ანაკლიის პორტის 30-წლიანი ისტორია - კვირის პალიტრა

ანაკლიის პორტის 30-წლიანი ისტორია

პირველი პროექტი ჯერ კიდევ საბჭოთა დროს, 1986 წელს არსებობდა

ანაკლიისა თუ ლაზიკის პორტთან დაკავშირებით ბოლო წლებში არაერთი პოზიცია მოვისმინეთ, იყო აზრთა სხვადასხვაობაც, მითქმა-მოთქმაც, თუმცა საბოლოოდ პორტის მშენებლობა მაინც გადაწყდა. ხელისუფლება თანამშრომლობს კომპანიასთან, რომელმაც ანაკლიაში პორტის აშენების სურვილი საკუთარი ინიციატივით გამოთქვა, ტენდერისა თუ საკონკურსო პირობების გამოცხადების გარეშე...

ეკონომიკის სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, აშშ-ის კომპანია "კონტი ჯგუფმა" ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტი წარადგინა. ამერიკული საინვესტიციო ჰოლდინგის, „კონტი ჯგუფის“ პრეზიდენტი კურტ კონტი ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიიღო. პროექტის თანახმად, ანაკლიაში 100 მილიონი ტონა ტვირთის გამტარობის პორტი გვექნება. ამერიკელთა დელეგაცია საქართველოში 2013 წლის დეკემბერშიც იმყოფებოდა, მაშინ შეხვედრები გაიმართა პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის სხვა წევრებთანაც. წინასწარი გათვლებით, პორტის გარდა, ანაკლიაში დაგეგმილია ლოგისტიკური და სამრეწველო ზონის განვითარება, აგრეთვე საერთაშორისო აეროპორტისა და თხევადი გაზის ტერმინალის მშენებლობა. ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ „კონტი ჯგუფს“ მსგავსი პროექტების მენეჯმენტის 100-წლიანი გამოცდილება აქვს.

ცნობილი ხდება, რომ მთავრობა ანაკლიის პორტის ზუსტ სტრატეგიას მას შემდეგ მიიღებს, რაც საპარტნიორო ფონდის დაკვეთით, იაპონური კომპანია სანაპირო ზოლის ფსკერის რელიეფის შესწავლას დაასრულებს. სავარაუდოდ, ეს გვიან გაზაფხულზე მოხდება.

ხელისუფლების წინასწარი განზრახვით, პორტის მშენებლობაში თანაინვესტირების ფონდი უნდა ჩართულიყო, თუმცა საქმე აქამდე აღარ მისულა. უფრო ადრინდელ ამბებს თუ გავიხსენებთ, მოქმედმა ხელისუფლებამ მთავრობაში მოსვლისთანავე თქვა უარი ლაზიკის პროექტზე, რადგან მასში ვერანაირ ეკონომიკურ პოტენციალს ვერ ხედავდა. შემდეგ გაჩნდა განცხადებები ანაკლიის პორტის მიზანშეწონილობის შესახებ. მოქმედ და ყოფილ ხელისუფლებებს შორის დავაც მიმდინარეობდა, იყო თუ არა ლაზიკის შეჩერებული პროექტი სწორედ ის ანაკლიის პროექტი, რომელსაც ახლა უკვე მწვანე შუქი აქვს ანთებული. ეკონომიკის მინისტრმა მაშინ დეტალურად ახსნა, რომ წინა ხელისუფლების მიერ წამოწყებული ლაზიკის პორტის პროექტი მხოლოდ ოთხ სატვირთო გემზე იყო გათვლილი და გულისხმობდა ანაკლიის მოსახლეობის საცხოვრებელი ადგილების დატბორვასა და მათ განსახლებას, ხოლო მთავრობის მხარდაჭერილი პროექტი პორტის სულ სხვა ადგილას აგებას ითვალისწინებდა. აქ არც მოსახლეობის განსახლება გახდებოდა საჭირო და პორტსაც მეტი გამტარუნარიანობა ექნებოდა - ლაპარაკია 34 სატვირთო გემზე და დაახლოებით 20-მდე დამხმარე საპორტო გემზე. მინისტრის ცნობით, მათ მიერ მხარდაჭერილი პროექტი ჯერ კიდევ 2001 წელს იყო შექმნილი...

