ლიტველი ინვესტორის თავგადასავალი
17-02-2014
ლიტველი ინვესტორის თავგადასავალი
სამედიცინო ტექნოლოგიების იმპორტით დაწყებული ბიზნესი და ოთხ ერთეულამდე გაფართოებული ერთი კომპანია - გადაცემა "ბიზნესფაილმა" მსმენელსა და მაყურებელს ლიტველი ინვესტორის ბიზნესისტორია შესთავაზა, რომელიც საქართველოს ბაზრით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ევროპაში ეკონომიკური კრიზისის ნიშნები გაჩნდა.

ნინო აღაშვილი (ოფთალმოლოგიური კლინიკა "ბალტიკ ოპტიკის" დირექტორი): "ჩვენი კლინიკის დამფუძნებელი ლიტვის მოქალაქე ლინას იანკუსია. ბალტიისპირეთის ქვეყნებში: ლიტვაში, ლატვიასა და ესტონეთში მას ბიზნესის წარმართვის თითქმის 20-წლიანი გამოცდილება აქვს. საქართველოთი ის 2008-2009 წლებში
დაინტერესდა. მაშინ მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისი იყო და ბიზნესის განვითარების პრობლემები ევროპაშიც იდგა. შესაბამისად, ბიზნესმენებმა დაიწყეს ახალი გზების, ახალი ბაზრების მოძიება, სადაც შესაძლებელი იქნებოდა კაპიტალის დაბანდება, ბიზნესის განვითარების პერსპექტივით.

ჩვენთან ომის შემდგომი პერიოდი იყო და ხელისუფლება აქტიურად მუშაობდა უცხოელი ინვესტორების მოსაზიდად. სწორედ იმ დროს დაინტერესდა ლინასი საქართველოს ბაზრით. აქ არავინ ჰყავდა და
საქართველოში ინვესტირების პირველი მცდელობა უფრო ნიადაგის მოსინჯვას ჰგავდა. მარტო ჩამოვიდა და დააფუძნა საბითუმო-სავაჭრო კომპანია, რომელსაც ლიტვიდან საქართველოში ოფთალმოლოგიური პროდუქცია და ტექნოლოგიები შემოჰქონდა. ბიზნესმა გაამართლა, რადგან სამედიცინო სექტორი ქვეყანაში ვითარდებოდა და აღჭურვილობასაც მოითხოვდა.

ბაზარზე დაკვირვებამ ინვესტორს უბიძგა, თავად გაეხსნა ოპტიკის მაღაზია, სადაც მის მიერვე ჩამოტანილ პროდუქციას დაბალ ფასად შესთავაზებდა მომხმარებელს. შემდეგ გაჩნდა იდეა ოფთალმოლოგიური კლინიკა გახსნილიყო, რომელიც ასევე მისი სადისტრიბუციო კომპანიის შემოტანილი ტექნოლოგიებით აღიჭურვა. განსაზღვრულ ეტაპზე ლიტველმა ბიზნესმენმა ოპტიკური ლინზების ინტერნეტმაღაზიაც დააფუძნა. ასე, ერთმანეთის მიყოლებით, ერთმა ფირმამ კიდევ სამს ჩაუყარა საფუძველი.

თავდაპირველად ლიტველმა ინვესტორმა საქართველოში $100-ათასიანი ინვესტიცია დააბანდა. დღეს კი, ყველა ამ პროექტში, დაახლოებით, $2 მილიონია დაბანდებული. იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება ქვეყანაში პოლიტიკური თუ ეკონომიკური მოვლენები, იგეგმება ინვესტიციის მოცულობის ზრდა. ბიზნესში ჩადებული კაპიტალის ამოღებაზე კი საუბარი ჯერ ნაადრევია. ყველა ეს პროექტი, მოგების თვალსაზრისით, ხანგრძლივ პერიოდზეა გათვლილი. თუმცა საქმე რომ მომგებიანია და წარმატების პერსპექტივა აქვს, ჩვენი კლინიკის პაციენტების რაოდენობიდანაც ჩანს. მათთვის მოსახერხებელი და ხელსაყრელია, როცა ერთ ადგილას ხდება თვალთან დაკავშირებული პრობლემების დიაგნოსტირება, მკურნალობა, სათვალის ან ლინზის დამზადება. მართალია, სამედიცინო ბიზნესი ქვეყანაში სწრაფად ვითარდება, მაგრამ კვლავ პრობლემად რჩება მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება და პაციენტების ინფორმირებულობა.

ჩვენი მიდგომა ამგვარია - რაც უფრო ინფორმირებულია პაციენტი, მით მეტია წარმატების გარანტია სამედიცინო ბიზნესში. ამიტომ, პირველ რიგში, პაციენტს ამომწურავ და კვალიფიციურ ინფორმაციას ვაწვდით მისი ჯანმრთელობის პრობლემის შესახებ; იმის შესახებ, როგორ მოუაროს მხედველობას, თვალს, კონტაქტურ ლინზას და სხვ. დროდადრო სკოლებში, უმაღლეს სასწავლებლებში ვაწყობთ უფასო სამედიცინო კვლევებს და ვიკვლევთ ყველა მსურველს, იმის მიუხედავად, აქვს თუ არა მას ოფთალმოლოგიური ჩივილები. რაც შეეხება კომპანიის სამომავლო გეგმებს, როგორც გითხარით, ეს დამოკიდებულია ქვეყნის განვითარების ტემპებზე. ერთიც უნდა ვთქვა: ლიტველი ინვესტორი, რომელსაც რამდენიმე წლის წინ საქართველოში ნაცნობიც კი არ ჰყავდა, დღეს აქ ოჯახთან ერთად ცხოვრობს, მისი შვილები აქაურ სკოლაში დადიან და ქართულ ენას სწავლობენ".

* * *
ბიზნესის დაწყების მრავალი მიზეზი არსებობს...

ბიზნესის დაწყების მიზეზი შესაძლოა ყოფითი შემთხვევაც გახდეს. ვიღაცას ბაზარზე სერვისი ან პროდუქცია არ მოწონს და გადაწყვეტს, უკეთესი თავად შესთავაზოს მომხმარებელს; ვიღაც უმუშევარი რჩება და უჩნდება სურვილი, თავად იყოს დამსაქმებელი; ვიღაცამ შესაძლოა იღბლიანი შემთხვევის წყალობით წამოიწყოს საქმიანობა... როგორც აღმოჩნდა, ბიზნესის დაწყების კიდევ მრავალი მიზეზი არსებობს.

თათა საყვარელიძე ("ინტერკონტინენტალის" პიარკონსულტანტი):
"კომპანია "ინტერკონტინენტალი" უკვე 23 წელია ბაზარზეა. მისი ბიზნესისტორია ერთობ საინტერესოდ დაიწყო. კომპანიის დამფუძნებელ ნინო მახვილაძეს ძალიან უყვარს მოგზაურობა. ერთხელ მან და მისმა მეგობრებმა ბარსელონაში გამგზავრება გადაწყვიტეს და რადგან ნინო ყველაზე უკეთ ერკვეოდა მოგზაურობის დეტალებში, მეგობრებმა ტურის დაგეგმვა სთხოვეს. მანაც ყველაფერი წვრილმან დეტალებამდე დაგეგმა, მაგრამ მოხდა ის, რასაც ყველაზე ნაკლებად ელოდნენ - საელჩომ ტურის ყველა სხვა მონაწილეს მისცა ვიზა, ნინოს გარდა...

ამ შემთხვევამ მას ტურისტული სააგენტოს გახსნა გადააწყვეტინა. თავიდან მცირე კაპიტალით, თავად ემსახურებოდა უცხოეთში გამგზავრების მსურველებს, ტურების დაგეგმვასა და საბუთების მოწესრიგებაში ეხმარებოდა. საქმე კარგად მიდიოდა და მანაც გადაწყვიტა, მიღებული შემოსავლით საქმიანობისთვის ორგანიზებული სახე მიეცა. ასე გაჩნდა 1991 წელს ტუროპერატორი "ინტერკონტინენტალი". ეს ის დრო იყო, როცა ხალხისთვის უპირველესი საზრუნავი ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი გახლდათ, მაგრამ იმის პერსპექტივაც იკვეთებოდა, რომ დროთა განმავლობაში ვითარება შეიცვლებოდა, უცხოეთში მოგზაურობის მსურველები გამოჩნდებოდნენ და მოთხოვნა გაიზრდებოდა. "ინტერკონტინენტალმა" საქმიანი კავშირები დაამყარა იტალიის, საფრანგეთის, ესპანეთის, დიდი ბრიტანეთის, ავსტრიისა და სხვა ქვეყნების წამყვან ტუროპერატორებთან. დღეს სააგენტო აწყობს ჯგუფურ ტურებს იტალიაში, ესპანეთში, კუბასა და ჩეხეთში. 2007, 2008, 2009 წლებში ჩვენი კომპანია" საქართველოში "ოქროს ბრენდის" მფლობელი გახდა.

პირადი გამოცდილების გამოყენება ბიზნესის სასარგებლოდ კომპანიის დამფუძნებელს არც შემდეგში შეუწყვეტია. მან თავად ხელახლა "აღმოაჩინა" კუბა, როგორც მოგზაურთათვის საინტერესო ქვეყანა და უცხოეთში დასვენების მსურველებს კუბაზე ტურიც შესთავაზა. ტუროპერატორიდან დღეს უკვე ტურისტული კომპანია ჩამოყალიბდა, რომელიც ქმნის პროდუქტს, ბაზარზე შემოაქვს და სუბაგენტების საშუალებით ყიდის..."

P.S. გაგვიზიარეთ თქვენი ბიზნესის ისტორია, გახდით გადაცემა "ბიზნესფაილის" მონაწილე და გახადეთ თქვენი კომპანია კიდევ უფრო ცნობილი რადიოში, ტელევიზიასა და პრესაში. გადაცემაში მოხვედრის მსურველებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ტელეფონის ნომერზე: 272-52-83.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით