როგორ მოვიპოვოთ მილიონი მკითხველი
03-02-2014
როგორ მოვიპოვოთ მილიონი მკითხველი
ენე ბურდას იმპერია "სამზარეულოდან ამოიზარდა"

ენე ბურდამ უკვე 17 წლის ასაკში იცოდა, როგორი უნდა ყოფილიყო კარგი მოდა: მან ადამიანს საკუთარი თავი ისეთად უნდა დაანახვოს, როგორადაც თვითონ სურს დანახვა... აზრი არ აქვს ძვირფას სამოსზე ფიქრს, როცა ხელმოკლეობა სურვილებს გიხშობს, მაგრამ ის კი შესაძლებელია, ტანსაცმელი თავადვე შეიკერო, შენი გემოვნებითა და ნაკლები ხარჯებით - ბურდას ეს იდეა ჭეშმარიტად რევოლუციური აღმოჩნდა და ზედმიწევნით შეესაბამებოდა ეპოქის მოთხოვნასაც.

უბრალო ოჯახში აღზრდილი გოგონა მსოფლიოში ცნობილ მეწარმედ და
"მოდის დედოფლად" გადაიქცა. ეს ზღაპარს ჰგავდა, მაგრამ არ არსებულა არავითარი კეთილი ფერია, ვინც ამ საკითხს ჯადოსნური ჯოხის ერთი აქნევით "მოაგვარებდა". ჯადოქრის როლი ენე ბურდას მიზანსწრაფულობამ და საქმიანმა ალღომ შეასრულა.
"მე მინდა!" - დაჟინებით ამბობდა გოგონა პატარა ასაკიდანვე და როგორც წესი, თავისი გაჰქონდა კიდეც. ანა მაგდალენა
ლემინგერი 1909 წლის 28 ივლისს დაიბადა გერმანიის ქალაქ ოფენბურგში, ლოკომოტივის მემანქანის ოჯახში. "ანგელოზი სულაც არ ვყოფილვარ", - აღიარებდა მოგვიანებით. ჩუმი და უწყინარი დიასახლისი დედა გოგონასთვის მისაბაძი მაგალითი არ გამხდარა. პირიქით, სამზარეულოთი შემოსაზღვრული დედის პაწია სამყარო ანას ძალზე ევიწროებოდა.

გოგონას გამუდმებით "რაღაც უკეთესის" მიღწევა სურდა. მაგალითად, 1919 წელს, პირველი ზიარებისას, ანას უნდოდა, ეკლესიაში ფორნით წასულიყო, მდიდართა ბავშვების მსგავსად, მაგრამ მშობლებმა იუარეს - მეტისმეტად ძვირიაო! ანამ მეზობელი მეფუნთუშის გოგონასთან ერთად გროშებს მოუყარა თავი და ეკლესიაში მაინც ფორნით მივიდა.

17 წლის ანამ გაბედული გადაწყვეტილება მიიღო და თავის მშვენიერ მუქ თმას გამოეთხოვა. სხვა გოგონებს, ტრადიციულად, გრძელი ნაწნავები ჰქონდათ, ის კი ბიჭურად თმაშეკრეჭილი დადიოდა. მეტიც, თამამმა გოგონამ სახელიც შეიცვალა და ენე დაირქვა, მისი საყვარელი სიმღერიდან. სამაგიეროდ, როცა კი ოფენბურგში სახელ "ენეს" ახსენებდნენ, ყველამ იცოდა, ვისზე იყო ლაპარაკი. 17 წლის ენემ საეკლესიო-სამრევლო არასრული საშუალო სკოლა დაამთავრა და ელექტროხელსაწყოების ქარხანაში მოეწყო მოლარედ. შემდეგ ბურდას კუთვნილ ტიპოგრაფიასა და გამომცემლობაში ამოსაღები დავალიანებების ანგარიშს აწარმოებდა.

22 წლის ენე ცოლად გაჰყვა ტიპოგრაფიის მფლობელ ფრანც ბურდას და ქმარს სამი ვაჟი გაუჩინა. ოჯახი არცთუ შეძლებული გახლდათ, ენეს დღეებს ყოველდღიური საზრუნავი ავსებდა, თუმცა ქმარი, მისი შეუვალი მოთხოვნით, მოახლისა და გადიის ხელფასს უსტუმრებდა. ასე გავიდა ენეს ცხოვრების თითქმის ოცი წელი და ალბათ მათ დარჩენილი წლებიც მიჰყვებოდა, რომ არა ერთი ამბავი, რომელმაც ბურდას ცხოვრება და მომავალი შეცვალა. ერთ დღეს ენემ შეიტყო, რომ მის ქმარს დიდი ხანია, საკუთარ მდივანთან რომანი გაება. ეს კიდევ არაფერი - ქალს მისთვის გოგონა გაეჩინა, ფრანცს კი მეორე ოჯახის სარჩენად საყვარლისთვის ერთ-ერთი ტიპოგრაფიული სახელოსნო და მოდების პატარა ჟურნალი "ეფი მოდენი" ეჩუქებინა. უხეირო მართვის გამო ჟურნალი, სულს ღაფავდა.

"მე ბიზნესი არ მინდოდა..."

ორმოცი წლის ენეს არ შეშინებია, ოჯახური დრამა პირად შანსად ექცია. აღთფოთებულმა ქალბატონმა ადვოკატს დაურეკა. ოღონდ არა იმიტომ, რომ განქორწინების პროცესი წამოეწყო, არამედ იმისთვის, რომ ქმრის საყვარლისთვის ჟურნალი წაერთმია და თავად ჩასდგომოდა სათავეში. მიზანს ადვილად მიაღწია და ვალებით დამძიმებულმა ჟურნალმა ახალი კონცეფცია შეიძინა. სადა, მოსახერხებელი და ელეგანტური სამოსის სურათებს ახლდა თარგები, რომელთა მიხედვითაც, თვალში მოსული ტანსაცმლის შეკერვა ნებისმიერ გერმანელ ქალს შეეძლო, ვისაც ხელში ნემსის დაჭერა ემარჯვებოდა. ამას გარდა, ჟურნალი სავსე იყო კულინარიული რეცეპტებითა და საკუთარი ხელით ბინის ინტერიერის კეთილმოწყობისთვის საჭირო რჩევებით.

ომის შემდგომ გერმანიაში ქალები ძველი სამხედრო ფორმებისგან ცდილობდნენ რამე ხეირიანის შეკერვას და ოცნებობდნენ ლამაზ და ხელმისაწვდომ სამოსზე, კომფორტულ და მშვიდ გარემოზე. ასეთ დროს ენეს იდეები რევოლუციური აღმოჩნდა და ჟურნალის ტირაჟი ექვს თვეში 100 ათასიდან ნახევარ მილიონამდე გაიზარდა. ფრანც ბურდა კი მიმტევებელი ცოლის უმცროსი პარტნიორი გახდა.

ბიზნესი სწრაფად იზრდებოდა. გამომცემლობა "ბურდა" 1949 წელს დაარსდა, ჟურნალს თავდაპირველად "ვოტრენი" ეწოდებოდა, თუმცა შემდეგ დასახელება შეიცვალა და გამომცემლის პატივსაცემად 1950 წელს "ბურდა მოდენი" ეწოდა. მისმა ტირაჟმა 1 მილიონ ეგზემპლარს 1965 წელს მიაღწია. დღეს ჟურნალი დაახლოებით ოც ენაზე გამოდის, ასამდე ქვეყანაში ვრცელდება და ახლაც კერვისა და საოჯახო საქმეების გზამკვლევია.

რა სურთ ქალებს

ქალები ხანდაზმულ ასაკში ნელ-ნელა ჩამოშორდებიან საქმიანობას, მაგრამ არა ენე ბურდა. 77 წლის ენემ დასავლური ცხოვრების სტილის პროპაგანდა დაიწყო საბჭოთა კავშირში. 1987 წლის მარტში ჟურნალ "ბურდას" პირველი რუსულენოვანი ნომერი გამოვიდა. ყდაზე საბჭოელთა სმენისთვის მიუჩვეველი სახელწოდება იწონებდა თავს, ყდის შიგნით კი სხვა სამყარო იმალებოდა - სამყარო, სადაც მშვიდად და გერმანული გულმოდგინებით შეგეძლო მიგეხედა საკუთარი თავისთვის, ოჯახისთვის და სახლისთვის. ჟურნალის ყოველი ნომერი, მასში დაბეჭდილი თარგი თუ კულინარიული რეცეპტი ხელიდან ხელში გადადიოდა. იმ ხელმარჯვე მკერავებზე, რომლებსაც "ბურდას" თარგებით ჭრა-კერვა შეეძლოთ, ტაციაობა შეიქნა.