ბუნებრივია, დავინტერესდით და ეკონომიკის სამინისტროში გავარკვიეთ, რომ ანაკლიის პორტის პროექტი ჯერ კიდევ საბჭოთა დროს, 1986 წელს არსებობდა, 2001 წელს კი, ახალი რეალობის გათვალისწინებით, ინჟინერმა სპარტაკ ესაკიამ პორტის ახალი პროექტი შექმნა. სამინისტროში ამბობენ, რომ შევარდნაძის ხელისუფლება ანაკლიის პორტის მშენებლობით არ იყო დაინტერესებული. შესაბამისად, ჩნდება კითხვა: ვის ინტერესში შედიოდა 2001 წელს ანაკლიაში პორტის აგება? უცხოეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენი თემურ ქარჩავა ამბობს, რომ სპარტაკ ესაკიამ სწორედ მისი იდეის განსახორციელებლად შექმნა ანაკლიის პორტის პროექტი და პორტის მშენებლობის კონცეფციას ის ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში გაეცნო. ანაკლიის პორტთან თემურ ქარჩავას კავშირი სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გახმაურდა. ბიზნესმენი ამბობდა, რომ ყოფილმა ხელისუფლებამ ანაკლიაში პორტის მშენებლობის იდეა და პროექტი მიითვისა. 2009 წელს მას ლონდონში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან დაურეკეს, მალე ანაკლიაში სააკაშვილიც შეხვდა. როგორც მას თემურ ქარჩავამ უამბო, ანაკლიაში პორტის მშენებლობის იდეა ჯერ კიდევ სტუდენტობისას ჰქონია, საკითხის შესწავლას კი გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოჰკიდა ხელი. ბიზნესმენის გათვლით, დღეს საქართველოში მოქმედი ყველა პორტი და საზღვაო ტერმინალი ბათუმში, ფოთში, ყულევსა და სუფსაში, რეკონსტრუქციის, რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციის სამუშაოების შემდეგ, შეძლებენ წელიწადში 45-51 მილიონი ტონა მოცულობის მშრალი ტვირთის, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მიღება-შენახვა-გაგზავნას. ხოლო ახალი პორტი ანაკლიაში, რომელიც 3 ათას ჰექტარზე მეტს დაიკავებდა, წელიწადში 60-70 მილიონი ტონა მოცულობის ტვირთის გადამუშავებას შეძლებდა, ხოლო პერსპექტივაში – 180-200 მილიონი ტონისაც. პროექტი ითვალისწინებდა 32 ნავმისადგომის აგებას, 12,3 კმ-ის საერთო სიგრძით.

ბიზნესმენის ცნობით, ანაკლიაში მოლაპარაკება ორ დღეს მიმდინარეობდა, განხილვაში ჩართული იყვნენ ექსპერტებიც. ამის შემდეგ გაჩნდა პორტის მშენებლობის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 20 ოქტომბრის განკარგულება #732 და 2010 წლის 20 იანვრის განკარგულება #45. ეკონომიკის სამინისტრომ პორტის მშენებლობისთვის გამოყო 2100 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, რისთვისაც თემურ ქარჩავას კომპანია "ანაკლია-პორტმა" 6,7 მილიონი ლარი გადაიხადა. შესრულდა მოსამზადებელი სამუშაოები, შპს-მ მიიღო სანებართვო დოკუმენტები, საპროექტო სამუშაოების ღირებულებამ კი $220 მილიონი შეადგინა.

