"ბიზნესი მოგებაზე ექვს თვეში გავიდა" - კვირის პალიტრა

"ბიზნესი მოგებაზე ექვს თვეში გავიდა"

უმუშევრობის მაჩვენებელი საქართველოში, უკვე წლებია, სტაბილურად მაღალია. მეორე მხრივ, როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორი ხშირად საუბრობს ადგილობრივ შრომით ბაზარზე კვალიფიციური კადრების დეფიციტზე. ამ გარემოებამ ადამიანთა ჯგუფს საგანმანათლებლო ცენტრის შექმნისკენ უბიძგა, სადაც სამსახურის მაძიებელთა გადამზადება მოხდებოდა.

ოთარ ხინიკაძე (Global Education Georgia-ს განათლების ხარისხის განვითარების მენეჯერი): "წლების განმავლობაში არაერთ სასწავლო ცენტრთან ვთანამშრომლობდი როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ამან კარგი გამოცდილება მომცა, გავეცანი ევროპის მოწინავე ქვეყნების სასწავლო ცენტრების პროგრამებს, შევისწავლე მათი სპეციფიკა და ვაფასებდი, რამხელა მოთხოვნა იქნებოდა ამგვარ პროგრამებზე ჩვენთან. ვითვალისწინებდი იმასაც, რომ საქართველოში ბევრი უმაღლესი სასწავლებელი ვერ იძლევა სათანადო განათლებას, რაც შემდეგ დასაქმების პრობლემას ქმნის. დაკვირვებები მეგობრებს გავუზიარე და ასე შეიქმნა "გლობალ ედუკეიშნ ჯორჯია".

გიორგი კუკულავა (საგანმანათლებლო ცენტრის ფინანსური მენეჯერი): "თანამოაზრეებმა ბიზნესგეგმა დავწერეთ, სადაც სამიზნე ჯგუფები განვსაზღვრეთ. ძირითადად ეს იყვნენ ადამიანები, ვისაც დამთავრებული ჰქონდა უმაღლესი სასწავლებელი, მაგრამ მათი ცოდნა დამსაქმებლების მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა. ვიქირავეთ შენობა, რომელიც 250 მსმენელზე იყო გათვლილი. მუშაობა სხვადასხვა თემატური ტრენინგითა და უცხო ენის შემსწავლელი კურსებით დავიწყეთ. ჩვენი საქმიანობით დაინტერესდნენ კომპანიებიც, მსხვილი დამსაქმებლები, რომლებსაც ხშირად აქვთ კვალიფიციური კადრების საჭიროება. ზოგჯერ ფირმები კონკრეტული თემატური კურსის დანერგვას გვთხოვენ. მაგალითად, ერთ-ერთმა კომპანიამ მოგვმართა, მისთვის კადრები საგადასახადო სამართალში გადაგვემზადებინა. ასეთი მიდგომა საგრძნობლად ზრდის კომპანიის წარმატების შანსს".

ოთარ ხინიკაძე: "თანამედროვე აუდიტორიები, მყუდრო და კომფორტული გარემო - ეს ყველაფერი ბიზნესგეგმაში იყო ასახული და სწორედ მას მივყვებოდით. ცოტა ჩვენი პირადი დანაზოგი ჩავდეთ ბიზნესში, კარგად გამართული ბიზნესგეგმით გარეშე პირებიც დავაინტერესეთ და მათაც მოინდომეს საქმეში ფულის დაბანდება. რადგან ფინანსები შეზღუდული გვქონდა, სარეკლამო კამპანია სოციალურ ქსელებში წარვმართეთ და საკმაოდ ბევრი მსმენელი მოვიზიდეთ. დაახლოებით ექვს თვეში ბიზნესი უკვე მოგებაზე გავიდა. კონკურენტებისგან განსხვავებით, ზაფხულშიც არ ვაჩერებთ მუშაობას, შესაბამისად, მსმენელების უწყვეტი ნაკადი გვყავს და ესეც უპირატესობაა.

ბაზრის საჭიროებებს დღემდე ვსწავლობთ, მიღწეულს არ ვჯერდებით. ასე შეიქმნა ეფექტური მომსახურების პროგრამა, რაც დღეს ძალიან სჭირდება დიდ სავაჭრო ქსელებს და ამ მიმართულებით ხშირად ვაწყობთ ტრენინგებს. ფარმაციაში გვაქს საინტერესო კურსი, თეორიულიც და პრაქტიკულიც. ერთ-ერთ ფარმაცევტულ ფირმასთან ვთანამშრომლობთ და კურსდამთავრებულების 90% მათთან საქმდება. გვაქვს სასტუმროს მენეჯმენტი, ეფექტური მასპინძლობის ტრენინგი. ბიზნესი ხუთმა ადამიანმა დავიწყეთ, დღეს კი ჩვენს სასწავლო ცენტრში 40 თანამშრომელია. მომავალში გაფართოებას ვგეგმავთ და თბილისის გარდა, რეგიონებშიც გვინდა რამდენიმე ფილიალის გახსნა".

* * *

ახალი ნიშა გადატვირთულ საფინანსო ბაზარზე

ჩვენისთანა პატარა ქვეყნის პირობაზე, ერთი შეხედვით, ფინანსურ სექტორში საკმაოდ ბევრი მოთამაშეა. საქართველოში მოქმედებს 21 კომერციული ბანკი და რამდენიმე ათეული მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, ხოლო ფულს რამდენი მევახშე "აპროცენტებს", ამის ზუსტად თქმა ძნელია. მიუხედავად ამისა, ინიციატივიან ადამიანთა ჯგუფმა მაინც შეძლო დატვირთულ სივრცეში საკუთარი ნიშის მოძებნა.

გიგა ზაქაიძე (NCA ჯგუფის დირექტორი): "კომპანია 2011 წლის თებერვალში დავაფუძნეთ. იდეა ადგილობრივი საბანკო და ფინანსური სექტორის შესწავლის შემდეგ გაჩნდა. არ იყო სესხები, რომელიც გათვალისწინებული იქნებოდა ყოველდღიური შემოსავლის მქონე ბიზნესისთვის. ეს შეიძლება იყოს სავაჭრო ობიექტი, მცირე ან ინდმეწარმე და სხვ. ჩვენი პროდუქტი ინოვაციურია და არც ერთი ფინანსური ინსტიტუტი თუ მიკროსაფინასნო ორგანიზაცია არ სთავაზობს მომხმარებელს ამგვარ საკრედიტო პროდუქტს. სესხების დაკრედიტება და გადახდა მიმდინარეობს ყოველდღიურად, რაც ზუსტად არის მორგებული მცირე და მიკრო ბიზნესის იმ წარმომადგენლებზე, ვისაც ყოველდღიური შემოსავალი აქვთ და ფულის სწრაფად სესხება სჭირდებათ. ეს ახლაა სათქმელად ადვილი, თორემ ბაზარს დაახლოებით ერთ წელიწადს ვსწავლობდით. ბევრი ნიუანსი გავარკვიეთ, რომლებიც შემდეგ ჩვენ სასარგებლოდ გამოვიყენეთ. მათ შორის ის, რომ ბანკი განმეორებით სესხს კლიენტს მხოლოდ პირველი სესხის გაცემიდან შვიდ-რვა თვეში აძლევს. ჩვენ კი ეს ვადა ერთ თვემდე შევამცირეთ.

პრობლემა იყო ისიც, რომ ბევრი ადამიანი სხვადასხვა მიზეზით კრედიტინფოს "შავ სიაში" შეიყვანეს და მათ ბანკები სესხს აღარ აძლევდნენ. ჩვენ ამ ადამიანებს სესხით სარგებლობის შანსი მივეცით. საწყისი კაპიტალი ჩვენი იყო, შემდეგ ეტაპზე კერძო პირებისგან კი ინვესტიციები მოვიზიდეთ დეპოზიტების სახით. ჩვენს პირველ მომხმარებელთან დღემდე ვთანამშრომლობთ, რაც ნიშნავს, რომ ლოიალური კლიენტები გვყავს. ისიც უნდა ითქვას, რომ პირველი მომხმარებლები ყოველგვარი სარეკლამო და მარკეტინგული კამპანიის გარეშე მოვიდნენ ჩვენთან. შენიშნეს ოფისი, მოვიდნენ, ვისაუბრეთ, შეავსეს განაცხადი და გაიცა სესხი.

გავცემთ ბიზნესსესხებსაც და სამომხმარებლოსაც, ყოველგვარი გირაოს, გარანტიისა და იპოთეკის გარეშე, სწრაფად, მარტივად და მინიმალური საბუთების საფუძველზე. მუდმივ მომხმარებლებს, სესხის განმეორებით აღების შემთხვევაში, განსაზღვრული ხნით, ე.წ. უპროცენტო სესხსაც კი ვთავაზობთ... მაქსიმალური თანხა, რომელიც შეგვიძლია სესხად გავცეთ, 10 ათასი ლარია, მაქსიმალური ვადა კი სამი თვეა. საპროცენტო განაკვეთი, სესხის ოდენობაზე, ვადაზე და რისკებზეა დამოკიდებული. რა თქმა უნდა, როცა ამ საქმიანობას იწყებ, რისკი ბევრია, ამიტომ აუცილებელია გამოცდილება. სანამ ჩემს მიკროსაფინანსო ორგანიზაციას დავაფუძნებდი, თავად ვმუშაობდი მსგავს დაწესებულებაში. მეტიც, სხვა ორგანიზაციაში მანამდე ვმუშაობდი, სანამ ჩემი ბიზნესი ფეხზე არ დადგა. დაარსებიდან პირველი ორი თვე ბიზნესი წაგებაზე მიდიოდა, მომდევნო ხუთი თვე ნულოვან მოგებაზე ვმუშაობდით, შვიდი თვის შემდეგ უკვე მოგება მოგვცა".

P.S. გაგვიზიარეთ თქვენი ბიზნესის ისტორია, გახდით გადაცემა "ბიზნესფაილის" მონაწილე და გახადეთ თქვენი კომპანია კიდევ უფრო ცნობილი რადიოში, ტელევიზიასა და პრესაში. გადაცემაში მოხვედრის მსურველებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ტელეფონის ნომერზე: 272-52-83.