საბჭოურ მწირ ყოფასა თუ "მოდას" მიჩვეული ქალები არ იყვნენ მზად დასავლური ბობოქარი მაღალი მოდის მოდელებისა და ფერებისთვის, "ბურდას" თავშეკავებული სტილი კი მათთვის პირდაპირ მისწრება იყო. ჟურნალმა საბჭოთა ლამაზმანთა მთელი თაობის გემოვნება ჩამოაყალიბა, მათ უარი თქვეს სამამულო მსუბუქი მრეწველობის საეჭვო "მიღწევებზე" და "ბურდათი" შთაგონებულებმა, თავადვე "დაიკაპიწეს ხელები". საბჭოთა ქალები ფურცლავდნენ გერმანულ ჟურნალს მოდელების, ვარცხნილობების, მაკიაჟის, გემრიელი კერძების, დახვეწილი ინტერიერების შესანიშნავი ხარისხის სურათებით და ის, რაც საოცნებოდ მიაჩნდათ, უეცრად სავსებით რეალური და ხელმისაწვდომი ხდებოდა - რეცეპტებისა და თარგების წყალობით...

ბიზნესლედის მემკვიდრეობა

თავად ენე ბურდას სიცოცხლეში არაფერი შეუკერავს და საოჯახო საქმეებიც ეჯავრებოდა (კულინარიის გარდა), სამაგიეროდ, საქმიანი ალღო და ინტუიცია არ ღალატობდა. გონიერი და მგრძნობიარე ქალბატონისთვის უცხო იყო ყოყმანი და ყოველთვის აღწევდა დასახულ მიზანს. ენე სტუმრობდა პარიზისა და მილანის მოდურ ჩვენებებს, ჟურნალისთვის მოდელებს არჩევდა და მათ თავისი მკითხველების გემოვნებასა და შესაძლებლობებს უსადაგებდა. იგი ერთპიროვნულად მართავდა თავის გაფართოებულ მედიაიმპერიას (ათობით ჟურნალი, მილიონიანი ტირაჟები) 1994 წლამდე, როცა 87 წლისამ, გადაწყვიტა, დაესვენა.

ენე ბურდა 2005 წელს გარდაიცვალა 96 წლისა. დედის იმპერია უმცროსმა ვაჟმა ჰიუბერტმა ჩაიბარა, რომელმაც ძმების წილები გამოისყიდა. ენეს მშობლიურ ქალაქს, სადაც მან მთელი სიცოცხლე გაატარა, ოფენბურგელები ხუმრობით "ბურდაპეშტს" ეძახიან. გარდა ამისა, ოფენბურგში მდებარეობს "ჰიუბერტ ბურდა მედიაჰოლდინგის" შტაბბინა, ქალაქში არის ენე ბურდას სახელობის ხეივანი.

1974 წელს ენეს "დიდი ჯვრის ორდენი" მიანიჭეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისთვის, ამას მოჰყვა ოფენბურგის საპატიო ბეჭედი "ქალაქის ეკონომიკური განვითარებისთვის გაწეული დამსახურების გამო", ბავარიული ორდენი "დამსახურებისთვის", ოფენბურგის საპატიო მოქალაქის წოდება, ზალცბურგის მიწების საპატიო ოქროს ნიშანი, გფრ-ის ჯვარი ვარსკვლავით - "დამსახურებისთვის" და სხვ.
ჟურნალი "ბურდა" დღეს გლობალური მედიაკომპანია "ჰიუბერტ ბურდა მედიის" წევრია, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 300 ჟურნალს გამოსცემს, მათ შორისაა ჟურნალი "ფოკუსი" გერმანიაში. ჯგუფისთვის 10 ათასამდე ადამიანი მუშაობს და მისი წლიური შემოსავალი 2,45 მილიარდ ევროს აღწევს. რაც შეეხება 73 წლის ჰიუბერტ ბურდას, 2011 წელს მან თავის ოც წელს გადაცილებულ შვილებს, იაკობსა და ელიზაბეთს კომპანიის 40% გადასცა, 60% კი თვითონ დაიტოვა. მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა ბოლო, 2013 წლის მარტის რეიტინგში ჰიუბერტს საქმიანმა გამოცემა "ფორბსმა" 641-ე ადგილი არგუნა და მისი ქონება $2,3 მილიარდად შეაფასა.

მოამზადა ნატა ენუქიძემ
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით