მილიონი დოლარი "ჩვენს ერამდე" - კვირის პალიტრა

მილიონი დოლარი "ჩვენს ერამდე"

მთავრობის მიმართ ყველაზე მსხვილი ბრალდება არჩევნების შემდეგ - კორუფციული სქემის ამოქმედების შესახებ, წინა კვირაში გაისმა. მოვისმინეთ საპასუხო განცხადებებიც. ჯერჯერობით ალბათ იმის თქმა შეიძლება, რომ მართალია, ბრალმდებლებს აშკარა უზუსტობებზე მიუთითეს, მაგრამ ამომწურავი არც პასუხები ყოფილა.

წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს, როგორც ჩანს, მუდმივად მხილებულთა როლში ყოფნა მოსწყინდათ. მართლაც, ბოლოს დროს გავრცელებული ინფორმაციით, კორუფციისა და უკანონო ლობირების მეშვეობით გიგი უგულავასთან დაკავშირებულ ფირმებს 13 მილიონ ლარზე მეტი აქვთ მიღებული; გიორგი ბარამიძესთან დაკავშირებულ საწარმოებს - 23 მილიონ ლარზე მეტი, გივი თარგამაძესთან დაკავშირებულ ფირმებს - 85 მილიონ ლარამდე, გიგა ბოკერიასთან დაკავშირებულ ფირმებს - 45 მილიონ ლარზე მეტი, ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებულ 22 კომპანიის შემოსავალს კი კოლოსალური უწოდეს. ამის შემდეგ "საპასუხო" ბრალდება მოქმედი მთავრობის მისამართით გაისმა. ნაციონალური მოძრაობის ბრიფინგზე ირმა ნადირაშვილმა და პარლამენტის სესიაზე ლევან ბეჟაშვილმა პრემიერ ღარიბაშვილისა და მისი სიმამრის მონაწილეობით მსხვილ კორუფციულ სქემაზე ისაუბრეს. ბრიფინგზე სქემა ვიზუალურად იყო მოწოდებული.

მათი განცხადებით, ნათესაური კონტროლის ქვეშ მოექცა ტენდერის გამომცხადებელი სტრუქტურა, შემსრულებელი ფირმა და შემმოწმებელი კომპანია.

"საბრალდებო დასკვნაში" რამდენი საკითხი იყო ჩამოთვლილი: რომ პრემიერის მეუღლის ბიძაშვილი იოსებ ქადაგიშვილი დანიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ და სატენდერო კომისიის თავმჯდომარედ; რომ ერთ წელიწადში საგზაო მშენებლობის ტენდერებში კომპანია შპს "სერპანტინმა" 9-ჯერ გაიმარჯვა და ჯამში 15 მილიონი ლარის კონტრაქტები ერგო; რომ კომპანია "სერპანტინის" 51%-იანი წილის მფლობელია თამარ ჯანყარაშვილი - შს მინისტრის მოადგილის, გიორგი ზედელაშვილის დედა და შს გენინსპექციის უფროსის, ზვიად ჯანყარაშვილის ახლო ნათესავი.

მამხილებელთა თქმით, გასულ 8-9 წელიწადში "სერპანიტინის" შესრულებული ტენდერების რაოდენობა ჯამში 6 მილიონ ლარს არ აღემატებოდა; აგრეთვე, ზეწოლის შედეგად, დაგებული საფრის ერთადერთი შემმოწმებელი კომპანია აიძულეს, ქვეკონტრაქტორად აეყვანათ შპს "ვილსფორტ მენეჯერი", რომლის ტექნიკური დირექტორია ელდარ ხუცაიძე. მისი მამა კი "სერპანტინის" 31%-ანი წილის მფლობელია.

ბრალდებების პასუხად გავრცელდა საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადება, კომენტარი გააკეთა იოსებ ქადაგიშვილმა, უმრავლესობის მხრიდან გამოვიდა პარლამენტარი ეკა ბესელია.

დეპარტამენტმა დააზუსტა, რომ "სერპანტინმა" 2013 წელს მხოლოდ 4 ტენდერში გაიმარჯვა, 7 ტენდერში კი უარყოფითი შედეგი მიიღო. იოსებ ქადაგიშვილმა კატეგორიულად უარყო რაიმე ნათესაური კავშირი თამაზ თამაზაშვილთან, თუნდაც იმ მარტივი მიზეზით, რომ მისი დედა დედისერთაა და ამიტომ ვერავის მამიდაშვილი ვერ იქნება. ეკა ბესელიამ კი გაიხსენა, რომ "სერპანტინი" ლამის კომუნისტების დროიდან არსებობს და 2007-2009 წლებშიც რამდენიმე მილიონიანი ბრუნვა ჰქონდა. ამის შემდეგ დეპუტატმა წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს გაახსენა მათ პერიოდში კომპანიების პირდაპირ ლობირება და ამ გზით მიღებული ათეულობით მილიონი ლარის შემოსავალი...

"ეკოპალიტრა" შეეცადა რამდენიმე ფაქტის გადამოწმებას. სამეწარმეო რეესტრის ამონაწერში, რომელიც 2013 წლის 24 დეკემბრითაა დათარიღებული, შპს "სერპანტინის" ოთხი პარტნიორია მითითებული - თამარ ჯანყარაშვილი 51%-ინი წილით, ტარიელ ამირანაშვილი 13%-ით, ბადურ შიუკაშვილი 5%-ით და ნუგზარ ხუცაიძე 31%-ით.

ამასთან ერთად, კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საიტზე განთავსებული აქვს ინფორმაცია მიმწოდებელი ფირმა შპს "სერპანტინის" შესახებ, რომლის შევსების თარიღი 2013 წლის 7 აგვისტოა. სხვა მონაცემებთან ერთად, აქ არის ცნობები ბოლო წლებში კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებაც.

პროექტების ჩამონათვალს ახლავს სახელშეკრულებო და ფაქტობრივად, შესრულებული სამუშაოების ღირებულებები, რომლებიც უტოლდება ან ზოგჯერ მცირედით ჩამორჩება სახელშეკრულებო ღირებულებებს. აქ არის როგორც ინფრასტრუქტურული, ისე ენერგეტიკული პროექტები.

ირკვევა, რომ 2010 წელს კომპანიამ 14 კონტრაქტი შეასრულა 18.403.4173,92 ლარის სამუშაოს ღირებულებით. 2011 წლის ნუსხაში 29 კონტრაქტია, შესრულებული სამუშაოს მოცულობა კი 7.963.284,56 ლარია. ხოლო 2012 წელს 31 კონტრაქტით შესრულებული სამუშაო 13.085.110,58 ლარად არის შეფასებული. სამი წლის ჯამი 39,45 მილიონ ლარს აღემატება.

"სერპანტინის" წილების მფლობელებზე, ქვეკონტრაქტორი ფირმის იძულებით აყვანასა და "ვილსფორტ მენეჯერთან" დაკავშირებულ სხვა კონკრეტულ საკითხებზე საპასუხოდ არაფერი თქმულა, რაც ალბათ ნიშანდობლივია. მოლოდინი, რომ ბრალდებებს მკაფიო და სრული უარყოფა მოჰყვებოდა, არ გამართლდა. "ეკოპალიტრა" განაგრძობს ამ ამბის მონიტორინგს და საჭიროების შემთხვევაში, ინფორმაციას დამატებით შემოგთავაზებთ.