ძმები ფილიპსების 123-წლიანი ბიზნესნათურა
27-01-2014
ძმები ფილიპსების 123-წლიანი ბიზნესნათურა
ანტონ და ჟერარ ფილიპსებმა საქმიანობა დაიწყეს ჰოლანდიის პატარა ქალაქ ეინდჰოვენში, ლამპების პატარა ფაბრიკიდან და მძლავრი ტრანსნაციონალური კომპანია შექმნეს, ფილიალებით მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ანტონსა და ჟერარს, 2000 წლის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე, ჰოლანდიაში XX საუკუნის საუკეთესო მეწარმის წოდება მიანიჭეს. "ფილიპსმა" მსოფლიოს მისცა ნათურების, რადიომიმღებების, ელექტროსაპარსების, მაგნიტოფონების, ტელევიზორების, კომპიუტერების, ლაზერული დისკების, ფიჭური ტელეფონებისა და სამედიცინო ტექნიკის მასობრივი წარმოება...

კომპანიას საფუძველი 1891 წელს ჩაეყარა, როცა ჟერარ ფილიპსმა ელექტრონაწარმის ფირმა Pჰილიპს & ჩო შექმნა.
საწარმოს პერსონალი ათ კაცს ითვლიდა და დღეში 100-200 ლამპას ამზადებდა. თავდაპირველად კომპანია მხოლოდ ნახშირბადისძაფიან სანათურებს უშვებდა, რაც იმ დროისთვის ეგზოტიკად მიიჩნეოდა. საქმეები კარგად მიდიოდა და 1916 წელს ნიდერლანდების დედოფალმა ვილჰელმინამ ფილიპსების საწარმოს უფლება მიანიჭა, საფირმო სახელწოდებაში "სამეფო" ჩაემატებინათ. ორიოდე წლის შემდეგ კომპანია უკვე ევროპაში ელექტროლამპების
ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი იყო.

პრაქტიკულმა და შორსმჭვრეტელმა ჟერარ ფილიპსმა პირველი მსოფლიო ომის წინ საკუთარი სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია შექმნა, სადაც არსებული ლამპების მოდერნიზაციასა და პერსპექტიული ნიმუშების შექმნაზე მუშაობდნენ. 1920-იანი წლების დასაწყისში ფირმა უკვე რამდენიმე პატენტს ფლობდა. 1918 წელს ფილიპსებმა ბაზარზე გაიტანეს რენტგენული სამედიცინო მილაკი, 1925 წელს მონაწილეობდნენ ტელევიზიის შექმნის პირველ ექსპერიმენტებში, ხოლო კიდევ ორ წელიწადში რადიომიმღებების წარმოება დაიწყეს. 1932 წელს ნიდერლანდური კომპანიის მიერ გამოშვებული რადიომიმღებებით უკვე მილიონი ადამიანი სარგებლობდა.

მაგრამ ძმებმა მსოფლიოს არა მარტო ახალი ტექნოლოგიები მოუტანეს, არამედ - ახლებური დამოკიდებულებები წარმოებაში. კონცერნის დევიზი იყო - "ციფრები მნიშვნელოვანია, მაგრამ ადამიანები - უფრო მნიშვნელოვანი".

თამბაქოდან ელექტროტექნიკამდე


XVIII ს-ში ებრაული წარმოშობის ფილიპ ფილიპსი საგვარეულო საქმეს - თამბაქოთი და ქსოვილით ვაჭრობას თანდათან აფართოებდა და თავისი ათი ვაჟიშვილის განათლებისთვის თითოეულ გულდენს ოფლით მოიპოვებდა. მათაც დაუფასეს ამაგი და ბიზნესის არანაკლები ნიჭი გამოავლინეს: ნელ-ნელა გაზარდეს წარმოება და შეიძინეს პატარა ფაბრიკა ბამბის გადასამუშავებლად, ასევე შენობა ყავის მოსახალად, და გაზგამანაწილებელი სადგური. ფილიპსების მეხუთე თაობის წარმომადგენელი ჟერარ ფილიპსი ელექტროტექნიკით დაინტერესდა.

