რამდენად აისახება უკრაინის მოვლენები საქართველოს ეკონომიკაზე
10-02-2014
რამდენად აისახება უკრაინის მოვლენები საქართველოს ეკონომიკაზე
"ღვინის ექსპორტიორ მცირე კომპანიებს მეტი პრობლემა შეექმნებათ"

მეზობელ უკრაინაში განვითარებული მოვლენები ყურადღების ცენტრშია. ამ ქვეყნის სავაჭრო პარტნიორები შიშობენ, რომ მიმდინარე პროცესები არა მხოლოდ უკრაინის ეკონომიკაზე მოახდენს ზეგავლენას, არამედ მათზეც აისახება. გამონაკლისი არც საქართველოა, რომლისთვისაც უკრაინა ერთ-ერთი ძირითადი სავაჭრო პარტნიორია. "საქსტატის" მონაცემებით, 2013 წელს უკრაინა $795-მილიონიანი ბრუნვით მესამე იყო საქართველოს ათ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორს შორის და მას მხოლოდ თურქეთი ($1529 მლნ) და აზერბაიჯანი ($1348 მლნ) უსწრებდნენ. ქართული ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, რომ
ჯერჯერობით ცვლილებები არ იგრძნობა და უკრაინაში პროდუქცია ჩვეულებრივად გადის. თუმცა ეკონომისტთა ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ საფრთხე ჯერჯერობით მაინც არსებობს. მართალია, გრივნის კურსი დოლარის მიმართ შემცირდა, თუმცა უკრაინის ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ ეროვნული ვალუტის სტაბილურობას შეინარჩუნებს.

ზურაბ ჩხაიძე (ღვინის კომპანია "კახური ტრადიციული მეღვინეობის" გენერალური დირექტორი): -
ცხადია, პარტნიორ ქვეყანაში ასეთი რყევები სასიამოვნო არ არის. იქმნება საშიშროება, იქ არ დაიწყოს ეკონომიკის ვარდნა, ამას არ მოჰყვეს უკრაინული გრივნის დევალვაცია და საერთოდ, ბიზნესი რისკების წინაშე არ დადგეს. იქმნება ინვესტიციების შეწყვეტისა და ახალი პროექტების შეჩერების საფრთხეც.

უკრაინაში არეულობა დაახლოებით ორი თვეა გრძელდება, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ჩვენს კომპანიას ხელშესახები ზარალი მიადგა - ამ ქვეყანაში პროდუქცია ჩვეულებრივი ტემპითა და რეჟიმით გაგვაქვს. რა თქმა უნდა, თვალყურს ვადევნებთ საერთო ვითარებას და გრივნის კურსს. ერთხელ ის $1-ზე 8,30 გრივნიდან 8,55-მდე ავიდა მაგრამ მერე კურსი დასტაბილურდა. ეს იყო მხოლოდ ორიოდე დღით, მაგრამ უსიამოვნო მოლოდინი მაინც გააჩინა (ბოლო დღეებში საბაზრო კურსმა $1-ზე 9 გრივნას მიაღწია, თუმცა შემდეგ ეროვნულმა ბანკმა 8,7 გრივნა დააწესა). ჯერჯერობით ეს არ შეგვხებია და მყარად ვდგავართ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პატარა კომპანიებიც ასეთივე მდგომარეობაში არიან. მცირე კომპანიებისთვის გაცილებით რთული სიტუაცია იქმნება, მათ ნაკლები ბრუნვა და მეტი რისკები აქვთ. ამიტომ, უკრაინის მოვლენები განსაკუთრებით მწვავედ ღვინის მწარმოებელ მცირე კომპანიებზე იმოქმედებს.

ვიქტორია ჟიჟკო (კომპანია "წყალი მარგებლის" პიარმენეჯერი): - უკრაინა ერთ-ერთი ძირითადი და წამყვანი პარტნიორია ჩვენი კომპანიისთვის. ამ ქვეყანაში ჩვენი პროდუქცია სტაბილურად გადის, იქაურებს მოსწონთ ქართული მინერალური წყლები, გვაქვს ჩვენი წარმომადგენლობაც. უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ჯერჯერობით ჩვენს საქმიანობაზე მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია. ჩვენი მონაცემებით, ამ ეტაპზეც საფრთხეებს ვერ ვხედავთ. "ნაბეღლავი" ამ ქვეყანაში ჩვეულებრივად გადის, არანაირი შეფერხება არ იგრძნობა და არც საექსპორტო პროდუქციის რაოდენობა შემცირებულა. იმედი გვაქვს, მომავალშიც ასე გაგრძელდება.

ირაკლი ბარამიძე (აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია "მაჟორიტარების" თავმჯდომარე): - წლეულს აჭარაში ციტრუსის სეზონი არასახარბიელოდ წარიმართა. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოსავალი დაახლოებით 110 ათასი ტონით შეაფასა, მოსახლეობას უნდა მიეღო 50 მილიონამდე ლარის შემოსავალი. მაგრამ მოსახლეობამ მხოლოდ მოსავლის ნახევარი დაკრიფა, 45 ათას ტონამდე, ნახევარი კი ხეზე დარჩა. მგონი შეცდომა იყო, რომ ადგილობრივმა მთავრობამ რუსეთის ბაზარი გამოაცხადა პრიორიტეტულად, რადგან ჩვენი ციტრუსის ყველაზე დიდი მომხმარებელი წლების განმავლობაში იყო უკრაინა. წლეულს ამ ქვეყანაში სეზონი ჩაგვივარდა, მხოლოდ 23 ათასი ტონა ციტრუსი შევიტანეთ. ამაზე მეტი ყველაზე დაბალი მოსავლიანობის დროსაც კი შედიოდა. დღესაც აჭარაში ბევრ ოჯახში პირველი სართულის სარდაფები მანდარინით არის სავსე, დაბალი ფასისა და გაყიდვის მოცულობის გამო. არ ვფიქრობ, რომ განსაკუთრებული როლი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებმა ითამაშა, რადგან ციტრუსის გაყიდვის ყველაზე აქტიურ ფაზაში ეს მოვლენები დაწყებული არ იყო. თუმცა მეზობელ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, საბოლოო ჯამში, საქართველოზე გავლენა მაინც ჰქონდა და ექნება.

ავთო სილაგაძე (ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში): - უკრაინა საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო პარტნიორია, თუმცა იქიდან გაცილებით მეტი შემოგვაქვს, ვიდრე ექსპორტით შედის. ცხადია, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები სავაჭრო ურთიერთობებზეც იმოქმედებს. 2013 წლის IV კვარტალში, წინასწარი მონაცემებით, უკრაინის ეკონომიკაში წარმოება თითქმის 5%-ით შეიკვეცა. შეიმჩნეოდა გრივნის კურსის დაცემა, დაიკლო საბანკო სექტორის მოგებამ. უკრაინის ეკონომიკის დაცემა კიდევ უფრო თვალში საცემი იქნებოდა, რომ არა რუსეთთან შეთანხმება $15-მილიარდიან კრედიტზე, რომლის პირველი ტრანშით $3 მილიარდის უკრაინული ობლიგაციებია შეძენილი. დადებითად იმოქმედა იმანაც, რომ ძალიან კარგი იყო მარცვლეულის მოსავალი. ამ ფაქტორების ხარჯზე უკრაინის ეკონომიკამ, ასე თუ ისე, მდგრადობა შეინარჩუნა.

ბუნებრივია, უკრაინის ეკონომიკისა და მრეწველობის შესუსტება ჩვენს სავაჭრო ურთიერთობებზეც აისახება. თუ იქ არასტაბილური გარემო შენარჩუნდება, ეს იმპორტს აუცილებლად დაეტყობა. რაც შეეხება ჩვენს პროდუქციას, რომელიც უკრაინაში იყიდება, ჯერჯერობით ამ მხრივ საფრთხე არ გველის, რადგან რაც ჩვენგან გადის - მინერალური სასმელები, წყალი, ღვინის ნაწარმი, იქ ახლაც ჩვეულებრივი მოთხოვნილებით სარგებლობს. თუმცა საბოლოოდ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ დარეგულირდება ვითარება ჩვენს მეგობარ ქვეყანაში.

ხათუნა ჩიგოგიძე

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით