"მეორე შანსი" მცირე ფერმერებისთვის - კვირის პალიტრა

"მეორე შანსი" მცირე ფერმერებისთვის

მთავრობაში მოელიან, რომ სამწლიანი დახმარების შემდეგ, ფერმერები ფეხზე დამოუკიდებლად დადგებიან

მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის სამწლიანი პროექტის ფარგლებში, საგაზაფხულო სამუშაოებისთვის დახმარებას 800 ათასამდე ფერმერი მიიღებს. საუბარია მათზე, რომელთაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში 1,25 ჰექტარამდე ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი აქვთ. წლეულს რეგიონებში საგანგებოდ დაზუსტდა ბენეფიციართა სიები. პროექტის მოცულობა 90 მილიონ ლარამდეა, მას სახელმწიფო ბიუჯეტი და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი დააფინანსებს.

დავით კიკნაძე (პროექტის მენეჯერი): - მეურნეებს საგაზაფხულო სამუშაოებში დავეხმარებით. მიწის ფართობის მიხედვით, ისინი ორ კატეგორიად დაიყოფიან და სხვადასხვა სარგებელს მიიღებენ: ა) ფერმერები, რომელთაც აქვთ 0,25 ჰექტარამდე მიწა და ბ) ფერმერები, რომელთაც აქვთ მიწა 0,25 ჰა-დან დან 1,25 ჰა-ის ჩათვლით. ბენეფიციარებს ორი ტიპის ბარათები გადაეცემათ: სასოფლო-სამეურნეო ბარათი ნიადაგის ხვნის სამუშაოებისთვის და აგრობარათი (საბანკო პლასტიკური ბარათი) - სასოფლო-სამეურნეო საქონლის მისაღებად. პირველ კატეგორიას აგრობარათები დაურიგდება, ხოლო მეორე კატეგორია აგრობარათებსაც მიიღებს და სასოფლო-სამეურნეო ბარათებსაც.

- სად დარიგდა უკვე ეს ბარათები?

- სასოფლო-სამეურნეო ბარათების დარიგება ქვემო ქართლსა და კახეთში დავიწყეთ და 187 ათასამდეა გაცემული. მალე ისინი მთელ ქვეყანაში დარიგდება და თუ ამინდმაც ხელი შეგვიწყო, გლეხები და ფერმერები მიწის დახვნა-დამუშავებას თებერვლის შუა რიცხვებიდან დაიწყებენ. შემდეგ პროცესს დასავლეთ საქართველოში განვაგრძობთ, საბოლოოდ კი დავასრულებთ წალკასა და სამცხე-ჯავახეთში - ყველაფერს აგროვადები განსაზღვრავს.

აგრობარათზე 50 ქულაა დარიცხული და მისი საშუალებით გლეხს შეუძლია შეიძინოს სასუქი, შხამქიმიკატები და სათესლე მასალა. ერთი ქულა ერთი ლარის ტოლფასია. მიწის სამუშაოებისთვის განკუთვნილ ე.წ. ხვნის ბარათზე კი 1 ჰექტარისთვის 140 ლარია გათვალისწინებული.

- პროექტი 2013 წელს დაიწყო. წლეულს რა გაკეთდება განსხვავებულად?

- შარშან გლეხებს ინვენტარიც დავურიგეთ, რაზეც 53 მილიონი ლარი დაიხარჯა. წლეულს ეს აღარ განმეორდება, რადგან გადავწყვიტეთ, გლეხებს იმაში დავეხმაროთ, რაც ყველაზე მეტად სჭირდებათ - ეს გახლავთ მიწის მოხვნა-დამუშავება, სათესლე მასალა, სასუქი, შხამქიმიკატები...

- ხომ არ დარჩება ვინმე ამ დახმარების გარეშე?

- ფერმერების სიას ადგილობრივი თვითმმართველობები ადგენენ და სამინისტროში ამის შემდეგ მოდის. აქედან სამოქალაქო რეესტრში გადაინაცვლებს და თუ სიაში წარმოდგენილი ბენეფიციარის სახელი, გვარი, ინფორმაცია ზუსტია, ბარათს მხოლოდ ამის შემდეგ ვბეჭდავთ და გავცემთ. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თვითონ გლეხების მონაწილეობასა და ადგილობრივი ხელისუფლების გამართულ მუშაობას. მაგალითად, შარშან რამდენიმე ბენეფიციარმა ჩვენი დახმარება ვერ მიიღო, არადა ეკუთვნოდათ. ეს ცუდად შედგენილი სიების ბრალი იყო. წლეულს ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და ჩემი აზრით, პრობლემა აღმოფხვრილია. ბევრი ბენეფიციარი დაგვემატა იმის მიუხედავად, რომ მიწის ფართობი შევამცირეთ და შარშანდელი 5 ჰექტარი 1,25-მდე ჩამოვიდა. ეს იმედს გვაძლევს, რომ ჩვენს პროექტში მონაწილეობას ყველა მსურველი მიიღებს. ყველა ფერმერი დროულად უნდა მისულიყო რწმუნებულთან და სიაში ჩაწერილიყო. დღეისთვის სიები უკვე გამზადებულია და აღარაფერი შეიცვლება.

- როგორ უნდა მოიქცნენ ისინი, ვინც სასოფლო-სამეურნეო/ხვნის ბარათებს ელის?

- ისინი უნდა დაელოდონ ჩვენს თანამშრომლებს, რომლებიც ჩავლენ ყველა რეგიონში, ყველა მუნიციპალიტეტში, ისევე, როგორც ჩავიდნენ ქვემო ქართლსა და კახეთში. რწმუნებულებს შეკრებენ და ჩააბარებენ ბარათებს, რომლებიც მათ ხუთ დღეში უნდა დაურიგონ ფერმერებს. სატრაქტორო კომპანიებს უკვე აქვთ ხელშეკრულებით გაწერილი გეგმა-გრაფიკი, სადაც მოცემულია, საიდან დაიწყებენ სამუშაოს, როდის დაიწყებენ და როდის დაასრულებენ. მთელ ამ პროცესს ორგანიზებას ადგილობრივი რწმუნებულები გაუწევენ.

- სად უნდა აიღოს ფერმერმა აგრობარათი?

- აგრობარათი იგივე პლასტიკური ბარათია, რომელსაც "ლიბერთი ბანკი" დაარიგებს. ბანკს 500 წერტილი აქვს გახსნილი, საიდანაც აგრობარათები მთელი საქართველოს მასშტაბით გაიცემა. თუ ვინმე შეუძლოდ იქნება და ბარათის ასაღებად ვერ მივა, შეიძლება ის შინ მიუტანონ. ფერმერი მივა მაღაზიებში და სასურველ საქონელს შეიძენს. შარშანდლისგან განსხვავებით, წლეულს ერთ მაღაზიაში შეუძლია ერთი საქონელი შეიძინოს, მეორეში - მეორე და სხვ. ეს უფრო მოქნილი სისტემაა.

მოგეხსენებათ, პროექტი სამწლიანია, ის შარშან დაიწყო და 2015-შიც გაგრძელდება.

- პროექტს 2013 წელს 100 მილიონით ლარით მეტი მოხმარდა...

- თანხის შემცირება, პირველ რიგში, მიწის ფართობის შემცირებამ გამოიწვია: შარშანდელი კვლევით დავადგინეთ, რომ ვისაც დავეხმარეთ, იმ 700 ათას ბენეფიციარში 93%-ს სწორედ 0,25-1,25 ჰექტარი მიწის ფართობი ჰქონდა. ამიტომაც გადავწყვიტეთ 5-ჰექტარიანი ზედა ზღვარის შემცირება. 2013 წელს პროექტი ითვალისწინებდა როგორც მიწის მოხვნას, ასევე დადისკვასაც, ეს უკანასკნელი კი წლევანდელ პროგრამაში აღარ შედის. გარდა ამისა, თანხა იმიტომაც შემცირდა, რომ წლეულს ჩვენს ჩამონათვალში აღარ არის ინვენტარი და ვეტპრეპარატები, რომელთა შესაძენად შარშან სოლიდური თანხა დაიხარჯა.

* * *

მთავრობაში თავიდანვე გადაწყვეტილი ჰქონდათ, რომ მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროგრამა კლებადი იქნებოდა. ჩანაფიქრი ასეთი იყო, რომ მეურნეები მუდმივად სუბსიდირების იმედად არ დარჩენილიყვნენ და თანდათან უნდა მოეხერხებინათ დამოუკიდებლად ფეხზე დადგომა. შესაბამისად, 2015 წლისთვის დახმარების მოცულობა წლევანდელზე ნაკლები იქნება. გლეხები და ფერმერები კი უკმაყოფილო არიან შარშანდელთან შედარებით დასახმარებელი თანხის შემცირებით - შარშან მიღებული თანხა 600 ლარს უტოლდებოდა. მათი თქმით, სათესლე მასალის შეძენას, მოხვნასა და კულტივაციას 190 ლარი არ ეყოფა. თუმცა ცხადია, დახმარებით სარგებლობაზე უარის თქმას არ აპირებენ.

ციფრების ენით

- თუ ბენეფიციარების 0,25-დან 1,25-მდე ჰა მიწაზე გაშენებულია მრავალწლიანი კულტურები და ერთწლიანი კულტურებისთვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთი არ გააჩნიათ, მიიღებენ როგორც 50 ლარის, ასევე ნაკვეთის ფართობის პროპორციული ღირებულების სარგებელს (1 ჰა-ზე 140 ლარის გაანგარიშებით) - სასოფლო-სამეურნეო საქონლის სახით.

- თბილისის მერიის განმარტებით, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ორივე ტიპის ბარათები თბილისის შემოერთებულ ტერიტორიაზეც დარიგდება.

- 2013 წლის საგაზაფხულო პროექტის ფარგლებში 710 479 ფერმერმა 195 მლნ ლარის ღირებულების ბარათები მიიღო. განაღდებული 190 მლნ-დან 24 მლნ მოდიოდა ხვნისა და დადისკვის სასოფლო-სამეურნეო ბარათებზე.

- ბენეფიციარები, რომლებიც სხვადასხვა ტერიტორიულ ორგანოში ფლობენ ორ ან მეტ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს და მათი ჯამური ფართობი არ აღემატება 5 ჰა-ს, სარგებელს მხოლოდ ერთ - უდიდესი ფართობის მქონე ნაკვეთზე მიიღებენ.

ხათუნა ჩიგოგიძე