სამშენებლო სამუშაოები შპს "ანაკლია-პორტმა" 2010 წლის სექტემბერში დაიწყო. თემურ ქარჩავას თქმით, სამუშაოები ეკონომიკის სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში მიმდინარეობდა. თუმცა მოულოდნელად მიხეილ სააკაშვილმა ანაკლიაში ქალაქ ლაზიკისა და ლაზიკა-პორტის მშენებლობის შესახებ დაიწყო საუბარი. მალე "ანაკლია-პორტის" კუთვნილ ტერიტორიაზე უცხო სამშენებლო ტექნიკა გამოჩნდა. "პორტის აკვატორიაში რაღაც უცნაური ნაგებობის მშენებლობა დაიწყეს. დიდი გაჭირვებით მოვახერხეთ იმის გაგება, რომ ეს იქნებოდა იუსტიციის სახლი ლაზიკის მომავალი მოქალაქეებისთვის", - იხსენებს ქარჩავა. ინვესტორებმა მომხდარ ამბებში გარკვევამდე "ანაკლია-პორტის" მშენებლობა შეაჩერეს, თუმცა მათი კითხვები უპასუხოდ რჩებოდა. 2011 წლის მარტში კი საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ ცალმხრივად გააუქმა შეთანხმება შპს "ანაკლია-პორტთან", ჩამოართვა მას ნაყიდი მიწის ნაკვეთი და სასამართლოშიც შეიტანა სარჩელი, რომლითაც მოითხოვდა $100 მილიონის საჯარიმო სანქციების დაკისრებას, იმ არგუმენტით, რომ "ანაკლია-პორტი" მშენებლობის გრაფიკში ვერ ჩაეტია. ამ დროს, ბიზნესმენის თქმით, ხელშეკრულებით გაფორმებული სამშენებლო ვადის ამოწურვამდე 6 თვე რჩებოდა.

პირველი ორი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილება კომპანიის სასარგებლოდ მიიღო და ბიზნესმენი იმედოვნებს, რომ უზენაესი სასამართლოც იმავეს მოიმოქმედებს. ეკონომიკის სამინისტროსთან ის დღესაც გამოხატავს სურვილს, დაუბრუნონ "ანაკლია-პორტს" უკანონოდ ჩამორთმეული 2100 ჰექტარი მიწის ნაკვეთი და მზადყოფნას გამოთქვამს, პორტის სამშენებლო სამუშაოები 6 თვეში განაახლოს.

აღსანიშნავია, რომ "ანაკლია-პორტს" ინვესტორებიც ჰყავდა: $5,5 მილიარდის ინვესტიციის მოზიდვის შესახებ კომპანიამ კონტრაქტი გააფორმა კორეულ კომპანია Gილტზ Financial Holdings AG-სთან. კომპანია "სამსუნგმა" გამოთქვა მზადყოფნა პორტის მშენებლობაში $700 მილიონის ჩადების შესახებ. "ექსიმბანკი" – აშშ-ის სახელმწიფო დაწესებულება - მზად იყო, $2 მილიარდის კრედიტი გამოეყო ამერიკაში საპორტო აღჭურვილობის შესაძენად. ქარჩავა ამბობს, რომ ტვირთბრუნვის მოცულობის მიხედვით მსოფლიოში საპორტო ტერმინალების ოპერატორებს შორის მესამე, DP World-ი დღესაც თანახმაა, პორტის ოპერატორი გახდეს.

კიდევ ერთი საკითხი პორტის ადგილმდებარეობაა. როგორც ირკვევა, ამ ეტაპზე, საპარტნიორო ფონდის მონაწილეობით, ანაკლიის საზღვაო შელფის შესწავლა მიმდინარეობს. როგორც ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ, პორტი იქ აშენდება, სადაც ამისთვის უკეთესი ადგილი აღმოჩნდება. სამინისტროში ადასტურებენ იმასაც, რომ "კონტი ჯგუფი" სამშენებლო პროფილის კომპანიაა, თუმცა განმარტავენ, რომ შეიქმნება კონსორციუმი და კომპანია თავად მოიზიდავს ინვესტორებს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ამ კომპანიის უკან ქართული მსხვილი ფინანსური ჯგუფი დგას. ჩნდება ასეთი კითხვაც - რამე ნაწილში ეყრდნობა თუ არა ამერიკელების წარმოდგენილი პროექტი სპარტაკ ესაკიას პროექტს? ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ, რომ ჯერ წარმოდგენილია შუალედური პროექტი და კვლევების დასრულების შემდეგ ის კიდევ დაიხვეწება.