ის ელექტრონული კლასიკური თეორიის შემქმნელ ჰენდრიკ ლორენცის მოსწავლეც გახლდათ. ინჟინრის დიპლომის მიღების შემდეგ, XIX ს. 90-იან წლებში, მშობლიურ ეინდჰოვენში ჟერარმა ელექტროლამპების ზემოხსენებული ფაბრიკა გახსნა. ცნობილი გერმანული ფირმა "სიმენსისა" და სხვათა გვერდით, ქარხანას თითქოს დიდხანს არსებობა არ ეწერა და ეს საფრთხე მანამ არსებობდა, ვიდრე საქმეში უმცროსი ძმა ანტონი არ ჩაება. მას ორგანიზებისა და კომერციის განსაკუთრებული ნიჭი აღმოაჩნდა. ჟერარი ფაბრიკისთვის ძველ საწარმოო შენობას ქირაობდა, მათი საქონელი კი მხოლოდ ჰოლანდიის ბაზარზე გადიოდა. საქმეში ანტონის ჩართვის შემდეგ მდგომარეობა თვალში საცემად შეიცვალა. პირველ რიგში, მან ადგილობრივ ბაზარზე გაუწია ფირმას დიდი პიარკამპანია. შორეულ 1898 წელს ანტონი სარეკლამო მიზნებით იყენებდა ღია ბარათებს ჰოლანდიური ეროვნული კოსტიუმების გამოსახულებით. მაშინ ფირმა ლამპებს აწარმოებდა და ცხადია, ისინი ღია ბარათებზეც იყო გამოსახული, როგორც თანამედროვეობისა და ფუფუნების განსახიერება. ანტონის ამ იღბლიან ტრიუკს დიდი წარმატება ხვდა წილად.

დროთა განმავლობაში ძმებს შორის თავისებური შეჯიბრებაც გაჩაღდა - ანტონი ცდილობდა იმაზე მეტი ლამპის გაყიდვას, ვიდრე მისი ძმა აწარმოებდა, ხოლო ჟერარი - იმაზე მეტის დამზადებას, ვიდრე გაყიდვა მოხერხდებოდა.

დაკვეთების "სამოთხე"

ანტონმა მიზნად დაისახა, ფირმა საერთაშორისო ბაზარზე გაეყვანა და ჩანაფიქრი მოკლე ვადაში შეასრულა. ძმები ფილიპსების განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევდა რუსეთის უკიდეგანო ბაზარი, სადაც დიდი ხანია, გერმანელები "ბატონობდნენ" და დიდ-დიდ შეკვეთებსაც იღებდნენ. საქმე თითქმის უიმედო ჩანდა, მაგრამ ანტონმა გარისკვა გადაწყვიტა. თავდაპირველად მან რუს ვაჭრებსა და მებითუმეებს, ვისაც კი ცნობარებში მიაკვლია, "ფილიპსის" ლამაზი სარეკლამო მასალები გაუგზავნა, 1898 წელს კი თავადაც გაემგზავრა პეტერბურგს. გასაოცარია, რომ მიუხედავად ენის უცოდინრობისა, სარეკომენდაციო წერილების არარსებობისა, ბაზარზე გერმანელების ბატონობისა, ანტონმა შეკვეთები გააფორმა იმ რაოდენობის ნახევარზე, რამდენიც მათ მომცრო ფაბრიკას მთელი წლის განმავლობაში შეეძლო დაემზადებინა. განსაკუთრებით აღსანიშნავი იყო შეკვეთა ნათურა-სანთელზე, რომელიც ბროლის კანდელაბრში იდგმებოდა. შემდგომში სწორედ ამ ნათურებით გაანათეს მთელი ერმიტაჟი, ასე რომ, პირველი "ილიჩის ნათურა" წარმოშობით ჰოლანდიიდან იყო. მალე რუსეთის სამეფო კარმა "ფილიპსს" 50 ათასი ნათურა შეუკვეთა. როცა ამის შესახებ ანტონმა ეინდჰოვენში დეპეშა აფრინა, იქ შეცბნენ და ტელეგრაფით იკითხეს, ერთი ნული ზედმეტი ხომ არ იყო. პასუხად ანტონმა რიცხვი სიტყვიერად მისწერა სამ ენაზე: "ორმოცდაათი ათასი".

ერთი რუსული ვოიაჟიდან ანტონმა 100-ათასიანი შეკვეთა ჩამოიტანა. ეინდჰოვენის ქარხანამაც სწრაფად დაიწყო გაფართოება. 1914 წლისთვის ანტონმა სანქტ-პეტერბურგში, ნევის პროსპექტზე სავაჭრო კანტორა გახსნა. რუსეთში "ფილიპსი" 2 მილიონ ნათურას ყიდდა წელიწადში. ახალგაზრდა ანტონი მხოლოდ 24 წლის იყო და ადამიანებთან დაახლოების თანდაყოლილი ნიჭი აღმოაჩნდა. თავისი გულითადობის წყალობით რუსეთში შინაურ კაცად იქცა, მას იქ ანტონ ფილიპოვიჩს ეძახდნენ. ძმებს კარგად ესმოდათ, რომ ბაზარზე პრივილეგიის შენარჩუნება ადვილი საქმე არ იყო, ამიტომაც გამუდმებით ზრუნავდნენ ტექნოლოგიების სრულყოფასა და სიახლეების დანერგვაზე.


კონცერნი და ჰოლანდია

"ფილიპსმა" ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ტელევიზიის განვითარებაში. მისი კვლევების შედეგად შეიქმნა Plumbicon-ის მილი ტელეკამერისთვის, გაუმჯობესდა გამოსახულების ხარისხი. განსაკუთრებულ წარმატებებს მიაღწია კომპანიამ ანტონის ვაჟის, ფრედერიკის დროს. თუ ადრე ამბობდნენ, რომ "ფილიპსი" - ეინდჰოვენი იყო, ფრედერიკის დროს აღნიშნავდნენ, რომ უკვე ეინდჰოვენი იყო "ფილიპსი". მეტიც, ფრედერიკის ხელმძღვანელობის დროს საქმიან სამყაროში უკვე თვით ჰოლანდია ასოცირდებოდა ამ კონცერნის სახელთან.

1940-50-იანი წლები მეცნიერებისა და ტექნიკის კოლოსალური მიღწევების ხანა იყო. ქვეგანყოფილება "ფილიპ რესერჩმა" შექმნა მოძრავი თავაკი, რომლის საფუძველზეც შეიმუშავეს ელექტროსაპარსი "ფილიშეივი". ამით საფუძველი დაედო გარღვევას ტრანზისტორებისა და ინტეგრალური სქემების სფეროში.

ფილიპსები კონცერნს 1971 წლამდე ხელმძღვანელობდნენ. უკანასკნელი გახლდათ ანტონ ფილიპსის ვაჟი ფრიცი. იგი 25 წლისა შევიდა კომპანიის ხელმძღვანელობაში, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის დროს, გერმანელ ოკუპანტებთან თანამშრომლობაზე უარის თქმის გამო, დააპატიმრეს. ომის შემდგომ ხანაში მისი ამ ნაბიჯისა გონივრული მართვის წყალობით ოჯახური წარმოება მსოფლიოს წამყვან კონცერნად იქცა. ფრანც ფილიპსი 2005 წელს გარდაიცვალა 101 წლისა.

კომპანიის მნიშვნელოვან მიღწევებად მიიჩნევა მაგნიტოფონის კასეტისა (1963 წ.) და პირველი ინტეგრალური სქემის შექმნა (1965 წ.). 1983 წელს კი "ფილიპსმა", კომპანია "სონისთან" ერთად, მსოფლიოს პირველი კომპაქტდისკი წარუდგინა.

დღეს "ფილიპსი" სააქციო საზოგადოებაა. ჟურნალ "ფორბსის" 2000 უმსხვილესი საჯარო კომპანიის ბოლო, 2013 წლის მარტის რეიტინგში, "ფილიპსი" 71-ე ადგილზეა $27,54-მილიარდიანი საბაზრო კაპიტალიზაციით. მისთვის 118 ათასზე მეტი ადამიანი მუშაობს, წლიური გაყიდვა კი $32,67 მილიარდს აღწევს.

მოამზადა ნატა ენუქიძემ
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით