"უფასოდ ლამის თოვლიც აღარ მოდის" - კვირის პალიტრა

"უფასოდ ლამის თოვლიც აღარ მოდის"

ზამთრის ტურისტული სეზონის ნახევარი უთოვლობის გამო ჩავარდა

როგორც იქნა, მოთოვა, თუმცა წლევანდელი იანვარი საქართველოს ზამთრის კურორტებისთვის უიღბლო აღმოჩნდა. უნალექო და თბილი ზამთრის გამო დამსვენებლების ერთმა ნაწილმა სასტუმროებსა და გესტჰაუსებში ჯავშანი გააუქმა და სხვა კურორტზე დასვენება არჩია. არადა, ზოგიერთ სასტუმროში ნომრები აპრილამდეც კი იყო დაჯავშნილი. წლევანდელი სეზონისთვის ადგილები დარეზერვებული ჰქონდათ რუსეთიდან, შვეიცარიიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან და, რა თქმა უნდა, მეზობელი სომხეთიდან და აზერბაიჯანიდანაც. საქართველოში ჩამოსვლით დაინტერესებული ტურისტები სოციალურ ქსელებშიც აქტიურობდნენ, თუმცა უთოვლობამ ბევრი მათგანი აიძულა, დასასვენებლად აღარ ჩამოსულიყო. საქართველოს ტუროპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ია თაბაგარი ამბობს, რომ ზამთრის სეზონის პირველი ნაწილი კლიმატური პირობების გამო ჩავარდა:

- მართალია, უთოვლობა ბოლო წლებში ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ წლეულს რაც მოხდა, ასეთი რამ არასოდეს ყოფილა. იმ ადამიანებმა, ვისაც საქართველოში ჩამოსვლა ჰქონდათ გადაწყვეტილი, სხვა გზა მოძებნეს. სეზონმა, რომელიც ზამთრის კურორტებისთვის ყველაზე შემოსავლიანია, სამწუხაროდ, უკვე ჩაიარა, ძალიან ბევრმა ტურისტმა გააუქმა ჯავშანი. გუდაურში მთელი დეკემბერ-იანვრის განმავლობაში თოვლის ნაკლებობა იყო. მართალია, ბაკურიანში ამ მხრივ უკეთესი მდგომარეობა იყო, მაგრამ ჩვენს კურორტებზე უთოვლობა სულაც არ არის ერთადერთი პრობლემა: ცუდად იწმინდება გზები, არ არის საჭირო ინფრასტრუქტურა და სხვ. ზემო სვანეთშიც ცუდად იწმინდება გზა და ავტომობილით ასვლაც სარისკოა, არ აქვთ საკმარისი რაოდენობით თხილამურები, ამავე დროს, უხარისხო თხილამურებიც ქირავდება. მესტიაში ზამთრის სეზონზე დამსვენებლებს ცხელი წყლის პრობლემაც ჰქონდათ. კიდევ ერთხელ უნდა შევეხო საკითხს, რომელიც მოსაგვარებელია - ხელოვნური თოვლის აპარატის უქონლობა. თუნდაც ერთი საბაგიროს ძირში რომ მოეწყოს რამდენიმე ტრასა, ეს უკვე შეღავათი იქნება. ტურისტები ადგილზე დარჩებიან და დასასვენებლად სხვა კურორტებს აღარ მოძებნიან.

გუდაურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ალექსანდრე ონოფრიშვილიც აღიარებს, რომ სეზონი კარგი არ იყო, თუმცა იმედს არ კარგავს, რომ თებერვალში მდგომარეობა გამოსწორდება:

- კლიმატურმა პირობებმა არ შეგვიწყო ხელი, მაგრამ ჩვენ ჩვენსას ვეცადეთ: 30 დეკემბრიდან 4 იანვრის ჩათვლით საბაგირო უფასო გვქონდა, ბილეთები 50%-ით გავაიაფეთ, რომ ტურისტები უკან არ დაბრუნებულიყვნენ. ახალი წლის დღეებში გუდაური ტურისტებით იყო სავსე. ამგვარი ხერხებით მეტ-ნაკლებად შევაჩერეთ მათი "მიგრაცია" და ბევრი დამსვენებელი შევინარჩუნეთ. უთოვლობის გამო ერთი თვის დაგვიანებით, ანუ 25 იანვარს გავხსენით სეზონი, რითაც ჩვენი კომპანია დიდად დაზარალდა, რადგან ჩვენ ბილეთების გაყიდვაზე ვართ დამოკიდებული. ამავე დროს, ვფიქრობ, პანიკის საფუძველი არ არის: ამ დღეებში გუდაურში თოვს და ტრასებიც უკვე დატვირთულია. ზარალი ვნახეთ, მაგრამ იმედი გვაქვს, ამ ზარალს როგორღაც ავინაზღაურებთ. შარშან ჩვენი შემოსავალი 2 მილიონ 660 ათასი ლარი იყო, თებერვალში ბევრ ტურისტს ველოდებით და ვფიქრობთ, რომ შემოსავალი შარშანდელზე მეტი თუ არა, ნაკლები არ გვექნება. დიდი სურვილი გვქონდა, სეზონი 14 დეკემბერს გაგვეხსნა, საამისოდ ყველანაირად მომზადებული ვიყავით, მაგრამ უთოვლობამ არ მოგვცა საშუალება. ამიტომ ახლა ვფიქრობთ, რა შეიძლება გაკეთდეს გაზაფხულ-ზაფხულში. დიდი სურვილი გვაქვს, ზაფხულში, შაბათ-კვირის ჩათვლით, ჩართული გვქონდეს ატრაქციონები და საბაგირო.

ამის წყალობით გუდაური ზაფხულშიც დამსვენებლებით აივსება. აქ ძალიან კარგი ველოტრეკები გვაქვს, ჩამოდიან საცხენოსნო სპორტის მოყვარულები, საბაგიროებს ჩავრთავთ და ზაფხულშიც დავიტვირთებით. უთოვლობის გამო ბევრმა გააუქმა ჯავშანი. საბედნიეროდ, როგორც წესი, თებერვალში ყოველთვის თოვს და იმედი გვაქვს, ზამთრის ტურიზმის მოყვარულები უკმაყოფილო არ დარჩებიან.

- ხელოვნურ თოვლზეც უნდა გკითხოთ. როგორც ვიცი, მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს...

- ხელოვნური თოვლის აპარატის შეძენა ჩვენთვის უპირველესი საკითხია. ორ წამყვან ფირმასთან გვაქვს მოლაპარაკება, რომლებსაც ცნობილი კურორტების გათოვლიანება აბარიათ. უბრალოდ, ეს ძალიან ძვირად ღირებული პროექტია. თვითონ აპარატი არ არის ძვირი, დაახლოებით 50 ათასი ევრო ღირს, მაგრამ ჩვენ, სულ ცოტა, 150 ცალი გვჭირდება. ამას დავამატოთ ისიც, რომ გუდაურში უნდა აშენდეს ტბა, რათა ამ აპარატებამდე წყალი მივიდეს. ამ სისტემის შექმნას, ყველაზე ნაკლები, წელიწად-ნახევარი მაინც დასჭირდება. აუცილებელია საირიგაციო სისტემის, რეზერვუარების, შახტების გაკეთება და სხვ. ამ საკითხზე მთავრობა და ინფრასტრუქტურის სამინისტროც მუშაობს. ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენთან წყალია და ალბათ წლეულს გაზაფხულზე, როგორც კი საშუალება გაჩნდება, დაიწყებენ მუშაობას გუდაურში წყლის პრობლემის მოსაგვარებლად.

სვეტა ნიორაძე (გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსი): - ზამთრის კურორტებზე ძალიან მშრალი და უნალექო ზამთარი იყო, ახლა კი თოვს და თებერვალში თოვლი ყველგან საკმარისად იქნება, რადგან აღმოსავლეთ საქართველოს ბარშიც და მთაშიც მოსალოდნელია თოვა - ასეთია უახლოესი პერიოდის პროგნოზი. მოგეხსენებათ, ზამთრის კურორტებზე ყინვებს იჭერს და თოვლი უცბად არ დადნება. მარტის პროგნოზზე მუშაობას კი ცოტა ხანში დავიწყებთ. გრძელვადიანი პროგნოზები გვაქვს, მაგრამ ისინი მეტისმეტად ზოგადია და ნაკლებად მართლდება ხოლმე, ამიტომ უფრო შორეული პროგნოზისგან თავს შევიკავებ.

ხათუნა ჩიგოგიძე