჩვენი მომსახურებით, და მიიჩნია, რომ ამ საქმეში ფულის დაბანდება მისთვის მომგებიანი იქნებოდა.

ახლა "მედიჰელსში", 24 საათის განმავლობაში, ყველა სპეციალობის ექიმის გამოძახებაა შესაძლებელი. არის შემთხვევები, როცა ბინაზე ერთი პაციენტის გამოსაკვლევად მივდივართ, მაგრამ შემდეგ ამ შესაძლებლობით მთელი ოჯახი და მეზობლებიც კი სარგებლობენ. ასე რომ, ჩვენი ნიშა ვიპოვეთ ბაზარზე".

კლინიკა "მედიჰელსი"

ტელ.: 079-079-59-54; 568-906-586

P.S. გაგვიზიარეთ თქვენი ბიზნესის ისტორია, გახდით გადაცემა "ბიზნესფაილის" მონაწილე და გახადეთ თქვენი კომპანია კიდევ უფრო ცნობილი რადიოში, ტელევიზიასა და პრესაში. გადაცემაში მოხვედრის მსურველებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ტელეფონის ნომერზე: 272-52-83.